reportiori.ge - მთავარი პროკურატურა ჟვანიას საქმეზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:08
პრეს-დაიჯესტი
მთავარი პროკურატურა ჟვანიას საქმეზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს!
ავტორი:
16 თებერვალი, 2015. 21:03


ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებულია და მას მალე გახსნილად გამოაცხადებენ. ამის შესახებ „ქრონიკას" პროკურატურასთან დაახლოებული წყაროები უდასტურებენ. წყაროებს თავი რომ დავანებოთ, „ნაციონალები" ისეთ შავ დღეში არიან, ისე გაანჩხლებულნი ამტკიცებენ, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი არავის მოუკლავსო, რომ მათი ეს რეაქციაც ადასტურებს, რომ ამ საქმის შესახებ მალე გავიგებთ სრულ სიმართლეს. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თემა გააქტიურდება თუ არა, პროკურატურა ამ დანაშაულთან დაკავშირებით ვინმეს დაჰკითხავს თუ დააკავებს, იმ წამსვე იწყებენ „ნაციონალები" სუპერაქტიურობას, მაშინ ახსენდებათ ჟვანიას სექსუალური ორიენტაცია და ეგრევე, კომპრომატების გადმოყრას იწყებენ მათ მიერ მართული მედიასაშუალებებით. სამართლებრივი კუთხით გაჭედილები არიან, ჟვანია-უსუპოვის მკვლელობის საქმე რომ გაყალბებულია, ამის დასტურად ქვემოთ არაერთ ფაქტს მოვიყვან, „ნაცმედია" ადრე მთავარი პროკურატურის გამოძიების მასალებსაც იყენებდა, იმ ხალხს, ვინც ამტკიცებდა, რომ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოკლა, პროკურატურის გამოძიების მასალებსაც ააფარებდნენ ხოლმე თვალებზე, მაგრამ ახლა საბოლოდ დარწმუნდნენ, რომ ზურაბ ადეიშვილის პროკურატურამ, ამ საქმის გამოძიება თავიდან ბოლომდე, უსინდისოდ გააყალბა, იმდენი „თეთრი ძაფით" არის ეს საქმე „შეკერილი", რომ იურიდიული და სხვა სპეციალური განათლება არ არის საჭირო, გამომძიებელთა და საქმის ექსპერტთა წინასწარ განზრახულ სიყალბეს რომ მიხვდე. „ნაციონალების" ერთადერთი „მაშველი რგოლი" ახლა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაა და მას ეჭიდებიან საგულდაგულოდ. ასევე, აპელირებენ ზურაბ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციით და უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაზეც ადრე თავს იკავებდნენ. ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია კატეგორიულია, საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილმა და მისმა ახლო გარემოცვამ მოკლა ჩემი ძმაო. შესაბამისად, ოჯახი მზად არის, „ნაციონალებმა" გამოფინონ ის პიკანტური დეტალები, რაც მათ ზურაბ ჟვანიას არატრადიციული სექსუალური ცხოვრების დამადასტურებლად შეიძლება ჰქონდეთ. გოგლა ჟვანია ამ თავითვე აცხადებს, რომ მისთვის აქ ახალი არაფერი შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი ძმის გარდაცვალების შემდეგ მისთვის ცნობილია, იცის, რომ „ნაციონალებს" ხელთ აქვთ, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შიშვლად გადაღებული ფოტოები, ეს ფოტოები, შესაძლოა, საწოლშიც იყოს გადაღებული. გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ, თუ ასეთი რაღაცები გადმოყარეს „ნაციონალებმა", ყველაფერი გაყალბებული იქნება, მათ უკვე გარდაცვლილ ჟვანიასა და უსუპოვს გადაუღეს ფოტოები, დადგეს სხვადასხვა სექსუალური სცენა და ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ ორმაგი მკვლელობა არ გახსნილიყო.


