reportiori.ge - რატომ არ ათავისუფლებს ხელისუფლება თანამდებობიდან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მრავალ დანაშაულშია ეჭვმიტანილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ არ ათავისუფლებს ხელისუფლება თანამდებობიდან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მრავალ დანაშაულშია ეჭვმიტანილი?
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 16:49

 

 


სტატია, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, "ექსკლუზივ ნიუსზე" გასული წლის 15 იანვარს გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, პრობლემა უფრო გაღრმავდა. ლარის კურსი ყოველდღიურად უფასურდება, რაც  ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, პენსიებს, გაძვირებულ ცხოვრებას...



ექსპერტების თქმით, თუ ლარის კურსი რყევას დაიწყებს, ანუ ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, ამ დროს ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილიზაციისთვის  მის არსენალში არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს. თუმცა ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის რომ არანაირ ღონისძიებას არ მიმართავს, ესეც ცხადია.



უკანასკნელად მივმართავ ხელისუფლებას, რატომ არის შეუცვლელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რატომ არ მოხდა მისი კანონის შესაბამისად დასჯა, იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლის შესახებაც სწორედ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო ნათქვამი?  ქართველი ერი ნამდვილად არ იმსახურებს კრიმინალური და საეჭვო წარსულის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეს, უბრალოდ სირცხვილია!



იხილეთ სტატია

15.01.2014 წ.

საახალწლო განწყობა, ალბათ, მალე გაივლის და საზოგადოება იმ მწარე რეალობის პირისპირ აღმოჩნდება, რაც სინამდვილეში ჩვენი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებაა. ახალ წლამდე ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის მკვეთრი დაცემა და პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა მთელს ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს საბაზრო ეკონომიკას ინფლაცია შემოუტევს. ამ პროცესების უარყოფითი შედეგები, უპირველესად, სოციალურად დაუცველ და საშუალო ფენაზე აისახება. გაიზრდება ნავთოპროდუქტების ფასები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათაზე, ფასები საკვებ პროდუქტებზეც მოიმატებს. ამას გაზაფხულის მშიერ თვეებად ცნობილი მარტი-აპრილის „დაცარიელებული ბეღელის" სინდრომიც დაემატება და, ადვილი შესაძლებელია, გაზაფხულზე სოციალური აფეთქება დაიწყოს, რაც, შესაძლოა, შორსგამიზნული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის დასაწყისი გახდეს.



რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და ვინ არის ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე პასუხისმგებელი?


ცნობილია, რომ ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობას, ძირითადად, არსებული საინვესტიციო გარემო განსაზღვრავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საინვესტიციო გარემო მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო, თითქოს პოლიტიკური სტაბილურობის გამო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მკვეთრად შემცირდა ინვესტიციების შემოდინება, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ახერხებდა, საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაცია მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, რეალობად შეესაღებინათ. ამ ტყუილის უბადლო მაგალითი, ცნობილი ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინფორმაცია იყო, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, „ბლეფი" აღმოჩნდა. სინამდვილეში ტრამპი ერთი თაღლითი და გაკოტრებული „მილიარდერი" გამოდგა. ერთადერთი, რაც რეალობაა, ამ დროისთვის  წელგამართულად მხოლოდ იმ ადამიანების ბიზნესი მუშაობდა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ, სერიოზული ცვლილებები გამოიწვია, მმართველ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ინვესტორებმაც, გაურკვეველი პოლიტიკური ვითარების გამო, ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანა შეაჩერეს. მიუხედავად ქაოსური პოლიტიკური მდგომარეობისა, ეროვნულმა ვალუტამ, ლარმა უმნიშვნელო ინფლაცია განიცადა. კანონით, ეს პროცესები ეროვნულმა ბანკმა უნდა აკონტროლოს და, მოსალოდნელი ინფლაციის შესახებ სტრატეგიული პოლიტიკაც სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში ჭარბი დოლარის შემოდინების შემთხვევაში, უცხოური ვალუტა, დოლარი შეიძინოს და ეს რეზერვი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.



ეროვნულმა ბანკმა წინასაახალწლოდ ვერ შეძლო ლარის კურსის კატასტროფულად დაცემის პროცესის შეჩერება, რადგანაც უცხოური ვალუტის რეზერვი, რომელიც ეროვნულ ბანკს ჰქონდა, შეგნებულად არ გამოიყენა. მან დოლარის კურსი გაზარდა, და ლარის გაუფასურება მოახდინა, საზოგადოებას უცხოური ვალუტა ძვირად მიყიდა და ეროვნული ვალუტის „ამოქაჩვა" მოახდინა, უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ქართველების მიერ გამოგზავნილი „გროშები" ეროვნულმა ბანკმა ისევ სათავისოდ გამოიყენა და ამ პროცესების გამო, დოლარის კურსის მომატებამ და ლარის დაცემამ, ფასების ზრდა და საზოგადოების უკმაყოფილებაც გამოიწვია. პარალელურად ამ ყველაფერს ყველა სინფორმაციო საშუალება აშუქებდა. ექსპერტები პროცესებს უარყოფითად აფასებდნენ, ამ ყველაფრის რეზიუმე კი ის იყო, რომ ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ვერ ატარებს სწორ ფინანსურ პოლიტიკას და საახალწლოდ ხალხის „გატყავება" გადაწყვიტაო ამბობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება გვყავს, ახალი პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტთან ერთად და ასევე ეკონომიკის სფეროს მაღალანაზღაურებადი მრჩევლები და ექსპერტები. ვითარების ანალიზისას ეროვნული ბანკი არავის უხსენებია. არადა, ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტების სადავეები ეროვნული ბანკის ხელშია. ყოფილი ხელისუფლების უკანონო და უსამართლო პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, გიორგი ქადაგიძე კი ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.


ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რატომ არ ათავისუფლებს მას ამჟამინდელი ხელისუფლება?


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კარიერა „სახალხო ბანკში" („ლიბერთი ბანკი") გიორგი გოგუაძესთან ერთად დაიწყო. „სახალხო ბანკის" იმჟამინდელმა მმართველმა გიორგი გოგუაძემ, გიორგი ქადაგიძე სახალხო ბანკის სათავო ოფისის საკრედიტო განყოფილების თანამშრომლად დანიშნა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი, როდესაც ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო, ქადაგიძე თბილისის მერიის საფინანსო განყოფილებაში დაინიშნა. გიორგი ქადაგიძე  გიგი უგულავასა  და დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია. როგორც კი გიგი უგულავა  თბილისის მერად დაინიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა. მაშინ ქადაგიძის დანიშვნამ საზოგადოება გააოცა, ეს „ლაწირაკი" ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას როგორ შეძლებსო, ჩუმად აპროტესტებდნენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აზრის გამოთქმას საჯაროდ ვინ გაბედავდა?!



გიორგი ქადაგიძეს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კანონით ევალებოდა ნებისმიერი ბანკის უფლებების დაცვა, თუ საჭირო გახდებოდა, ხელისუფლების ზეწოლისგანაც უნდა დაეცვა ისინი, მაგრამ მოხდა პირიქით, გიორგი  ქადაგიძე ხელისუფლებასთან ერთად აშანტაჟებდა კერძო ბანკების მეპატრონეებს. უფრო კონკრეტულად კი მოგიყვანთ მაგალითს: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „სახალხო ბანკის" მეწილეებს ირინა ჯინჭარაძესა და გოგი ბურჭულაძეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აიძულებდა ბანკის წილი დაეთმოთ, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ამის შესახებ გოგი ბურჭულაძემ რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა შემდეგი: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი  ქადაგიძე მაიძულებდა წილი სასწრაფოდ გადამეფორმებინა და დამემუქრა, თუ ამ საღამოსვე არ გადააფორმებ წილს, იცოდე ერთ ლარსაც ვერ მიიღებო". ხსენებული სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა და სხვა არხებმაც გააშუქეს, მაგრამ უშედეგოდ. „ლიბერთი ბანკი"-ს ყოფილი მეწილეების, ირინა ჯინჭარაძისა და გოგი ბურჭულაძის საჩივარს პროკურატურაში დღემდე რეაგირება არ მოყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სასამართლომ „ლიბერთი ბანკის" 51%-იანი წილი დააყადაღა და „სახალხო ბანკის" ყოფილი მმართველი გიორგი გოგუაძე, რომელსაც ირინა ჯინჭარაძე 7 მილიონი ლარის ფინანსურ მაქინაციაში სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის, სასამართლომ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით „დასაჯა".



გიორგი ქადაგიძის სახელს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი „სტანდარტ ბანკის" გაკოტრებაც უკავშირდება. მან, ხელისუფლების დაკვეთით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ „სტანდარტ ბანკში" დროებით მმართველად თავისი ყოფილი უფროსი და მეგობარი, „სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორი გიგი ღლონტი შეუშვა. ბანკი გაკოტრდა და ქადაგიძემ,  ღლონტმა და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებმა ქონება ხელში კაპიკებად ჩაიგდეს.



2011 წელს, როცა ცნობილი გახდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შესახებ, ხელისუფლების დავალებით ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს ბანკთან" ერთად „ქართუ ბანკის" კუთვნილი ინკასაციის მანქანა გაიტაცა და 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხასთან ერთად დააპატიმრა. მაშინ ეროვნულმა ბანკმა „ბანკების შესახებ კანონი" აშკარად დაარღვია, მაგრამ არც მაშინ და არც მის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.



პარადოქსია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც ხელისუფლების ზეწოლისგან არათუ იცავს კერძო და კომერციულ ბანკებს, არამედ პირიქით, თავად არის ზეწოლის უშუალო ორგანიზატორი და შემსრულებელიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნულმა ბანკმა შეგნებულად და მიზანმიმართულად მოახდინა, ლარის გაუფასურება და ინფლაცია. სინამდვილეში, ეროვნულ ბანკს ჰქონდა უცხოური ვალუტის რეზერვი. ქადაგიძის „მოხერხებულობამ" გაამართლა და საზოგადოება ლარის გაუფასურებამ ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყო. რეალობა კი ასეთია: „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 წლის განმავლობაში მოპარული სოლიდური თანხები, რომელიც ოფშორულ ზონაში „გადაქაჩეს", რის საფუძველზეც  შეგნებულად შეჩერდა თანხების ბრუნვა. ამის მთავარი მიზეზია; პირველი, საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას და ქართველ ხალხს და, მეორე: მათ უკანონოდ ნაშოვნი თანხის დაკარგვის შიში აქვთ. აქედან გამოსავალი ერთია: „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მიხეილ სააკაშვილმა ის მოპარული თანხები დააბრუნონ, რაც ქართველი ხალხის საკუთრებაა. ეს უნდა შეძლოს მთავრობამ, რომელიც მუდმივად სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდა.



ხსენებულ სტატიაში მოყვანილი ფაქტები, ნამდვილად იმსახურებს გადამოწმებას და სამართალდამცველთა ყურადღებას. ქართველი ერი არ იმსახურებს კრიმინალური და საეჭვო წარსულის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეს, უბრალოდ სირცხვილია, რატომ არის შეუცვლელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? დავიჯერო, ამ ქვეყანაში მისი შემცვლელი არ მოიძებნება? ამ კითხვაზე პასუხს, მრავალ ადამიანთან ერთად მეც ველოდები.




(წყარო: exclusivenews.ge, დარეჯან ლიპარტელიანი)


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016