„კინგსმენი" ახალი „ბონდიანა" და ვარსკვლავური სამსახიობო დასი - მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს კინოთეატრებში, დღეს კიდევ ერთი ბლოკბასტერის პრემიერა გაიმართება. როგორც „რეპორტიორს" კინოთეატრების პრეს-სამსახურმა აცნობა, პრემიერა დღეს, 19:30 საათზე, დაიწყება.
„კინგსმენი: საიდუმლო აგენტები" კინომანთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მისი „ჯეიმს ბონდთან" მსგავსების გამო მოექცა. „კინგსმენის" პირველი და მთავარი სარეკლამო პოსტერიც კი1981 წელს გადაღებული ბონდიანას „For Your Eyes Only" -ს პოსტერის სტილში გაკეთდა, რომელშიც მთავარ როლს როჯერ მური ასრულებდა.
„კინგსმენში" მთავარ როლს ოსკაროსანი კოლინ ფერტი ასრულებს, რომელიც მსოფლიომ დრამებში შესრულებული როლებით გაიცნო და და ეს პერსონაჟი მისთვის განსხვავებული ჟანრი და ერთგვარი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. ფერტმა 2011 წელს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „The king's speech" - ში შესრულებული როლისთვის მიიღო. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ტეირონ ეგერტონი ასრულებს, რომელსაც „ადამიანი ობობას" ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს უწინასწარმეტყველებენ. მარკ სთრონგი კი, რომელსაც მაყურებელი „შერლოკ ჰოლმსიდან" და არა მხოლოდ უარყოფით პერსონაჟების როლების შესრულებით იცნობს, „კინგსმენში" განსხვავებული ამპლუაში გვევლინება. „კინგსმენში" შეხვდებით მარკ ჰემილსაც, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს როგორც ლუკ სკაივოკერის როლის შემსრულებელს საგადან „ვარსკვლავური ომები".
ჯეიმს ბონდის ფილმების მსგავსად, „კინგსმენში" აქცენტირებულია ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორც სამოსის, ისე აქსესუარების მიმართულებით და ფილმის ერთ-ერთ მთავარ სარეკლამო პოსტერადაც არის გამოყენებული.
„ბონდიანას" თაყვანისმცემელთათვის „კინგსმენი" საუკეთესო საჩუქარია და მისი ნახვა, განსაკუთრებული სპეცეფექტების გარდა, იმ სამსახიობო დასისთვისაც ღირს, რომელთა მცირე ჩამონათვალი ზემოთ უკვე გავაკეთეთ.