reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი, ფული და პოლ პოტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიხეილ სააკაშვილი, ფული და პოლ პოტი
18 თებერვალი, 2015. 19:54

 

 

 

მოვესწარით, ეს სააკაშვილის ნამდვილი ბენეფისი იყო! გადაჭარბების გარეშე.




დიახ, როგორც იქნა, ამა წლის 17 იანვარს, მშვიდობიან საღამო ხანს,  სრულიად საქართველომ - რასაკვირველია, რუსთავი-2-ის წყალობითა და ძალისხმევით - ფრიად საეჭვო სიამოვნება მიიღო: უცქირა და უსმინა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპროგრამო ინტერვიუს. მე დავბრუნდებიო... ისეთი გულკეთილი იყო, ისეთი ინტელიგენტური, დაბრძენებული, ისეთი სიტყვაუხვი პატრიოტი, ისე შესტკიოდა გული ქართველ ხალხზე - ცრემლები მოგადგებოდა კაცს. თან ისიც შეგვახსენა - დაყვედრების გარეშე, რომ მრავალ ცდუნებას გაუძლო და საქართველოს მოქალაქეობა მაინც არ დათმო (განსხვავებით მისი მთავარი ოპონენტისგან, რომელიც, თურმე, ევოლუციურად გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგარა (როგორც გენებოთ, ისე გაიგეთ) - ნუ, ამაზე წესით ბიძინა ივანიშვილმა თავად უნდა გასცეს პასუხი). ერთი კი გავიფიქრე: ეჰ, ნეტავი გაეცოცხლებინათ ჰიტლერი ასე 1948-ში და მიეშვათ გერმანელ ამომრჩეველთან, ნახავდა მაშინდელი დემოკრატიული მსოფლიო "დენაციფიკაციის" ჭეშმარიტ ფასს.




მაგრამ მეხსიერება ოხერია და ჩვენი რეაბილიტირებული და სასწაულმოქმედი გმირის ამ მორიგ ბენეფისთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი მარადმწვანე ანალოგია, რომელსაც გაჭირვების ჟამს ადრეც მივმართავდი ხოლმე და რომელიც - სამწუხაროდ - დროთა განმავლობაში აქტუალობას ვერა და ვერ კარგავს. კერძოდ, ვგულისხმობ ანალოგიას ერთის მხრივ, მიხეილ სააკაშვილსა და მის იდეურ დასაყრდენსა ("თავისუფლების ინსტიტუტს") და, მეორე მხრივ, პოლ პოტსა და მის დასაყრდენს ("წითელქხმერულ კომუნიზმს") შორის.




აქვე მსურს აღვნიშნო და დავადასტურო - შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად - რომ თვით ტერმინი "დემოკრატიული წითელი ქხმერები" საქართვედლოს "ნაციონალების" მიმართ მართლაც ჩემი შემოღებული გახლავთ და ამის დამტკიცება ძველი პუბლიკაციებით შემიძლია - მერე რომ არ გახდეს საკამათო!




არადა, ერთი შეხედვით, რა უნდა აერთიანებდეთ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიუსზე განლაგებულ თითქოსდა ანტიპოდებს - სააკაშვილს და პოლ პოტს? სად ლიბერალური-დემოკრატია ან მერიტოკრატიული ლიბერტარიანობა და სად მაოისტური ყაიდის კომუნიზმი? სად ერთის ამერიკელი პატრონი და სად მეორის ჩინელი? ბოლო-ბოლო, სად საქართველო და სად კამბოჯა?




ნუ, პირველი და ზერელე შეხედვით მართლაც ასეა - ანუ არაფერი, მაგრამ - მხოლოდ ზერელე და პირველი.




შორიდან მოვყვები.




