სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის კლინიკური შემთხვევა. კეთილსინდისიერი ფსიქიატრები მას „რუსთავი 2"-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სამკურნალო დაწესებულებაში წაიყვანდნენ. პაციენტ სააკაშვილს ღიად გამოხატული აქვს მწვავე ფსიქოზი,ჰალუცინაცია, გაძლიერებული ბოდვა, მანიაკალური დეპრესია, აკვიატებული აზრები, შიზოაფექტურობა...
მოკლედ, ფსიქიატრების პაციენტმა ტელევიზიით მოყვა, რომ, როცა ედუარდ შევარდნაძის სამფლობელოში შევარდა, მას დახვდა ვირთხები, თაგვები და ერთი კატა, მერე ეს კატა მეთერთმეტე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. ჰოდა, იგივე მდგომარეობაა კიევის იმ შენობაში, სადაც მეც ვიმყოფებიო. თავის ნათლიმამას, იუშჩენკოს ხომ გადაუარა წაღმა-უკუღმა. ორივე ფერადი რევოლუციებით მოვედით, მაგრამ ბანძი აღმოჩნდა, ჩაფლავდაო და ახლა მე დავერევი უკრაინელ ვირთაგვებსო. პაციენტ სააკაშვილს უმალვე უპასუხეს კანცელარიის ყოფილმა თანამშრომლებმა, ასეთი რა შეიყნოსე, მიხეილ, სულ კატები, თაგვები და ვირთხები რომ გელანდებაო. კატა იმ შენობაში ნამდვილად იყო, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მდივანს, ციცინო ჩიხლაძეს ეკუთვნოდა, თუმცა ეს კატა მან ზურაბ ჟვანიას მოუყვანა საჩუქრად და ამ სცენას შესწრო სააკაშვილი. ცნობილია, რომ ჟვანიას ძალიან უყვარდა კატები, მიშა კი შურიანი იყო და აი, ეს ვერ მოინელა დღემდე.
საოცრება დააბრეხვა ჩემმა ბრალდებულმა, ლურჯ მონასტერში ვიყავი მე-7 კლასში და მილიციაში წაგვიყვანესო. „ნაცისტებო", უშველეთ თქვენს ლიდერს, ვიდრე თეთრ ხალათში არ გაუბაწრავთ. კიდევ, თურმე სხვის პირად ცხოვრებაში ქექვა ეზიზღება ჭირივით და ის ვიდეოფაილები, რომელიც გაანადგურეს, არ უნდა გვახსოვდეს; ჟვანიას მან შეუნახა სახელი, თორემ ადეიშვილს მისი ზეწრების გამოფენა უნდოდა და მიშამ „ადეს" უყვირა, შენ ამას არ გააკეთებო. გავიგეთ, რომ გიგი მიშასთვის კარგი მერი არ ყოფილა; ვანო პოლიციის მამაა; ახალაია სულ ფეხებზე ჰკიდია; ისიც გავიგეთ, რომ იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი თავდაცვის ექსმინისტრი მტირალა ყოფილა, მიშას მხარზე უქვითინია, ოფიცერი მოგვიკლეს რუსებმა და არიქა სანამ ბატალიონს არ ამოგვიხოცავენ, ცხინვალში შევცვივდეთო; ბებიამისი მზია კვლავ აქტუალურია მის ცხოვრებაში. ალასანიას მინისტრობის პერიოდი გააკრიტიკა და წამოიყვირა, მაგან ლაზიკას" გამოშვება შეწყვიტა, ეს მაგან გააკეთა, აბა ბებიაჩემ მზიას რა შეხება ჰქონდაო? კიდევ ის გავიგეთ, რომ ვიცე-პრემიერობას სთავაზობდნენ უკრაინაში, ამერიკიდან ბევრი საათი მოფრინავდა და გზაში საკუთარ თავს გვირილობანას ეთამაშებოდა, დავთანხმდე თუ არაო, ბოლოს თქვა, ისტორიაში მე, პირველმა შევქმენი საქართველოს სახელმწიფო და ქართველად უნდა „დავიბრიდოო" და უკრაინელებს უთხრა, თქვენი მოქალაქეობა შუბლზე აიკარითო. მერე უკრაინამ მიშასთვის კანონის შეცვლა გადაწყვიტა და აი, მიშიკომ რომ დაინახა, ატყუებდნენ რაღაცას, ფეხები გაფშიკა, ჯერ შეცვალეთ და მერე ვილაპარაკოთო და აქაც მიშიკო აღმოჩნდა გონიერი. ბოლოს უკრაინელებმა ბევრი იფიქრეს და მიშას ადგილი მოუძებნეს, პოროშენკოს მრჩევლად და აი, აქ გაგედო, პეტროოოოო!
კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე „ალიასთან" საუბარში სააკაშვილის სიგიჟეებს იხსენებს და ყვება კატაზე, კანცელარიის კომუნისტურ შენობაზე, შევარდნაძის გაურემონტებელ ოთახზე, რომელზეც მიშა ბობოქრობდა და საბჭოთა დროს ახსენებდა:
- სააკაშვილი მუდამ საკუთარი ფსიქიკის მძევალი იყო, რაც შეეხება ნიუანსებს, სახელმწიფო კანცელარიას სამეურნეო საკითხები არ ეხებოდა, არსებობდა ცალკე სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე. 9 წელი გავატარე კანცელარიაში და ნამდვილად იყო ბზარები, განსაკუთრებით როცა მიწისძვრა მოხდა, ალაგ-ალაგ შელესეს, მაგრამ შევარდნაძის კაბინეტში ბზარები დიდი ხანი იყო და ამბობდა, რომ ბიუჯეტი არის მწირი, გვიჭირს და კაბინეტის რემონტზე ფულს არ დავხარჯავო.
კანცელარიაში კატა ჩემი თვალით მინახავს, შევარდნაძის სამდივნოს უშუალო ხელმძღვანელი იყო ცისანა ჩიხლაძე, შეიძლება ის იყო მისი მფლობელი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დასავლეთში სამთავრობო სტრუქტურებში კატები მინახავს და ეს იქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ შემთხვევაში ეს კატა სანეპიდსადგურის ფუნქციას ნამდვილად არ ასრულებდა. კატის გადახტომა არის მიშას ფანტაზიის ნაყოფი, მისი ხელწერაა, ამ მხრივ საოცარი ფსიქიკა აქვს. ელდარ შენგელაია ამბობდა, რომ სააკაშვილი გამზადებული სურათებით აზროვნებს და არა ლოგიკურადო, ამ მხრივ რეკორდულია მისი წარმოსახვა, ღრუბელ-ღრუბელ რომ მიფრინავდა და ასე ჩაფრინდა ფოთში, რეალურად კი არ ჩასულა. ალასანიამ სწორად თქვა, ბარონ მიუნჰაუზენია, მოყოლას რომ იწყებს, რასაც ხედავს შინაგანი მზერით, იმას მიჰყვება და რასაც ყვება, იმ მომენტში სჯერა. მას შეუძლია, დაინახოს, როგორ ზის პილოტის გვერდით და მიფრინავს ღრუბელღრუბელ.
გავოცდი, როცა ლურჯი მონასტერი ახსენა. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა საბჭოთა მილიციამ დამიჭირაიმიტომ, რომ ლურჯ მონასტერში დავდიოდიო, მეშვიდე კლასში რომ იყო, ლურჯი მონასტერი მაშინ დაკეტილი გახლდათ, მის გვერდი არის რუსული ეკლესია და ის, კი ბატონო, ღია იყო. ჩემთვის არაერთ ადამიანს უთქვამს, ხომ ვიცით, რომ მიშა ტყუილებს ამბობს, მაგრამ მას აქვს უნარი, დაგაჯეროს, ხომ არ გგონია, რომ სიტყვისთვის წინასწარ ემზადება, სპონტანურად ლაპარაკობს, ეს არის მისი ფანტაზიის ნაყოფი.
