reportiori.ge - ეროსის თვითმკვლელობა მკვლელობით იცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:53
პრეს-დაიჯესტი
ეროსის თვითმკვლელობა მკვლელობით იცვლება
ავტორი:
17 თებერვალი, 2015. 17:02

 

 

 

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია შესაძლოა ამ კვირაში გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება მკვლელობის მუხლით წარიმართოს. როგორც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, გამოძიება, ამ ეტაპზე, ორ მნიშვნელოვან დეტალზე მუშაობს, რომელიც საქმის გარემოებას რადიკალურად ცვლის.


კიწმარიშვილები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე გამორიცხავდნენ, მისი გარემოცვაც. ახლა ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გაიმართება. ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდეს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ გაჟღერებულ ე.წ. ტაქსის ეპიზოდთან საერთო არა აქვს.


პროკურატურამ აღნიშნულ ე.წ. ტაქსის ეპიზოდზე ნანა კაკაბაძე ორჯერ დაკითხა. კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ჭავჭავაძის 37 ბ-ში მომხდარ საქმეში, მისი ჩვენება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, საუბარია ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ადგილზე, სადაც კონკრეტული პირები ჟურნალისტებზე და გამომძიებლებზე ადრე მივიდნენ.



ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი: გიდასტურებთ, რომ მთავარ პროკურატურაში ორჯერ ვიყავი დაბარებული, ხუთშაბათს და პარასკევს. მითხრეს, რომ კიდევ დამიკავშირდებიან და თუ დამირეკავენ, აუცილებლად მივალ.



- კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვათ, რაზე მიაწოდეთ ინფორმაცია გამოძიებას?

 


- იმაზე, რც ჩემთვის გახდა ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე პრესკონფერენციაზე გავაჟღერე. იმ ადგილზე, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, პირველივე წუთებში, მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები და გამომძიებლები მივიდოდნენ, ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა, ტაქსის ტრაფარეტით, იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი და ჩავიდა დაბლა ავტოფარეხში. მისი მანქანიდან გადმოსვლისთანავე მეორე ადამიანმა მოხსნა ტაქსის ტრაფარეტი. პირი, რომელიც ავტოფარეხში შევიდა, იქიდან მალევე ამოვიდა. ერთ ადგილზე მივიდა და თქვა, თუ გაიგეთ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო?

 

- სად მივიდა ის და თუ უთხარით გამოძიებას კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა შეხება ჰქონდათ მათ კიწმარიშვილთან?


- იცით რა, მე ამ სახელების და გვარების შესახებ საგაზეთოდ ვერ ვისაუბრებ. რისი თქმაც შესაძლებელი იყო, მე ეს ინფორმაცია მივეცი გამოძიებას. რაც შემეძლო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. ალბათ, საქმის დასრულების შემეგ გამოჩნდება, ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია რამდენად ღირებული იყო გამოძიებისთვის. ამ ეტაპზე ამაზე მეტ ინფორმაციას არც მე და არც თქვენ არავინ მოგცემთ.

 

- ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებამ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ორი პირი დაჰკითხა, თქვენ რამდენ ადამიანზე მიაწოდეთ ინფორმაცია?

 

- მე არ მინდა, რომ გამოძიებას ხელი შევუშალო. ვილაპარაკო ის, რაც შემდეგ გახდება პრობლემა. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მივაწოდე გამოძიებას. ამის მერე რა მოხდა, რა ტარდება, ეს ჩემთვის უცნობია.


ზურა ვიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა: ბოლო პერიოდში, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა საინტერესო დეტალები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული მათთვის. ისინი ახლა სწორედ ამ საქმით არიან დაკავებული. ყოველდღე მიგვაქვს მიმართვა, თუმცა ჩვენთან შეხვედრა წინა კვირას ვერ მოხერხდა. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, ვიცით, რომ აქტიურად არიან ჩართული და, ალბათ, დღეს შევძლებთ მათთან გასაუბრებას.

 

- თუ ეს ვერსია დადასტურდა, რაც თქვენ მიაწოდეთ გამოძიებას, შეიძლება, რომ კონკრეტული სახელები და გვარები გამოიკვეთოს?