საზოგადოდ შემჩნეულია და საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რეალურად მიმდინარე ისტორიულ პროცესში (რომელიც აუცილებლად გულისხმობს გავლენის მოპოვება-განაწილებისთვის ყველა ხერხით ბრძოლას) იდეური სტრატეგიული ფანატიზმი ხშირად უთმობს გზას სხვადასხვა ტიპისა მასშტაბის ტაქტიკურ გარიგებებს. მართალია, თავად გარიგების ფიგურანტები ასეთ კომპრომისებს სტრატეგიის ნაწილად თვლიან ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში მათი ქმედებების საფუძველში სწორედ მომენტალური უპირატესობის მოპოვების ცდუნება ძევს, რაც, როგორც წესი, დროის გამოცდას ვერ უძლებს (უიშვიათესი გამონაკლისებით), მაგრამ რაღაც პერიოდი კი მუშაობს. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო უცნობილესი ხელშეკრულება სტალინსა და ჰიტლერს (მოლოტოვსა და რიბენტროპს) შორის 1939-ში - რომლის ძალით საბჭოთა "ენკავედე" და მესამე რაიხის "გესტაპო" ცოტა ხნის განმავლობაში ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გერმანელი ანტიფაშისტების დევნაში, უცვლიდნენ რა ერთმანეთს საზღვარზე დაინტერესებულ პირებს (არცთუ ყველაზე ლამაზი ფურცელი საბჭოთა ისტორიისა); გარიგება საბჭოთა ხელმძღვანელობასა და ეგვიპტეს პრეზიდენტ ნასერს შორის 50-იანების ბოლოს, რომელმაც ხაზი გადაუსვა არაბი კომუნისტების ამბიციებს (ანალოგიური რამ მოხდება ირანში "ისლამური რევოლუციის" მერე, 80-იანებში, როდესაც ჰომეინის რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდება მოსკოვზე ორიენტირებულ პარტია "ტუდეს", რაც კრემლში დიდ პროტესტებს არ გამოიწვევს); აქტუალური დღევანდელობიდან - ევროპელი "ლიბერალ-დემოკრატების" მიერ უკრაინაში ბანდეროველი ნაციონალისტებისა და აშშ-ს მიერ ერთობლივად ინსპირირებული გადატრიალების შედეგად მოსული მთავრობის მხარდაჭერა - ანტირუსულ ნიადაგზე; დაბოლოს - თვით აშშ-ს მიერ კამბოჯიდან განდევნილი პოლპოტის მთავრობის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც  საბჭოთა კავშირის დაშლამდე გრძელდებოდა - ამ უკანასკნელის გლობალური პოზიციების შესუსტების მიზნით. ნუ, როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი ამის გამო არ დაშლილა, ამერიკელებს კი პოლ პოტის მხარდაჭერა შერჩათ, ტაქტიკური ამოცანა გამოდგა საბოლოო ჯამში...




ჩვენს ქართველ "ნაციონალებსა" და ისტორიას მიბარებულ "წითელ ქხმერებს" შორის მსგავსობის წარმოჩენის მცდელობა მეც რომ ზედმეტად ზერელე და ხელოვნური  არ გამომივიდეს, ოდნავ  სხვა კუთხით ჩავუღრმავდები საკითხს.




ერთ უჭკვიანეს გერმანელს - ჰეგელს - ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ ისტორიას გამეორება უყვარს: ერთხელ ის გვევლინება როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი. მართალია, ჩემი ახალგაზრდობის ჟამს ამ ფრაზას მაშინდელი პოლიტაგიტატორები (რომელთაც ხშირ შემთხვევაში მარქსი მხოლოდ სურათზე თუ ენახათ) ხშირად შეცდომით მიაწერდნენ „კომუნისტური მანიფესტის" წვეროსან ავტორს, მაგრამ მცირეოდე ძალისხმევის შედეგად ოდნავ კითვხის მოყვარულ საბჭოთა სტუდენტსაც კი შეეძლო მარტივად აღმოეჩინა, რომ ჰეგელის ეს ციტატა თავად მარქსს ჰქონდა მოყვანილი თავის ერთ-ერთ საუკეთესო თხზულებაში „ლუი ბონაპარტეს მე-18 ბრიუმერი".




მაშ, რამ გამახსენა ჰეგელი და მარქსი? სადაა მათგან მიშასა და პოლ პოტისკენ გარდამავალი ხიდი?




სადაა და ჩვენი უახლოესი წარსულის მოვლენებში. მივყვეთ მათ.




ყველას გვახსოვს, რომ მიშას მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში საქართველო მსხვილი და არცთუ მსხვილი კერძო საკუთრების სერიული დაყადაღებათა და წილების გადაფორმებათა სტადიაში შევიდა და ამან შეუძლებელია არ აღეძრა (ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში მაინც) შესაბამისი ასოციაციები საზოგადოებაში ფულისა და კერძო საკუთრების როლის თაობაზე.



            ჩავრთოთ ჩვენი წარმოსახვის უნარი და წამით წარმოვიდგინოთ (ამას ფიზიკასა და ფილოსოფიაში „აზროვნებითი ექსპერიმენტი" ეწოდება), რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ ყველას ყველაფერი დაუყადაღეს - საცხოვრისის, საკვები პროდუქტებისა და ოჯახის მცირეწლოვანი წევრების ჩათვლით. რა პოლიტიკურ შედეგს მოუტანდა ამ ქმედების სახელისუფლო ინიციატორებს ესოდენ გამაოგნებელი აქცია? პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ამგვარი აშკარა და უტიფარი ძალადობით ხელისუფლება გარკვეული ვადით გაიხანგრძლივებდა არსებობას - მაგრამ მხოლოდ გარკვეული ვადით. ასეთ ხელისუფალთ არ ეყოლებოდათ არც ერთი გულწრფელი მომხრე საკუთარი ოჯახის წევრებს გარდა (და ისიც პირობითად).



