შენდობის კვირას, ხვალ, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
წელს დიდმარხვა 23 თებერვლიდან დაიწყება და 12 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.