უკრაინის პრეზიდენტის სიურპრიზი საქართველოს ხელისუფლებას - პეტრო პოროშენკომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. ამით ყველაფერი ნათქვამია, დასავლეთის დიდი თამაში ოფიციალურად გაფორმდა, უკრაინელ ხალხს „მაოხრებლის" ჯოჯოხეთი ელოდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, არც საქართველოს ელის კარგი დღე, თუკი 11 თებერვალს დაწყებულ მინსკის სამიტზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან და უკრაინა-რუსეთს შორის ღია ომი გამოცხადდება.
უკრაინის პრეზიდენტის სიურპრიზი საქართველოს ხელისუფლებას - პეტრო პოროშენკომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. ამით ყველაფერი ნათქვამია, დასავლეთის დიდი თამაში ოფიციალურად გაფორმდა, უკრაინელ ხალხს „მაოხრებლის" ჯოჯოხეთი ელოდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, არც საქართველოს ელის კარგი დღე, თუკი 11 თებერვალს დაწყებულ მინსკის სამიტზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან და უკრაინა-რუსეთს შორის ღია ომი გამოცხადდება.
რა უნდა დაუპირისპიროს ბიძინა ივანიშვილმა იმ ძალას, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბერკეტები, დასავლეთის მხარდაჭერა, დიდი ფული და სწორედ, უკრაინის ხელისუფლებიდან განახორციელებენ. იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიასთან" საუბარში აცხადებს, რომ `ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომ აჩქარებს მოვლენებს, მან ზუსტად იცის დასავლეთის განწყობა და ის, რა შეიძლება სააკაშვილის ხელით აქ განახორციელონ, ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. სავარაუდოდ, აპრილში ელოდებიან პარლამენტის დაშლას. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად პარლამენტის დაშლა რთული პროცედურაა, ამის მიზეზს მაინც მოძებნიან, მაგრამ
საკითხავია მოასწრებს კი გეგმის განხორციელებას? შესაძლოა ბიძინას ნებამ ვერ შეაჩეროს მოვლენები. „შეხედეთ „რუსთავი 2" როგორ გააქტიურდა, სანამ „რუსთავი 2" „ნაციონალების" რუპორია, ყოველთვის იქნება ამ ხელისუფლების დამხობის საფრთხე, აუცილებლად განხორციელდება „რუსთავი 2"-ზე შეტევა, „ნაციონალების" იდეოლოგიური მანქანის შეჩერების მიზნით, მაგრამ ახლა ისეთი ცაიტნოტური ვითარებაა, ან მოასწრებს ამის განხორციელებას ან ვერა, ვიმეორებ, რომ საქართველოში, რევოლუციური გეგმის განხორციელება მაინც, მინსკის სამიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული..." - აცხადებს გელბახიანი.
დღეს ბევრს საუბრობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნიათობაზე და საზოგადოება ლოგიკურ კითხვას სვამს, ბერუჩაშვილს სძინავს? ბერუჩაშვილს რომც ეღვიძოს, ის უძლურია შეაჩეროს გლობალური თამაში, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა ეფიქრა, მაშინ როცა სააკაშვილი 2012 წელს კოჰაბიტაციის რეჟიმში პრეზიდენტობდა და ისე გაიპარა ქვეყნიდან, რომ დღემდე ვერ გაუციათ ადამიანებს პასუხი, გააპარეს სააკაშვილი, თუ ხელიდან დაუსხლტა ის ბიძინა ივანიშვილს? სხვათა შორის, ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობა და მისი გასამართლება, მაგრამ პირობა პირობად დარჩა და დღეს სააკაშვილი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი დათმობს საქართველოს მოქალაქეობას და უკრაინის მოქალაქის პასპორტს მიიღებს, ცდება, რადგან იურისტები გვახსენებენ იმ ფაქტს, როცა სამი თვის წინ, უკრაინის რადამ პოროშენკოს თხოვნით მიმართა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სამსახურში მიეცათ მუშაობის უფლება. ასე რომ, სააკაშვილი არ თმობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