            ეს აზრობრივი ექსპერიმენტი არც ისეთი ფანტასტიკურია, ერთი შეხედვით რომ შეიძლება მოგეჩვენოს კაცს. მსოფლიო ისტორიაში ხელისუფლების შენარჩუნების მსგავსი მცდელობები საბოლოოდ ყოველთვის კრახით სრულდებოდა, თუმცა ამ კრახის მოლოდინში, როგორც წესი, ნაირ-ნაირი პოპულისტური ლოზუნგებით უხვად შეიარაღებული და საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მომართული მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები მილიონობით თანამოქალაქეს გვარიანად უმწარებდნენ ხოლმე სიცოცხლეს.გასული საუკუნის 70-იან წლებში მსგავსმა სახელმწიფომ დედამიწაზე თითქმის ოთხი წელი იარსება და შედეგი სავალალო იყო.




როგორ და რატომ მოხდა ასე?



გადავხედოთ ისტორიას.




ერთის მხრივ, კერძო საკუთრებისა და პირადი ქონების (ფულადი ნიშნების ჩათვლით) გაფეტიშება, მეორეს მხრივ კი ამ გაფეთიშებაზე ტაბუსა და ყადაღის ახსნა - აი ეს გახლავთ სწორედ ცნობილი ჰეგელიანური „დაპირისპირებულთა დიალექტიკური  ერთიანობის" ცხოველმყოფელი მაგალითი. საბოლოოდ კი მსოფლიოს ახალ და უახლეს ისტორიაში ამ მუდამჟამ ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ვექტორების ჭიდილმა, კაცობრიობა კომუნისტურ ექსპერიმენტებამდე მიიყვანა. ამ ყაიდის პირველი ევროპული ექსპერიმენტები - საფრანგეთის რევოლუცია (როდესაც ჯერ მემარცხენე ებერტისტ-კომუნისტებს რობესპიერის ჯალათებმა, ხოლო ცოტა მოგვიანებით ბუნტისთავ ბაბუვისტებს უკვე დირექტორიის ჯალათებმა ჰილიოტინაზე წააგდებინეს თავი), შვიდიოდე ათეული წლის შემდეგ კი პარიზის კომუნა - წარუმატებელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად  სოციალური ტიპის მდგრადი სახელმწიფო პირველად რუკაზე გაჩნდა XIX საუკუნეში და ისიც ლათინურ  ამერიკაში - და ეს აღმოჩნდა პარაგვაი, დიქტატორ ფრანსიას დიქტატურის ხანაში, როდესაც ეს ქვეყანა თავისი შიდა წყობით ლამის სოციალისტური გახდა (მის თეოლოგიურ ვარიანტში), გარე სამყაროს მიმართ კი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თითქმის სრული თვითიზოლაციის პოლიტიკას ატარებდა. დამთავრდა ეს ძალიან ცუდად - ფრანსიას პოლიტიკურ-ეკონომიკური მემკვიდრეობა (უკვე მისი სიკვდილის შემდგომ დიდი ხნის მერე) შევიდა ღრმა კონფლიქტში მეზობელ ქვეყნებთან (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი), რომლებიც ტრადიციული ბურჟუაზიული გზით ვითარდებოდნენ. 1865-70 წლებში გაჩაღდა ომი, რომელშიც პარაგვაი მარტო აღმოჩნდა, გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად (ომობდნენ ჯარში გაწვეული ბავშვებიც)  სასტიკად დამარცხდა და საბოლოოდ დაკარგა თავისი მოსახლეობის თითქმის ნახევარი და მამაკაცების 90%-ზე მეტი. არაა  გასაკვირი, რომ ეს ქვეყანა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბად და ჩამორჩენილად რჩება ლათინურ ამერიკაში - და ეს ჩამორჩენა (ისევე როგორც მომავალი მისი დიქტატურები - სტრესნერი და ა.შ.) სწორედ იმ წაგებულმა ომმა განაპირობა. XX საუკუნეში კომუნისტურ იდეას ახალი სუნთქვა გაეხსნა. ყველამ ვიცით რაც მოხდა ევრაზიაში: ოქტომბრის რევოლუციის შედეგად წარმოიქმნა სსრკ, რომელიც 80-იანი წლების „პერესტროიკამდე" მსოფლიოს განვითარების კომუნისტური ალტერნატივის უმძლავრესი სიმბოლო იყო. გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომში სტალინის გამარჯვებისა და ნაციზმის დამარცხების შემდეგ კომუნისტურ გზას დაადგნენ აღმოსავლეთი ევროპა, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ჩრდილოეთი ვიეტნამი, მოგვიანებით კი კუბა და ლიბია (ისლამური სოციალიზმი).  გარკვეული თვალსაზრისით შესაძლებელი გახდა ლაპარაკი "სკანდინავიურ სოციალიზმზე" (რომელიც, წესით, არსობროვად ყველაზე მარქსისტული იყო, რადგან, მარსის თეზისების თანახმად, ასე თუ ისე, განვითარებულ ევროპაში მკვიდრდებოდა), მაგრამ გავლენის ამ ზრდის პარალელურად - და ეს გარკვეულწილად პარადოქსი აღმოჩნდა -  კომუნიზმის იდეა თანდათან ბერდებოდა და ამ დაბერების კვალობაზე დემენციური ტიპის დეგრადაციას განიცდიდა (რაც დაკვირვებულმა და სულით ხორცამდე გულწრფელმა რევოლუციონერმა ჩე გევარამ - ბუნებით უდიდესმა ანტიკონფორმისტმა - შენიშნა ჯერ კიდევ 1960 წელს მოსკოვში ვიზიტისას საბჭოთა ნომენკლატურულ ფუნქციონერებთან ურთიერთობისას). სულაც არაა გასაკვირი (პირიქით, მოსალოდნელიც იყო), რომ ესოდენ დიადი იდეის ესოდენ უღიმღამო დეგრადაციას გამოუჩნდებოდნენ გულანთებული და თავზეხელაღებული მოწინააღმდეგენი. შედარებით მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი კი აღმოჩნდა კანტისეული ისტორიული გონის ფრიად უცნაური სურვილი, რაც გამოიხატა მის მიერ ერთი უბრალო კამბოჯიელი სტუდენტისთვის - ვინმე სალოთ სარისთვის (პოლ პოტისთვის) - მსოფლიოში "სუფთა კომუნიზმის" მრისხანე და ლამის ყოვლისშემზლე ადეპტის როლის მინიჭებაში. პოლ პოტის კჰმერი ხალხის ყასაბად შემდგომი ჩამოყალიბება მისი რევოლუციონერობის ფონზე მეორადია.




