რა მზაკვრულ გეგმას ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში? საიდან და ვისი ხელით შემოდის ქვეყანაში უკონტროლო ფული? რა თანხაზეა საუბარი და ვინ უწყობს მის შემოსვლას ხელს?
„ალიას" ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა:
- საქმეზე, რომელზეც ვისაუბრებ, ჩვენება მაქვს მიცემული. ამ საქმეს რომ თავის დროზე მისცემოდა მსვლელობა, დღეს შექმნილ სიტუაციას თავიდან ავირიდებდით, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, თავს ვაძლევ უფლებას ამ თემაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ჩვენ, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემის სახით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ გაუფასურებასთან.
2010 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც მე აგენტად მაქციეს და ვასრულებდი უამრავ საშინელ დავალებას, მათ შორის კუდ-ის, სოდ-ის, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ დავალებულს, ამ დროს ყველა სამსახური გადასული იყო პოლიტიკურ ტერორზე. ყველა ასეთი სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობს. შეხედეთ, რა ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თუ გადავხედავთ, ხადურისა და მისი რამდენიმე მოადგილის გარდა, მთელი ფინანსური პოლიცია, ფინანსური სამსახურები და დეპარტამენტები, გაძეძგილია „ნაციონალებით". იგივე სიტუაციაა ეკონომიკის სამინისტროშიც. ეს ადამიანები წარსულის მონები არიან და ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. ის ბინძური საქმეები, რასაც მაშინ ვაკეთებდით, იყო მაღალ პოლიტიკური პირებზე და ოპოზიციის აქტიურ ნაწილზე კომპრომატების შეგროვება და მერე მათი დაშანტაჟება, რომ ეკეთებინათ მათი საქმე. ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ფაილები გაანადგურეს, ეგენი მარტო ის ფაილები იყო, რაც მათ ეხებოდათ უშუალოდ. გაუსვრელი ამ ხელისუფლებაში არიან ივანიშვილი, ღარიბაშვილი, სერგეენკო და ერთი-ორი პირი. დანარჩენები ყველა გასვრილები არიან, მე ხომ ვიცი?! ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მნიშვნელოვან რგოლებზე საკადრო ცვლილებები არ განახორგანახორციელა, თანამდებობებზე დატოვა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და სასამართლოს და პროკურატურას აპატია ყველაფერი. ეს ყველაფერი რა შუაშია ლარის გაუფასურებასთან, ამას ქვემოთ გეტყვით.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ერთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირთან გადავწყვიტე მისვლა, ის დღეს არ არის თანამდებობაზე, თუმცა, პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირი იყო. გვარს და სახელს არ ვასახელებ იმიტომ, რომ ამ საქმეზე ჩვენება მაქვს მიცემული. მივედი ამ ადამიანთან. მისვლის მიზეზი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდება.
- რას ეხებოდა ეს საიდუმლო ინფორმაცია?
- საქმე ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობისა" და მათთან დაახლოებული როგორც ბიზნესწრეების, ასევე ე.წ. არსამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფულის დიდი მასის ქვეყანაში არალეგალურ შემოსვლას. რითაც უნდა მომხდარიყო არეულობის დაფინანსება არჩევნების პერიოდში. ოდნავ მოგვიანებით გასკდა ამბავი, რომ ნადირაძესა და ჯაფარიძეს შემოჰქონდათ ქეში ფული. მაშინ სასწრაფოდ ჩაფარცხეს ეს ამბავი, არც გაუჭირდებოდათ, რადგან აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ყვავის კორუფცია. მაშინ ეს ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფული არ შემოედინებოდა.
„ნაციონალების" შავი ფული, არეულობის მოსაწყობად, სამი არხიდან შემოდის. ეს დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ, თუმცა, გააქტიურდა გასულ შემოდგომაზე და პიკს მიაღწია ბოლო 2 თვეში. ეს იყო მაღალი დონის ინფორმაცია, რომელიც ახალი ხელისუფლებისთვის უნდა მიმეწოდებინა. ჩემი მიტანილი ინფორმაცია გასკდა სასწრაფოდ და „ნაციონალური მოძრაობის" ძალიან მაღალი ეშელონებიდან გამოჟონა ამბავმა, რომ ჩემი მიტანილი ინფორმაციის თაობაზე უკვე იცოდნენ. შემდეგ ჭიკაიძემ რომ ისაუბრა, შემოდგომაზე მოსალოდნელ არეულობაზე, „მაიდანის" ამბავზე, ეს ის ინფორმაცია იყო, რაზეც მე ვისაუბრე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამბის წესიერად მიტანაც ვერ შეძლეს, რასაც ის კაცი, ვისაც მე გადავეცი ეს ინფორმაცია, თან გადაჰყვა.
