reportiori.ge - ვინ არის ჯოკია ბოდოკიას ხელმძღვანელი გეგი ნიჟარაძე და რა აკავშირებს კეზერაშვილთან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:34
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის ჯოკია ბოდოკიას ხელმძღვანელი გეგი ნიჟარაძე და რა აკავშირებს კეზერაშვილთან?
ავტორი:
19 თებერვალი, 2015. 19:13




მას შემდეგ, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია 50 ათასი დოლარის აღების შემდეგ (მთლიანობაში 180 ათასი დოლარი უნდა აეღო, მაგრამ არ დააცადეს) „ვირის აბანოში" გაამწესეს, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ამ საქმეში მარტო არ იყო. მეტიც, საზოგადოებრივი ლოგიკა უკვე წავიდა მეტასტაზებივით და ისეთ საეჭვო წარსულის მქონე ჩინოვნიკებს მიადგა, რომლებიც თბილისის მერად ივანიშვილის ხათრით დანიშნულმა დავით ნარმანიამ დააწინაურა.


როგორც ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე, სერგო ჯავახიძე ამბობს „ალიასთან". საუბარში, ერთ-ერთი ასეთი საეჭვო პიროვნება ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გეგი ნიჟარაძე გახლავთ. როდესაც დავით ნარმანიამ 2014 წლის 2 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა, გეგი ნიჟარაძე ასე დაახასიათა:


„პროფესიით ეკონომისტი. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურსა და ფინანსურ პოლიციაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე".


ამ დახასიათების შემდეგ ნარმანია თავს ვეღარ იმართლებს, არ ვიცოდი, ვის ვნიშნავდი, მისი კანდიდატურა მავანმა შემომთავაზაო. როდესაც მან გაიგო, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო, რას საქმიანობდა და როგორი რეპუტაცია ჰქონდა.


სერგო ჯავახიძის თქმით, ნიჟარაძე სწორედ მან მიიღო 2004 წელს ფინანსურ პოლიციაში ოპერმუშაკად, მაგრამ შემდგომში როგორ „გამოიჩინა" თავი, ამაზე თვითონ გვიამბობს.


- მე ძალიან მაინტერესებს, რომელი „ქართული ოცნების" კადრი გეგი ნიჟარაძე იყო, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსად რომ წამოსვეს, რა დამსახურება აქვს თბილისის წინაშე? 2006 წელს, როცა მე დამაპატიმრეს, ჩემს საქმეში ყველაზე აქტიური იყო სწორედ ნიჟარაძე, ყველაფერს კადრულობდა და ყველა სიბინძურეზე ხელს აწერდა. მე უკვე ციხეში ვიყავი, როცა ეს ადამიანი პირადად ჩავიდა ბორჯომის რაიონში, ჩემს სოფელში და ყაჩაღური გზით თბილისში წამოიყვანა არა მხოლოდ ჩემი მანქანები, ნათესავებისაც და მეგობრებისაც კი. რაც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული, იმას არ დასჯერდა. ასეთებმა მერე იციან ხოლმე თავის მართლება: რა ვქნა, დამავალეს და შევასრულეო. მაშინ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ჩემი დაპატიმრების დავალება საიდან და ვისგან მოდიოდა, ამ საქმის მოთავეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და დავით კეზერაშვილი. გეგი ნიჟარაძე ასრულებდა ამ ადამიანების ბინძურ დავალებებს. იცი, ახლა რატომ ვლაპარაკობ ამ თემაზე? ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა იცოდეს, რომ თბილისის მერიაში ადგილი აქვს ღალატს და კონკრეტულ ადამიანებთან არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები. თუ ნარმანია ამ საქმეში არ არის გარეული, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაწმინდოს მერიის სისტემა.


- შენ როგორ ფიქრობ, ასეთი მტაცებლები და საეჭვო წარსულის მქონე ადამიანები ნარმანიამ საიდან შეკრიბა?



- მამიდაშვილობისა და დეიდაშვილობის ხათრით, საიდან უნდა შეეკრიბა? კარგად რომ გამოვიძიოთ, ერთმანეთის ნათესავები და მეგობრები არიან. ნურავინ იტყვის, არ ვიცოდი, ვის ვნიშნავდიო, ასეთი რაღაცები საქართველოში არ ხდება, ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც მე შემეხო, იმათი გვარები ვიცი, კიდევ რამდენს შეეხნენ და გაამწარეს? ასე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სანამ იური ვაზაგაშვილი არ ააფეთქეს, დამნაშავე პოლიციელები არ გადადგნენ, სისტემიდან არ მოაშორეს. ახლა ვიღაც ჯოკია ბოდოკიას უნდა აეღო ქრთამი, რომ ამათი ბუდე გამოაშკარავებულიყო? ვინ იცის, ეს პირველი მცდელობა იყო თუ აქამდე დიდი ფული აქვთ აღებული? პირდაპირ გეტყვი, დღეს რაც მერიაში და ფინანსთა სამინისტროში ხდება, თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმე არაფერია.

 

- სერგო, შენ იყავი ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე და ამავე დროს ოპერატიული სამსახურის უფროსი. შენ ძალიან კარგად იცი, რა კატეგორიის ხალხი მუშაობდა მაშინ ამ სტრუქტურაში და წესით, დღესაც უნდა იცოდე, სად არიან ისინი, ანუ ვინ რას წარმოადგენს.