პოლ პოტი - ფსევდონიმია (Politique potentielle - მძლავრი პოლიტიკოსი, პარტიული მეტსახელები - „ძმა №1", "ამხანაგი 87" და სხვ.) მოყვანილი სიტყვების საწყისი მარცვლებიდან შემდგარი. სალოთ სარი - ასე ერქვა ამ ახალგაზრდას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოლონიური კვოტის ფარგლებში (რომლის მოპოვებაში დაეხმარა დეიდა, რომელიც მაშინდელ სამეფო კარზე მოცეკვავედ იყო გამწესებული) მან შორეულ მეტროპოლიაში პარიზის ერთ-ერთი სასწავლებელს მიაშურა (არა სორბონას, სადაც პარალელურად რამდენიმე მისი მომავალი თანამებრძოლი ღებულობდა განათლებას, არამედ რადიოელექტრონიკის სკოლას - ანუ წესით მისი სახით კამბოჯას არა სისხლიანი დიქტატორი, არამედ ერთი კვალიფიცირებული ინჟინერი უნდა მიეღო, მაგრამ, ხომ იცით, კაცი ბჭობდაო...). სასწავლო კურსი ჭაბუკ სალოთს ბოლომდე არ დაუსრულებია, რამეთუ სკოლა პოლიტიკის გამო მიატოვა და საფრანგეთის კომპარტიის ინდოჩინეთის სექციაში (იყო მაშინ ასეთიც) გაწევრიანდა. ალბათ, იმხანად ის თვითონაც ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ სწორედ მას ერგო წილად ხვედრი ფასდაუდებელი და დამაგვირგვინებელი წვლილი შეეტანა კომუნიზმის საბოლოო დისკრედიტაციაში. სხვათა შორის, პოლ პოტის „პარიზული დაჯგუფება" („ანგკა ლიეუ") რაღაც პარამეტრებით წააგავს ჩვენს „თავისუფლების ინსტიტუტს" - იდეოლოგიურად შეკრული ფანატების გუნდს, რომლის ფესვები უცხოეთშია გადგმული, მაგრამ - ადგილობრივ ექსტრემისტთა და მიამიტთა გულის გასახარად - ადგილობრივი ნაციონალიზმით იკვებება, თანაც პოლიტიკა ასეთი გუნდისთვის პირველ ადგილზეა, სხვა ყველაფერი დანარჩენი კი - მეათეზე. ზუსტად ისევე, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტმა" 2004-ში ხელისუფლებაში მოსვლით იდეოლოგიურ მარწუხებში მოაქცია საქართველო და ზურგში ჩასცხო ლახვარი ქართულ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, აი ასევე პოლ პოტის პარტიზანულ-კომუნისტურმა დაჯგუფებამ პნომპენის აღების და ამერიკელების გაქცევის შემდეგ ყელი გამოღადრა როგორც საკუთარ ხალხს (ბუკვალურად და კონკრეტულად), ისე კომუნისტურ იდეასაც (ირიბად და ზოგადად). ასე რომ, ამგვარ ანალოგიის მოყვანითა და პარალელების გავლებით ჩვენ სულაც არ ვარღვევთ პოლიტიკური ლოგიკის საზღვრებსა და მის მართებულობას.




