reportiori.ge - რატომ დუმს პროკურატურა – აშვილებენ თუ არა საქართველოდან ბავშვებს გეი წყვილებზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:27
პრეს-დაიჯესტი
რატომ დუმს პროკურატურა – აშვილებენ თუ არა საქართველოდან ბავშვებს გეი წყვილებზე?
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 15:58

 

 


რატომ წაუყრუებს საქართველოს მთავრობა ჩვილი ბავშვების ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაყვანის საქმეს, თანაც გეი წყვილებისთვის? ვინ მფარველობს მარიამ კუკუნაშვილის სააგენტოს და მონაწილეობს თუ არა თბილისის საკრებულო თამარ ხაჭაპურიძის მიერ მოწყობილ მასკარადში?


ეს სკანდალი მაშინ აგორდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის იმედის" თავმჯდომარემ თამარ ხაჭაპურიძემ საქართველოს მთავრობას, იუსტიციის მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს „ფეისბუკის" საშუალებით ღია წერილით მიმართა:


„ღარიბაშვილო, ყრუ ხარ თუ თელაველ კუკუნაშვილს მფარველობ?


7 თვეა, ტელევიზიებით ამაოდ გადის კლიპი „ჩვილების საქმე". ხელისუფლება ურცხვად დუმს. ვასახელებ ბავშვებს, რომლებიც ყალბი საბუთებით უცხოელ მამაკაცებსა და გეი პირებს გაატანეს ქვეყნიდან: სუროგატი ჯავაშვილის გაჩენილი ბავშვი საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადააყვანინეს ავსტრიელ მამაკაცს, სუროგატი მუღალაშვილის გაჩენილი 2 ბავშვი - ბრიტანელ მამაკაცს, სუროგატი ღონღაძის გაჩენილი ბავშვი - გერმანიის მოქალაქე მამაკაცს და ა.შ.


იუსტიციის მინისტრისგან ვითხოვ, აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვების დაბადების მოწმობები, გაცემული სამოქალაქო რეესტრიდან, შეიცავდა თუ არა მშობლების ვინაობაზე ყალბ ჩანაწერებს? ამას ადასტურებს პროკურორის დადგენილება (07.05.2013), სადაც წერია, რომ მ. კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტომ გააყალბა ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები (სსკ 362-ე მუხლი - შეეხო ამნისტია). შს მინისტრისგან ვითხოვ, აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვები, აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით, იყვნენ თუ არა გადაყვანილნი სახელმწიფო საზღვარზე? ამას ადასტურებს საზღვრის მონაცემები და სს საქმე 344-1 მუხლითაა აღძრული, ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას.



ქართული გენეტიკური მასალით ჩასახული უამრავი ბავშვი უცხოელი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხის ხელშია მოხვედრილი და ეს დღემდე გრძელდება.


მთავარი პროკურორისგან ვითხოვ განმარტებას: რატომ არ უყენებთ ბრალს დამნაშავეებს № 010130214003 სს საქმეზე? იქნებ იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენისას მ. კუკუნაშვილის სააგენტოს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და ოჯახის ინგლისურის მასწავლებელი იყო? რატომ არ დაინტერესდით ჩემი აუდიოჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელი, რომელიც ამ ჩანაწერშია, გამომიტყდა, რომ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ შეაჩერებინა ჩვილების საქმის გამოძიება. აუდიოჩანაწერის შესახებ ღარიბაშვილისადმი მიწერილი ჩემი წერილი უკანონოდ გადაეცა თავად ჩუბინიძეს, რომელმაც დამირეკა ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, შემდგომ ჟურნალისტებთან დაფარა დარეკვის ფაქტი და ტყუილის გამოგონება დამაბრალა. მე მივმართე სასამართლოს „მაგთის" დეტალური ამონაწერით. სასამართლომ მიიღო სარჩელი ა.  ჩუბინიძის წინააღმდეგ, სხდომა გაიმართება 4 მარტს 11.00 საათზე. თამარ ხაჭაპურიძე, ასოციაცია „მომავლის იმედის" თავმჯდომარე.


თებერვალი, 2015წ"



„კვირის ქრონიკა" თამარ ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა:


- ეს იგნორი ხელისუფლების მხრიდან არის მთავრობიდან პროკურატურის მიმართულებით გაშვებული სიგნალი, რომლის შინაარსიც ასეთია: ჩვენ არ გვაინტერესებს, ე.ი. შენც არ უნდა გაინტერესებდეს. პროკურატურა ამ სიგნალს სრულიად ემორჩილება. მთავრობის ამ არაადეკვატურ და ცინიკურ დუმილში, ვფიქრობ, ნათლად ჩანს დამნაშავეთა მფარველობის ნიშნები. შედეგიც სახეზეა, საზღვარზე ბავშვების ყალბი დოკუმენტებით გადაყვანის ყველა ფაქტი ბოლომდე გამოძიებულია, საქმე კი გახსნილად არ ცხადდება.

 

- გამოეხმაურა თუ არა თეა წულუკიანი თქვენს მიმართვას და აქვე გკითხავთ, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენი ქართველი ჩვილია უკვე  გაყვანილი საზღვარგარეთ ყალბი საბუთებით გეი წყვილებისთვის?


