reportiori.ge - არჩილ ცაბუტაშვილის კულუარული გავლენები და საიდუმლო მისია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:06
პრეს-დაიჯესტი
არჩილ ცაბუტაშვილის კულუარული გავლენები და საიდუმლო მისია
ავტორი:
14 თებერვალი, 2015. 23:40

 


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წნორში დაბადებულ-გაზრდილი მოადგილე ამავე სამინისტროს არაფორმალური მმართველიაო



გვიყვება წყარო „ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი მმართველობის ჟამს წარმატებით მოღვაწე ჩინოვნიკის არჩილ ცაბუტაშვილის შესახებ...



არჩილ ცაბუტაშვილი მაშინდელი პრეზიდენტის სამხედრო ინსპექტორის, მოგვიანებით კი ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონტროლის პალატაში მთავარი მრჩევლის პოზიციებს იკავებდა. ახალი ხელისუფლების პირობებში რა დამსახურებისთვის დაინიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორად, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და უამრავი მილიონიანი პროექტი კონტრაქტდება ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით, არავინ იცის. რა უნარ-ჩვევები აღმოაჩნდა ცაბუტაშვილს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, ეს დღემდე „გრიფით საიდუმლოდ" რჩება. სანაცვლოდ, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ცაბუტაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის უახლოესი მეგობარი და ნდობით აღჭურვილი, ან პირიქით - ამ ნდობით „უცნაურად მოსარგებლე" პირია.



სწორედ ამ ახლო ურთიერთობის დამსახურებაა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ხოკრიშვილის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელის ჩაბარებისთანავე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დამოუკიდებელ და კარგ ცხოვრებას მიჩვეულმა არჩილ ცაბუტაშვილმა, რომელსაც, ამბობენ, ახალმა მინისტრმა (შავიაშვილმა) ფუფუნებისა და მეტისმეტი პატივმოყვარების სიყვარული დაუწუნა, მაშინვე დაიწყო ზრუნვა, გადასულიყო სამინისტროში, სადაც ხოკრიშვილი ფორმალურ პირველ პირად გააგრძელებდა მოღვაწეობას და სადაც მისი გავლენები - ურყევად, ცხოვრება კი ისევ კომფორტულად წარიმართებოდა. წყაროს ცნობით, ცაბუტაშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობის პერიოდში ენით აუწერელი კომფორტი მოიწყო თავისთვისაც და მეგობარი ხელმძღვანელი პირებისთვისაც. საკუთარი გადაწყვეტილებით დაინიშნა ხელფასი, რომელიც თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა მინისტრ ხოკრიშვილის ხელფასს, ისევე როგორც პრემია და სახელფასო დანამატები. ეს მაშინ, როდესაც კომპანიის რიგითი თანამშრომლების ხელფასები რეგიონებში დღემდე 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. ხოკრიშვილი ამაზე დუმდა... იმასაც ამბობენ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ფინანსური „შემოწირულობებით", ე.წ. „ატკატებით", მედიის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილიც ახეირა. ამიტომაც არის, რომ რამდენიმე ჟურნალისტი ცაბუტაშვილის საქმიანობის ბნელი მხარეებით არ ინტერესდება. მედიას განსაკუთრებით მას შემდეგ ერიდება, რაც მთავრობაში კახური კლანის ჩანაცვლების მიზეზად ტენდერები და შესაძლო კორუფცია დასახელდა. განსაკუთრებით ცხოვრების იმ ეტაპზე ანერვიულებულა, როცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში „იღვაწაო"... ამბობენ, „პარტნიორი" ჟურნალისტებისთვის უთხოვია, ნურც თქვენ გამიხსენებთ და სანამ სიტუაცია და ქვეყნის მთავარი მოქალაქე არ დამშვიდდება, იქნებ, დამეხმაროთ, საერთოდ არსად გამოვჩნდე, რათა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩემს დროს მომხდარი ამბებით და ტენდერებითაც არ დაინტერესდნენო. მარტის ბოლოს ყველაფერი რომ დალაგდება, მერე აქტიურად გამოვჩნდები მედიაში და  მინისტრსაც კი სიამოვნებით შევცვლიო.



ჩემი წყაროების გადამოსამოწმებლად გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი გადავათვალიერე და დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ მოვიპოვე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, სადაც სპიკერი ან თვალსაჩინო მონაწილე ცაბუტაშვილი იქნებოდა. ხოკრიშვილის სხვა მოადგილეები კი მედიაში მინისტრზე ხშირად ჩანან. ყველაზე უცნაური და გაუგებარი ამ ყველაფერში ის არის, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 4 უმსხვილესი საქვეუწყებო სამსახურიდან ორის ოფიციალური კურატორი (მაშინ, როდესაც ამ სამინისტროში მინისტრს 4 მოადგილე ჰყავს) სწორედ ცაბუტაშვილია და მისი ოფიციალური ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სამსახურებისა და დეპარტამენტების საკითხებზე მედიას მისი კოლეგები ეკონტაქტებიან. არადა, როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს კამერებთან „მუშაობა", იმდენად, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოღვაწეობისას ზღვარს გადასული აქტიურობის გამო მკაცრი შენიშვნა და გაფრთხილება მთავრობის მეთაურისგანაც მიიღოო. ამის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობისას ტემპი ბოლომდე შეინარჩუნა და ჩრდილში ყოფნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გახმაურებული მოხსნა-ჩახსნების სერია დაიწყოო.



