reportiori.ge - აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:08
პრეს-დაიჯესტი
აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს?
ავტორი:
14 თებერვალი, 2015. 17:10

 

 

 

აზერბაიჯანში გარკვეულმა წრეებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მითვისებასა და კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე. აზერბაიჯანული პრესა (მაგალითად, გაზეთი „კასპია?") უკვე იმაზეც საუბრობს, რომ მათი ქვეყნისა და საქართველოს მეგობრობა ცალმხრივია. კერძოდ, ირონიით ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკება აზერბაიჯანთან გაზის ტარიფის მომატების თავიდან ასაცილებლადო. შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო. გაზის კომპანიებმა მიზეზად ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა დაასახელეს და იგივე იურიდიულ  პირებს, ანუ ორგანიზაციებს  განახლებული ხელშეკრულებებიც ჩამოურიგეს ხელმოსაწერად. ტარიფის გაზრდის თაობაზე განცხადება პირველად კომპანია „ყაზტრანსგაზთბილისმა" გაავრცელა და გვაუწყა, რომ 1 კუბის ფასი 75 თეთრიდან 90 თეთრამდე აიწევდა. ამას მოჰყვა განცხადება კომპანია სოკარ ჯორჯია გაზისგან". მისი წარმომადგენლის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. მოკლედ, რაც მოხდა, ვნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებამ, წადით, აზერბაიჯანელებს დაელაპარაკეთ, ამ ეტაპზე გაზზე ფასის მომატება არ გამოვაო, დროებით შედეგი გამოიღო. წავიდნენ, ილაპარაკეს, ჩვენი მეზობლები გააჩერეს, მაგრამ ახლა იგივე აზერბაიჯანელები სვამენ კითხვას: რატომ დაფაცურდნენ ასე უეცრად ჩვენი მეზობლები? თურმე წინა წლებშიც ყოფილა შემთხვევები, როცა საქართველოს ხელისუფლებას, რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, უთხოვია მათთვის, დახმარება გაგვიწიეთო და უარი არ უთქვამთ (ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან):



„ცხადია, აზერბაიჯანი ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა მეზობელს, ნავთობსა და გაზს დაბალი ტარიფებით აწვდიდა, აძლევდა შეღავათიან ფინანსურ სესხებს და სხვა შეღავათებს უწევდა. ალბათ, ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის, კეთილი მეზობლები, ალბათ, ასეც უნდა აკეთებდნენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, საქართველოც ამ პრინციპით მოქცეულიყო. თბილისი განსხვავებულად მოქმედებს.


აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემები საქართველოში ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეს მუდმივად ასე გრძელდება. ამავდროულად, ოფიციალური თბილისი ძალიან გულისხმიერად და ყურადღებით ეკიდება სომხების პრობლემების მოგვარების საკითხებს სამცხე-ჯავახეთში, ჩვენი თანამემამულეების პრობლემებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსულგულო და გულგრილი დამოკიდებულებაა. საქართველომ, რომელიც გამუდმებით გვთხოვთ სხვადასხვა საკითხში დახმარებას, იმისთვისაც კი ვერ მოიცალა, რომ უძველესი განჯის კარის ფრაგმენტის დაბრუნებაზე იფიქროს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ილია მეორე იმასაც ამბობს, დავით გარეჯის სავანე საქართველოს უდიდეს წმინდა სალოცავ ადგილად ითვლებაო. გარწმუნებთ, აზერბაიჯანი ასე დამოკიდებული რომ ყოფილიყო საქართველოზე, როგორც საქართველოა ჩვენზე დამოკიდებული, ოფიციალური თბილისი არა მარტო განჯის კარის ფრაგმენტს, არამედ სხვა ბევრ რამესაც წაგვართმევდა".


ხედავთ, რა არგუმენტები მოაქვთ აზერბაიჯანელებს? ჩვენ გეხმარებით,  გაზს იაფად გაძლევთ, თქვენ კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსაც არ გვიბრუნებთო. თქვენ რომ ჩვენს ადგილას იყოთ, ძალიან ბევრ რამეს წაგვართმევდითო. ესე იგი, დავით გარეჯის კომპლექსი წავართვით და ძალა არ გვაქვს, თორემ სხვა სალოცავებსაც წავართმევდით. გაზეთის თქმით, ბაქომ ამჯერადაც დათმო, საქართველოს კიდევ ერთხელ გაუწია შეღავათი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მეტიც, აზერბაიჯანში გარკვეული წრეები ფიქრობენ, რომ გაზის დაბალი ტარიფი დავით გარეჯში უნდა გაიცვალოს. გამოდის, მარტო მეზობლობისთვის და ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს მოგცემს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგთხოვენ რამეს.