- თეა წულუკიანი ყოვლად უპასუხისმგებლო მინისტრია. მისი უწყებიდან გაიცემოდა ყალბი მონაცემებით დაბადების მოწმობები და ის სამარისებური დუმილით დუმს. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვიწვევ მას ღია დებატებში და ვურჩევ, იმ გაყალბებული დაბადების მოწმობების ასლები გამოაყოლოს, რომელთა საფუძველზეც ბავშვები ქვეყნიდან ვიღაც უცხოელ კაცებს გაატანეს. თუ არ გამოაყოლებს, მე დავულაგებ ჩარჩოებში ჩასმულს. გაყვანილი ჩვილების რაოდენობაზე ზუსტი სტატისტიკა არ გამაჩნია, მაგრამ გვაქვს რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე ყველა მტკიცებულება, მათ შორის ასოციაცია „მომავლის იმედის" „ფეისბუკ"-გვერდზეც დევს ზოგიერთი იმ სუროგატის გვარი, რომელთა გაჩენილი ბავშვებიც დოკუმენტების გაყალბების გზით მამად უკანონოდ რეგისტრირებულ პირებს გააყვანინეს ქვეყნიდან, დევს ვიდეომტკიცებულება, რომლის ნახვის შემდეგაც ეჭვი არავის აღარ ეპარება, რომ „ნიუ ლაიფ ჯორჯია" გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უცხოელებს ქართველი ბავშვებით უზრუნველყოფდა ქართველი დონორებისა და სუროგატების მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონებთან და ამიტომ ხდებოდა ფარულად და დოკუმენტების ფალსიფიკაციის გზით.

 

- არსებობს თუ არა მარიამ კუკუნაშვილის წერილობითი ან ზეპირი პასუხი თქვენი ორგანიზაციის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე?


- მარიამ კუკუნაშვილის მიერ ჩემს შესახებ ინტერნეტით გავრცელებული ბევრი ცრუ ინფორმაცია არსებობს, თუ ამას პასუხებად ჩავთვლით, საჩივარიც დაუწერია თურმე ჩემზე, მაგრამ უსაფუძვლო საჩივრებზე საქმის აღძვრა არ ხდება.



„ქრონიკა" „ნიუ ლაიფ ჯორჯიას" დირექტორს, მარიამ კუკუნაშვილსაც დაუკავშირდა:


- თამარ ხაჭაპურიძის შესახებ ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები. ის შვიდი წელია სხვადასხვა ბრალდებით სხვადასხვა უწყებაში მიჩივის. მინდა გითხრათ, რომ აბსურდულია ეგ ყველაფერი და ასე რომ არ იყოს, სამართალდამცავებს აქამდე გამოძიებული ექნებოდათ ეს „საქმეები"...

 

- სხვათა შორის, თქვენს „საქმეებთან" დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში ძალიან მწვავე განცხადებები გაკეთდა...


- რაც შეეხება საკრებულოს, საკრებულოს პოზიციით გაოცებული ვარ, ანუ თამარ ხაჭაპურიძის მასკარადში საკრებულოს მონაწილეობის მიღებით... საკრებულო როდის აქეთ ითავსებს პროკურატურის ფუნქციებს, მაინტერესებს... დედაქალაქის საჭირბოროტო საკითხები დაილია, რომ საკრებულოს წევრებმა ხაჭაპურიძის მიერ მოწყობილმასკარადში არ მიიღონ მონაწილეობა?


თამარ ხაჭაპურიძე ხან ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსისგან მფარველობას მაბრალებს, და ხან საკრებულოს წევრი გამოდის და საუბრობს ისე, რომ არც იცის, რეალურად რაშია საქმე... ანუ მასკარადია და ხაჭაპურიძის მასკარადზეა საკრებულო წამოგებული?!


- ანზორ ჩუბინიძე არ გმფარველობთ?


- ეგ ბრალდება იმდენად არაადეკვატურია რომ... იცით, „ფეისბუკზეც" კი ვეძებდი მასეთი სახელისა და გვარის ადამიანს, რომ ფოტო მაინც მენახა, ვინ იყო ეგ ადამიანი...

 

- („გუგლის" საძიებო სისტემაში მიაგნებდით...) თქვენ არ უარყოფთ, რომ თქვენი ორგანიზაცია დაეხმარა გეი წყვილებს და არაერთხელ მოემსახურა მათ სუროგატი დედებით...


- უამრავი მასალაა, სადაც მე ვამბობ, რომ საქართველოში გეი წყვილებისთვის მომსახურება არის უკანონო, ჩვენ ამას საქართველოში არ ვაკეთებთ! ეს ხდება ჩვენს ფილიალებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს... წარმოიდგინეთ, ამერიკაში, ჩვენს ფილიალში, გეი წყვილს სუროგაციაზე რომ ვუთხრათ უარი, რამხელა სასამართლო პროცესი დაიწყება დისკრიმინაციის კანონის დარღვევის მხრივ? კიდევ ვიმეორებ, ასეთი პრეცედენტი საქართველოში არასოდეს არ მომხდარა!.. გამოვიდეს და თქვას პროკურატურამ - მიმდინარეობს თუ არა „ჩვილების საქმეზე" გამოძიება, გვაქვს თუ არა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან, არის თუ არა საქმე ძიებაში? ველოდებით რეაგირებას მთავრობის მხრიდან, პასუხებს შესაბამისი ორგანოებიდან.


სამწუხაროდ, პროკურატურიდან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს დავუკავშირდით:


- თამარ ხაჭაპურიძისგან რამდენიმე წერილი მივიღეთ. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, რათა შეესწავლა და გამოძიება დაეწყო თუკი მსგავსი უკანონო ქმედება ხდებოდა. რამდენად მართალია, ვერ გეტყვით ვერაფერს. პროკურატურის პრეროგატივაა, თუკი მართლა მსგავსი რამე ხდება... ჩვენ, ჩვენი მხრივ, რეაგირებას მოვახდინეთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

 

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016