reportiori.ge - სოსო ცინცაძე: როგორ ფიქრობთ, პუტინი შეეგუება იმას, რომ მისმა მტერმა, სააკაშვილმა, უკრაინის გადამრჩენის სახელი მოიხვეჭოს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:05
პრეს-დაიჯესტი
სოსო ცინცაძე: როგორ ფიქრობთ, პუტინი შეეგუება იმას, რომ მისმა მტერმა, სააკაშვილმა, უკრაინის გადამრჩენის სახელი მოიხვეჭოს?!
ავტორი:
25 თებერვალი, 2015. 16:08


გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:


- ბატონო სოსო, „ნაციონალები" უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჩვენი ქვეყანა, ბოლო დროს ბოშათა ბანაკს - მოხეტიალე სახელმწიფოს დაემსგავსა. ნაცების გაკეთებული საქმენი ყველამ ვიცით, თუ უკრაინაშიც იგივე გზას დაადგნენ, ხომ არ გადმოვა უკრაინელების აგრესია ქართველებზე? ზოგადად, რა საფრთხეებია მოსალოდნელი როგორც ქვეყნის გარედან, ისე შიგნიდან.


- სანამ „ნაციონალების" მიერ გარედან მომავალ საფრთხეებზე მოგახსენებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, დღევანდელ ხელისუფლებას, ხალხისგან ელოდება, რამეთუ მათი ცხოვრების დონე სავალალოა და უფრო მეტად უარესდება. თუ ხელისუფლებას რაიმე საფრთხე შეექმნება, ეს, პირველ რიგში, უმუშევრობის დონის გამო მოხდება. ახლახან, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს დიმიტრი ხუნდაძეს ვუსმინე - ჯერ აღვშფოთდი, მერე შემრცხვა, მან, ისე, რომ არც გაწითლდა, თქვა - საქართველოში უმუშევრობა შემცირდაო. აქედან, ერთი ნაბიჯიღა დარჩა თქვას, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდა. ხალხი, თურმე, მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე თუნდაც, 10 წლის წინ. აი, ესაა მთავარი საფრთხე. განა შეიძლება, ხელისუფლების პირისგან, ასეთი მამალი ტყუილის მოსმენა? ჩემს ირგვლივ, უმუშევართა რიცხვი გაიზარდა იმიტომ, რომ ბევრი მეცნიერი სამსახურის გარეშე დარჩა. ამას გარდა, ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, როდესაც იგი იმ ზღვრამდე მიდის, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ხელისუფლების შენარჩუნება ხდება, თუნდაც ტყუილით, გაყალბებებით. სააკაშვილი, 2008 წელს გაყალბებული არჩევნებით გახდა პრეზიდენტი. იმიტომ, რომ მისთვის, იმ მომენტში, მთავარი პრიორიტეტი სახის შენარჩუნება კი არა, ხელისუფლების შენარჩუნება იყო. სააკაშვილი, ამ სიტუაციამდე, ოთხი წლის მერე მივიდა, ეს ხელისუფლება კი - ერთი წლის მერე. აი, ყველაზე დიდი გამოწვევა და საფრთხე. რაც შეეხება გარე საფრთხეებს, დამიჯერეთ, დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს, არაფერი ემუქრება. ეს უფრო გარე საფრთხით შიდა საფრთხეების გადაფარვას ჰგავს. ამას აკეთებს პუტინი, იძახის - მტრები გვყავს, ყველას რუსეთის განადგურება უნდა, ალყაში ვართ, ნატო ყველა მხრიდან გვაწვება, ახლა საქართველოს გაწევრიანებას აპირებსო და ა.შ. ამიტომ, დღეს, რუსეთისგან რეალურ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუ საფრთხე ისაა, რომ რუსეთისაა წყალი, ელექტროენერგია, ეს ათი წელია ასეა და ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. სჯობს შიდა საფრთხეებზე მეტი ვიფიქროთ - თუ ეს პროგრესით განვითარდა, როდესაც ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ტყუილია - ცუდად ვცხოვრობთ და გვეუბნებიან კარგად ცხოვრობთო, შედეგები სავალალო იქნება. ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობს არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. უკვე, აქაც არ იქცევა ხელისუფლება ჯენტლმენურად იმიტომ, რომ საარჩევნო კანონს არ ცვლის, რის გამოც, ადრე, დღევანდელი პარლამენტის ნახევარზე მეტი შიმშილობდა, ახლა არაფერს აკეთებენ. ანუ თუ საფრთხე არსებობს, ეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.


