reportiori.ge - პაატა ცნობილაძე: უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:49
პრეს-დაიჯესტი
პაატა ცნობილაძე: უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას!
ავტორი:
17 თებერვალი, 2015. 14:34

 

 

 

რატომ ვერ დგას სახელმწიფო თავის სიმაღლეზე, როცა მის ქვეყანაში  ძებნილად გამოცხადებულებს სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ? რისი მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს და რატომ არ იღებს ხმას?


„ალიას" იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, პაატა ცნობილაძე ესაუბრა:


- ბატონო პაატა, საქართველოს ხელისუფლებას ცხვირწინ უნიშნავენ ძებნილებს, თან მაღალ თანამდებობებზე. სამართლებრივად, როგორ არის ეს ამბავი, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

 

- უკვე გავრცელდა უკრაინის ელჩის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვის მიიწვევს და ვის არა სხვადასხვა თანამდებობებზე. თანაც ჯერ განაჩენები ამ პირების მიმართ არ გამოტანილაო. გასაგებია უკრაინის ელჩის პოზიცია. აბა, ხომ არ იტყოდა, ეს რა ქნა ჩემმა პრეზიდენტმაო. ეს პასუხი უფრო სუბიექტური პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული, ვიდრე სამართლებრივით. ის მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ პირებზე ძებნა არ იქნებოდა მანამდე გამოცხადებული. ინტერპოლით ძებნილი ხალხი დანიშნო თანამდებობებზე, გაუგონარი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ თქვა ელჩმა, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და ეს თქვენი საქმე არ არისო. სწორედ ეს არაა მეგობარი სახელმწიფოს ელჩის განცხადება. სამწუხაროდ, პირდაპირი მექანიზმი ასეთი ფაქტების აღკვეთისთვის, სახელმწიფოს არ გააჩნია. ერთადერთი, რითიც შეიძლება იმოქმედოს, არის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გააქტიურება, რათა უფრო სრულყოფილი და მომზადებული მასალა  წარუდგინონ საერთაშორისო თანამეგობრობას, ან თუნდაც იგივე ინტერპოლს. მოგეხსენებათ, ინტერპოლში გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინება, არ ნიშნავს ავტომატურად ძებნის გამოცხადებას. ის წარდგენილი მასალების შესაბამისად იღებს ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას.


- ამან, ხომ შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბოს? მხოლოდ პრეზიდენტებზე ხომ არაა საქმე, საქართველოში ხალხი ცხოვრობს და ამ ხალხის უმრავლესობას სააკაშვილი დამნაშავედ მიაჩნია.

 

- სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ხასიათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ეს ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, დამატებით ამ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით მიმართავენ ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებენ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და ვალდებულებების აღებას მათ შესასრულებლად. თუმცა, არსებობს საპირისპირო პროცესიც, როცა სახელმწიფო ცალმხრივად იწყებს ამ შეთანხმებათა გადახედვას მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სისტემატური და მიზანმიმართული შეუსრულებლობის გამო.


ვფიქრობ, სწორედ ეს ეტაპი მოახლოვდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დადებულია 103-ე საერთაშორისო შეთანხმება და 34-ე საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებად არ ითვლება. ამათგან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო შეთანხმება „უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულებრიობასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომლის უმთავრეს პუნქტს წარმოადგენს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება ძებნილი პირების გადმოცემის შესახებ. ნაცვლად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მთავრობაში დაიწყო იმ საქართველოს მოქალაქეების ან აწ უკვე ყოფილი მოქალაქეების დანიშვნა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებზეც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.


- რა ნაბიჯები რჩება ხელისუფლებას, რატომ ვერ ჩამოჰყავს სააკაშვილი?

 

- რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოყვანას, რასაკვირველია, ძალით ვერ მოხდება. ესეც დამოკიდებული იქნება იმ გახმაურებული საქმეების ბოლომდე მიყვანაზე, რომლებსაც უკავშირდება მისი სახელი. ესაა, ასეთი საქმეები ცოტა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვალის არევის მიზნით, საქმეები ფალსიფიცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროკურატურის აქტიური მუშაობის წყალობით, წარმატებით დაგვირგვინდება ეს საქმეები და მისი ბრალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. საერთაშორისო სამართალდამცავი ინსტიტუტები მკაცრი ბიუროკრატიული სტილით გამოირჩევიან კარგი გაგებით და მათ სერიოზული არგუმენტაცია და დასაბუთება სჭირდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მეტი შესაძლებლობა, ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა, თუ მანამდე არ დაამთავრა ისე, როგორც მისი მსგავსი სუბიექტები ამთავრებენ. არ მგონია, უკრაინაში მას დიდი მომავალი ჰქონდეს. უკვე აშკარადაც თვალშისაცემია, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია. მიუხედავად ქართული მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციებისა, უკრაინის ხელისუფლება არა თუ ითვალისწინებს მათ, არამედ შეგნებულად აფართოებს მთავრობაში დასაქმებული ძებნილი ადამიანების ნუსხას, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, უკრაინამ სრულიად  გულებელყო ადრე მიღწეული შეთანხმებები და ერთი მხრივ, შეგნებულად წაუყრუა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას და არაფრად ჩააგდო საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესი და მეორე მხრივ, მრავლობითი დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ პირებს მისცა ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამით უკრაინის ხელისუფლებამ ფარული ომი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველი ხალხის არჩევანს. ამის უკან კი ვინ დგას, ეგ ცალკე განხილვის საგანია.