„ნაციონალთა" ამ დანაშაულის „გათეთრებას" ყველაზე გულმოდგინედ,  ცხადია, „რუსთავი 2" ცდილობს. გადაცემა „არჩევანში" დღემდე გაუხმაურებელი დეტალები გამოამზეურეს წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, ჟვანიას დაცვის წევრების, მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის ადვოკატებმა. გიორგი გაბუნიას თქმით, „რუსთავი 2"-ს კონფიდენციალურად მიაწოდეს „ეფ-ბი-აი"-ს დღემდე უცნობი დასკვნები. გაბუნიამ რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს იყო „ეფ-ბიაი"-ს გასაიდუმლოებული დასკვნები. ამ დროს, ეს „გასაიდუმლოებული" დასკვნები ხელში ეჭირა და იქიდან პირდაპირ ეთერში ციტატებს კითხულობდა. რაც გიორგი გაბუნიამ არ გაახმაურა ამ დასკვნებიდან, დანარჩენი დელიკატური მომენტების გახმაურება, რაც, სავარაუდოდ, ამერიკელთა დასკვნებშია დაფიქსირებული, ძაძამიახარშილაძის ადვოკატებმა იკისრეს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს გასაიდუმლოებული დასკვნები, ადვოკატებისთვის, გელა ქენქაძისა და ბექა ბასილაიასთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. „ნაციონალებმა" თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატები, ეტყობა, ყველა საშუალებით შეაიარაღეს. „ქრონიკას" სანდო წყარომ  აცნობა, რომ „ეფ-ბე-აი"-ს ეს დასკვნები ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა და უმძიმეს, კრიტიკულ მომენტში, დღემდე გაუჭრელი ამ კოზირების გამოყენება გადაწყვიტა და სავარაუდოდ, მურთაზ ზოდელავას ხელით მიაწოდა „რუსთავი 2"-ს. გიორგი გაბუნია 2 საათზე მეტხანს ამ „გასაიდუმლოებული" დასკვნების შესახებ ლაპარაკობდა, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ბევრი თქვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის ამონარიდი იყო, რომელიც „ეფ-ბი-აი"-ს 2005 წლის 1-ი აპრილით დათარიღებული დასკვნიდან წაიკითხა, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას უხსნის. „ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე საშიშ ნივთიერებებზე რეაგირების ჯგუფი ჩავიდა დიდი რაოდენობის უახლესი სამეცნიერო აღჭურვილობით და მეცნიერთა ფართო შემადგენლობით. ამ ჯგუფმა მოახდინა ინციდენტის გარემოებათა რეკონსტრუქცია და ჩაატარა ოთხსაათიანი ტესტი, რომლის დროსაც, გაიზომა ჰაერის ხარისხი ბინაში, ცხედრების აღმოჩენის მომენტთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ტესტირების და არსებული მონაცემების ანალიზის ჯგუფს არაფერი აღმოუჩენია ისეთი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების წინასწარ დასკვნასთან, რომ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ, რაც გამოიწვია გაუმართავმა გამათბობელმა", -წერია     „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნაში. მოკლედ, „ეფ-ბი-აი"-ს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიაში, რომ ჟვანია და უსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ, ეჭვი არ შეაქვს. ვიდრე სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადავალ, მოდით, ძირისძირობამდე ჩავყვეთ მსოფლიოში გამოძიების ეტალონად მიჩნეულ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის იმ ნაწილს. ვნახოთ, რამდენად ეჭვმიუტანელი და უტყუარია ის.


ამერიკელებმა მართლა გამოიკვლიეს,რა გავლენა შეეძლო, მოეხდინა ღუმელის გაუმართაობას ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირბადის კონცენტრაციაზე, რაც, წინასწარი გამოძიების აზრით, სიკვდილის მიზეზი გახდა.


ექსპერტებმა 12 საათზე ნიკალას გამათბობელი ჩართეს და ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც ზუსტად 4.46 წუთს გრძელდებოდა. ამ დროს სპეციალური მოწყობილობებით ჰაერში ჟანგბადის მოცულობას ზომავდნენ. ექსპერიმენტის დაწყებისას ჟანგბადის დონემ 20,4% აჩვენა და ოთხ საათ-ნახევრის შემდეგ 18,4%-მდე დაიწია. ოთხ საათ-ნახევარში გამათბობელი გამორთეს და ნორმალური კონცენტრაცია მომენტალურად აღდგა.


იმის შესაფასებლად, რა ფიზიოლოგიურ გავლენას მოახდენდა ჟანგბადის შემცველობის კლება 20,5%-დან 18,4%-მდე, ექსპერტებმა ამერიკის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის პარამეტრები გამოიყენეს. ამ სტანდარტების მიხედვით: 20,9% ნორმალური რაოდენობაა; 19% იწვევს გაურკვეველ, თუმცა, შეუმჩნეველ ფიზიოლოგიურ ზეგავლენას; 16%-ზე შენელებულია აზროვნება და მოდუნებულია ყურადღება, ასევე, გაუარესებულია კოორდინაცია; 14% უჩვეულო  დაღლილობასა და მოდუნებას იწვევს; 12,5%-ის დროს ძალზე გართულებულია აზროვნება და კოორდინაცია, იწყება გულისრევა და პირღებინება; 10%-ის ქვევით - კონვულსიები და სიკვდილი. ჟანგბადის კონცენტრაციის 18,4%-მდე შემცირება ოთხსაათნახევრიანი ექსპერიმენტის შედეგია. 3 საათის განმავლობაში კი, ანუ რა პერიოდიც ჟვანიამ და უსუპოვმა ბინაში დაჰყვეს, აპარატურამ 18,4% აჩვენა, რაც სიკვდილის მიზეზი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქ ფიზიოლოგიურ მოშლილობას გამოიწვევდა.


ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად დაასახელეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მომდევნო კვლევის საგანი იყო. ნახშირბადის მონოქსიდი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ითვლება  მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად - ასე ახასიათებენ ამერიკელი სპეციალისტები ნახშირბადის მონოქსიდს. ნახშირბადის მონოქსიდი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სისხლში ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს ნახშირბად-ჰემოგლობინს წარმოქმნის. მისი წარმოქმნის შემდეგ, ჰემოგლობინი კარგავს ძირითად ფუნქციას და ორგანიზმი ჟანგბადით ვეღარ მარაგდება.


ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის გასაზომად ექსპერტებმა მოცულობითი საზომი ერთეული პპმ-ი (პარტს პერ მილიონ - ერთი მემილიონედი) გამოიყენეს. ამერიკული სტანდარტებით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარი 1200 პპმია. ექსპერიმენტი ამჯერადაც 12 საათზე დაიწყო და ოთხ საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაზის ღუმელის ჩართვიდან რამდენიმე წუთში ნახშირბადის კონცენტრაცია 6 პპმ-ი იყო, 2 საათის შემდეგ კი ექსპერიმენტის ბოლომდე მისი დონე დაახლოებით 3 პპმ-მდე შემცირდა. კიდევ გავიმეორებ, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარი 1200 პპმია. დასკვნა თავად გააკეთეთ. მოკლედ, „ეფ-ბი-აი"-ს ექსპერიმენტების შედეგად დადასტურდა, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გაზით არ გაგუდულან. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი „ეფ-ბი-აი"-მ 2005 წლის 1-ელ აპრილის იმ დასკვნაშიც კი ჩაწერა, რომელიც გიორგი გაბუნიას ხელში ეჭირა, მაგრამ, აბა, დასკვნის ამ ნაწილს ხომ არ წაიკითხავდა? „გამოძიების ფედერალური ბიურო აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის სახიფათო სტანდარტებისთვის", - აი, ეს წერია დასკვნაში. ხედავთ, რა გააკეთეს „ნაციონალთა" მიერ „წმინდანთა საკრებულოდ" მიჩნეული „ეფ-ბე-აი"-ს წარმომადგენლებმა? ერთსა და იმავე დასკვნაში, სხვადასხვა გვერდზე, ჯერ იმას წერენ, რომ ექსპერიმენტის შედეგები საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შესახებ არ ეწინააღმდეგება, ანუ ისინი გაზით დაიხოცნენო, მერე კი წერენ, რომ ჟვანია და უსუპოვი გაზით არ გაგუდულან. „ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის სახიფათო სტანდარტებისთვისო". ამ ორი ჩანაწერიდან ან ერთია სწორი, ან - მეორე. თუმცა, შეგვიძლია იმის თქმა, რომ უფრო სარწმუნო „ეფ-ბი-აი"-ს ექსპერიმენტის ის შედეგებია, რომლითაც დასტურდება, რომ ჟვანია და უსუპოვი გაზით არ გაგუდულან, ხოლო ჩანაწერი, რომელიც საქართველოს პროკურატურის ვერსიას ამყარებს, მოგვიანებით გაკეთდა და ყალბია, ტყუილია და თავად ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებს ეწინააღმდეგება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ასე მაწყობს ან ლოგიკურია და იმიტომ. ორი ექსპერიმენტის შედეგების გაყალბება ძალიან ძნელია, ეს რომ გააკეთო, ექსპერიმენტებში მონაწილე ყველა ექსპერტი უნდა დაიყოლიო სიყალბეზე. რამდენიმე წინადადების ჩამატება უკვე დაწერილ დასკვნაში კი ბევრად იოლი, ამას ერთი კაციც გააკეთებს. შესაძლოა, „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა მართლა გააყალბეს და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებელი ეს ჩანაწერიც იმიტომ გაჩნდა. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ, „ეფ-ბე-აი"-ს დასკვნა რომ გაყალბებულია, ამას ირწმუნება მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი 2001-2003 წლებში, ჯეფრი სილვერმანი. 2013 წლის აპრილში, გაზეთ „ყველა სიახლეში" ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი აცხადებს: `მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს („ეფბიაი") თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე „ეფ-ბი-აი"-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა". შესაბამისად, თუ „ეფ-ბი-აი"-ს აგენტმა ბრაიან პარმენმა ნივთიერი მტკიცებულებების გაყალბება შეძლო და ეს ამერიკის ხელმძღვანელთა მითითებით გააკეთა, ცხადია, ამერიკის ხელისუფლებას არც ის გაუჭირდებოდა, რომ ბიუროს დასკვნაში მავანს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ვერსიის გასამყარებელი ჩანაწერიგაეკეთებინა. ფაქტი სახეზეა, „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა, მინიმუმ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერებს მოიცავს, ამას კი დასკვნის გაყალბება ჰქვია.


