სააგენტო „რესის" ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი დავით სანაკოევი მომავალ კვირას მოსკოვში ჩასვლას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას გეგმავს. წყაროს ცნობით, 18 თებერვალს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა და რუსეთი ე.წ. სახელწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ.
„საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა სტაბილურობას ხელს შეუშლის. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ უნდა მივიღოთ საჭირო ზომები, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. ყველა ამ საკითხზე ჩვენ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვისაუბრებთ და შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ", - განაცხადა სანაკოევმა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)