იცით, რატომ დასჭირდა რელიგიაზე ხაზგასმა? მას სწამს, რომ მალე დაბრუნდება. იცის, რომ ეკლესიას აქვს მაღალი რეიტინგი, რომ მას აბრალებდნენ უწმინდესის მიმართ შეთქმულებებს. ახლა, ამის გამოსწორება უნდა, საპატრიარქოსთან დაახლოებული ხალხი ადასტურებს, რომ უგულავა და სოსო თოფურიძე შევარდნენ საპატრიარქოში და პატრიარქთან ხმასაც აუწიეს, საკმაოდ უწმაწური სიტყვების ხმარებაც ყოფილაო. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ახლა დასჭირდა და გარდაქმნა გააკეთა, მას აქვს მსახიობური ნიჭი.
- პირად ცხოვრებაში ხელის ფათური მძულს და ვერ ვიტანო, აცხადებს მიშა და მეორე მხრივ არსებობდა ათასობით ფაილი, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი.
- ეს კადრები სჭირდებოდა, იმიტომ რომ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი ახალაიები ავადმყოფი ხალხია, მათ მიაჩნდათ, რომ ეს არის ბერკეტი და ამით უნდა მართონ ხალხი. მაგალითად, მე ვიცი, რომ ცნობილი ოჯახის შვილებს, ახალდაქორწინებულებს, საქორწინო მოგზაურობაში რომ მიდიოდნენ, უმონტაჟებდნენ ვიდეოს, ეს ვიცი მათგან, ვინც ეს ვიდეო ნახა და მათ სექსუალურ კავშირებს იღებდნენ, ეს იყო ბერკეტი ამ ახალგაზრდებისა და მათი მშობლების დასაშანტაჟებლად. იყო ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების ფარული ჩანაწერები და ასევე იყო ჰომოსექსუალების ვიდეოჩანაწერები, ამ ყველაფერს ინახავდნენ.
განათლების სისტემის რეფორმაში ჩაბმული ადამიანი კი მეუბნებოდა, როცა უნივერსიტეტში რეფორმა ტარდებოდა, ყოველდღე მირეკავდა მიშა, მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა და მეკითხებოდა, მარიკა ლორთქიფანიძე ისტერიკაშია? ტირის? იმას კი არ ისმენდა, რეფორმა როგორ მიმდინარეობს, ადამიანის გამწარებით ტკბებოდა, თავისი არასრულფასოვანი კომპლექსის გამო. იცით, რა არის სააკაშვილის მიზანი? მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, აღმოჩნდეს ჩრდილში. 2003 წელს ზაფხულში არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები შეკრიბა დარბაზში და ლაპარაკობდა, რომ ყველაფერს იზამს, გახდეს პრეზიდენტი, არავის დაგივიწყებთ, ოღონდ დამეხმარეთო და ბოლოს როლში ისე შევიდა, ყვირილზე გადავიდა, იცოდეთ, ხალხო, დედაჩემმა წვალებით გამზარდა, მარტოხელა ქალი იყო, მაგრამ გიულის მოვკლავ, გზაზე რომ გადამეღობოსო. ჩვენს წინ ისეთი აღგზნებული და იდეის ფანატიკოსი იყო, რომ შეგვეშინდაო. ისტორიაში ცნობილია, რომ სწორედ ასეთი ფანატიკოსები აღწევდნენ ძალაუფლებას. მას არაფერი არ გააჩერებს, გორში სამარცხვინოდ გაიქცა და თავი მოგვჭრა. რამდენმა უცხოელმა მითხრა, დალაგდება სიტუაცია და გადადგებაო, თვითონ დაიწყო ავანტიურა, ქვეყანა დაანაწევრდა და თვითონ ასე სამარცხვინოდ გაიქცაო. მე მათ ვეუბნებოდი, რომ კი არ გადადგება, არამედ ახლა მოქალაქეების გამწარებაზე გადავა და შურს იძიებს ჩვენზე, ასე გაიმყარებს ძალაუფლებას-მეთქი, ახლაც ეს ესიზმრება და სწამს, რომ ბრუნდება ძალაუფლებაში.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"