როგორც ამბობენ, ცაბუტაშვილი ჩრდილში ყოფნისას საკუთარ პოზიციებს იმყარებს და ამ უწყების არაფორმალური მმართველი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სიპებს ოფიციალურ კურატორებად მინისტრის სხვა მოადგილეები ჰყავთ და მედიასთანაც ისინი კონტაქტობენ, ამბობენ, რომ საკვანძო გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები პირი სწორედ ცაბუტაშვილია. ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ ეროვნულ სატყეო სააგენტოშიც კი, რომლის ოფიციალური კურატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიძე გიორგი სომხიშვილია, დირექტორად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან წამოყვანილი თავისი ახლო მეგობარი ლევან ტაბატაძე დანიშნა, ისევე როგორც რეგიონული სამსახურების უფროსებად და ამავე სიპის აპარატში არსებულ თანამდებობებზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებად. იგივე მოხდა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის მაია ბითაძის საკურატოროში შემავალი გარემოს ეროვნული სააგენტოს შემთხვევაშიც. ამ უწყებასაც „ნაიმფრასტრუქტურალი" გიორგი ჩოჩია ხელმძღვანელობს. თავისი ოფიციალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სიპებში რომ პირადი მეგობრები დანიშნა და თითქმის ყველა დონეზე გაათავისუფლა ადამიანები, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ და საკუთარ მოვალეობებს ასრულებდნენ, ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. გავრცელებული ინფორმაციით, ცაბუტაშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიღებული გამოცდილება გარემოს დაცვის სისტემაში გადაიტანა და აღნიშნულ უწყებაში მისი მისვლისთანავე სამსახურების ხელმძღვანელ პირებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასების, დანამატებისა და პრემიების გაცემა დაიწყო.



ცაბუტაშვილის კომფორტისადმი უსაზღვრო ლტოლვის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ ის დღემდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილით „ტოიოტა ლენდკრუიზერით", ე.წ. „დვესტით", სარგებლობს. ამ მოდელის მანქანა, ძირითადად, მხოლოდ მინისტრებს ემსახურება. ასევე, ცნობილია, რომ ავტომობილის იმ სანომრე ნიშნებით სარგებლობის უფლება, რომელიც მფლობელის ბალანსზე არ არის, მხოლოდ მინისტრის რანგში მყოფ მთავრობის წევრს შეუძლია, მაგრამ ამ უპირატესობას, რატომღაც, არჩილ ცაბუტაშვილიც იყენებს. წყაროს ცნობით, ბატონი არჩილი სხვის ბალანსზე არსებული ავტომობილისა და საიდუმლო ნომრების გამოყენებას არ დასჯერდა და 4 სხვადასხვა სახეობის იარაღიც გაიფორმა, ალბათ, ვითარებისა და საჭიროების მიხედვით გამოყენების მიზნით. ცაბუტაშვილი-ხოკრიშვილის ტანდემმა კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი მოიგონა, რათა თავისი ნდობით აღჭურვილი პირები ფინანსურად კმაყოფილები ჰყავდეთ. როგორც ამბობენ, ორივე მათგანს საკუთარი მძღოლები ორ-სამ სახელმწიფო სამსახურში გაუფორმებიათ, სანაცვლოდ კი არაფორმალურად დაცვის ფუნქცია შეუმატებიათ და უსიტყვო ერთგულება დაუვალებიათ.



სამწუხაროდ, ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობაში ასეთ თავგასულ არაერთ ჩინოვნიკს აქვს ფეხი მოკიდებული და გაზაფხულის მოსვლას იმ იმედით ელიან, რომ გაირკვეს, რა სახის გადანაწილება მოხდება სამთავრობო გუნდში, რათა შემდეგ, ყველა მეთოდის გამოყენებით, მშვიდად დაიკავონ გამარჯვებულის პოზიცია. დღეს კი ამ კატეგორიის ჩინოვნიკები საზოგადოებაში ამჟამინდელი და ყოფილი პრემიერის რეპუტაციას ანადგურებენ და კულუარებიდან მართავენ ქვეყნის სხვადასხვა რგოლებს იმ მეთოდებით, რომლებმაც საბოლოოდ, შესაძლოა, საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა ისე გაზარდოს, რომ კოალიციური მთავრობა ნაწილებად დაიშალოს.



კარგი იქნება, თუ მთავრობის მეთაური და შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან ცაბუტაშვილის გავლენის რეალური მიზეზებითა და მიზნებით და გათვალისწინებენ საზოგადოების დაკვეთას, რათა საჯარო სექტორში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს „ჩრდილოვანი მმართველობის" ეპოქა.




წყარო:     http://rubrica.ge/


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016