მოდით, ახლა „არჩევანს", გიორგი გაბუნიას, მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძის ადვოკატებს დავუბრუნდეთ. შეგახსენებთ, რომ ადვოკატთათვის ცნობილია „ეფ-ბი-აი"-ს ჩვენთვის უცნობი დასკვნის, მინიმუმ, უმნიშვნელოვანესი დეტალები, სხვაგვარად, რაც ილაპარაკეს, იმას ვერ იტყოდნენ. გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ს „ეფ-ბი-აი"-ს სამი დასკვნა მიაწოდეს _ 2005, 2006 და 2007 წლების დასკვნები. ბოლო ორი დასკვნის არსებობა, საზოგადოებისთვის მართლა უცნობი იყო. გაბუნიამ განაცხადა, რომ აქამდე უცნობ დასკვნებში წერია, რომ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, აღმოჩენილია გარდაცვლილთა დნმ-ის კვალი რამდენიმე ნივთზე, მათ შორის, ჭიქაზე, სიგარეტის ნამწვზე, ხალათებზე, ზეწარზე, ბალიშისპირზე... თუ ამ დასკვნას დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ ჟვანია და უსუპოვი ამ ბინაში ნამდვილად იყვნენ, როცა აქამდე, ყველაზე დამაჯერებელი ვერსია ოფიციალურის საწინააღმდეგო ის იყო, რომ ორივენი სხვაგან დახოცეს და მათი ცხედრები ბინაში მერე შეიტანეს. გოგლა ჟვანიას ამ ვერსიის პასუხიც აქვს. მისი თქმით, გამოძიების გაყალბების მიზნით, არც მისი ძმის, არც რაულ უსუპოვის დნმ-ის მიტანა არ გაუჭირდებოდათ ბინაში. თუმცა, აქ ერთი კითხვაც ჩნდება: თუ ორივე გარდაცვლილი იყო, მაშინ გარდაცვლილებს აუღეს დნმ-ის ნიმუშები და ბინაში მიიტანეს? ყურადღება მიაქციეთ, „რუსთავი 2" აცხადებს, რომ დნმ-ის ნიმუშები ხალათებზე, ბალიშისპირებსა და ზეწარზეც აღმოჩნდა. ეს მინიშნებაა, რომ ჟვანია და უსუპოვი საწოლში იწვნენ. მეტიც, „რუსთავი 2"-ის ეთერში იმანაც გაიჟღერა, რომ რაულ უსუპოვის უკანა ტანში სპერმის ნიმუში აღმოჩნდა.


„ქრონიკამ" რამდენიმე კითხვით ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს მიმართა.


- ქალბატონო მაია, შესაძლებელია თუ არა, გარდაცვლილი ადამიანისგან დნმ-ის ნიმუშის აღება და მისი სხვადასხვა ნივთზე გადატანა? ასევე, შეიძლება გარდაცვლილს აუღო სპერმა? ამტკიცებენ, რომ რაულ უსუპოვის უკანა ტანში სპერმის ნიმუში იყო და ეს „ეფ-ბი-აი"-ს სამედიცინო დასკვნითაც გამყარებულია.

 

- ახლა ამ პროვოკაციებს უნდა წამოვეგოთ, ვიღაცის შემოგდებულს. მოსაზრების გამოთქმა არ მიმაჩნია სწორად, უმჯობესია, გამოაჩინონ ის ჩანაწერი და აღარ ვიმკითხავებთ. 2005 წლის დასკვნა რომ არსებობს, ეს ფაქტია და ეს დასკვნა წაკითხული მაქვს, მაგრამ ეს ორი, 2006 და 2007 წლების დასკვნები ნამდვილად არსებობს? მე უკვე ეჭვი შემეპარა მათ არსებობაში? ან აქამდე რატომ არ გამოაჩინეს, თუ იყო ეს დასკვნები? ვფიქრობ, მათი ავთენტურობაა პირველ რიგში დასადგენი, ნამდვილია თუ არა, მართლა „ეფ-ბი-აი"-ს დაწერილია თუ არა, რადგან ჟვანიას საქმეში იმდენი სიყალბისა და შეცდომის კასკადი იყო, რომ მე უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დასკვნები „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნებად გაასაღონ. კარგი, დავუშვათ, იყო ეს სექსუალური კავშირი, მაგრამ ეს ხომ არ იყო სიკვდილის მიზეზი, არა? ჩემთვის, ექსპერტისთვის, აქ მთავრდება უკვე ყველაფერი. ახალი და განსაკუთრებულიც არაფერი უთქვამთ, რადგან ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა თუ არა, იმავე დღეს გავრცელდა ხმები მისი და უსუპოვის სექსუალური ურთიერთობის შესახებ. 2005 წლიდან ცდილობენ, რომ ეს ვერსია დააჯერონ საზოგადოებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ახლა, ჩანს, ახალი ძალებით, ჩემი ვარაუდით, ჯერჯერობით, საეჭვო დასკვნებით აპირებენ ამის გაკეთებას.


- დნმ-ის ნიმუშების გარდაცვალების შემდეგ აღება და მათი დატანა სხვადასხვა ნივთებზე შესაძლებელია?


- დნმ-ის ნიმუშები გარდაცვლილებს აუღეს, ეს ვიცი. თუ იკადრებ და მერე რაღაც საგანზე, ნივთზე გადაიტან, კი, ესეც შესაძლებელია.


- გარდაცვლილ ადამიანს სპერმა რომ აუღონ, ეს თუ არის შესაძლებელი?


- კი, შესაძლებელია, ტექნიკურად შესაძლებელია, სპერმის რაოდენობაზე შესაძლოა ვიდაოთ, მაგრამ გარდაცვლილისგან სპერმის მიღება შესაძლებელია.