- ეს ფარული ომი რა ხელს აძლევს უკრაინას? რას იგებს?

 

- ის, რომ უკრაინამ ასე გადაწყვიტა, ეს მისი საქმეა, მან უარი თქვა ცალმხრივად ამ შეთანხმებების შესრულებაზე. ეს მისი სუვერენული უფლებაა და  ვერავინ ვერ ჩაერევა მის შიდა საქმეებში. მაგრამ, გაცილებით დამაფიქრებელია საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც ადეკვატური ნაბიჯებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს. არადა, თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკრაინა თავისი მოვლენებით საქართველოსთვის ერთერთ რეალურ საგარეო საფრთხის შემცველ ეპიცენტრად იქცა, რომელმაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ქვეყნის შიდა ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. დღითი დღე ხდება სიტუაციის ესკალაცია. თითდამშვიდების საფუძველს კი ვერ ვხედავ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა დავიდა პირად ურთიერთობებამდე.


როცა დაიბარეს უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ზოგიერთი ექსპერტი აღშფოთებულა, როგორ შეიძლებოდა სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ელჩის დაბარებაო. ასეთი რამ, არსად არ მომხდარაო. უკაცრავად, მაგრამ, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, სტრატეგიული მეგობრობაა? თუ სტრატეგიული წინააღმდეგობა, რომელიც მიზნად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას? ანდა, რომელი მაგალითი შეიძლება მოიყვანოს პატივცემულმა ექსპერტმა, როცა ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული მეგობრობა გრძელდებოდა? იქნებ სწორედ იმ მაგალითს ვერ შევხვდებით, როცა სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ისე მოქცეულა, როგორც უკრაინა. ომის თუნდაც დროებით დასრულების შემდეგ, სად გადაინაცვლებს დამშეული შეიარაღებული დაქირავებულების მთელი არმია, რომელსაც დღეს, ფაქტობრივად, სააკაშვილი ხელმძღვანელობს დევიზით - რაც შეიძლება მეტი სისხლი".


- რა უნდა გაკეთდეს, ანუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რასაც არ აკეთებს?

 

- უნდა დაჩქარდეს უკრაინის სახელმწიფოსთან ურთიერთობის გადასინჯვის პროცესი. მართალია, უკრაინის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი და დაგვიანებული. სააკაშვილი უკრაინაში დიდხანს ვერ გაქაჩავს. იქ უკვე აგორებულია უკმაყოფილების ტალღა. ის ცაიტნოტშია და შეეცდება, რაც შეიძლება მალე საქართველოში გადმოინაცვლოს. არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ ნაცების ჩანერგილები მოუთმენლად ელოდებიან. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებლობისთვის სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლითა და კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური სანქციები. ნუ გამოიგლოვებთ, ბატონებო, ამ ურთიერთობებს. ვიდრე უკრაინის ხელისუფლებაში ძებნილი სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა ძებნილებიც იქნებიან, ამ ურთიერთობას მომავალი მაინც არ უწერია.


- რა კონკრეტულ სანქციებზე საუბრობთ?


- რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, ბლოკადას ვერ მოვაწყობთ, მაგრამ არსებობს შესაბამისი ზომები. მართალია უკრაინის ელჩმა ბრძანა, რომ მათი დანიშვნა საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართულიო, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. მას სჭირდება სახელისუფლებო ბერკეტები, რათა სხვადასხვა ფორმით საშუალებას მისცემს იტივტივოს მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში და გავლენა მოახდინოს ძლიერთა ამა ქვეყნისაზე. ამიტომ, ასე არის თუ ისე, უკრაინის ელჩის ეს განცხადება არაა დამაჯერებელი, რადგან საფრთხეს უკრაინელები კი არ უქმნიან ჩვენს ქვეყანას, არამედ სწორედ თანამდებობებზე დანიშნული ის ძებნილი და მათთან დაკავშირებული ხალხი, რომელთა მიმართაც ქართველ ხალხს სერიოზული პრეტენზიები და კითხვები აქვს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობ საქართველოს მხრივ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმაზე, პირველ რიგში, გასაგზავნია საპროტესტო ნოტა სხვადასხვა დონეზე, შემდეგ კი ურიგო არ იქნება, დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის შესაძლებლობაზე მსჯელობაც. თუკი რომელიმე სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა, გეუბნება, შენი აზრი არ მაინტერესებსო, მაშინ რა დაგრჩენია, თუ არა ეს გზა. ეს კი ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ სახელმწიფო ვართ და არა „პლატონას დუქანი".

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016