reportiori.ge - ნოდარ წულეისკირის ხსოვნას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:20
პრეს-დაიჯესტი
ნოდარ წულეისკირის ხსოვნას
ავტორი:
18 თებერვალი, 2015. 15:51

 

 

 


არა მგონია, იყოს ქართველი, რომელსაც სამშობლო უყვარს და ეს სახელი და გვარი არ გაუგია.


მას შემდეგ, რაც სამწერლო ასპარეზზე შედგა ფეხი, იგი მუდამ იყო საქართველოსა და ქართული ენის ერთგული პრინციპული მეციხოვნე.


და ამასთანავე, იყო უაღრესად სასიამოვნო პიროვნება ურთიერთობაში: ტაქტიანი, თავმდაბალი, მორიდებული და თავდაჭერილი. და თუმცა ამას არასოდეს უსვამდა ხაზს, აშკარა იყო, რომ ყველა მისი დადებითი თვისება დიდი კოლხი წინაპრებისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული.


უბრალო კაცი იყო ბატონი ნოდარი და იდუმალების საბურველში არ ხვევდა არც თავის ღია ჭრილობის მსგავს მწერლობას და არც თავის ხიფათიან საქმეებს.


და მაინც, ყოველთვის, როცა მასზე ვფქრობდი, ვგრძნობდი, რომ არ ვიცოდი რაღაც მეტად მნიშვნელოვანი.


მერე იყო და წავიკითხე როსტომ ჩხეიძის წერილი ბატონ ნოდარზე. და უცებ მივხვდი, რა არ მცოდნია.


სჯობს, თვით როსტომს მოვუსმინოთ:


„მაინც, რას შეეძრა ყველაზე მეტად მისი გული და რას აღეტაცა ასერიგად, სიბერეში შესულს ერთ ყველაზე ნათელ სურათად რომ გადაშლოდა გონების მზერის წინაშე?


რას და:

შაშვის ბარტყების დარაჯობას.


ვის რა საქმე გასჩენია ბავშვობაში თავისებურ თამაშად, ამას კი - ეს, ასეთი უჩვეულო და მოულოდნელი.


ახლადშეღინღლულნი და მოზრდილნი ბუდეში რომ ვეღარ ეტეოდნენ და ხშირად ვარდებოდნენ იქიდან, ასეთი ბარტყი განწირული გახლდათ - ან კატას უნდა შეესანსლა, ანდა რომელიმე სხვა სხვა მტაცებლის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. პატარა ნოდარი კი ამოიჩემებდა განწირული ბარტყის გადარჩენას - წაიყვანდა შინ და ზრდიდა, უჭერდა კალიებს, აღონიერებდა და თვალს ადევნებდა, მოყოჩებულნი ნელ-ნელა როგორ იწყებდნენ ფრენას, ჯერ მცირე მანძილზე რომ დაფრთხიალებდნენ, ვიდრე გაშლიდნენ ნახშირივით შავ, უკვე საკმაოდ მოზრდილ ფრთებს და აიჭრებოდნენ ზეცაში.


მოშინაურებულს, ცხადია, სახელიც უნდა რქმეოდა და, როგორც წესი, შოშიტას არქმევდა.


დიდი მოვლა-პატრონობისა და ზრუნვის მიუხედავად, მაინც ხშირად ეხოცებოდა.


მაგრამ რამდენიმე შოშიტას ხომ მაინც გაზრდიდა.


და ახლაც შოშიტების გაზრდის პროცესი უნედლებდა გულსაც და ჰმატებდა ძალასაც და სიმხნევესაც, რათა მიწას მიჯაჭვოდა ისე, როგორც ამ მიჯაჭვის წესია".


ამ ამონარიდის ბოლოს რა „მიწასთან მიჯაჭვაზეა" ლაპარაკობს როსტომი? ვინც ვერ მიხვდა, უნდა ავუხსნათ: 1991-92 წლების პუტჩის შემდეგ, როცა ჩამოგდებული იქნა საქართველოს პრეზიდენტი, ნოდარ წულეისკირი ჩავიდან მარნეულის სოფელ წერაქვში და გახდა ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი. და სოფლის სკოლას რომ ეარსება, ნოდარ წულეისკირი დიახაც მიწას უნდა მიჯაჭვულიყო, მოეყვანა სიმინდი, გაეყიდა, ეშოვა ფული და ერჩინა სკოლა.


შაშვის ბარტყებზე ზრუნვა ბავშვური თამაში კი არ ყოფილა, არამედ ნოდარ წულეისკირის ხასიათის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის გამოვლენა.


და როცა საქართველოში ავტომატი და უკანონობა გაპარპაშდა, მწერალმა თავი ანება წერას და წავიდა იქ, სადაც უნდა დაეცვა და გამოეზარდა შაშვის ბარტყებივით უმწეო არსებები - ბავშვები.


ნოდარ წულეისკირი მახვილი მზერით ამჩნევდა, თუ იმ წუთას ვის სჭირდებოდა შველა თუ დახმარება. დარწმუნებული ვარ, ბატონი ნოდარის შემდეგი თაობების მწერლებში თუ ჩავატარებთ გამოკითხვას, აღმოჩნდება, რომ ბევრს დახმარებია სიტყვით, რჩევით თუ საქმით.


შემიძლია, მეც დაგიდასტუროთ, რომ, როცა „მნათობში" დავბეჭდე ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ლექსი „დიდ ცრემლზე", რომელიც ეძღვნებოდა მიხეილ კვესელავას, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ნოდარ წულეისკირმა მომილოცა და  გულწრფელი, პროფესიული და საჭირო რჩევებით დიდად გამამხნევა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის - დამწყები მწერლისათვის.


და შემდეგშიც მუდამ ვგრძნობი მის ყურადღებას.


ნოდარ წულეისკირისადმი მიძღვნილი წერილი მინდა დავამთავრო ჩემი მოსაზრებით ერთი ფოტოს შესახებ.


ფოტოზე ბატონი ნოდარია. დგას და უკან ჩანს მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი.


გვიყურებს ნოდარ წულეისკირი და მზერის თარგმნა რომ შეიძლებოდეს, ეს მზერა იტყოდა, რომ მისმა პატრონმა ღირსეული, ალალი, პრინციპული და უკომპრომისო ვაჟკაცის ცხოვრებით იცხოვრა. ოღონდ ერთი მაკლია გულს: ამ ფოტოზე ბაბუას გვერდს უნდა უმშვენებდეს მისმი ღვთით შემკული შვილიშვილი - ნათია. მაშინ ლამაზი ზღაპარივით დამთავრდება ეს ნამდვილი და სევდიანი ამბავი.

 

გურამ პეტრიაშვილი

გაზეთი „საერთო გაზეთი" დანამატი „პატრიოტი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016