დღეს, 12 თებერვალს, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს შეფობის მაძიებელთა კანდიდატურების წარდგენის ვადა იწურება. როგორც ჩანს, ჩვენმა ყოფილმა „ყაზილარმა" მაინც ვერ გარისკა კონკურსში გასვლა, რომ ვერ ჩაებარებინა საჭირო უნარჩვევები და გამოეშვათ გაცუცურაკებული, ხომ მოგვეჭრებოდა თავი მსოფლიო მასშტაბით? ისე, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და „ნაციონალი" დეპუტატი დავით საყვარელიძე ინიშნება, მისი მოადგილე კი ზურაბ ადეიშვილი იქნება. დღეს გამოჩნდება, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.
რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს 10 თებერვალს კიევში შეხვდა. სააკაშვილი რუსულ და უკრაინულ ტელეარხებზე თავს ისე გრძნობს,
როგორც თევზი წყალში, მთელი მსოფლიოს წინაშე ამაყობს იმით, როგორ მონაწილეობს ამერიკის მიერ მოწყობილ „ფერად რევოლუციებში" და რა პოლიტიკური ამბიციები აქვს ამ კუთხით.
თუ სააკაშვილმა „სანუკვარი" თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გასვლა ვერ გარისკა, ასევე ვერ გარისკა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დანიშვნა ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. თუ ასე მოხდებოდა, მის ხელში უნდა გადასულიყო საგამოძიებო სისტემა, პროკურატურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფინანსური პოლიცია, დეტექტივების სამსახური და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პეტრო პოროშენკომ „იდეალური" გამოსავალი მოძებნა, ამბიციებს აყოლილი მიხეილ სააკაშვილი თავის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. სხვათა შორის, ამ ინფორმაციის შესახებ „ნაციონალების" სულიერი დედა, ირმა ნადირაშვილი 11 თებერვალს დილიდანვე აანონსებდა: „ახალი სიურპრიზი ქოცებისთვისო". რაც შეეხება „ნაციონალ" დეპუტატსა და მარადმწვანე მოწაფეს, მარიამ საჯაიას, მან სიხარული ასეთი ფორმით გამოხატა: „ისეთ ნიუსს გავიგებთ მალე, ზოგი სიხარულით ცას რომ ეწევა და ზოგსაც ნიშადური დასჭირდება კატაბალახას ნაყენის დამატებით". რა უხარიათ „ნაციონალებს", ცოტა გაუგებარია, ამ სვლით უკრაინის ხელისუფლებამ ამერიკელებსაც გაუგორა კოჭი და მიხეილ სააკაშვილსაც უთხრა, საშინაო საქმეებში ნუღარ ჩაერევი, საგარეო კუთხით მიეცი რჩევები პეტრო პოროშენკოს, რომელსაც ან გაითვალისწინებს, ან არაო.
სააკაშვილი ამბობს, დღის წესრიგის თემა ერთია - როგორ ვებრძოლოთ კორუფციას. უკრაინას ოცდახუთი წელია ძარცვავენო. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს მთავარი კრიმინალი, ელიტარული კორუფციის ფუძემდებელი და ქართული ბიზნესის ამაოხრებელი კორუფციაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს უკვე უკრაინელების პრობლემაა. მიხეილ სააკაშვილი გააფთრებული ცდილობდა, უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარეულიყო და ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის სქემების თავსმოხვევაც კი დაიწყო - იყიდება ყველაფერი, ნამუსის გარდა! პრინციპში, როცა ნამუსი არ გაქვს, ყველაფრის გაყიდვა თავისუფლად შეიძლება.
უკრაინაში არის სტრატეგიული საწარმო „ტიტანი", რომლის პროდუქციაც რუსეთში გადის და იქ იარაღს ამზადებენ. სწორედ ამ საწარმოს გაყიდვას მოითხოვს სააკაშვილი. ამოცანა გვეკითხება: თუკი დღის წესრიგში დადგება ამ საწარმოს პრივატიზების საკითხი, ვის გაუჩნდება მისი ყიდვის ყველაზე მეტი პრეტენზია? რა თქმა უნდა, რუსებს. ისე, ძალიან საინტერესო მოვლენაა, უკრაინა რუსეთს აწვდის პროდუქციას, რომლისგანაც მზადდება იარაღი და რუსეთი ამ იარაღს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას იგივეს მოუწოდებს, რაც თავადვე გააკეთა საქართველოში - ყველა სტრატეგიული ობიექტი უნდა გადასცეს რუსეთს... აბა, ევროპელი თუ ამერიკელი ბიზნესმენები არეულ უკრაინაში ერთ ცენტსაც არ ჩადებენ და სხვა რა გამოსავალია?
სააკაშვილმა აღარ იცის, რომელ ქვეყანაზე იდარდოს, უკრაინაზე თუ საქართველოზე, თუმცა ხაზგასმით ამბობს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში საქართველოში დავბრუნდებიო.
მოკლედ, კიდევ ერთი წელი უნდა მოვითმინოთ, შემდეგ მოვა მიშა და იქმნება ნათელი. ერთი მხრივ, სააკაშვილს პოროშენკოს მიერ შეთავაზებული თანამდებობა აწყობს, ის ამ შემთხვევაში არ ტოვებს საქართველოს მოქალაქეობას. უკრაინის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ მსგავსი სახის თანამდებობები - კონსულტანტები, მრჩევლები, მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. პრობლემა იყო ანტიკორუფციული ბიუროს შეფობის მხრივ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, უკრაინელი ექსპერტები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათ ქვეყანაში ადგილი აქვს საერთაშორისო შეთქმულებას, რათა საბოლოოდ დაასამარონ და დაშალონ უზარმაზარი პერსპექტიული სახელმწიფო. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ამ დღეებში გამოვიდა და განაცხადა, ყირიმი რუსეთს ეკუთვნის, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობსო. თუ ამას ევროპის პოზიციად ჩავთვლით, მაშინ შეიძლება უკრაინა მსოფლიო რუკიდანაც კი გაქრეს.
გელა ზედალაშვილი
გაზეთი „ალია"