ბუნებრივია, გარე საფრთხეებიც არსებობს. თუნდაც, სახეზეა, ელემენტარულად, ქართული დიპლომატიის კატასტროფული მარცხი. მან, ვერ დააჯერა ვერც ევროპა, ვერც ამერიკა და ვერც უკრაინა, რომ იგი შურისძიებით არაა დაკავებული და რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულებაა. თავად ლოზუნგი - სამართლიანობის აღდგენა, კატასტროფული შეცდომა იყო. ეს ლოზუნგი არც ლეგიტიმური იყო და არც აუცილებელი. ლეგიტიმური იქნებოდა ლოზუნგი - სამართლიანობის აღდგენა, რაც კონკრეტულად ყველა დამნაშავის დასჯას გულისხმობს. თორემ, სამართლიანობის აღდგენა ძალიან ფართო ცნებაა. კაცობრიობამ რაც არსებობა დაიწყო, მას მერე, სულ სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. მაგრამ, სამართლიანობა, მთლიანად, ამერიკაშიც არაა აღდგენილი. მსოფლიოში, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ნორვეგიაშია, მან ფინეთსაც გაუსწრო. სრულად, სამართლიანობა იქაც კი არაა აღდგენილი. ამიტომ, ეს პროპაგანდისტური ტერმინი, რომელიც არ მუშაობს, შეცდომა იყო. არ სჯობდა, გვეთქვა - ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


ევროპელებიც და ამერიკელებიც ცინიკოსები არიან, ისინი მხოლოდ ფაქტებს უჯერებენ. მათ ჩემზე, თქვენზე, ბატონ ვახტანგზე და ყველაზე უკეთ იციან, რა ხდება საქართველოში.


ჩვენი საშინაო პოლიტიკის ეკონომიკური სფეროს ლუსტრაცია მოხდა, როდესაც თქვეს, რომ უკანასკნელი იმედი ეს საგარეო ვალია. ვალს როდის იღებთ, როდესაც შიდა რესურსი აღარ გაქვთ, ხომ? გინახავთ სადმე, ადამიანს ორივე ჯიბე ფულით სავსე ჰქონდეს და კიდევ სესხს ეძებდეს? ჩვენ თან არ გვინდა ევროპელებს დავუჯეროთ, თან მათი იმედი გვაქვს - ფული გვასესხეო, ვეხვეწებით. ამიტომ, ან უნდა ვიცოდეთ რომ მართლები ვართ და მათ დავუჯეროთ, ან არ უნდა დავუჯეროთ და მაშინ თავად უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომ საქართველოში, მინიმუმ შიმშილი მაინც არ იყოს.


- ბატონო სოსო, თქვენი თქმით რეალური საფრთხე ქვეყნის შიგნიდან უფრო გველოდება, იგივე შიგნიდანვე ხომ არ გველოდება „ნაციონალების" მხრიდან მომავალი საფრთხე, რომლებიც ნატო, ნატოს ძახილით პროვოცირებას უწევენ რუსეთის გაღიზიანებას და მას ჩვენი დაპყრობისკენ უბიძგებენ.