შეიძლება შემედავონ, რომ კომუნიზმმა პოლ პოტის „დივერსიას" გაუძლო და დღესაც აგრძელებს არსებობას ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამსა და ჩინეთში. ასეთი ტიპის შენიშვნებთან დაკავშირებით შემიძლია მხოლო ის აღვნიშნო, რომ ჩრდილოეთმა კორეამ და კუბამ, როგორც სახელმწიფო სისტემებმა, სასტიკი მარგინალიზაცია განიცადეს (სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ შედეგი მაინც ერთია) და კომუნიზმის მსოფლიო შუქურების როლზე ვეღარ გამოდგებიან, ხოლო რაც შეეხება ჩინეთს (ვიეტნამშიც დაახლოებით იგივე სურათია), ამჟამად იქ არსებული ერთპარტიული წყობა სახელწოდებით კი დარჩა სოციალისტური, ხოლო მმართველი პარტია - კომუნისტური, მაგრამ ჩინეთი სინამდვილეში ვითარდება საბაზრო, კაპიტალისტური გზით  (ოღონდ მკაცრი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ) - ანუ საქმე გვაქვს სახელმწიფო კაპიტალიზმის ნაირსახეობასთან და არა კომუნიზმთან ან, თუნდაც, სოციალ-დემოკრატიზმთან („სოციალისტური" სახალხო ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობას, მაგალითად, არაფერი გაუგონია პენსიების შესახებ). სამაგიეროდ კაცობრიობის „ისტორიის საგანძურში" პირველყოფილი, „წმინდა" და ამიტომ განსაკუთრებით ნეგატიურ დისკურსში გამომცხვარი კომუნიზმის შეყვანა - პოლ პოტის  პირადი დამსახურება გახლავთ. სწორედ ამხანაგი პოლ პოტი - დემოკრატიული კამპუჩიის პრემიერ-მინისტრი 1975 და კომპარტიის გენმდივანი 1977 წლიდან (მანამდე ითვლებოდა, რომ ომგადახდილ ქვეყანაში არც ერთ პარტიას, მმართველსაც კი, გაფორმებისა და ლეგალურად მოქმედების უფლება არ ჰქონდა), გახდა ისეთი ადრე გაუგონარი სახელმწიფოს დამაარსებელი, სადაც ყველაფერი - თვით პირადი ნივთებისა და ადამიანების ჩათვლით - აბსოლუტურად დაყადაღებული იყო. ტოტალიტარიზმი კამბოჯაში გრძელდებოდა არასრული ოთხი წლის განმავლობაში (1975-1978). როდესაც რეჟიმი დაეცა (ამაში გადამწყვეტი როლი გარე ძალამ - ვიეტნამის არმიამ - ითამაშა), პოლ პოტმა დედაქალაქიდან გაქცევა მოასწრო და თავის ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ისევ ჯუნგლებში გადაიხვეწა. ის კიდევ დიდხანს უწევდა ახალ ხელისუფლებას (რომელიც ძირითადად ვიეტნამის მხარეს გადასული მისივე არმიის ყოფილი ოფიცრებიდან შედგებოდა) შეიარაღებულ წინააღმდეგობას, სარგებლობდა გარკვეული საგარეოპოლიტიკური მხარდაჭერით (ცივი ომის პირობებში, ჩინეთისა და - რაც გასაოცარია - ამერიკული დიპლომატიის მხრიდან) და ახერხებდა კიდეც გავლენის შენარჩუნებასა და გარკვეული ტერიტორიების კონტროლს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.