„ალიას" საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ანდრიაძე ესაუბრა:


- დღეს საქართველო არის გასაყიდად გამოტანილი სხეული და ვისაც არ ეზარება, ყველა ეპოტინება. აზერბაიჯანელები ფიქრობენ, რუსებს რაღაცა მიაქვთ, სომხები ეკლესიებზე დაობენ, მაგათაც ხომ უნდა მოითხოვონ რამე? აქ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - ქართული ეკლესია ამ საკითხში უკომპრომისოა, ის დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.


- გიორგი, შეიძლება, რომ აზერბაიჯანელებმა იკადრონ და გაზის ფასის აწევით დაგვაშანტაჟონ?


- ყველა ყველაფერს იკადრებს, როცა ქვეყანა უპატრონოდაა. იქით აფხაზეთი, აქეთ ცხინვალი, როგორც ვხედავთ, ზოგიერთი სხვა კუთხეებსაც ეპოტინება. ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, ყველა ფიქრობს, მაინც იქცევა ეს ქვეყანა და რატომ არ უნდა წავიღოთ, რის წაღებაც შესაძლებელიაო? ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ, არის სრული სიმართლე, აზერბაიჯანი ითხოვს თავის „წილს". ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, აი, ეს არის მთავარი პრობლემა, უნდა ვეძებოთ პრობლემა თბილისში და არა აზერბაიჯანში, ერევანსა და ანკარაში. როცა არ გაქვს საკუთარი მამულისა და სარწმუნოების მოვლის თავი, მაშინ ყველას გაუჩნდება პრეტენზია, ზოგი გაზით დაგაშანტაჟებს, ზოგი - საწვავით. რატომ მხოლოდ დავით გარეჯი? წაიღონ, ბატონო, მთელი დედოფლისწყარო, მთელი შირაქი, მთელი ქიზიყი, მაგაზეც იძახიან, ალბანეთიაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თბილისში არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხებს და ამას ხედავენ აზერბაიჯანელები, ჩვენ აღარც ღირებულებები გაგვაჩნია და აღარც ორიენტირი.


როგორც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელი, ბექა კემულარია ამბობს, ე.წ. შანტაჟი თხევად გაზზე ფასების აწევით დაიწყო და დღესაც გრძელდება. ნავთობის ფასის შემცირებასთან ერთად მთელ მსოფლიოში გაზის ფასიც მცირდება, მხოლოდ საქართველოში არ შეამცირეს არც ერთი თეთრით. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ბენზინი იაფდება, გაზი ძვირდება, ეს არის უკიდურესი „ნაგლობა"!


თუმცა აზერბაიჯანი ამას სხვანაირად ხედავს. როგორც აღნიშნული გაზეთი წერს, ნავთობის ფასი დაეცა, მაგრამ შევეცდებით, ზარალი გაზიდან ავანაზღაუროთო: „ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა", რომელიც საქართველოში გაზის მიმწოდებელია, ფასი გაზარდოს, ეს გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია. ბაქო კიდევ ერთხელ უწვდის დახმარების ხელს თბილისს, მაგრამ გვინდოდა, ეს ჩვენი მეგობრული მხარდაჭერა ქართული მხარისგან ადეკვატური იყოს".


აი, ასე, ძვირფასო მეგობრებო, როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანში არიან ძალები, რომლებიც გაზის სანაცვლოდ ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რაც ქართული მხრიდან არასოდეს გადაიხედება და არც განიხილება, მაგრამ ისიც ძალიან ცუდია, რომ ეს თემა დღის წესრიგში დგება. სჭირდება თუ არა საქართველოს გაზის ალტერნატიული მომწოდებელი? რა თქმა უნდა, სჭირდება და ეს იქნება რუსეთი, სხვა გზა არც არსებობს, სხვანაირად კონკურენცია ვერც იქნება. ბექა კემულარიას თქმით, გარკვეულ წრეებში უკვე დაწყებულია საუბრები რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღებაზე და „სოკარის" ალაგმვაზე:


„თუ ვიღაცები მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, ასე არ გამოვა. ამ შემთხვევაში კი არსებობს მარეგულირებელი კომისია, მაგრამ საერთაშორისო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, დღეს გაზზე ფასის მომატების საფუძველი არ არის. ესენი დოლარის კურსით მანიპულირებენ, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოჭერილები ვართ. თავის დროზე, სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური თამაშის გამო მოხდა, რომ ჩვენ მთლიანად მივებით აზერბაიჯანს და ალტერნატიული წყარო დავკარგეთ. თუ რუსეთთან ამ მხრივ გრძელვადიანი ხელშეკრულებები დაიდება, მოსახლეობისთვისაც კარგი იქნება და საწარმოებისთვისაც. ბუნებრივია, კონკურენცია აუმჯობესებს ხარისხსა და ფასს. თუ ეს გაკეთდება, მაშინ ვეღარავინ დაგვაშანტაჟებს".

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016