reportiori.ge - ვისი კადრია და რისთვის მოხსნეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:58
პრეს-დაიჯესტი
ვისი კადრია და რისთვის მოხსნეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე?
ავტორი:
20 თებერვალი, 2015. 15:28




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის 18 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა. რამდენიმე დღის წინ შსს-მ „წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ფხოველიშვილი სხვადასხვა კორუფციული სქემებით 2 227 887 ლარის უკანონოდ მითვისებაში ამხილა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობერიძე ამ კორუფციულ სქემასთან კავშირშია და სწორედ ამიტომ მოხსნეს და გამორიცხული არ არის, რომ დააკავონ. კობერიძე 2012 წელს სწორედ მაშინ მუშაობდა კომპანიის დირექტორის მოადგილედ, როცა ფხოველიშვილმა კორუფციული სქემა აამუშავა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კომპანიაში კობერიძე სწორედ შესყიდვებს კურირებდა და ფხოველიშვილსა და მის მეუღლეს, ნუცუბიძეს შესყიდვებზე კონტრაქტს პირდაპირ უფორმებდა და სახელმწიფო თანხების მითვისებაში ეხმარებოდა. თუმცა, გამოძიების მასალებში ფიგურირებს თუ არა მისი გვარი, უცნობია. არც ანტიკორუფციულ სააგენტოს დაუსახელებია გიორგი კობერიძე. „ნაციონალი" დეპუტატი ირმა ნადარეიშვილი კი აცხადებს, რომ გიორგი კობერიძე ნამდვილად ჩართული იყო ამ საქმეში. კობერიძე მინისტრის დავით შავლიაშვილის კადრი იყო.



რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დიდი არეულობაა, ამის შესახებ მედიით არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაციები, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ყურებს არ იბერტყავდნენ. ცოტა ხნის წინ, ამ სამინისტროში აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. ამ ეტაპზე არ ხმაურდება, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, მაგრამ მასალები შეეხება სამინისტროში 2012-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებს. „ალიას" კულუარულად აცნობეს, რომ აუდიტის სამსახურმა ათეულმილიონობით ლარის უკანონო შესყიდვების ფაქტები აღმოაჩინა სამინისტროში და ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დროინდელი კანონდარღვევები არ არის, საკმაოდ სერიოზული დარღვევებია 2012 წლებში ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვების დროსაც, როცა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა" იყო. თუმცა, საკმაოდ დიდი საბიუჯეტო თანხები ყოფილა გაფლანგული და მითვისებული იმ პერიოდში, როცა ამ სამინისტროს დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა.



სამინისტროს მეტი კონტროლი და ყურადღება რომ სჭირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან აცხადებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომელმაც სამინისტროს შესყიდვები დეტალურად შეისწავლა.



ამ კვლევაზე ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა დაბრუნდაშვილი მუშაობდა, რომელმაც ალიას" განუცხადა:



„ჩვენ 2014 წელს გამოვაქვეყნეთ მასალები რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართული ტენდერების შესახებ. ჩვენ არ ვსაუბრობდით ამ არაკანონიერებაზე, ფორმალურად ყველაფერი რიგზე იყო, ტენდერები ნორმალურად იყო ჩატარებული, თუმცა, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სხვა ტენდენციებზე - კონტრაქტების ვადის გადაწევაზე. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ტენდერებში ერთი და იგივე სუბიექტი მონაწილეობდა. ორი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როცა თანამდებობის პირების ფირმებმა მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა და გაიმარჯვეს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის კომპანია „ჰერიო" და პარლამენტარ სერგო ხაბულიანის „ცეკური". „ცეკურმა" გაიმარჯვა ორ ტენდერში, „ჰერიომ" - ერთში. ორივე კომპანიას სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. „ჰერიომ" მოიგო სამშენებლო კონტრაქტი, რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარი, „ცეკურმა" კი, ორი კონტრაქტი მოიგო, რომელთა ღირებულება ჯამში 2 მილიონი ლარის ოდენობის იყო. ჩვენ ამ ფაქტებზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს თანამდებობის პირთა ფირმების მონაწილეობის ფაქტები სახელმწიფო შესყიდვებში და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ".