            სანამ დღევანდელ ღრმად „ლიბერტარიანულ" საქართველოსა და ისტორიას ჩაბარებულ „დემოკრატიულ" კამპუჩიას შორის მსუბუქ მსგავსებაზე მივანიშნებდე (ნაწილობრივ ეს უკვე გავაკეთე), ორიოდე სიტყვას მათ შორის არსებულ აშკარა სხვაობისთვისაც გავიმეტებ, - თუნდაც იმისთვის, რომ ფაქტების განზრახ დამახინჯებაში არავინ დამდოს ბრალი... საქართველო და კამბოჯა იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სოციალური, ისტორიული, რელიგიური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, იმდენად განსხვავებულ ცივილიზაციურ ტრენდებს წარმოადგენენ, რომ პირდაპირი პარალელების გავლება მართლაც გამიჭირდება. ბოლოს და ბოლოს, აქ ვანდალურად არ ამოუხოციათ პრიმიტიული იარაღების (თოხების, ბარების და ა.შ) გამოყენებით საკუთარი მოსახლეობის მეოთხედი - თუმცა მილიონზე მეტი ლტოლვილი და ემიგრანტი გვყავს; ოფიციალურად არ დაუყვიათ ხალხი კატეგორიებად - თუმცა  „ჩარეცხილებად" და „ჩაურეცხავებად", ანგლოფილებად და რუსეთუმეებად, არაოფიციალურად აქაც დაყვეს; არ გაუყრიათ ქვეყნიდან საელჩოები - პირიქით, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ, ადგილზე, აშშ-ს ელჩის სანქციის გარეშე, არც ერთი სერიოზული საკითხი არ წყდება; არ აუკრძალავთ მედიასაშუალებები და არ გაუქმებულა ფოსტა; არ დაუცლიათ მოსახლეობისგან ქალაქები - პირიქით, ჩვენში უფრო სოფლის დაცლაზე იქნებოდა მართებული ყურადღების გამახვილება; არ გაუჩაღებიათ წიგნის კოცონები და არ გაკიცხულა (პირიქით!) უცხო ენების ცოდნა (არადა წამოცდენილი ფრანგული სიტყვისთვის „წითელმა ქჰმერებმა" არაერთი უბედური გამოასალმეს სიცოცხლეს), და ასე, და ასე შემდეგ. მაშ, რა გვინდა, სადაა დაპირებული მსგავსება? რა კავშირია პოლპოტისეულ პირველყოფილ კომუნიზმსა და, თუნდაც, ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღებათა იმ ტალღებს შორის, რომლებმაც საქართველოს სულ რამდენიმე წლის წინათ წინათ გადაუარეს, და არაა - როგორც "რუსთავი-2" გვიმტკიცებს - გამორიცხული არცთი შორეულ მომავალში კიდევ ერთხელ გადაუარონ?




რაც შეეხება მსოფლიოს "მემარცხენე" ინტელექტუალებს - სააკაშვილის გლიუქსმანებისა და ბერნარ ანრი-ლევიების არ იყოს, - მხარდამჭერები არც პოლ პოტს აკლდა (მაგალითად, ჟან პოლ სარტრი, იან მიურდალი, პნომპენის სასტუმროში 1978 წელს პოლ პოტთან აუდიენციის შემდეგ გაუგებარია ვისი ხელით მოკლული პროფესორ მალკოლმ კოლდუელი და ა.შ.). ისინი - ისევე, როგორც თავის დროზე ლენინს, ტროცკისა და სტალინს აკვირდებოდნენ ცნობოსმოყვარეობით შოუ, ბარბიუსი, უელსი და მავანი სხვა - თავიდან საკმაო თანაგრძნობით ეკიდებოდნენ „წითელი ქჰმერების" ზღვარგადასულ ანტიკაპიტალისტურ რიტორიკას. გაზრდილი ინტერესი მათი მხრიდან პოლ პოტისა და მისი ამფსონების საქმიანობის მიმართ (მიუხედავად რეჟიმის მზარდი და სწრაფი თვითიზოლაციისა) იმითაც იყო გაპირობებული, რომ კამპუჩიაში დადგმული ექსპერიმენტის სახით კაცობრიობა წააწყდა არა მხოლოდ კუთხეში მიმწყვდეული კომუნიზმის გააფთრებულ ბოლო გაბრძოლებას, არა კონკრეტულად მაოს უკანასკნელ ამოკვნესას, არამედ რაღაც შეკრულ და მწყობრ კონცეფციას. მაგრამ რა გამოვიდა? ამ კონცეფციის გადამკიდე, ისტორიის ულმობელ სვლასთან  შეჭიდებულმა „წითელმა კხმერებმა" მათ ხელში ხანმოკლე ისტორიული ვადით ჩავარდნილი მშობლიური ქვეყნიდან ოსვენციმის მსგავსი საკონცენტრაციო ბანაკის აზიური ვარიანტი შექმნეს, მთელ მსოფლიოს ორუელის ცნობილი ანტიუტოპიის იმანენტური რეალისტურობა შეახსენეს და დააჩქარეს კიდეც პირვანდელი ჩანაფიქრის მარცხი მისი ონტოლოგიური სისუსტეების გამო.