და ვისი იმედი აქვს სააკაშვილს საქართველოში, ვინ დაეხმარება მას გეგმის განხორციელებაში? შემთხვევითი არ არის, რომ „თავისუფალი თაობა" სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილების მხილებას იწყებს. ეს ვითარება ძალიან ჰგავს „ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდს, როცა „ნაციონალებმა" ხელისუფლებაში ჩანერგილი ხალხის ხელით დაამხვეს შევარდნაძის რეჟიმი. „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს:
„ნაცბანდამ" ჩანერგა სხვადასხვა სტრუქტურებში მეხუთე კოლონა. გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მსგავსი ტერაქტის განხორციელება იგეგმება. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისუფლებაში დარჩენილი ქადაგიძის, ჭაიას, გვაზავას და იმ 17 ადამიანის აქტივობებს, რომლებიც ჩვენ მიერ ნახსენებ სიაში არიან. თითქმის ყველა სამინისტროსა და უწყებაში მრავლად არიან სააკაშვილის ფარული თუ აშკარა მხარდამჭერები, რომლებიც საჭირო ნიშნის მიღების შემთხვევაში მზად არიან, განახორციელონ ყველანაირი ბინძური ქმედება, ამავე დროს დაბლოკონ მათ წინააღმდეგ მებრძოლი პირები, უწყებების ფარული მართვა აიღონ ხელში... ჩვენთვის წარმოუდგენელია და გაუგებარია, რატომ აფარებენ ხელს ზოგიერთი უწყების მაღალჩინოსნები „ნაცბანდელ ზონდერებსა" თუ აქტივისტებს".
აი, რას აცხადებს ლადო სადღობელაშვილი „ალიასთან" ინტერვიუში:
- თქვენ ტერორისტული აქტების სერია დააანონსეთ, რა ინფორმაციას ფლობთ?
- საქმე ისაა, რომ სამი თვის წინ ჩანერგილების სია გავასაჯაროვეთ, სააკაშვილის მზაკვრულ გეგმებზე ვისაუბრეთ. მისი გეგმაა არეულობის მოწყობა. აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ ამ სიების მოგროვებაში ვინც გვეხმარებოდა, მათგან მოვიძიეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობით არ დამთავრებულა ტერორისტული აქტების სერია და მკვლელობები. პირიქით, ამით დაიწყო. იმ ადამიანების გარდა, რომლებიც 17-კაციან სიაში არიან, უზარმაზარი ქსელია, სხვადასხვა დეპარტამენტებში არიან ჩანერგილები, ვიცით მათ შესახებ. ამ ხალხისგან მოდის დიდი საფრთხე. დიახ, მკვლელობების სერია დაიწყება, სიტუაციის დაძაბვის მიზნით, ისეთი რამ მოხდება, რაც ხალხში აგრესიას გამოიწვევს, მაქვს კონკრეტული ინფორმაცია და თავს ვიკავებ გამჟღავნებისგან, ყველასთვის კარგად მივიწყებული ციხის ჯალათების თემა წამოიწევს, ისინი არიან უწყებებში, იქნება სერიოზული დაძაბულობა, ჩანერგილებისგან, ციხის ჯალათებისგან... სამინისტროებში ჩანერგილები „ბლატაობენ", ხელსაც ვერ გვახლებენო, ისინი ახალაიას, ადეიშვილის, მერაბიშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ და კიდევაც შეასრულებენ, ვიცი რომ ციხეში ძალიან სერიოზული ბუნტი მზადდება, შეიძლება ეს მოხდეს მარტის დასაწყისში, ან აპრილში, მაგრამ დადასტურებულად ვიცი, რომ მიდის სამზადისი.
უახლოეს დღეებში ვაპირებთ დეპარტამენტებსა და სამინისტროებში ჩანერგილების მხილებას, ბევრი ადამიანია უშუალოდ პრემიერის აპარატში, არიან ადამიანები რომლებიც „ნაციონალების" დროიდან მოყოლებული მუშაობდნენ ვერა ქობალიას პრესსამსახურებში და დღეს, პრემიერთან არიან და ინფორმაციები გამოაქვთ. მათი რიგიც დადგება გადაივლის ვაზაგაშვილის მოვლენები და დავდებთ ჩანერგილების სიას.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"