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", ასევე, გამოაქვეყნა ინფორმაცია კომპანია „სერპანტინის" შესახებ, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების საკუთრებაა. მაშინ დიდი ამბავი ატყდა, რომ პრემიერს უსაფუძვლოდ ებრძოდნენ და სამინისტროში ყველაფერი რიგზე იყო, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და უპირველესად, სწორედ ტენდერების კანონიერად ჩატარების კუთხით. სწორედ პრემიერის უშუალო ინიციატივით, მინისტრის პირველ მოადგილედ მიავლინეს „ქართუ ბანკის" მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი (გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო). მას არ დაუმალავს, რომ მისი მთავარი ფუნქცია სამინისტროში ტენდერების კონტროლი იქნებოდა, არც ის დაუმალავს, რომ, თუ უკანონო ტენდერების კვალს აღმოაჩენდა, ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემდა. სავარაუდოდ, სწორედ ნოდარ ჯავახიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევიდა სახელმწიფო აუდიტი სამინისტროში, შსს-ს ანტიკორუფციული სამსახური კი თავად აცხადებს, რომ „წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიაში" კორუფციული სქემის შესახებ მასალები სამინისტროდან მიიღეს და გამოძიებაც ამ მასალების საფუძველზე დაიწყო. აბსოლუტურად საფუძვლიანი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს ეს მასალები ნოდარ ჯავახიშვილის ხელდასხმით გადაეგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის" კორუფციულ ამბავს, შესაძლოა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ცაბუტაშვილიც შეეწიროს, სავარაუდოდ, მინიმუმ, მასაც მოხსნიან.



„ალიას" მმართველი კოალიციიდან „ქართული ოცნებიდან" მოაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სწორედ დავით გალეგაშვილისა და სერგო ხაბულიანის ფირმების მიერ მოგებულ ტენდერებში აღმოაჩინა კანონდარღვევა. აუდიტის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ მათი ფირმები სამინისტროს სხვადასხვა მაღალჩინოსნების დახმარებით იგებდნენ ტენდერებს და დღეს ამ ხალხის ვინაობა, მათი გაწეული უკანონო სამსახური გალეგაშვილისა და ხაბულიანისთვისაც, ანუ პოლიტიკური კორუფციის ფაქტები პროკურატურისთვისაც ცნობილია.



წყაროს თქმით, სერგო ხაბულიანს, რომელიც „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" ფრაქციის წევრია და „ოცნებაში" პორტირებული „ნაციონალია", პროკურატურა მალე მიადგება და არა მხოლოდ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოგებული ტენდერების გამო. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, სერგო ხაბულიანის შპს „ცეკურმა", „ნაციონალთა" მმართველობის დროს, 12 მილიონ 300 000 ლარის ღირებულების 16 კონტრაქტი გააფორმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მათ შორის, შეასრულა წყალტუბო-ცაგერის გზის რამდენიმემილიონიანი სარეაბილიტაციო სამუშაო. ხაბულიანი „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო და ათეულათასობით ლარი აქვს გადარიცხული აწ უკვე ყოფილი მშობლიური პარტიის ანგარიშზე. „ცეკური" ფიქსირდება თბილისის მერიის მიერ გამართული ტენდერების გამარჯვებულადაც და ეს მას შემდეგ, რაც თბილისის მმართველობაში „ქართული ოცნება" მივიდა.



„ცეკურს" კორუფციული გზით მერიაში ტენდერების მოგებაში ადანაშაულებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე. თუმცა, ის ხმას არ იღებს, იმ ტენდერების შესახებ, როცა მისი პარტიის მმართველობისას იგივე „ცეკური" ტენდერებს უპრობლემოდ იგებდა. წყარო აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, ვინ არის „ქართული ოცნებიდან" სერგო ხაბულიანის მფარველი, მაგრამ ირწმუნება, რომ მის კომპანიას ხელს უწყობდა და ტენდერებს აგებინებდა დავით ნარმანია. რა გამოდის, თუ ეს მართლაც ასეა, ნარმანია უფრო მაღალი პოლიტიკური ფიგურის უკანონო დავალებას ასრულებდა?



როგორც წყარო ამბობს, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახლა დიდი პანიკაა. „ალიას" წყაროს ინფორმაციით, აუდიტის დასკვნაში ამ სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი ფიგურირებს და ამ საქმეებს პროკურატურა იძიებს. სავარაუდოდ, სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს დაიბარებს პროკურატურა, მანამდე კი, ალბათ, წმენდა იქნება და არაერთ მაღალი თანამდებობის პირს დაატოვებინებენ პოსტს. გადაჰყვება თუ არა ამ ყველაფერს მინისტრი დავით შავლიაშვილი? წყაროს ინფორმაციით, შავლიაშვილი კორუფციულ ტენდერებში გარეული არ არის. ვინ რა დოზით იყო გარეული, ეს ყველაფერი დეტალურად იცის ნოდარ ჯავახიშვილმა და შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილმაც. დავით შავლიაშვილს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ შესაძლოა, მინისტრის პოსტის დატოვება მოუწიოს, რადგან მის თვალწინ სამინისტროში კორუფციული გარიგებების კასკადია და ვიდრე ჯავახიშვილი არ დაუსვა მოადგილედ ღარიბაშვილმა „კორუფციასთან ბრძოლის დარგში", მანამდე კორუფციის ერთი ფაქტიც კი არ გამოაშკარავებულა ამ სამინისტროში.





ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016