თუ „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნის გაყალბებით მართლა ამერიკის ხელისუფლება იყო დაინტერესებული, მაშინ ყველაფერი დასაშვებია. თუმცა, შესაძლოა, „ეფ-ბი-აი"-ს მართლა ყველაფერი ისე დახვდა, როგორც „რუსთავი 2" ამტკიცებს ამას, დნმ-ის ნიმუშები ზემოჩამოთვლილ საგნებზე და სპერმის კვალი რაულ უსუპოვის უკანა ტანში. არ დაგვავიწყდეს, რომ „ეფ-ბი-აი"-ს საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში მომხდარიდან 4 დღის შემდეგ ჩამოვიდა, 4 დღე კი ზედმეტიც კია იმ ყველაფრის გასაყალბებლად, რაც ჩამოვთვალე.


კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ დნმ-ის კვალი გარდაცვლილთა არა მხოლოდ ჩვეულებრივ ტანსაცმელზე, „გარკვეული ტიპის ტანსაცმელზეც" იყო. ადვოკატი ვითომ ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, მაგრამ დნმ-ის ეს „გარკვეული ტიპის ტანსაცმელი", სავარაუდოდ, ტრუსი და მაისური უნდა იყოს. თუმცა, ესეც იმ სერიიდან არის, წეღან რომ მოგახსენეთ - გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დისკრედიტაციის, მისი სახელის შებღალვის მიზნით, არც ნებისმიერი სახის ტანსაცმელზე გაუჭირდებოდათ დნმ-ის ნიმუშის გადატანა. ბექა ბასილაია რომ ტყუის, ამაზე ერთი ფაქტიც მიუთითებს. მან განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი, კახა გოჩაშვილი ზურაბ ჟვანიამ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მისი პირადი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს მისთვის მიუღებელი იყოო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა პრესკონფერენცია გამართეს და დაგმეს ის ბინძური კამპანია, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მათ შორის კახა გოჩაშვილიც იყო. მან უარყო, რომ ზურაბ ჟვანიასთან კონფლიქტი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების გამო. „სრული სიცრუეა! 9 წელი ვიმუშავე ზურაბ ჟვანიასთან, მე მასთან წლების განმავლობაში ვმუშაობდი შეთანხმებულად. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ ამბის გავრცელება!" - განაცხადა კახა გოჩაშვილმა. ბექა ბასილაიამ და გელა ქენქაძემ მიანიშნეს, რომ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე სასამართლოზე სკანდალურ განცხადებებს გააკეთებენ, იტყვიან, რომ ზურაბ ჟვანიას მხოლოდ ეს ერთი, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კონსპირაციული ბინა არ ჰქონდა და მას სხვა ბინებშიც ჰქონდა შეხვედრები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძაძამია და ხარშილაძე იმის მტკიცებასაც დაიწყებენ, რომ არც რაულ უსუპოვი იყო პრემიერის ერთადერთი სექსუალური პარტნიორი. აქამდე ამ მიმართულებით, ძაძამიასა და ხარშილაძეს კარტ-ბლანში ჰქონდათ და სასამართლოზე მათი ამგვარი განცხადების გამაბათილებელი უტყუარი საშუალება არ ჩანდა. თუმცა, ახლა ეს შანსი დაკარგეს. უეჭველია, რომ ზურაბ ჟვანიას ინტერესების დამცველები, კახა გოჩაშვილს დაუპირისპირებენ ძაძამია-ხარშილაძის დუეტს, მას მოწმედ აუცილებლად გამოიძახებენ მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესზე. კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიასაც არაერთხელ უცრუიათ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ასევე, შეგახსენებთ იმ „თეთრ ლაქებსაც", რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს.


მიხეილ ძაძამიამ პირველი ტყუილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისთანავე თქვა, როცა განაცხადა, რომ ჟვანიას მითითებით, ღამის 12 საათზე, სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში იყიდა ძეხვი, კონიაკი და წვენები. ეს ძაძამიამ ჩვენებაშიც დააფიქსირა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გოგლა ჟვანია შეხვდა პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი ლაცაბიძეს და საკუთარი ძმის სიკვდილის დეტალებზე ესაუბრა. ლაცაბიძემ გოგლა ჟვანიას ძაძამიას ჩვენების დეტალზეც მოუყვა. გოგლა ჟვანია გაოცდა და უთხრა, როგორ იყიდდა 12 საათისთვის მაგ სუპერმარკეტში რაიმეს, როცა 10 საათზე იკეტებაო? გოგლა ჟვანიას თქმით, გიორგი ლაცაბიძე შეცბა. ამის შემდეგ, საქმეში ჩნდება ძაძამიას ახალი ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან სანოვაგე იყიდა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში. პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ ძაძამიამ იცრუა და მას არც საბურთალოს ქუჩაზე უყიდია სანოვაგე. სწორედ ამის გამო წაუყენა უკვე ამ დროში ბრალი მთავარმა პროკურატურამ ვაკესაბურთალოს  იმჟამინდელ პროკურორს, მამუკა გვარამიასა და მის თანაშემწეს, როსტომ ლაზარიას, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით. აი, რას აცხადებს პროკურატურა.


„მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. კერძოდ, 2005 წლის 4 თებერვალს, მამუკა გვარამიამ მოწმის სახით დაკითხა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია. ჩვენებაში დაფიქსირდა, რომ თითქოსდა 2005 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, მ. ძაძამიამ თბილისში, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ზ. ჟვანიას მითითებით შეიძინა: ერთი ბოთლი კონიაკი „ძალიან ძველი", „ნიკორას" ფირმის სოსისი, ძეხვი, ორი ბოთლი ნატურალური წვენი, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩა № 53ა-ში მდებარე ბინაში.


მას შემდეგ, რაც შემთხვევით გამოძიებისთვის ზ. ჟვანიას ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტი მუშაობდა 22:00 საათამდე და, შესაბამისად, ძაძამია ვერ შეიძენდა ჩვენებაში დაფიქსირებულ პროდუქციას, მამუკა გვარამიამ, 2005 წლის 10 თებერვალს დამატებით დაკითხა მიხეილ ძაძამია და ჩვენებაში დააფიქსირა, რომ თითქოსდა 2005 წლის 2 თებერვალს სასმელი და პროდუქტები შეიძინა არა სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში, არამედ საბურთალოს № 37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ „ლილე"-ში.


მიხეილ ძაძამიას მიერ შემთხვევის ადგილზე სასმელისა და საკვები პროდუქტების მიტანის ფაქტის მეტი დამაჯერებლობისთვის მამუკა გვარამიამ, როსტომ ლაზარიასთან ერთად, შეადგინა ყალბი დათვალიერების ოქმი და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ყალბი ამონაწერი მასზე, რომ თითქოსდა მათ 2005 წლის 11 თებერვალს თბილისში, საბურთალოს ქუჩა № 37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ „ლილე"-ში მოახდინეს გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის დათვალიერება და დათვალიერების ოქმს დაურთეს რეალიზებული პროდუქციის ამსახველი ამონაწერი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა თითქოსდა ხელმოწერით დაადასტურეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა. დათვალიერების ოქმში და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ამონაწერში მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ დააფიქსირეს ზუსტად იმავე კოდის მქონე სასმელი და საკვები პროდუქტები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა შემთხვევის ადგილზე".


ეს ძაძამიას პირველი სიყალბეა. ახლა დანარჩენს მივხედოთ. მიხეილ ძაძამია თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ, როცა ის და კობა ხარშილაძე შევიდნენ იმ ბინაში, სადაც ჟვანია და უსუპოვი იყვნენ, მას მოესმა გაზის შიშინი და გაზის სუნმაც შეაწუხა.  ძაძამია და ხარშილაძე, როგორც თავად აცხადებენ ჩვენებებში, ბინაში ღამის 4 საათზე შევიდნენ. „თბილგაზის" საავარიო სამსახურმა საბურთალოს № 53ბ-ში გაზი ღამის 3 საათზე გადაკეტა და ეს ამ ჯგუფის წევრმა, ნოდარ ხუხაშვილმა ტრაგედიის დღესვე დაადასტურა. ასევე, დაფიქსირებულია „თბილგაზის" სპეციალურ ჟურნალში. ანუ ხარშილაძისა და ძაძამიას ბინაში შესვლამდე, 1 საათით ადრე, იმ კორპუსს გაზი არ მიეწოდებოდა. მოკლედ, ძაძამია გაზის შიშინს ვერ გაიგებდა, რადგან, როცა ბინაში გადაძვრა, მაშინ იქ გაზი უკვე გადაკეტილი იყო. ამასაც თავი დავანებოთ  და დავუშვათ, რომ გაზი არ იყო გადაკეტილი. მიხეილ ძაძამიას ჩვენებაში ერთი უსაშველო ტყუილი მაინც რჩება. იქ გაზს მართლაც რომ ეშიშინა, ის გაზის სუნს ვერ გაიგებდა, რადგან ნახშირბადის მონოქსიდი უსუნო ნივთიერებაა.


მიხეილ ძაძამია თავის ჩვენებაში წერს, რომ კობა ხარშილაძემ შეამტვრია ერთ-ერთი ფანჯარა და იქიდან გადაძვრა ბინაში. ეს თავის ჩვენებაში დაადასტურა ხარშილაძემაც. გენერალურმა პროკურატურამ მათ ჩვენებებზე დაყრდნობით ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის შედეგად, კობა ხარშილაძე იმ ფანჯარაში საერთოდ ვერ გაეტია, საიდანაც ბინაში გადავძვერიო, ამტკიცებდა. ამის შემდეგ ხარშილაძემ გამოძიებას უთხრა, ამ ფანჯრიდან კი არა, მეორედან გადავძვერიო და გვერდით ფანჯარაზე მიუთითა. ექსპერიმენტი აღარ გაგრძელებულა, რადგან ის მეორე ფანჯარა შიგნიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა და თეორიულადაც კი, ხარშილაძე ვერც იქიდან გადაძვრებოდა. გამოძიებას დღემდე პასუხი აქვს გასაცემი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, როგორ მოხვდნენ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ბინაში და რატომ იტყუებიან ტყუპად თავიანთ ჩვენებებში?


