reportiori.ge - ნათელა მოდებაძე: ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:09
პრეს-დაიჯესტი
ნათელა მოდებაძე: ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი
ავტორი:
16 თებერვალი, 2015. 13:28

 

 

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმამ, გოგოლა ჟვანიამ გახმაურებული საქმის კიდევ რამდენიმე დეტალზე ისაუბრა. მისი თქმით, პიროვნება, რომელმაც დაინახა, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები შემთხვევის ადგილზე მიიტანეს პროკურატურამ უკვე დაკითხა. სავარაუდოდ, ეს მოწმე ნათელა მოდებაძეა, რომელიც წლების განმავლობაში ამბობდა, რომ შეესწრო ამგვარ სცენას.


გაზეთმა "ყველა სიახლემ" 2013 წლის მაისში გამოაქვეყნა ინტერვიუ ქალბატონ ნათელასთან, სათაურით: "ვიეჭვე, რომ ჟვანიას ცხედრის შენობაში შეტანას შევესწარი." გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწილს:


ნათელა მოდებაძე:


- სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავზე ძალიან ბევრი რამ იცის იმჟამინდელმა პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ და თუ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა სურთ, აუცილებლად უნდა დაკითხონ სწორედ მაღლაფერიძე. ის ბინა საბურთალოს ქუჩის N53-ში ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, შეთანხმებულიც ვიყავით ბინის პატრონ ეკა კიკიანთან ბინის ქირაზე - თვეში 150 დოლარზე, თუმცა მან გამოგვიცხადა - პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ორმაგს მიხდის და მას უნდა მივაქირავოო. ამ ამბავში არის დეტალები, რომლითაც, გამოძიება თუ დაინტერესდება, ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს. იმ ღამეს მეგობართან დავრჩი, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ უყურებდა იმ კორპუსს, სადაც ეს მოხდა. მე და ჩემი მეგობრის გოგონა (იგი 2008 წელს გარდაიცვალა) გვიანობამდე ვალაგებდით ბინას. შინ კიდევ ამ გოგონას დედა და ჩვენი ერთი მეგობარი იყო. ისინი ნარდს თამაშობდნენ. მოგვშივდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაბლა ჩასვლა და რაიმეს ყიდვა, ახლომახლო უკვე ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, დაახლოებით ორი საათი ან მეტი იქნებოდა, ამიტომაც ბენზინის გასამართი სადგურისკენ წავედით მე და ჩემი მეგობრის შვილი. ჩვენი ყურადღება სადარბაზოსთან მდგომმა ჯიპმა მიიქცია, რადგან მაშინ ჯიპები ასე ხშირად არ ჩანდა თბილისის ქუჩებში. იმ ბინაში, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, სინათლე ენთო, მახსოვს გავიხუმრე, როგორც ჩანს, ვასიკო მაღლაფერიძეს სტუმრები ჰყავს-მეთქი. უკან რომ მოვბრუნდით, ეზოში კიდევ ერთი ფარებჩამქრალი ჯიპი შემოვიდა, ისიც ამავე სადარბაზოსთან გაჩერდა. დავინახე, რომ მანქანასთან რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ბნელოდა, ამიტომ დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყვნენ, თუმცა თვალში მომხვდა, რომ ძალიან დიდი ყუთით შეიტანეს რაღაც, ასევე მიჰყავდათ მამაკაცი, მხრებში ედგნენ, როგორც მთვრალ კაცს შეუდგებიან, ისე. სულ ეს იყო. მაშინ არ მიფიქრია, რომ რაღაც ტრაგედია ტრიალებდა. დაიწერა, თითქოს მე სახეები დავინახე და ჟვანია ვიცანი, რაც სიცრუეა, მე არავის სახე არ

დამინახავს. მეორე დღეს, როდესაც ითქვა, რომ პრემიერი გარდაიცვალა სწორედ ამ ბინაში, ბუნებრივად გამახსენდა ეს და ვიეჭვე, რომ სწორედ ამ ადამიანების ცხედრების შენობაში შეტანას დავესწარი.


- იმ ადამიანებიდან, ვინც დაინახეთ, შეგიძლიათ, დღეს რომელიმე სილუეტით ან სახით იცნოთ?

