ხვალიდან დიდი მარხვა იწყება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები.
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს წმიდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი იკითხება. ოთხშაბათს და პარასკევს კი ტაძრებში პირველშეწირულის ლიტურგია სრულდება. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და სხვა მარხვებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმეა.
დიდ მარხვაში უნდა შევიკავოთ თავი ხორცისა და ხორცის პროდუქტებისაგან, ყველისა და რძის პროდუქტებისაგან, კვერცხისა და თევზეულისაგან. არ არის დაშვებული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების დალევაც. კარგი იქნება თუ ვისარგებლებთ დიდი მარხვის საერთო შემართებით და დავთმობთ სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს.
დიდი მარხვის პირველი შვიდეული განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. ჩვეულებრივ საკვები უზეთოდ მზადდება და მცირდება მისი მიღების რაოდენობა.
დიდი მარხვის I კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება. დასაშვებია ცოტაოდენი ღვინის შესმა.
დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის II კვირას ვიხსენიებთ წმიდა გრიგოლ პალამას, თესალონიკელ ეპისკოპოსს. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
III კვირას ჯვარის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ამ დღეს შუა ტაძარში დაესვენება ცხოველსმყოფელი ჯვარი და მისი საპატივცემო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება წმ. ბასილი დიდის წირვა.
დიდი მარხვის IV კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.
დიდი მარხვის V შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის V კვირას ვიხსენებთ ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომელიც თავდაპირველად უწმინდური და თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის შემწეობით ირწმუნა ღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმიდანი გახდა. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.
VI შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას (წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავი). ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით.
VI კვირა - ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს - იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.
დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა.
დიდი მარხვა 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.