პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას არ ჩქარობს, გარდაცვლილის ძმა და ოჯახის ადვოკატები კი ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის ვერსია მალე მკვლელობით შეიცვლება. მათი ეს ეჭვი კიდევ უფრო გამყარდა თბილისის პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მომუშავე საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ზურა კიწმარიშვილი და ადვოკატები პროკურატურის მიერ მოპოვებულ ბოლო საგამოძიებო მასალებს გაეცნენ.
„ბოლო ერთი თვეა, ვსაუბრობთ, რომ გამოძიებისთვის სხვადასხვა საშუალებებით გახდა ცნობილი რამდენიმე პიროვნება, რომლებთან დაკავშირებითაც საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და შესაძლოა, ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგეს გამოძიებისთვის. არ არის გამორიცხული, იმდენად წინ იყოს წასული საგამოძიებო მოქმედებები, რომ დადგეს საკითხი კვალიფიკაციის შეცვლის", - ამბობს ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი.
კვალიფიკაციის შეცვლას არ გამორიცხავს არც კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა გადაადგილების შესახებ საუბრობს.
გაგი მოსიაშვილი, ადვოკატი:
- არ გამოვრიცხავ, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ ეჭვებს ბადებდა. ეს გამოძიებამაც გაითვალისწინა და არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია საგამოძიებო კუთხით შეიცვალოს.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ეჭვებზე საუბრობთ?
- როდესაც საქმის მასალებს გავეცანით, გარკვეული საინტერესო გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა გადაადგილება შეიმჩნეოდა. ჩვენ მოვითხოვეთ ამ პირების გამოვლენა-იდენტიფიცირება, ეს პიროვნებები უნდა შეისწავლოს გამოძიებამ, თუნდაც იმ მიზნით, რომ გაქარწყლდეს ჩვენი ეჭვები. ეს საგამოძიებო მოქმედება აუცილებლად სრულყოფილადაა ჩასტარებელი, რათა გაირკვეს მათი უშუალო მონაწილეობა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში.
- რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან? მოხდა თუ არა „საეჭვო პირების" გადამოწმება?
- ამ ეტაპზე გამოძიება დაკავშირებულია სწორედ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით. ჩვენ სისტემატურად ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ საგამოძიებო ღონისძიების შესახებ.
- ამ პიროვნებების იდენტიფიცირება მოხდა?
- როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა.
- თქვენთვის საიდან გახდა ცნობილი მათ შესახებ?
- ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვეცნობოდით საქმის მასალებს, პარალელურად გვქონდა კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოებთან. ამ საქმის მასალებში მოიპოვება რამდენიმე მტკიცებულება, რომელმაც აღნიშნული ეჭვის საფუძველი გაგვიჩინა. ჩვენი ეჭვები გაიზიარა საგამოძიებო ორგანომა და დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა.
- რა შეხება ჰქონდათ მათ შემთხვევის ადგილთან?
- ჩვენ მათი მოქმედებები და აქტიურობა მივიჩნიეთ საეჭვოდ. ერთ შემთხვევაში ფიქსირდება აქტიური მოქმედება, მეორე შემთვხევაში - შედარებით პასიური. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გაქარწყლდეს ან დადასტურდეს მათი მონაწილეობა ამ საქმეში. მათი გადაადგილება ემთხვევა ზუსტად გარდაცვალების დროს.
- რამდენ პიროვნებაზეა საუბარი?
- ერთი არ არის. საუბარია რამდენიმე პირზე. გვაქვს ეჭვი, რომ ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. ნაწილი მათგანი გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"