ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, წელს გაცილებით მეტი საქმე იქნება გამოძიებული, ვიდრე გასული წლების განმავლობაში. `წელს ბევრ ისეთ ინფორმაცია მივიღებთ, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში ველოდებით, იმიტომ რომ სერიოზული ცვლილებების, რეფორმების წელიწადია. ჩვენ უკვე ვნახეთ ერთი მინისტრის გადადგომა, ასეთი იქნება ბევრი. ახალი კადრები პროცესებს დააჩქარებენ და წელს გაცილებით მეტი საქმე იქნება გამოძიებული, ვიდრე წინა ორი და სამი წლის განმავლობაში".
რა პრობლემები ელის ქვეყანას? ვინ გამოჩნდება ხელისუფლებაში? რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში? რა გართულებებია მოსალოდნელი სააკაშვილისგან?
„ალიას" მიხეილ ცაგარელი ესაუბრა:
- ბატონო მიშა, ჩვენ ბევრ რამეს ველოდებით, მაგრამ თქვენ რის მოლოდინში ხართ?
- სწორედ იმას ველოდები, რომ წელს გვექნება ინფორმაციები, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმებთან, იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, განათლების სისტემაში. აქ დაიწყება 3-წლიანი რეფორმატორული ტალღა, აუცილებლად შეცვლის ეს ხელმძღვანელ პირებს, სკოლის დირექტორებს, რადგან მასწავლებელთა მდგომარეობა არის საშინელი. სპორტის სფეროშიც იქნება ცვლილებები, დავინახეთ, რომ ჭიდაობის ფედერაციამ გახსნა სეზონი, დაგვირგვინდება ფეხბურთის ფედერაციით. ტემპერატურა აიწევს და შეიცვლებიან კადრები, მოვლენ ისინი, რომლებიც დაიწყებენ ფეხბურთის აღორძინებას. დაუხურება ბევრი ტელევიზიაც, რადგან იქნება დიდი კონკურენცია. იქნება უამრავი ჟურნალისტის გადასვლა-გადმოსვლა ტელევიზიებში, შეიცვლიან პროგრამებს. ამავდროულად, ჟურნალისტებს ექნებათ დიდი სამუშაო.
- ეკონომიკურ ნაწილში რა ცვლილებები იქნება?
- დიდი ცვლილებები იქნება საბანკო სფეროში, ხედავთ, რა მოსდის ლარს. ეს ცვლილებები 11 აგვისტომდე გასტანს, სანამ შავი მთვარე იმყოფება საბანკო-საფინანსო სისტემაში, ანუ ქალწულის ზოდიაქოში. მე არ ვამბობ, რომ არ დარეგულირდება, მაგრამ ეს ვერ იქნება სტაბილური. აუცილებლად იქნება ცვლილებები სამართალდამცავ ორგანოებთან, იგივე პროკურატურასთან მიმართებაში. რაც მთავარია, იქნება ცვლილებები ზედა პოლიტიკურ დონეზე.
- რას გულისხმობთ?
- ეს იქნება პერიოდი, როცა საფუძველი უნდა დაედოს იმ ახალი ჯგუფის შემოსვლას, რომელმაც უნდა მიიღოს მაღალი სტატუსი საზოგადოებაში, აიღოს პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად შეიძლება, შეცვალოს ეს მთავრობა.
- არჩევნები იქნება?
- არა, მე არჩევნებზე არ მაქვს საუბარი, მოიწვევენ პროფესიონალ კადრებს, მათ შორის მათაც, ვინც გაქცეულია საქართველოდან. მე „ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ. ნამდვილ პროფესიონალებს ვგულისხმობ, რომელთა მიმართ მეტი იმედი ექნება მოსახლეობას. ისინი საინტერესო ხედვას წარმოადგენენ ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შესახებ, ამ ხედვას მოიწონებენ როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში, ასევე, აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს ხედვა ყველასთვის მისაღები იქნება. პოლიტიკურ სარბიელზე გამოიკვეთება სამკუთხედი: პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. დიდ როლს შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, მის როლზე იქნება დამოკიდებული, რამდენად აეწყობა პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობა. ვერ დავამშვიდებ ხალხს, ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ექნებათ ბევრი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესება, ეს ჯერ არ იქნება, იქნება ოდნავი წინსვლა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, ხელოვნებაში, მაგრამ მეცნიერება როგორი მკვდარიცაა, ისევე დარჩება, ასევე სხვა სფეროებიც. ეს არის რეფორმებისა და ახალი სახეების გამოჩენის წლები.