 

- მკვლელობის ვერსიაზე ჩვენ აქტიურად ვსაუბრობდით და ამაზე გამოძიებაც ამბობდა, რომ ისინი სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობდნენ. რაც შეეხება იმას, რაზეც ახლა მიდის მუშაობა, ეს ჩვენი აქტიური ჩართულობა შედეგია, სწორედ იმ მიზნით, რომ დანაშაულის კვალი აღმოჩენილიყო. გამოძიებას ჰქონდა რა საქმის კვალიფიკაცია ჩამოყალიბებული, ის მუშაობდა თვითმკვლელობის ვერსიაზე, თუმცა ამის უტყუარი ფაქტები დღემდე არ გააჩნია. ამის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობდით და ვაანალიზებდით რა თვითმკვლელობის ვერსიას, ვცდილობდით, მოგვეპოვებინა რამე იმ მასალებში, რაც მათი მხრიდან გადმოგვეცა, ვფიქრობ, ამან გარკვეული ინტერესი გააჩინა, როდესაც ამ ახალი მიმართულებით მუშაობა დაიწყო, საინტერესო დეტალები გამოიკვეთა. გამოძიებას მივმართეთ, რომ კონკრეტული ადამიანების შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებინა. ახლა მიდის ეს პროცესი, ვიცი, რომ დაკითხულია ერთი ადამიანი, არა მხოლოდ დაკითხულია, არამედ მის შესახებაც ცდილობს გამოძიება დამატებით დეტალების გარკვევას. მის გარდა, არის კიდევ ორი ადამიანი, რომელიც წესით, უნდა დაეკითხათ. ეს არ ეხება ნანა კაკაბაძის ეპიზოდს. ეს კიდევ ცალკეა, რომელიც ჩემთვისაც იმ დღეს გახდა ცნობილი, როდესაც ქალბატონმა ნანამ ეს ამბავი გააჟღერა. სხვას ვერაფერს გეტყვით, ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მოვიპოვოთ  ეს ინფორმაცია.


- ბატონო ზურა, თქვენ ამბობთ, რომ სამი ადამიანია დაკითხული, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, არიან თუ არა ამ სიაში ბადრი ნანიტაშვილი და გია ხევიაშვილი?

 

- არაფერი არ არის დასამალი, ისინი არ არიან. ხევიაშვილი და ნანიტაშვილი აქამდე არ იყვნენ გამოძიების ინტერესის ქვეშ, აქედან გამომდინარე, ისინი დაკითხულნი არ არიან.

 

- თუ იკვეთება სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე იმ ვერსიაზე, რაზეც ახლა მუშაობს გამოძიება?


- აქ არ არის ლაპარაკი მკვლელობაში ეჭვმიტანილებზე, აქ სხვაგვარად დგას საკითხი, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ ინფორმაციას. უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც უნდა შემოწმდნენ, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რაღაც სახის გადაკვეთა მოხდეს.


- შესაძლოა, რომ ეს საქმე მცირე დროში გაიხსნას?


- ვამბობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ამ წუთას შესაძლოა, მათ ჰქონდეთ საინტერესო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით; ისე, გამორიცხული არაფერია, ვნახოთ, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი უეცარი თუ მოულოდნელი გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდეს.


„პრაიმტაიმი" ბადრი ნანიტაშვილს და გია ხევიაშვილს დაუკავშირდა.


ბადრი ნანიტაშვილი: მთავარ პროკურატურაში ჩემი დაკითხვა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე არ მომხდარა. არავინ არ შემხმიანებია.


- არც დაბარებული არ ხართ?

 

- არა, არც დაბარებული ვარ.


 გიორგი ხევიაშვილი: მე გავაკეთე ადრე განცხადება და სანამ არ დასრულდება გამოიძება. ვერ გავაკეთებ კომენტარს. ვერც თქვენთან და ვერც სხვასთან.

 

- უბრალოდ, ერთი სიტყვით რომ გვითხრათ, დაიკითხეთ თუ არა პროკურატურაში.


- კარგად ბრძანდებოდეთ.


 გაგი მოსიაშვილი, ადვოკატი: პროკურატურასა და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმდინარეობს. ჩვენი თხოვნით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული და ახლაც, გარკვეული მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც გადამოწმდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ამ ეტაპზე, ჩვენ წინ ვერ გავუსწრებთ საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ ამ კვირის დასაწყისში გვექნება შეხვედრა საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც უფრო მეტი რამე გახდება ცნობილი. წინა კვირას, იმის გამო, რომ საგამოძიებო ორგანო ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობდა, ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა.

 

- საუბარია მკვლელობის ვერსიაზე, რომელზეც თავის დროზეც საუბრობდა ოჯახი.


- დიახ, ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საეჭვოა და რომელიც გადამოწმდება, უნდა გახდეს კვალიფიკაციის შეცვლის წინაპირობა. რა შედეგი მოჰყვება ამას, უახლოეს პერიოდში თითოეული ჩვენგანი ვნახავთ.


ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „პრაიმტაიმი" მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.


ნათია სუხიაშვილი: კიწმარიშვილის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერაფერს ვიტყვით.

 

ნანა შონია

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016