- თუ ჩვენ მაინცდამაინც რქებით არ მივაწექით, დღეს, რუსეთი არაფერს დაგვიშავებს. თუმცა, ერთიც უნდა ითქვას, ნატოში, ჩვენ, არავინ მიგვიღებს. რუსეთში, ნატოს მიმართ, პარანოია გაჩნდა. თუმცა, პუტინს ევროპელებმა უკვე ღია ტექსტით აცნობეს - მორჩა, საქართველო ნატოში ვეღარ შევა. როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებს, დროა, საქართველო და უკრაინა ნატოს გარეშე ცხოვრებას შეეგუონო, ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას ევროპელმა დიპლომატმა? ამიტომ, საფრთხე შიგნით და არა უკრაინაში უნდა ვეძებოთ. დიდი ამბავი თუ სააკაშვილი  და „ნაციონალების" ნაწილი უკრაინაში თანამდებობებზე დაინიშნენ. როგორ მოვიქეცით ჩვენ? - დილით ვთქვით, რომ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და შუადღეზე მისი ელჩი საქმის გასარჩევად დავიბარეთ. ეს ერთი და მეორეც, უფრო საშინელება და შეურაცხმყოფელი იყო, როცა მინისტრის ან მისი მოადგილეს ნაცვლად, შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელის დონეზე მოხდა და თანაც საქმის გასარჩევად. ამის მერე ვკითხულობთ, უკრაინელები საქართველოზე ხომ არ განაწყენდებიანო? უკვე განაწყენდნენ. სტრატეგიულ მოკავშირე სახელმწიფოებს თუ ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია აქვთ, ამას კონფიდენციალური არხებით არკვევენ და არა საჯაროდ. ეს ის ენა არაა, რომლითაც ერთმანეთს სტრატეგიული მოკავშირეები ელაპარაკებიან. არაპროფესიონალიზმი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა.

 

- შეიძლება „ნაციონალებმა" და სააკაშვილმა უკრაინა თავიანთი რჩევებით ვერ ააყვავონ, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის მიერ იძებნება. ინტერპოლმაც ძებნა რომ გამოაცხადოს, რა უნდა ქნას პოროშენკომ - თავშესაფარი მისცეს?


- არ შეიძლება, საქართველოს, მარტივი მიზეზის გამო, გარედან რამე საფრთხე დაემუქროს - 20-80-ზეა გათვლები, რომ „ნაციონალები" უკრაინის ფეხზე დაყენებას შეძლებენ, ეს ჯოჯოხეთური ამოცანაა. მართლა ზეადამიანები, ჯადოქრები უნდა იყვნენ, რომ უკრაინაში, თუნდაც, კორუფცია მოსპონ. სააკაშვილმა თქვა, უკრაინაში უფრო ადვილია რეფორმების გატარება, ვიდრე საქართველოშიო. არაა სწორი, 100%-იანი ტყუილია. საქართველო ერთი ციცქნაა. 4 მილიონიანი და 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირება ერთია? განა, ადვილია 400-500 ათასი პატიოსანი ჩინოვნიკის პოვნა, თანაც როცა ქვეყანას არ იცნობ, ენა არ იცი, კონტაქტები არ გაქვს? ამიტომ, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, ერთი ამბავი კი არ აგვეტეხა, არამედ ჩვენი ხელისუფლება გაჩუმებულიყო, ან ისეთი რეაგირება ჰქონდა როგორც ივანიშვილს თავდაპირველად - ირონიული, დამცინავი. ღარიბაშვილის ადგილას, „ნაციონალების" უკრაინაში დანიშვნებზე, მარტივად ვიტყოდი - ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ მიჰყავდათო. არ ვიცით, აქ რა იყო? - მოსამართლეები მობილურით ღებულობდნენ პროკურორისგან მითითებას. ეთქვათ ეს ანდაზა და თმენის რეჟიმში გადასულიყვნენ. სააკაშვილის და ნაცების დანიშვნებით, უკრაინის მიმართ, პუტინის აგრესია სამხედრო თუ არა ფარული, ჩუმი, გაასკეცდა. როგორ ფიქრობთ, პუტინი შეეგუება იმას, რომ მისმა მტერმა სააკაშვილმა უკრაინაში ქვეყნის გადამრჩენის სახელი მოიხვეჭოს? ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი მოსკოვიდან დაუწყებს ყურებას, აბა, ვნახოთ ერთი სააკაშვილი რას იზამსო? უკრაინა რუსეთის აგენტებითაა გატენილი. აგენტებიც რად უნდა, თავად უკრაინელთა ნახევარი პრო-რუსულადაა განწყობილი და რუსია. კარგად ვიცი, რა განსხვავებაა კიევსა და ლვოვს შორის. ლვოვში რომ ჩავდიოდი, ეს ევროპა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელი ქალაქი იყო. კიევი კი სულ სხვაა. ასე ადვილია რეფორმირება? ადეიშვილი, სააკაშვილი და კვიტაშვილი ჯადოქრები არიან? აქ, უბრალოდ, მაშინ ამერიკის 100%-იანი მხარდაჭერა იყო და თანაც პატარა ქვეყანა ვართ. თვითონ პოროშენკოს, ხვალ, შეიძლება ისეთი საფრთხე გაუჩნდეს რომ გადმოაყუდონ. ამიტომ, ეს საფრთხე გაზვიადებულია.


