reportiori.ge - რამ გაალომგულა ირაკლი ალასანია? - ირაკლი ალასანიას ნათესაურ-კლანური საკადრო პოლიტიკა და კეზერაშვილ-ახალაიას კადრები თავდაცვის სამინისტროში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რამ გაალომგულა ირაკლი ალასანია? - ირაკლი ალასანიას ნათესაურ-კლანური საკადრო პოლიტიკა და კეზერაშვილ-ახალაიას კადრები თავდაცვის სამინისტროში
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 14:18



„ალასანია გალომგულდა, ან დიდი ფული იშოვა, ან პოლიტიკური გარანტიები მიიღო!" - ირონიით აფასებენ პოლიტიკურ კულუარებში თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებებს ისინი, ვისაც მისი პოლიტიკური ბეგრაუნდი კარგად ახსოვს. - „მე მზად ვარ, დებატებში დავსხდეთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუკი მას აქვს ხელთ არგუმენტები და აქვს თავმოყვარეობა!"

 

ალასანიამ იცის, რომ ივანიშვილი მკაცრად რეაგირებს, როცა ღირსებასა და თავმოყვარეობას ეხებიან... ისიც იცის, რომ მისი 1-პროცენტიანი რეიტინგი კვლავ 1 პროცენტია, ჰა და ჰა, ერთ წელიწადში 2 გახდეს... ზუგდიდსა და სრულიად სამეგრელოშიც კვლავ ისეთი კრახით დაასრულებს არჩევნებს, როგორც მერის არჩევნები წააგო რესპუბლიკელებთან და ახლებთან კოალიციაში... მოკლედ, ყველაფერი იცის და ამიტომაც ზრდილი და დიპლომატიურ მანერებს ჩვეული ალასანია თავდასხმაზე გადადის, რადგან თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. თავდასაცავი კი ნამდვილად აქვს - ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რა პროცესები მიმდინარეობდა ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ასევე ყოველდღიურად ქვეყნდება სიები იმ ადამიანებისა, რომელსაც ნათესაურ- კლანური თუ ნაცნობ-მეგობრობის და არა პროფესიონალიზმის ნიშნით სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავდნენ. სწორედ ამ ტენდენციამ გამოიწვია ის სისტემური შეცდომები, რამაც უკვე დღეისთვის იჩინა თავი. ოპოზიციაში გადასული ალასანია და თავისუფალი დემოკრატები „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას" პრინციპით მოქმედებენ და ისე იქცევიან, თითქოს სულ რაღაც ორიოდე თვის წინ თავად არ იყვნენ პასუხისმგებელნი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.


მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პოლიტიკური სპეკულაციებით დაღლილმა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა პირველი ღია შეფასება გააკეთა და განაცხადა - თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილისა და ბაჩანა ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა. ამ მხრივ, ცვლილებების განხორციელება მინდია ჯანელიძემ დაიწყო, რასაც ხელისუფლება მიესალმება. განცხადების გაკეთებისთანავე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გუნდის მხრიდან აგრესია წამოვიდა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო. თუმცა დღეს ოპოზიციაში გადაბარგებულ თავისუფალ დემოკრატებს აღარ უნდათ იმის გახსენება, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა. ის, რომ ალასანია არამარტო კეზერაშვილისა და ახალაიას კადრებს, არამედ საკუთარ ნათესავებსაც სწყალობდა, პრესა ამის შესახებ ბატონი ირაკლის მინისტრობისასაც აქტიურად წერდა.


ჯერ კიდევ „კაბელების" გახმაურებულ სკანდალამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ვერსიაში" გამოქვეყნდა პუბლიკაციაბრალდება სათაურით „კეზერაშვილის ბიჭების პორტირება ახალ ხელისუფლებაში", სადაც დატერორებული ბიზნესმენი პაატა კაჭარავა, რომელსაც ნაციონალებმა 2006 წელს ქონება წაართვეს, ღიად აცხადებდა, რომ ადამიანი, რომელიც მაშინ მის საქმეს იძიებდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია და მას ირაკლი ალასანია მფარველობს! საუბარი იყო კოტე ყიფიანზე. მაშინ ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტროსა და „ვერსიას" შორის განხეთქილების მიზეზად იქცა, ხოლო იმის გამო, რომ პუბლიკაცია იქ, ზემოთ, ყურსიქით გაატარეს, სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურები კი მინისტრის სანათესაოსა და საძმაკაცოს საძოვრად იქცა. სანამ „თავისუფალი დემოკრატები" ჩვენს განცხადებასაც არაკვალიფიციურს უწოდებდნენ, ვისარგებლებთ ალასანიასა და მისი კოალიციის მიერ 2012 წლის არჩევნების შედეგად მიღებული თავისუფლებითა და ნანატრი დემოკრატიით, ღრმად ამოვისუნთქებთ და რამდენიმე ფაქტს კიდევ შემოგთავაზებთ, რომელიც ინტერნეტ და ბეჭდვურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე მოვიძიეთ:


ირაკლი ალასანიას მეგობარი, დავით როგავა (რომელიც ერეკლე კოდუას ყოფილი მოადგილე გახლდათ) 2014 წელს ალასანიამ დაზვერვის დეპარტამენტში ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშნა. მინისტრმა არც ნათელმირონობა დაივიწყა და ნათლიის, დავით ნარსიას და - ელისო ნარსია თავდაცვის სამინისტროში დაასაქმა. ამბობდნენ, რომ ალასანიას ინტერესებს მისი ბიძაშვილი, ნიკოლოზ ანდღულაძე ატარებდა და სწორედ ანდღულაძის ძმაკაცი გახლდათ ჩვენი ნაცნობი კოტე ყიფიანი (დავით კეზერაშვილი გარემოცვის წევრი), რომელიც 2013 წელს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. ასევე ანდღულაძის ძმაკაცს, გიორგი როგავას 2013 წელს კომპანია „ქართული კვების" დირექტორის პოსტი ჩააბარა, ხოლო მოადგილედ ცოლის მეჯვარე, ეკა ხურციძე დაუნიშნა. ისე, ინფორმაციისთვის, „ქართულ კვებას" ჩვენი ჯარისკაცების გამოკვება ავალია, თუმცა ისევ ანდღულაძის სამეგობროს დავუბრუნდეთ და აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თებერვლიდან კომპანიას კონტრაქტი შეუწყდება და მას სავარაუდოდ, სხვა კომპანია ჩაანაცვლებს... კიდევ ერთი მიზეზი თავდასხმისა!


ნიკოლოზ ანდღულაძის კიდევ ერთი ძმაკაცი, გიზო ღლონტი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა (შეგახსენებთ, რომ ღლონტი ამჟამად ე.წ. კაბელების საქმეზეა დაკავებული). ასევე ანდღულაძის თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო სამსახურებში და შესყიდვების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ ანდღულაძის მეგობრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ პირადად მის თხოვნებს და, პირდაპირი შესყიდვის წესით, კონკრეტულ ფირმებთან დებდნენ ხელშეკრულებებს. ისიც სათქმელია, რომ კომპანია „ქართული კვება"-ს დირექტორი გიორგი როგავა კონკრეტული პროდუქტების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში სისტემატიურად ითვალისწინებდა ანდღულაძის ინტერესებს. ამბობენ, რომ ბატონი ირაკლის ხელშეწყობით, ალასანიას ნათლიის, დავით ნარსიას ერთ-ერთმა მეგობარმა 2013 წელს მოიგო „ლიმონათის" ტენდერი კონკრეტულ სამხედრო ბაზებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ბატონმა ირაკლიმ არც საკუთარი საძმაკაცო დაივიწყა. ბავშვობის ძმაკაცი _ გიორგი არაბიძე 2013 წელს დანიშნა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს უფროსად, ხოლო ასევე ბავშვობის ძმაკაცი გიორგი ხომასურიძე იმავე 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად მიავლინა. ექსმინისტრის პირადი დაცვის წევრები არასოდეს მალავდნენ, რომ დასაცავ ობიექტთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და არც არავის გაკვირვებია, როცა პირადი დაცვის ყოფილი უფროსი კახაბერ ჩიხრაძე 2013 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ასევე არავის გაკვირვებია კიდევ ერთი დაცვის ყოფილი წევრის, დიმიტრი კიკნაძის დანიშვნა თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსად.