აქვე გავიხსენოთ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ვიდრე ბინაში გამომძიებლები და სხვა პირები მოვიდოდნენ, კობა ხარშილაძემ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას ჯიბიდან გასაღების ასხმა ამოაცალა და 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესვე, დილით, ჯერ სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა და ზურაბ ჟვანიას კაბინეტში სეიფი გამოაცარიელა, შემდეგ ვაშლიჯვარში წავიდა პარტიის ოფისში და იქაც, ჟვანიას სეიფში რაც იყო, ყველაფერი წაიღო. მხოლოდ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაუბრუნა ხარშილაძემ მეუღლის რამდენიმე პირადი ნივთი. გავრცელებული ინფორმაციით, კანცელარიის სეიფიდან კობა ხარშილაძემ წამოიღო და გაანადგურა დოკუმენტები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან უშუალო კავშირში იყო. ამ დოკუმენტების შესახებ მაშინ გამოძიებას კითხვაც კი არ დაუსვამს ხარშილაძისთვის.


გამოძიებას კითხვა არ გასჩენია ნახევრად ცარიელი კონიაკის ბოთლის შესახებაც, რომელიც ბინაში აღმოაჩინა. გამოძიება ამტკიცებს, რომ კონიაკი ზურაბ ჟვანიამ და რაულ უსუპოვმა დალიეს. ბოთლში 260 მლ ლიტრი კონიაკი იყო დარჩენილი, ანუ მათ 240 მლ ლიტრი დალიეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უსუპოვს სისხლში არ აღმოაჩნდა ალკოჰოლის კვალი, ჟვანიას სისხლში კი 0.3% ეთილის სპირტი აღმოჩნდა. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს - სისხლში ალკოჰოლის კვალი მხოლოდ მაშინ ფიქსირდება, თუ მასში ეთილის სპირტი 0.3%-ზე მეტია. მოკლედ, არც ჟვანიასა და არც უსუპოვს ალკოჰოლის ნასახი არ აღმოაჩნდათ სისხლში, პროკურატურა დაჟინებით ამტკიცებს, რომ კონიაკი მათ დალიესო. აი, ასე იძიებდნენ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეს.


ამ საქმეში ძალიან ბევრი სიყალბეა და მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებიც. ამ დასკვნებს ხელს აწერსექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მაშინდელი უფროსი, ლევან სამხარაული, რომელიც 2005 წლის 22 მაისს, ჟვანიას სიკვდილიდან 2.5 თვეში, მშობლიურ ყვარელში მოკლეს. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან სამხარაული ჟვანიას გაყალბებული დასკვნების შესახებ სიმართლის თქმას აპირებდა, უნდა დაესახელებინა ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მასაც და მის ექსპერტებსაც დასკვნების გაყალბება აიძულეს. ლევან სამხარაული მისმა თანაკლასელმა, დავით მჭედლიშვილმა მოკლა. 20 წუთში კი მჭედლიშვილი საკუთარ სახლში 2 იარაღით იკლავს თავს(?), თავში „ტტ"-ს ტიპის პისტოლეტიდან დაიხალა ტყვია, ხოლო გულში - გადაჭრილი სანადირო თოფით. კაცმა ორი იარაღით მოიკლა თავი და ეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მაშინდელ გამოძიებას, საქმის გამოძიება შეწყდა, თავი მოიკლაო. მოდით, დავუშვათ, რომ დავით მჭედლიშვილი ჯერ ერთი იარაღით შეეცადა თვითმკვლელობას, მაგრამ გადარჩა და მერე, მეორე იარაღიდანაც დაიხალა ტყვია. ეს ვერსიაც არ გამოდგება, რადგან ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ მჭედლიშვილის ირივე ჭრილობა, თავშიც და გულშიც, სასიკვდილო იყო და ორივე ჭრილობა მომენტალურ სიკვდილს გამოიწვევდა. დავით მჭედლიშვილის დედა აცხადებდა, რომ, როცა უკვე გარდაცვლილი ლევანი იატაკზე ეგდო, ჯერ ეზოში, მერე სახლში შევიდნენ იარაღიანი უცნობები, რომლებმაც „ტტ"-ს პისტოლეტიც და გადაჭრილი თოფიც წაიღეს. ეს იარაღიანები პოლიციიდან არ იყვნენ, პოლიცია მერე მოვიდა. გამოძიებას არც დაკარგული იარაღისა და არც იმ უცნობი იარაღიანი ხალხის კვალი არ უძებნია, ისე დახურა ეს „თვითმკვლელობის" საქმე. ყველაზე პოპულარული ვერსიით, დავით მჭედლიშვილს ჟვანიას მკვლელობის გამყალბებლებმა, ლევან სამხარაული მოაკვლევინეს, შემდეგ კი მოწმე მოიცილეს.