            ჩვენთვის, ქართველებისთვის, კამპუჩიის გამოცდილებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა ორი მიზეზით. ერთის შესახებ ზემოთ უკვე გაკვრით დავწერე კიდეც: საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გამუდმებული, ფაქტობრივად ყოველდიური და ცრუკანონიერებით (სინამდვილეში კი იურიდიული „ბესპრედელით") გამყარებული დაყადაღებების, დაჯარიმებებისა და კონფისკაციების გამო შეიბღალა 90-იანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - კერძო საკუთრებისა და კერძო ინიციატივის თვით ცნებები. მათ პატივს აღარ სცემდნენ (აღვნიშნავ - არც დღეს, გაქანებული "ბიძინობისას", სცემენ მაინცდამაინც პატივს, მით უმეტეს ცრუ-ლეგიტიმური პოსტსაბჭოთა პრივატიზაციის ფონზე), რამეთუ ისინი ყოველწამს ითრგუნებოდა (არა რეგულირდებოდა გონივრულ ჩარჩოებში, არამედ სწორედ რომ ითრგუნებოდა და ეს დათრგუნვები დღესაც ქმედითია და ხვალაც ქმედითი იქნება) სახელმწიფოს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან, ეს კი უფრო კომუნისტური ენაა, ვიდრე ლიბერალური თუ კაპიტალისტური. მეორე მიზეზი, მეორე ანალოგია, არანაკლებ მნიშვნელოვანია: ესაა სამწუხარო პარალელის გავლების შესაძლებლობა ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნის პოლიტიკური მართვის სისტემებს შორის. თუ ჩვენი ქვეყნის მართვის სტილი და პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა და მომავალ საქართველოში ხელისუფლებაში ისევ მიშისტი-ნაციონალები აღმოჩნდებიან, ქვეყნის ბედის (და, რა თქმა უნდა, ომისა და მშვიდობის საკითხის) განსაზღვრა არა რაიმე ფუნდამენტური ინსტიტუტის (მაგალითად, პატიოსნად არჩეული პარლამენტის), არამედ ისევ ოთხი-ხუთი ფანატიკოსისგან შემდგარი არაფორმალური ჯგუფის გამგებლობაში დარჩება და ქვეყანას ხელში შერჩება დაახლოებით ისეთი სისტემა, რომელიც მოქმედებდა კამპუჩიაში „წითელი კხმერების" ბატონობის ხანაში. უბრალოდ აქაური „თავისუფლების ინსტიტუტი" (ან მისი რაღაც ახალი ნაირსახეობა)  კვლავაც (ისევე როგორც აწ უკვე განვლილი და ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში) იქაური პირსისხლიანი „ანგკას" (ანუ პოლ პოტის უახლოესი პარტიული წრის) მაგივრობას შეასრულებს და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება მხოლოდ ამ ფანატიკოსების არარსებული ჰუმანიზმის იმედის ამარა თუ დარჩება. მართალია, „თავისუფლების ინსტიტუტს" სისხლი საქართველოში უშუალოდ არ დაუღვრია, მაგრამ მმართველი "ელიტის" იდეოლოგია მთლიანად მის ხელში იყო, დღესაც მის ხელში რჩება, და მერე რა? "კოჰაბიტაციის" პოლიტიკამ ეს დაჯგუფება პოლიტიკურ სარბიელს ვერ ჩამოაშორა, და მეორეც: მე ხომ აქ მმართველობის სტილზე ვსაუბრობ და არა ოდესღაც ვიღაცის მიერ სადმე დაღვრილი სისხლის ოდენობაზე თუ ცადენილ უკანონობებეზე. თანაც ამ ტიპის უზურპაციული და „ფარდის მიღმა" მოქმედი პოლიტიკური სისტემების ნაკლოვანება - ყველაფერ სხვასთან ერთად - ისიცაა, რომ მათი მოქმედების პროგნოზირება ქვეყნისთვის  კრიტიკულ სიტუაციებში სრულიად შეუძლებელი ხდება.