ალასანიამ არც თანაშემწეები დატოვა უყურადღებოდ და ირაკლი მამფორია 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დააწინაურა. ისე როგორ იქნებოდა, პარტიული ნიშნით დაჩაგრულიყო ვინმე - პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი არჩილ ჭანტურია, 2012 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. მოგვიანებით, ჭანტურია თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაბარგდა. პარტიისავე რეგიონული სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ჩიქოვანი 2013 წელს ეროვნულ გვარდიაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშნა. „თავისუფალი დემოკრატების" ოფისის მენეჯერმა ქეთი ერისთავმა 2013 წელს სამხედრო პოლიციაში მთავარ სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, ხოლო პარტიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამშრომელმა შმაგი კოპაძემ პარტიული საქმიანობიდან 2012 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.


ბატონ ირაკლის არც ახალგაზრდების დაწინაურება დავიწყებია და პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტიური წევრი გიორგი ხურციძე კომპანია ,,ქართულ კვებაში'' დაასაქმა. სხვათა შორის, როცა ვინმე სანდრო ქირია 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად დანიშნა, ყველას გაუკვირდა, უცხო კაცი იქ საიდან მოხვდაო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბატონი სანდრო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ძმა გახლავთ და, უბრალოდ, დედის გვარზეა.


რაც შეეხება კეზერაშვილისა და ახალაიას საძმაკაცოს. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მან მთელი 1 წლის განმავლობაში თანამდებობაზე დატოვა გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი ზაზა მჭედლიძე და დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან გაბუნია. აღნიშნული პიროვნებები ფიგურირებენ სერგო თეთრაძის საქმეში და ეს მაშინ, როცა თავად ალასანია აცხადებს, რომ მისვლის პირველივე დღიდან თეთრაძის საქმეში მონაწილე ათი პირი სამსახურის გარეშე დატოვა. არადა, სწორედ მჭედლიძისა და გაბუნიას გამო, თეთრაძის ოჯახი ალასანიასგან კატეგორიულად ითხოვდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას.


2013 წლის ოქტომბრის ბოლოს თეთრაძის ოჯახის და ადვოკატის კატეგორიული მოთხოვნით, ალასანიამ „გაბედა" და კადრების განკარგულებაში აიყვანა მჭედლიძე და გაბუნია, თუმცა მოგვიანებით, მჭედლიძემ ისევ განაგრძო მუშაობა თავდაცვის სამინისტროში.


ე.წ. მუხროვანის ამბოხის ვიდეოჩანაწერში, როცა ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მას უნდა „ორი გვამი", კადრში ჩანს მაშინდელი სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი დავით ნაირაშვილი, რომელიც ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს ხელმძღვანელობდა სპეციალურად შექმნილ საგანგებო შტაბს. 2014 წელს, როცა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, გენერალ ნაირაშვილს დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეს თანამდებობა ეკავა. ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პროკურატურას სურდა, გენერალი ნაირაშვილი სკაიპით დაეკითხა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ალასანია. ბატონი ირაკლი ამბობდა, რომ გენერალ ნაირაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ამ საქმეში და ამიტომ აუცილებელი არ იყო მისი დაკითხვა. რამდენიმე თვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ალასანია პირადად შეხვდა გენერალ ნაირაშვილს და უთხრა, ჩვეულებრივად გაეგრძელებინა საქმიანობა.


თავდაცვის სამინისტროს კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ თავდაცვის ექსმინისტრმა ძველი თანამებრძოლები დაივიწყა, თორემ პოსტს შესანიშნავად იყენებდა საკუთარი ნათესავ- მეგობრებისთვისო და იხსენებენ დავით ნარსიას საქმეს - საქმე ის გახლავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ალასანიას ნათლია დავით ნარსიაზე აღიძრა საქმე ზოოპარკის დირექტორად მუშაობის პერიოდში მის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით. ნარსიაზე ძებნა გამოცხადდა და მიმალვაში მყოფმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ნათლულს სთხოვა დახმარება, მისი ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მოგვიანებით ნარსია პროკურატურამ დააკავა. ალასანიამ მაშინდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება, რის შემდეგაც პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ ნარსიას 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


რომ გითხრათ, სულ ეს იყო თქო, მაინც არ დაიჯერებთ და რეალურად, რაც მალე დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, მით უკეთესი. ისე კი, საინტერესოა, ოდესმე თუ დადგება დრო ქართულ პოლიტიკაში, როცა ოპოზიციაში გადაბარგება ყველაფერს არ ჩამოწერს? 

 

ლაშა დვალი

გაზეთი „ვერსია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016