reportiori.ge - 20 თებერვალს კოტე კუბლაშვილს საზეიმო გაცილებას უწყობენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:49
პრეს-დაიჯესტი
20 თებერვალს კოტე კუბლაშვილს საზეიმო გაცილებას უწყობენ?
ავტორი:
19 თებერვალი, 2015. 19:16



რა თავყრილობა იგეგმება 20 თებერვალს დიდი დიღმის მისადგომთან? როგორ გაცილებას უწყობენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მისი მოსამართლეები? რა ელით კუბლაშვილის მოადგილეებს?


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- ეს ინფორმაცია მოგვაწოდა კონფიდენციალურმა წყარომ და ის მდგომარეობს შემდეგში: 20 თებერვალს 19 საათზე კოტე კუბლაშვილს უპირებენ საზეიმო გაცილების მოწყობას მართლმსაჯულების სახლიდან. ეგ მართლმსაჯულების სახლი კი მდებარეობს აღმაშენებლის მე-10 კილომეტრზე, ნაკვეთი 79 და ამ სახლში დიდ ზარ-ზეიმს გეგმავენ ჩვენი მოსამართლეები და საერთოდ, სასამართლოში მომუშავე ხალხი აპირებს, თბილი სიტყვები არ დაიშურონ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ. იქ, ალბათ, ბანკეტიც იქნება, ხმამაღალი სადღეგრძელოებიც წარმოითქმება ამ ხალხის მიერ და არ გამოვრიცხავ, რომ, როცა „ალიაში" გავა ეს ინფორმაცია, ამ შეკრებაზე ის ხალხიც მივიდეს, ვინც თბილი სიტყვების ნაცვლად სხვა სიტყვებსაც ეტყვის კუბლაშვილს იმ ცხრაწლიანი რეჟიმის გამტკიცებისთვის, რომელიც მან განახორციელა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. მაგრამ ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, იმ ხალხისგან გაცილების საღამოს მოწყობა, ვინც წლების მანძილზე ზეწოლის ქვეშ იყო კუბლაშვილის სასამართლოდან და სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში პროკურატურის ყველა შუამდგომლობა კმაყოფილდებოდა, როცა არც ერთი გირავნობა და სხვა აღმკვეთი ღონისძიება არ იხილებოდა, მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი პატიმრობა და განაჩენები იდგა. ამ დროს ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, დავინახეთ, რომ სააკაშვილის საშინელი ხელისუფლების  დასრულების შემდგომ სულ სხვა სიტუაციაა სასამართლოში, რომ გათავისუფლდა სასამართლო პროკურატურის წნეხისგან, რომ სამართლიანად არ კმაყოფილდება მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით, ასევე ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გირაოთი შემოიფარგლება ხშირ შემთხვევაში სასამართლო.

 

- თუ იცით, ყველა მოსამართლე დაესწრება ამ თავყრილობას, ანუ შიგნიდან არავინ გააპროტესტებს ამ ამბავს?


- ნამდვილად არ ვიცი, რა შემადგენლობა იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ მოსამართლეები თავს შეიკავებენ, საზოგადოებამ არ უნდა შეიკავოს თავი და დარწმუნებული ვარ, ამ თავყრილობას მიაწყდება კუბლაშვილის სასამართლოსგან გაუბედურებული დარეკეტებული და გამწარებული ხალხი, გაიხსენეთ, ციხეებში გაუპატიურება სწორედ მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ხორციელდებოდა, რადგანაც მოსამართლეებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ ეძლეოდნენ პასუხისგებაში, სწორედ ამ მოსამართლეებმაც მიიღეს მონაწილეობა მათ მასობრივ წამებებში, რაც ციხეებში ხდებოდა; ყველამ აღიარა, რომ რეპრესიული მანქანა იყო ჩართული და ახლა უწყობენ ამ კუბლაშვილს გაცილების საღამოს?

 

- ამ დღეებში დიდი ვნებათაღელვაა ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით.


- ხოდა, ყველა ვხედავთ, რომ აქტიურად განიხილება იგივე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა და არ ვიცით, მის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ პარლამენტი, მაგრამ კარგად მახსოვს, გვენეტაძე ამბობდა, რომ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც, წლებია, უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენო. ვინც არ უნდა მოვიდეს, გვენეტაძე იქნება, თუ ვინმე სხვა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სისტემა უნდა გათავისუფლდეს მსგავსი კადრებისგან.


- რატომ ხდება სასამართლოში, რომ ერთ მოსამართლეს უამრავი საქმე აქვს მიცემული? ლამის რიგებია სასამართლოს კარზე.