გადახედეთ, რუსულ პრესას, რას წერს გადასახადების შემცირებაზე. ჩვენთან, მთავრობას გადასახადების შემცირების გაგონებაც არ უნდა. საშემოსავლო გადასახადი ზღაპრულად მაღალია, 20% მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში, ალბათ, მხოლოდ ორ-სამ ქვეყანაშია. ვის ვედრებით, ნორვეგიას და შვედეთს? აი ესაა მთავარი საფრთხე. როდესაც ისეთი საკადრო პოლიტიკა გვაქვს რომ ბუღალტერი განათლებისა და მეცნიერების და იმპრესარიო კულტურის მინისტრია, „კაზანტიპის" მომწყობი გიორგი სიგუა კი მას მერე რაც ანაკლიის სანაპიროზე სექსის პროპაგანდას ეწეოდა, ისევ მაღალ თანამდებობაზე დააბრუნეს.

 

- ბატონო სოსო, წეღან აღნიშნეთ ნატოში არავინ აღარ მიგვიღებსო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პუტინი ისევ დაგვემუქრა საქართველო ნატოში თუ შევა, არ დავინდობო. აკი, ევროპელმა დიპლომატებმა დაამშვიდეს, ეს არ მოხდებაო, მაშინ რა აშფოთებს პუტინს?


- ჩვენს ადგილას ნებისმიერი ისწავლიდა ჭკუას და დასკვნებსაც გამოიტანდა. 2009 წელს მედვედევმა, სამხედრო აგრესიის ინიციატივა, საკუთარ თავზე აიღო. პუტინს ნამუსი მოსწმინდა და თქვა: ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რითაც საქართველოს ნატოსკენ სვლა შევაჩერეო. მან სიმართლე თქვა. დღესაც იგივეს ამბობენ. მაგრამ, მაშინ ბუქარესტის სამიტზე, რომ არა გარკვეული გარემოებები, მაპის მიღების რეალური პერსპექტივა არსებობდა. დღეს, სულ სხვა მდგომარეობაა. ნატოს 30-მდე წევრიდან, მხარს მხოლოდ,  10 თუ 11 გვიჭერს, თანაც ნატოს მეორეხარისხოვანი წევრები - ესაა აღმოსავლეთ-ევროპა ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთი. მაგრამ, ზვიგენებს _ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ინგლისს, ამის გაგონებაც არ უნდათ. თვითონ, ობამაც, ხომ ხედავთ როგორ იქცევა უკრაინასთან მიმართებაში. პუტინი ლამისაა კიევთან მივიდეს და ობამას არ უნდა უკრაინას, ელემენტარულად, ორი-სამი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა რომ მიჰყიდოს. პოროშენკოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები რომ ჰქონოდა, მთავარი სტრატეგიული ქალქი დღეს კვლავ უკრაინელების ხელში იქნებოდა. ამიტომ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ობამა მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? მაკკეინი კი ითხოვდა იარაღის მიწოდებას ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც, არც ჩვენ მოგვცეს და ჯერჯერობით, არც უკრაინელებს აძლევენ. მარტში, თუ მართლა რაღაც საშინელება არ მოხდა და პუტინი კიევისკენ არ წავიდა, რუსეთს სანქციებსაც მოუხსნიან და მორჩა, ამით დამთავრდება ყველაფერი. ამ დროს, ვინმე ფიქრობს, რომ იქ გაჩინოვნიკებული ქართველები გადაარჩენენ უკრაინას? ეს ზღაპრებია და ამაზე საუბარი მოდით, პარლამენტს დავუთმოთ. რომელ ზნეობაზე, მორალზეა საუბარი. თავის დროზე, გუბაზ სანიკიძისადმი დიდი სიმპატია მქონდა, მაგრამ ახლა, არ არის სწორი ამ კაცის პარლამენტში დაწინაურება. კაცი, რომელმაც ღიად თქვა, ფულის გარდა არაფერი მაინტერესებსო, როგორ უნდა დანიშნო თანამდებობაზე? ამის თქმას კომუნისტების დროსაც ვერ ბედავდნენ, მითუმეტეს, ვინღა დაგაწინაურებდა. ამას მიშაც ვერ გაბედავდა. პარლამენტში უმრავლესობას უჭირს, ეშინიათ, „ეროვნული ფორუმიც" არ გაექცეთ. ასე, შეიძლება, უმრავლესობა საერთოდ ვეღარ შეაგროვონ. მაგრამ ნუთუ „ფორუმში" არ მოინახა კაცი, ვინც დისკრედიტირებული არ იყო? პოლიტიკოსმა საჯაროდ თქვა, პოლიტიკის დედაც ვატირე მთავარია მილიონერი გავხდეო, მერე იმას შენ ვიცე-სპიკერად ნიშნავ, მორალური არაა. კი, მართალია ვიცე-სპიკერს კი არა სპიკერს არ ეკითხება არაფერი, მაგრამ ეს უკვე ქვეყანაში გულგატეხილობას აჩენს.

