reportiori.ge - ღამის საათებში ხმაურისთვის შეიძლება პატრულმა დაგაჯარიმოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:39
პრეს-დაიჯესტი
ღამის საათებში ხმაურისთვის შეიძლება პატრულმა დაგაჯარიმოთ
ავტორი:
14 თებერვალი, 2015. 16:40

 

 

ღამის საათებში ხმაური დასჯადი გახდება. თბილისის საკრებულოში ამ საკითხზე მუშაობა სრულდება. რა სახის ხმაური ჩაითვლება სამართალდარღვევად? ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს? რა ჯარიმები დაეკისრებათ იმ პირებს, ვინც მოსახლეობას ღამის მყუდროებას დაურღვევს?


„ალიას" საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე ესაუბრა:


- ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ღამით, ხმაურთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა, ცხოვრობენ ობიექტებთან, საიდანაც გამოდის ხმაური, რომელსაც აქვს განგრძობადი ხასიათი და გარდა ხმაურისა, შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას მოუტანოს გარკვეული ზიანი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე უწყების თანამშრომლებს შევთავაზეთ, რომ ეს საკითხი დაგვერეგულირებინა. ერთად გავიარეთ საკითხები, როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში და მათთან ერთად ვინ უნდა  აღასრულოს ის, თუ რა სანქციები უნდა იყოს გათვლილი, რომ ნორმა არ დარჩეს მხოლოდ ნორმად და მოხდეს შესაბამისი რეაგირება და არ გაგრძელდეს იქ ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს სხვის ჯანმრთელობას.


- რა ტიპის ხმაური ჩაითვლება კანონდარღვევად?


- კანონდარღვევად ჩაითვლება ყველა ტიპის ხმაური, რომელიც არის განგრძობადი ხასიათის და არ არის ერთჯერადი. მაგალითად, ხმამაღალი მუსიკა,  ასევე, სხვადასხვა საწარმოებიდან, დანადგარებისგან გამოწვეული ხმაური, რომლებიც ვრცელდება დასახლებულ პუნქტში.


- აბა, რა უნდა ქნან, არ იმუშაონ?


- ხმაური არ უნდა გადაცილდეს სამუშაო პერიოდში, დილის შვიდი საათიდან საღამოს 11 საათამდე, 40 დეციბელს, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე, 30 დეციბელს. რომელიც გადაცდება და იქნება განგრძობადი ხასიათის, ეს იქნება სამართალდარღვევა. თუ ვიღაცამ ჩართო ხმამაღალი მუსიკა ერთი წუთით და ამით ამოიწურა მისი ქმედება, ეს არ იქნება მიჩნეული სამართალდარღვევად. თუ გაფრთხილებაზე არ მოიქცევა დამრღვევი შესაბამისად, ეს გახდებადასჯადი. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობაა პიროვნებათა მისამართით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ცნობს. ისევე, როგორც აშშ-ს გარკვეულ შტატებში.


- ვინ გააკონტროლებს ხმაურს, ცალკე სამსახური შეიქმნება?


- არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ხმაურთან დაკავშირებით, რომლის კონტროლსაც ახორციელებს მერიის ზედამხედველობის სამსახური, თუმცა, ეს არ არის ქმედითი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს ნორმა, რომელიც ირიბად გასაზღვრავდა, რომ შეიძლება მსგავს ქმედებაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაჯარიმდეს 500-დან 1000 ლარამდე, მაგრამ ეს ნორმა ბუნდოვანია და არ არის ქმედითი. საბოლოოდ ვითარება რთულდება და საქმე მიდის სასამართლომდე. დავის შემთხვევაში, საბოლოო ინსტანცია სასამართლოა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, მანამდეც იქნას გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. თუ პატრულს ექნება გამკონტროლებლის ფუნქცია, უკეთესი იქნება.


- რატომ პატრული?


- ყოველთვის, როცა ადამიანს რაღაც აწუხებს, მათ შორის ხმაურიც, რეკავს 112-ში, არავის არ მოაფიქრდება, დარეკოს მერიაში, გაიგოს ზედამხედველობის სამსახურის საკონტაქტო ტელეფონი და დარეკოს. ეს არ არის ქმედითი. ამიტომაც, ეს სიტუაცია უნდა გახდეს მიბმული „112"-ზე. შესაძლებელია, „112"-თან გაფორმდეს ხელშეკრულება და „112"-მა გადაამისამართოს შესაბამის სამსახურში, ან პატრული აღვჭურვოთ შესაბამისი ტექნიკით და მან აღკვეთოს სამართალდარღვევა. ეს იქნება უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ექნება შესაბამისი აღჭურვილობა, ფორმა, მანქანა, მივა შემთხვევის ადგილზე, გამოწერს შესაბამის ოქმს და შეუძლია, იქვე განახორციელოს ადმინისტრაციული ქმედება.