დალხინება არ იქნება, მაგრამ ეს აიძულებს მთავრობას, განახორციელოს ცვლილებები, ისევე როგორც ახლა დავინახეთ, რომ ვაზაგაშვილის საქმე დიდხანს გაუხსნელი დარჩებოდა, რომ ხალხს არ ეიძულებინა ხელისუფლება. მოხდა ისეთი რამ, რამაც აიძულა მთავრობა, პროცესები დაეჩქარებინა და ვერ მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა, მაგალითად, შარშან. ისეთი მოვლენებია მოსალოდნელი, რომელიც აიძულებს მთავრობას, დააჩქაროს გამოძიებები. მკვლელობების გახსნის ტენდენცია მოიმატებს. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი გაიხსნება, მაგრამ ეს ტენდენცია შესამჩნევი იქნება.
- ახალ კადრებზე უნდა გკითხოთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პროცესებს დააჩქარებენ?
- ეს ის კადრები არიან, რომლებიც არ იქნებიან გასვრილი სხვადასხვა ავანტიურულ მაქინაციებში, ნდობა მათ მიმართ იქნება, აქვთ სათანადო პროფესიონალიზმი, მათ შორის იქნებიან ისეთები, რომელთაც ექნებათ უცხოეთთან ურთიერთობის გამოცდილება, 11 თებერვალს მფარველი ანგელოზი შედის მერწყულის ზოდიაქოში, რომელიც მართავს ეზოთერიკას.
- ეს რას ნიშნავს?
- იმას, რომ ახალი ჯგუფის დაფუძნება უკავშირდება მოვლენას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინამორბედი მთავრობისგან განსხვავებით, ეს იქნება საინტერესო და ორიგინალური იდეების ავტორი. ის გაითვალისწინებს იმას, რომ გამოიყენოს კოსმიურ-ეზოთერიკული ცოდნა. პრინციპები, რომლებიც არსებობს და რომლებიც აქვთ ეზოთერიკოსებს, იქნება გამოყენებული. ახლა ისეთი პლანეტარული წყობაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი ჯგუფების შექმნას, მაგრამ მე სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით, ისინი გამოიკვეთებიან. ამ ჯგუფის გამოაშკარავება მოხდება წლის ბოლოს.
- დიდი ხანია ექსპერტები ხელისუფლებაში ჩანერგილ ე.წ. მეხუთე კოლონაზე საუბრობენ. წელს მოსალოდნელია მისგან გაწმენდა სტრუქტურების?
- ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე გაიწმინდება, რადგან პროცესი ხანგრძლივია. იმედი მაქვს, რომ პროცესი დაჩქარდება. მერწყულის ნიშნით დაბადებულია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოახდენს ზეწოლას მოვლენების პერიპეტიებზე, იმედი მაქვს, რომ მფარველი ანგელოზი მას დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მე ვიცი მისი აღშფოთება კადრებთან მიმართებაში, რომელთაც თავი გამოიჩინეს უარყოფითად, ამიტომ მისი დადებითი ზეგავლენა ისეთი იქნება, რომ შეცდომებს აღარ დაუშვებს კადრებთან მიმართებაში. წელს მას ეძლევა გადასარევი შესაძლებლობა, ბევრი საკადრო ცვლილება განახორციელოს და გამოასწოროს შეცდომები.
- იქნება მინისტრების ცვლილებები?
- აუცილებლად შეიცვლებიან მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ეს იქნება წმენდის წელი. მთავრობას უჭირს რეფორმატორული ცვლილებები, მაგრამ ეს ამის წელია.
- საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი უკრაინაში მოძლიერდა და საქართველოში სიტუაციის არევას აპირებს. იქნება არეულობა?
- არა, სერიოზულად ვერ არევს, მაგრამ გამაღიზიანებელი ფაქტორები იქნება. თუმცა არა ახლა, ცოტა მოგვიანებით. ეს დამოკიდებულია სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაზე, თუ ასე უნიათოდ და მდორედ იმოქმედებენ, არ არის გამორიცხული, დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მაიმუნისა და მამლის წელიწადის ზღვარზე, დადგება რევოლუციური პირობები. ახალი ჯგუფის იმედი მაქვს, რომ გააძლიერებს მთავრობას, რომ მოუჭრიან გზას „ნაციონალების" დაბრუნების პერსპექტივებს. 2 წელი აქვს მთავრობას, რომ გააგრძელოს ქვეყნის განვითარება. ახლა საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე. კარგი იქნება, სწორი კანდიდატის შესარჩევად თუ კანდიდატების ასტროლოგიურ პროგნოზებს გააკეთებენ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რომელი გამოადგება ქვეყანას.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"