 

- საუბრობენ, რომ „ნაციონალები" გაზაფხულზე არეულობისთვის ემზადებიან.


- არეულობას, ნებისმიერი ოპოზიცია გეგმავს. მიმიფურთხებია იმ ოპოზიციისთვის, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის გეგმა არ გააჩნია, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალები" აჯანყებას გეგმავენ. იმიტომ, რომ ეს შევარდნაძის ხელისუფლება არაა. იქ შეიძლებოდა პარლამენტში შევარდნილიყავი, რადგან შევარდნაძეს მხარს ჩინოვნიკები და ძალოვანები არ უჭერდნენ. დღეს, სააკაშვილის დროსთან შედარებით, ჩინოვნიკთა რიცხვი გაიზარდა და თანაც მნიშვნელოვნად. იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ყოველი ახალი დასაქმებული ჩინოვნიკი ეს, მინიმუმ, 10 ხმაა არჩევნებზე, შეიძლება მეტიც. როდესაც ჩინოვნიკების რაოდენობას ზრდი, აძლევ ხელფასს, პრემიებს, როცა პოლიცია შენია, ასევე, ჯარი, სპეცრაზმი, მაშინ პარლამენტში ვერავინ შემოგივარდება. შევარდნაძე მეფე ლირივით დარჩა. ახლა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნელ-ნელა, სულ სხვა რაკურსში, სულ სხვა გაგებით, მეფე ლირის სტატუსისკენ ივანიშვილიც მიდის. იცით, რა გაგებით? - მას, არცერთმა კადრმა არ გაუმართლა. მეფე ლირისგან განსხვავებით, ესენი ივანიშვილს არ ღალატობენ, არამედ მათ ბატონ ბიძინას არ გაუმართლეს. ვერ გამოადგა ვერც პრეზიდენტი, ვერც ალასანია, რომელზეც ამბობდა საქართველოში მას პრეზიდენტობას კი არა ნებისმიერ თანამდებობას ჩავაბარებო. ვერ გამოადგა მის მიერ ხელოვნურად დასმული ნარმანია. მერე მან ნარმანიაზე თავად თქვა, იგი თბილისურად ვერ აზროვნებს და ინერტულიაო, ეს პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენია. რად მინდა ინერტული მერი, ეს ხომ ზარმაცს და უსაქმურს ნიშნავს? მაშინ წავიდეს და ზუგდიდის მერად დანიშნოს. ხედავთ, რა ხდება მერიაში, ლამისაა ერთი წელი გავიდეს და კიდევ კონკურსებია, მისი სამსახურები დაკომპლექტებული არაა, ე.ი. ვინ აკეთებს საქმეს?! არცერთ სამინისტროში ქალაქის ტელეფონი აღარ ფუნქციონირებს. ჩემს და თქვენს ხარჯზე, მობილურზე სალაპარაკოდ, განუსაზღვრელი თანხა აქვთ. თქვენ კი გარე საფრთხეებზე მეკითხებით?

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016