ეს მხოლოდ ნაწილია იმ პასუხგაუცემელი კითხვებისა, რაც ზურაბ ჟვანიას საქმეშია დარჩენილი. ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ს ორჯერ ჰყავდა მიწვეული ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა „არჩევანში", მაგრამ არც ერთი ზემონახსენები ფაქტი არ შეუხსენებიათ მისთვის, არც ერთი კითხვა აქედან არ დაუსვამთ და არც ზოდელავას უსაუბრია ამ „თეთრი ლაქების" შესახებ. ზოდელავაც და ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში გარეული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ფიგურები გაურბიან ამ კითხვებს. არადა, როგორც გითხარით, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ბოლომდეა მიყვანილი და სავარაუდოდ, მალე გახსნილად უნდა გამოცხადდეს, ხოლო მისი მკვლელობის გამო ბრალს მიხეილ სააკაშვილსა და მისი იმჟამინდელი გარემოცვის რამდენიმე წევრს წაუყენებენ - სავარაუდოდ, გიორგი ბარამიძეს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს... შესაძლოა, ბრალი სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასაც წაუყენონ. ეს ინფორმაცია მე თუ მაქვს, ცხადია, „ნაციონალებმა" ასჯერ მეტი იციან იმ საფრთხის შესახებ, რაც მათი პარტიის ლიდერებს მოელით. ამიტომაც არის, რომ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან. ზურაბ ჟვანიას ოჯახს სურდა, ისე გახსნილიყო მკვლელობის საქმე, რომ მისთვის ეს შეურაცხყოფა აერიდებინათ, მაგრამ სხვაგვარად ვერ ხერხდება.


დაბოლოს, მოდით, დავუშვათ „ნაციონალთა" ვერსია, რომ, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი იმ ღამეს სექსით იყვნენ დაკავებულნი, ჯანდაბას, ისიც დავუშვათ, რომ უსუპოვის უკანა ტანში ჟვანიას სპერმა აღმოჩნდა. მერე? აქ სად არის ან ერთის, ან მეორის სიკვდილის მიზეზი? სექსის დროს დაიღუპნენ? მთავარი კითხვები, თუ რის გამო, რით და სად მოკლეს ზურაბ ჟვანია და რატომ წააკლეს მას რაულ უსუპოვი, ამ სკანდალური გადაცემის შემდეგაც უპასუხოდ რჩება... გოგლა ჟვანია, რომელსაც, წესით, იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ღიად ამბობს, აცხადებს, რომ ზურა ჟვანიას ბლაგვი საგნით აქვს თავის არეში ტრავმა მიყენებული. გიგლა ჟვანია იმასაც ამბობს, რომ თვითმხილველმა, რომელმაც დაინახა, როგორ შეჰქონდათ ცხედრები საბურთალოს ავადსახსენებელ ბინაში, გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა (სავარაუდოდ, ეს გახლავთ ნათელა მოდებაძე, რომელმაც წლების წინათ „ქრონიკას" ექსკლუზიურად უამბო, როგორ დაინახა იმ ტრაგიკულ ღამეს, როგორ შეჰქონდათ სადარბაზოში ჟვანიასა და უსუპოვის გვამები). საბოლოოდ იმ ვერსიამდე მივდივართ, რომ ჟვანია სხვაგან არის მოკლული და საბურთალოს ბინაში მისი ცხედარი მოგვიანებითაა გადატანილი... თუ მთელ სახლში მისი დნმ მართლაც არის აღმოჩენილი, ესეც არ აბათილებს ამ ვერსიას. პირიქით. თუ სხვებმაც იცოდნენ (და  იცოდნენ) ამ კონსპირაციული ბინის არსებობის შესახებ, ლოგიკურიც კი იქნებოდა ცხედრების იქ მიტანა, სადაც გარდაცვლილის კვალი იქნებოდა დარჩენილი... სხვათა შორის, „არჩევანში" ადვოკატებმა ახსენეს ე.წ. ნარწყევის კვალი. ეს იმ კონტექსტში ითქვა, თითქოს რომელიღაც მათგანს „გული აერია", თუმცა, როგორც გოგლა ჟვანიამ მოგვიანებით განმარტა, ნარწყევი მასის ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ამ ფაქტზე ლაპარაკი წყლის ნაყვაა.


დაბოლოს, „არჩევანის" სკანდალურ გადაცემას ერთი ლაიტმოტივი გაჰყვებოდა - მაყურებელს უნდა ეფიქრა (და ბევრმა იფიქრა კიდეც), რომ სააკაშვილი და ჟვანიას დაცვის წევრები ისეთი ერთგულები იყვნენ, ამ წლების მანძილზე „პოლიტიკური შანტაჟისა" და „ზეწოლების" ფონზე, ჟვანიას საიდუმლო შეუნახეს და ამდენი გვემა და ცილისწამება იმიტომ აიტანეს, რომ არავის გაეგო მისი ორიენტაციის შესახებ. ამ თემაზე ბევრს არაფერს დავწერ, რადგან ყველას, ვისაც პოლიტიკური ამნეზია არ აქვს, კარგად ახსოვს, რომ „ნაცბანდის" ბოსები ერთმანეთს საძინებლებში უყენებდნენ მოსასმენ და  ვიდეოაპარატურას და კომპრომატებს აგროვებდნენ „მეგობრებზე". მათთვის ერთგულება ფულის კუპიურით იწყება და იქვე მთავრდება. ასე რომ, ვისაც სააკაშვილ-ძაძამია-ხარშილაძის მაღალი მორალურობის სწამს, კიევისკენ გზა ხსნილი აქვს...

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016