- არა, დიდი დრო გავიდა, ვარაუდით კი ვის დავადებ ხელს? ბოლო ხანს დიდი ექსპერტი რომ გახდა ვასილ მაღლაფერიძე, ხან რომელ გადაცემაში იწვევენ და ხან რომელში, ძალიან მაღიზიანებს. ეს არის მოღალატე კაცი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. ამბობს, არ მიქირავებია ეს ბინაო, არადა, სწორედ ამ კორპუსთან მყავს ნანახი


იმ პერიოდში. თავიდან ამბობდა, რომ მე ვტყუოდი, მერე თითქოს გაიხსენა, - სახლის პატრონი მივიყვანე იმ ბინაში ერთხელო.


- ქალბატონო ნათელა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?

- იმიტომ, რომ გვემუქრებოდნენ და პირდაპირ მოითხოვდნენ ამას ჩვენგან. ეს განსაკუთრებით გამძაფრდა 2008 წლის ომის დროს და მერე. ჩემი ვაჟი ამ ომში იბრძოდა და ბევრი რამ ვიცი, რა და როგორ მოხდა. 11 აგვისტოს, ესენი რომ რუსთაველზე ზეიმობდნენ, ბრძოლის ველზე ჩვენი ბიჭების გვამები უპატრონოდ ეყარა, მე დედების საპროტესტო აქცია გავმართე, რის მერეც დამაკავეს. რამდენიმე საათში გამათავისუფლეს, მაგრამ იმ საღამოს შინ მომადგნენ ავტომატებითა და ნიღბებით, ჩემი მეუღლე იმჟამად რუსეთის მოქალაქე იყო, ამიტომ სულ რუსეთის აგენტი მეძახეს, პირდაპირ მითხრეს, მოშორდით აქედან, ვიდრე შუბლს გაგიხვრეტთო! აი, მაშინ მკითხეს ღიად, ჟვანიას მკვლელობასთან რა გესაქმებაო, არაფერი-მეთქი, ჩვენ გვაქვს ფოტოები, რომელზეც გოგლა ჟვანიასთან ხარ გადაღებული და რა საქმე გაქვს მასთანო? ამის მერე გადავწყვიტეთ საქართველოდან წამოსვლა. მუქარის ზარები აქაც არ გაჩერებულა, მით უფრო, რომ აქ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვდით და შესაბამის ინტერვიუზე ყველაფერი ვთქვი. სამწუხაროდ, აქაურმა სასამართლომ ჩვენი არ დაიჯერა, გამოგვიცხადეს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, იქ ყველაფერი რიგზეაო. დღემდე ვერ მივიღეთ თავშესაფარი და ამაში წვლილი იმ თარჯიმანსაც მიუძღვის, ვინც ვითომ მეხმარებოდა. ეს ქალბატონი თურმე ჩვენს საკონსულოში მუშაობდა, ისინი კი ისე იქცეოდნენ, რა დირექტივებიც მოსდიოდათ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს ხალხი კვლავაც რჩება სამსახურში. მეტიც - ახლახან აქ იმყოფებოდა მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, რომელიც შეხვდა იმ ხალხს, ვინც "ნაციონალების" მომხრე და მათი ინტერესების გამტარებელი იყო წლების განმავლობაში და მე არ მნახა, მე, ვინც ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად აქედანაც ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. 2011 წლის 26 მაისის საშინელება რომ მოხდა, ვცდილობდი, ყველა აქ არსებული საკონსულოსთვის მიმეწოდებინა მომხდარის რეალური სურათი, ვთხოვდი ქართველებს, მოგვეწყო საპროტესტო აქცია დუბლინის ცენტრში, მაგრამ არავინ გამომყვა, სამაგიეროდ, კონცერტი გამართეს. 2011 წლის 19 აგვისტოს ამერიკის საკონსულოდან გამოვდიოდი და საოცრად წყნარ ქუჩაზე ჯერ მოულოდნელად გამოვარდნილი "გოლფი" დამეჯახა, მერე კი მის უკან მომავალი ჯიპი... უფლის სასწაულით ვარ დღეს ცოცხალი, ორგანო არ შემრჩა დაუზიანებელი. ვფიქრობ, რომ ესეც მოწყობილი იყო."




(წყარო: „კვირისპალიტრა")


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016