- რამდენი რამ უნდა აკეთოს პატრულმა, ზედმეტად ხომ არ იტვირთება...


- სწორედ ამაზე ვიმსჯელებთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან, მერიის შესაბამის სამსახურთან და „112"-თან ერთად. თუ დაგვარწმუნებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს ამ საკითხს ეფექტურად და მხოლოდ და მხოლოდ „112"-თან ბმა ეყოფა ამ საკითხის გადაჭრას, იქნება საშუალება, რომ ეს ყველაფერი დარჩეს უცვლელად და მხოლოდ „112" ჩაერთოს საკითხში. თუ „122"-ის ჩართულობა ვერ იქნება ქმედითი 24-საათიან რეჟიმში, ისე, როგორც ესაა პატრულის შემთხვევაში, მაშინ განხორციელდება ცვლილება.


- ფოიერვერკებზეც იყო საუბარი. აქ რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება?


- დედაქალაქთან დაკავშირებით განისაზღვრება ეს დეციბელები, მივიღებთ კანონქვემდებარე აქტს, მინისტრის ბრძანებით, უნდა შეიძინოს ნორმის სახე. ეს საკითხი ძალიან რთული აღმოჩნდა. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბარ-რესტორნებიდან გამომავალი ხმაური, მოსახლეობა შეწუხებულია. ეს დაწესებულებები არ უნდა დაიხუროს და ბიზნესი არ უნდა შეწყვიტოს, მაგრამ მოსახლეობას უნდა სცენ პატივი და კეთილი ინებონ და მიიღონ შესაბამისი ზომები, კედლები შეაიარაღონ ისე, რომ ხმაური გარეთ არ გავიდეს.

 

- ბიზნესზე ზეწოლად არ ჩაგითვლიან ამას?


- არ უნდა ვაწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვის ჯანმრთელობას დააზარალებს. ეს უკვე აღარ არის ბიზნესი.

 

- ხშირია შემთხვევა, როცა მანქანებიდან ძალიან ხმამაღალი მუსიკა ისმის. ეს დასჯადი იქნება?


- თუ კონკრეტული მანქანა, მუდმივად შედის უბანში ან ზოგადად რომელიმე ეზოში და რეგულარულად ახდენს ხმამაღალ დონეზე მუსიკის ჩართვას, ეს ჩაითვლება კანონდარღვევად.


- ისე, მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების ყეფასაც ხშირად უჩივის. ამას რას მოუხერხებთ?


- ყეფა და მისგან გამოწვეული ხმაური, გარემოს დაცვის საკითხია და მუშაობენ ამ საკითხზეც, კონკრეტულად ცხოველებთან დაკავშირებით.


- მშენებლობისგან გამოწვეულ ხმაურსაც შეეხება საკითხი?


- მშენებლობის საკითხი რეგულირებულია, მაგრამ არ იცავენ. ამ საკითხს არეგულირებს მერიის ზედამხედველობის სამსახური და აქაც პირობები უნდა იყოს დაცული.

 

- ჯარიმების საკითხი როგორ გადაწყდა?


- პირველ გამოვლენაზე იქნება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ ჯარიმები უნდა იყოს 500-დან 1000 ლარამდე. ამის მერეც თუ განმეორდა, უკვე დამძიმდება მდგომარეობა და შეიქმნება ბევრად მძიმე ფონი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეიძლება იყოს მატერიალური და ამავე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის თანახმად, შესაძლოა, მოხდეს ადმინისტრაციული წესით თავისუფლების აღკვეთაც.


- ძალაში როდის შევა ეს ნორმები?

 

- 19 თებერვალს საკრებულოში გვექნება სხდომა, სადაც მოწვეული იქნებიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე, „122"-ის, ჯანდაცვისა და მერიის წარმომადგენლები, სადაც ჩვენ ყველა ერთად შევჯერდებით იმ საკითხებზე, რაც ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საბოლოოდ შევჯერდებით დეტალებზე და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით.

 

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"



 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016