„დღეს ადამიანი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია“, - ბრძანა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა; დღეს ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე.
„ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. ის თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს.
ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - განაცხადა პატრიარქმა.