 

- რატომ და უნდა მოხდეს მოსამართლეების რიცხვის გაზრდა, რადგანაც დღეს საქართველოს მასშტაბით არის დაახლოებით 245 მოსამართლე, ეს საკმაოდ მცირე რიცხვია, იმდენი საქმეებია დახვავებული. დათქმულ ვადებში ვერ ეტევიან მოსამართლეები, ხდება ვადის გაწელვა ერთი-ორი წლით, ეს ნაკლები რაოდენობა კი იქიდან მოდის, რომ „ნაციონალები" მხოლოდ იმ მოსამართლეებს ამწესებდნენ სასამართლოში, ვინც მათი მორჩილი იყო. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ჯალათი მოსამართლეებისგან და არა მარტო გათავისუფლდეს, არამედ ასეთი მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.


- ამ მოსამართლეებისგან უმრავლესობას ისედაც გასდის ვადა.


- სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს წლებში ვადა გასდის მოსამართლეებს, რომლებსაც ათწლიანი ვადები ჰქონდათ მოსამართლედ ყოფნის: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს ზაზა მეიშვილს, რომელსაც 2016 წელს გასდის ვადა. მიხეილ ჩინჩალაძეს, საქართველოს უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს ვადა 2017 წელს ეწურება; 2016 წელს ვადა გასდის ვასილ როინიშვილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესა და სამოქალაქო საქმეების პალატის თავმჯდომარეს, ანუ სულ ცოტა დარჩათ ამ პოსტებზე ყოფნის დრო. რაც შეეხება უზენაესის მოსამართლე ნათია წკეპლაძეს, მას ახლა გასდის ვადა, 2015 წელს, მაგრამ წკეპლაძე ერთადერთი ღირსეული მოსამართლეა ამ ჯგუფში. არადა, აქ ჩამოთვლილი მოადგილეები ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.


- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?


- მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც ადეიშვილის კადრია და ვასილ როინიშვილს, რომელიც ასევე უშიშროებიდანაა. ისინი პროკურატურიდან მოდიან და ამ ხალხმა პროკურატურაში მუშაობის დროიდანვე თავი დაგვამახსოვრეს, როგორც დაუნდობელი რეჟიმის მსახურებმა. მათ მიმართ არის უამრავი კითხვა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ამაჟამად მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის იმუნიტეტი იცავთ პასუხისგებაში მიცემისგან.


- ვინც ჩამოთვალეთ, იმათ ლევან მურუსიძე დააკლდა აშკარად.


- მურუსიძე, რა თქმა უნდა, რომლის მიმართაც ასევე კითხვებია! მაგრამ მე გამოვარჩიე ეს ორი ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო თვალშისაცემები არიან.


- კი, მაგრამ მათი განთავისუფლება როგორ მოხდება?


- უნდა დაიწყოს მათი საქმების შესწავლა და, ვფიქრობ, დარღვევები აშკარად გამოჩნდება, თორემ მარტო ერთი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შეცვლით სისტემას ვერ შევცვლით ვერანაირად.


- დავუბრუნდეთ იმ თემას, რითაც დავიწყეთ: არასამთავრობო ორგანიზაციები თუ აპირებთ 20 თებერვალს აღმაშენებლის მე-10 კილომეტრზე მისვლას და ბანკეტის გაპროტესტებას?

 

- ზუსტად ვიცი, რომ 20-ში საზოგადოება გამოხატავს პროტესტს და ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში.


- რომ ჩაერთვება საზოგადოება, ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი ამ განცხადების შემდეგ, ვაიდა, კუბლაშვილმა შეცვალოს საქეიფო ადგილი და სხვაგან შეკრიბოს მოსამართლეები, ამ შემთხვევაში რას იზამთ?



- სადაც არ უნდა შეიცვალონ და სადაც არ უნდა შეიკრიბონ, თბილისი პატარაა, მაგრამ ფაქტი, რომ ეს ხალხი კუბლაშვილს გაცილებას უწყობს, ესაა დიდი სირცხვილი, არ დაგავიწყდეთ, ხდებოდა ამ მოსამართლეების მოსმენები! ჩვენ ამერიკის ელჩის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს ვუთხარით, ნაფიცი მსაჯულების პირველი შეკრება რომ ჩატარდა, მანდატურებმა გვითხრეს, რომ ჟუჩოკები იყო დაყენებული მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულების ოთახებშიო და ეს ინფორმაცია გავასაჯაროეთ ამერიკელებთან, ესეც და სხვა ფაქტებიც და ამიხსნან, ვის აცილებენ და რას აცილებენ? თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მაგ დარჩენილ მოსამართლეებსაც მაგარი „მანდრაჟი" აქვთ, რადგანაც იციან, რომ მოსალოდნელია ძირეული ცვლილება, რადგანაც მათ პატრონი ტოვებთ! მაგრამ იმ მოსამართლეებში ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც რეჟიმს თავს არ უხრიდნენ და ეს ადამიანები უნდა დარჩნენ ადგილებზე, ესეც ფაქტია.





 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016