კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ახალ თაობას" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურების შესახებ ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის ირგვლივ დიდი ვნებათაღელვაა. უნდა იყოს თუ არა პოლიტიკისგან, პოლიტიკური წარსულისგან თავისუფალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?
- ჩემთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესმა გამოიწვია. ეს თანამდებობა პოლიტიკური არ არის. მოსამართლე პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს. პოლიტიკური პარტიები თავიანთი კანდიდატების გაყვანას რომ ცდილობენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიის ხარისხი ჩვენთან მაღალი არ არის. კრიტერიუმებზე მინდა ყურადღება გავამახვილო. პირველი არის პროფესიონალიზმი. ამაში ვგულისხმობ სახელმწიფო სამართლის ცოდნას, როგორც კერძო, საჯარო და საერთაშორისო სამართლის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კარიერული მოსამართლე უნდა იყოს. კარიერული მოსამართლე ნიშნავს, რომ მას ნამუშევარი აქვს სასამართლო სისტემაში. ცოდნა, გამოცდილება, უნარი და ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პირი უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა და წარუდგინოს პარლამენტს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები შინაგან რწმენასა და კანონის უზენაესობას უნდა ემყარებოდეს.
- არის ასეთი 28 კანდიდატს შორის?
- დიახ. ამ 28 კანდიდატიდან ძალიან ბევრი არის ღირსი, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მე უპირატესობას მივანიჭებდი იმ ხალხს, რომლებიც ჩემს მიერ დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ვგულისხმობ ქალბატონ ევა გოცირიძეს, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ის არის ორმაგი სამართლის დოქტორი და მუშაობდა უზენაეს სასამართლოში დიდი ხნის განმავლობაში. საზღვარგარეთაც მუშაობდა სასამართლოს მიმართულებით.
- უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის მთავარი ამოცანა რა უნდა იყოს და უნდა შეიცვალოს თუ არა გარკვეული ფუნქციები? საუბარია სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმაზე.
- ახალ თავმჯდომარეს იგივე ფუნქციები უნდა ჰქონდეს, რაც აქვს მოქმედ თავმჯდომარეს. პირველი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი. ეს არის საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც გააჩნია მოკრძალებული უფლებამოსილებები. ის მონაწილეობს მხოლოდ პლენუმის საქმიანობაში, რომელიც საკასაციო წესით განიხილავს გარკვეული კატეგორიის სასამართლოს მიერ შერჩეულ საქმეებს. მეორე - არის მენეჯერი ანუ ადმინისტრაციული ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოსი. ის არის ერთ-ერთი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, რომელიც კოლეგიის საქმეებშიც კი არ მონაწილეობს და მონაწილეობს მხოლოდ პლენუმის საქმიანობაში.
- მისი მთავარი ფუნქცია რა არის?
- დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ეს კი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც არჩევს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებს და ნიშნავს მათ თანამდებობაზე. არა თავჯდომარეს, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია გაათავისუფლოს მოსამართლე თანამდებობიდენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ახალი კანონმდებლობით, უნდა გადაწყდეს, შეუნარჩუნდეს თუ გაეზარდოს მას ეს ფუნქციები. ეს, პირველ რიგში, კონსტიტუციას უნდა შეეხოს, მაგრამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვერ მუშაობს.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლით უნდა იყოს არჩეული?
- თავმჯდომარეობა გარკვეული ვადით უნდა იყოს შემოფარგლული, ეს იქნება 10 თუ ოდნავ ნაკლები, ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის ხელმძღვანელიც ვიყავი, ვერ შევძელი ჩემი პოზიციის დაცვა. მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართე უვადოდ უნდა იყოს არჩეული.
- ყოფილი თავმჯდომარეობიდან ვის გამოარჩევდით, ვისზე იტყვით, რომ ის იყო კარგი თავმჯდომარე?
- ჩემი დადებითი შეფასება, ალბათ, მაინც კოტე კუბლაშვილს ეკუთვნის.
- საზოგადოების პრეტენზიები სწორედ მასზე მოდის, საუბარია, რომ მის დროს სასამართლომ თავისი ფუნქცია დაკარგა, გამამართლებელი განაჩენის პროცენტული მაჩვენელები ძალიან დაბალი იყო.
- იმ ფარგლებში, რა შესაძლებლობებიც მას გააჩნდა, ცდილობდა სასამართლო ხელისუფლების თანამედროვე სახით ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ სასამართლოს ხელისუფლების სტრატეგიულ განვითარებაზე და არა - კონკრეტულ საქმეებზე. ჩემი აზრით, სტრატეგიულად სასამართლო ხელისუფლება კოტე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის დროს ჩამოყალიბდა.
- მის პოზიციებს ეთანხმებით?
- ერთ რამეში ვერ დავეთანხმები. ე.წ. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, რასაც მე ვეთანხმებოდი. მაშინ კოტე კუბლაშვილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადის მომხრე იყო. ამ ეტაპზე, ჩემთვის მოულოდნელად, ის ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის. გამოდის, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კონიუნქტურასთან.
- საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი როდემდეა არჩეული?
- 2016 წლამდე გიორგი პაპუაშვილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროცედურულად როგორ ირჩევა?
- საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება. 3 მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი, 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი და 3-ს ირჩევს უზენაესი სასამართლო. ამის შემდეგ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ 9 მოსამართლეთაგან ერთ-ერთი აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით. სწორედ ეს სისტემა უნდა იყოს გადატანილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისთვის.
- რატომ, ამ შემთხვევაში დემოკრატიულობის ხარისხი უფრო მეტია?
- რა თქმა უნდა. ასევე პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, პლუს პოლიტიკური ნიშანიც გამორიცხულია, ვინაიდან თავად სასამართლოები ირჩევენ ხელმძღვანელს. იგივე სისტემა რომ გვქონდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისა, ასეთი აჟიოტაჟის მოწმენი არ გავხდებოდით.
- პარლამენტი ჩააგდებს პრეზიდენტის კანდიდატს?
- პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებია საჭირო. ეს იყო პრეზიდენტის ერთგვარი გაფრთხილება. საგანელიძემ პრეზიდენტი გააფრთხილა: უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაგვაგდებთ და თქვენც ნუ აღმოჩნდებით უცნაურ მდგომარეობაშიო. პრეზიდენტმა მიიღო უმრავლესობის ლიდერისგან გაფრთხილება, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი იქნეს წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მას პრეზიდენტთან კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ ჰქონია. მინიშნებები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, უკვე არის გაფრთხილება. თუმცა, ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ დიდი პრინციპულობით გამოირჩევა და არ გამოვრიცხავ, რომ მან თავისი პოზიცია გაიტანოს.
- პარლამენტმა თუ ჩაუგდო?
- ალბათ, აქამდე არ მივა საქმე, მე ამის იმედი მაქვს.
ნათია ხურცილავა
გაზეთი „ახალი თაობა"