მკითხველს შეიძლება დაებადოს კანონიერი კითხვა: რისთვის დაუთმო ავტორმა ამდენი დრო ისტორიულ სანაგვეზე სამი ათაეული წლის წინათ მოსროლილ „დემოკრატიულ კამპუჩიას"? ბოლოს და ბოლოს - და ეს ავტორმაც აღნიშნა - ჩვენთან გენოციდის პოლიტიკას საკუთარი ხალხის მიმართ ჯერ არავინ აწარმოებს, ბანკები, ასეა თუ ისე, მუშაობენ, ფული მიმოქცევაშია, ქვეყანა არ არის იზოლირებული გარე სამყაროსგან და ა.შ.




დიახ, განხვავება „ლიბერტარიანული ფაშიზმით" გაჟღენთილ დღევანდელ საქართველოსა და დედამიწის ზედაპირიდან თითქმის უკვალოდ გამქრალ (პნომპენში ამჟამადაც მიმდინარე ტრიბუნალს თუ არ ჩავთვლით - dccam.org) „დემოკრატიულ კამპუჩიას" შორის, ღვთის შეწევნით, უთუოდ არსებობს. მაგრამ, განსაკუთრებით კი სააკაშვილის გუშინდელი ბენეფისის შემდგომ, წარმოვიდგინოთ წამით მისი რეჟიმის რესტავრაცია. ეს არ გახლავთ ანტიმეცნიერული ფანტასტიკა - ხომ ცნობილია, რომ არა მხოლოდ მიშას გაგრძელებული ევროამერიკული ბენეფისების გადამკიდე, არამედ "ოცნების" უნიათობის გამოც, აქ ბევრ ავიწყდება, თუ რისგან შედგებოდა ჩვენი რეალური ცხოვრება სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინათ. ადამიანის მეხსიერება ამორჩევითი და ლაბილურია, იოლად ივიწყებს დარბევებს და სატელეფონო მოსმენებს...  "ოცნებაზე" განაწყენებულმა და შეპირებული სამართლიანობის აღდგენაზე ხელჩაქნეულმა კაცმა ხვალ რომ იფიქროს: კაი, "მიშა-1"-მა არ ივარგა, მაგრამ "მიშა-2" ამ უმაქნისებს უთუოდ აჯობებსო და იქნებ მეც რამეს გამოვრჩებიო - განა ეს გასაკვირი იქნება? "შუაშისტებიც" ბლომად გამოჩნდება - დაახლოებით ასეთი სქემის ფარგლებში: მართლაც, ჩვენ მასობრივად, ალბათ, არავინ დაგვხოცავს (ნუ დავწვრილმანდებით შურისძიების ცალკეული შემთხვევების განხილვამდე), ჰა-ჰა შეიძლება ისევ რაღაც საბანკო ანგარიში თუ დაგვიყადაღონ, სიმწრით ნაშოვნი (იქნებ, უსამართლოდაც - რას გაიგებ?) სამსახური დაგვატოვებინონ, ან რაღაც ნაცადი პროვოკაცია მოგვიწყონ, მაგრამ სიცოცხლის მასობრივად ხელყოფა - ეგ თითქოს არ გახდება აუცილებელი, ამიტომ შევირგოთ რაც დაგვრჩება ახალი უკეთესობის მოლოდინში... მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ შესაძლო რეპრესიებში, არამედ ფარულ და ლატენტურ ტენდენციებშიცაა და, ჩათვალეთ, რომ ეს სტატია, პირველ რიგში, პრევენციული ხასიათის გახლავთ. სწორედ ამიტომ მინდა თქვენ ყურადღება მივაპყრო საქართველოსა (არა დღევანდელ, არამედ გუშინდელ "მიშასეულ" და ხვალინდელ "მიშასეულ") და იმ კამპუჩიას შორის არსებულ არა თვალში საცემ და აშკარა განსხვავებებზე, არამედ შეფარულ მსგავსებაზეც, რომელმაც ერთ არცთუ მშვენიერ დღეს შეიძლება ქვეყანა უფსკრულის პირამდე ისე მყისიერად მიიყვანოს, რომ ვერც კი შევამჩნიოთ როგორ შევდივართ ძალადობის შეუქცევად სპირალში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანის ყველაზე აღვირახსნილი ფანტაზიაც კი ზოგჯერ განხორციელებადია რეალურ ცხოვრებაში.




 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016