- გეგი ნიჟარაძემ ძალიან კარგად იცის, როცა სამსახურში იღებდნენ, პირადად მე ვეჯექი წინ გასაუბრებაზე. ეგ ჩემი დანიშნულია, ოღონდ კეზერაშვილის ხელმოწერით. არ დაგიმალავ, როცა მე დამაპატიმრეს, ჩემ მიერ მიღებული ყველა ადამიანი გამოუშვეს, დატოვეს მხოლოდ კეზერაშვილის კადრები და ისინი, რომლებმაც ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს სიბინძურეების კეთება. სწორედ ერთერთი მათგანია ნიჟარაძე.


- შენი დროის „ნაციონალი" კადრი ბევრია ფინანსურ პოლიციაში ან მერიაში?

 

- ძალიან ბევრია, გადატენილია კეზერაშვილის კადრებით. ვინც ადრე კეზერაშვილის დაკვეთებს ასრულებდა, მათი დიდი ნაწილი ისევ ადგილზეა ან დაწინაურებულია. თან ისეთ სამსახურებში სხედან, სადაც ფულის კეთება კარგად შეიძლება. ზოგმა მგლის ტყავი გადააგდო და ცხვრის ტყავი მოირგო, ამათ საქციელს იმით ამართლებენ, თითქოს პროფესიონალები არიან და ამიტომ დატოვეს, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი არ არის ისეთი, რომელსაც კეზერაშვილის მიერ დაგეგმილ სიბინძურეებში მონაწილეობა არა აქვს მიღებული. აი, ამ ადამიანების დახმარებით დააწერეს „კეზერაშვილებმა" საქართველოს მოქალაქეებს 12 მილიარდი, ზოგს საპროცესოებით, ზოგს კიდევ ფარულად. ამ საქმეების 99 პროცენტში მონაწილეობდა ფინანსური პოლიცია. მე ოპერატიული სამსახურის უფროსიც ვიყავი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი კადრი არ არსებობს, ვისაც ამ სიბინძურეში მონაწილეობა არ აქვს მიღებული, ნურავინ დამიწყებს მტკიცებას, პატიოსანი ვარო. მე ვთქვი ესენი ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები არიან-მეთქი, მაგრამ აქ არის მეორე საყურადღებო მომენტი - ვინაიდან ასეთები კარგი შემსრულებლები და ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ამათაც სჭირდებათ. ადამიანი, რომელიც ვიღაცასთან მიდის, ფულს აწერს, ცხოვრებას უნგრევს და საერთოდ ანადგურებს, შეიძლება, რომ სხვა ხელისუფლების პირობებში ნორმალური იყოს? აქ სხვა ახსნა არსებობს? თუ ყაჩაღს ტოვებ და აწინაურებ კიდეც, გამოდის, ის შენც გჭირდება. თან სად? ფინანსურ პოლიციაში და ზედამხედველობის სამსახურში? მოკლედ, ასეთებს შავ საქმეებს აკეთებინებდნენ, მერე ერთმანეთზე ჩვენებების მიცემაც არ ეზარებოდათ და ებმებოდნენ კეზერაშვილის მახეში. ციხიდან რომ გამოვედი, არაერთი შემხვდა და იცი, რა დაიწყეს? ვიცით, ძმაო, მართლები არ ვართ, მაგრამ დაგვავალეს და რა უნდა გვექნა?


- შენ როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ გამოძიება ნარმანიამდე მივიდეს?


- ვინც ეს ადამიანები დანიშნა, პასუხისმგებლობაც იმან უნდა აიღოს. როდესაც ჩემი მოყვანილი კადრი, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა ასეთ რაღაცაში ეხვევა, იმდენი კაცობა უნდა მეყოს, რომ ან წავიდე, ან კიდევ დანაშაული ვაღიარო და სასწრაფოდ ყველაფერი გამოვასწორო. ხომ ხედავ, რომ აქ მარტო ჯოკია ბოდოკია არ არის? ორი დღის წინ სევდია უგრეხელიძემ დაიტრაბახა, მერიიდან ყველა კადრი რომ გაგვითავისუფლონ, ჩვენ ინფორმაცია მაინც გვექნებაო. თუ მერიაში ტოტალური კორუფციაა, ამაზე ინფორმაციას ვინ გამოიტანს, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ასეთი რამ არ ხდებოდეს. ჩვენ დღეს ვდგავართ კონკრეტული ფაქტის წინაშე, გეგი ნიჟარაძე არის დავით ნარმანიას კადრი, რომლის ხელქვეითიც იღებს ამხელა ქრთამს. მორჩა, დამთავრდა, ნება იბოძე და პასუხი აგე. ნიჟარაძე ასეთ სამსახურს აღარ უნდა ხელმძღვანელობდეს, ავტომატურად უნდა გაეშვათ.


- როდესაც ციხიდან გამოხვედი, ნიჟარაძე არ შეგხვედრია?


_ არა, არ შემხვედრია, როცა „ქართულმა ოცნებამ" ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნა, გაოცებული დავრჩი და აჰა, შედეგიც სახეზეა.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016