- კონკრეტულად რა ფულზე საუბრობთ და როგორ ხვდება ეს ფული საქართველოში?
- გზები, რომლითაც ეს ფული შემოდიოდა და დღესაც შემოდის, არის აბსოლუტურად უკონტროლო. სამი გზიდან შემოდის საქართველოში ფული. ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურად შემოდის უკრაინელების ხელით, შემოდის თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. პატარა ფულზე კი არ არის საუბარი, საუბარია 200-დან 400 მილიონ დოლარამდე თანხაზე. წესით, საზღვარზე შემოსული ნებისმიერი მოქალაქე, დეკლარაციაში ასახავს, რა თანხა შემოაქვს, თუმცა, არსებობს არხები, რა გზითაც საქართველოში შემოდის არადეკლარირებული ნაღდი ფული, რომელიც გროვდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ამ ფულის გაკონტროლების ვალდებულება აქვს ფინანსურ პოლიციას, საბაჟო სამსახურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ძირითადად ეს სამსახურები აგებენ პასუხს, რომ ფინანსური დივერსია არ განხორციელდეს. ესენი კი ის სამსახურები არიან, რომლებიც „ნაციონალებით" არიან დაკომპლექტებული. ზემოთ ამაზე ვისაუბრე. ისინი თვალს ხუჭავენ ამ საკითხზე და ფულიც შემოდის.
- და ვის შემოაქვს?
- კატეგორიებია, ვისაც შემოაქვს. უკრაინიდან შემოტანა ხორციელდება ტურისტების მეშვეობით, ესენი არიან უკრაინაში „ნაციონალებთან" დაახლოებული პირები, რომლებიც ტურისტული მიზნით ჩამოდიან თითქოს. თურქეთიდან ამას ორგანიზებას უკეთებდა „ახალაიების" სასტავი და აზერბაიჯანიდან თითქმის ყველა მაღალი ჩინის ხალხი მიშასთან დაახლოებული პირია, საერთო ბიზნესინტერესები აქვთ და რა პრობლემაა?!
ავდექი, გავრისკე და საიდუმლო წერილი დავწერე შს მინისტრის მოადგილის სახელზე. გავრისკე იმიტომ, რომ არ მქონდა გარანტია, ისევ „ნაციონალების" ხელში არ მოხვდებოდა ეს ინფორმაცია. იძულებული გახდნენ, დაკითხვაზე დავებარებინე და მივეცი ის ჩვენება, რის გამოც ზემოთ ვერ დავასახელე ერთი პირი. მივაწოდე ინფორმაცია, რა არხებით შემოდიოდა ქვეყანაში ეს ფული. გავიდა მას მერე 6 თვე და არავის მოუკიდია ხელი. არც გამკვირვებია, რეალურად სუს-ის შუა და დაბალ რგოლში სულ „ნაციონალები" არიან.
არეულობის ყველა გეგმა ჩაუვარდათ და ყველაზე საზიზღარი რამ მოიფიქრეს, სოციალური აფეთქება. მზაკვრული გეგმა აქვთ „ნაციონალებს", ეს გეგმაა ხელისუფლების ხალხის ხელით ჩამოგდება. ამ ეტაპზე ეს ფული შეუშვეს სავალუტო ბრუნვაში, რომელიც დაეჯახა ეკონომიკას. პირველი რყევა აისახა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე.მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ლარი, რომელიც არ იყო დახარჯული, გამოუშვა ბაზარზე დიდი რაოდენობით. ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი. ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი უშვებს ბრუნვაში, არის კონტროლირებადი ფული. ეროვნულმა ბანკმა იცის, რა თანხაა დაშვებული ბრუნვაში, მაგრამ ვინაა ეროვნული ბანკის სათავეში?! ყველამ ვიცით ვისი კაციცაა. დღეს სახეზეა უკონტროლო ფულის დიდი მასა, დაუბალანსებელი ლარი, ეკონომიკური გუნდი, რომელიც საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. ამ უკონტროლო ფულის შემოდინება გაგრძელდება და „ნაციონალების" გეგმაა, რომლარის კურსმა მიაღწიოს მაღალ ნიშნულს, რაც გახდება „სოციალური აფეთქების" საფუძველი.
დააკვირდით, ეს საკითხი გააქტიურდა მაშინ, როცა „ნაციონალურმა" მოძრაობამ დაპატიმრებების საფრთხე რეალურად იგრძნო, რასაც ინსპირირება მისცა ბატონი იური ვაზაგაშვილის ამბავმა. ამავე გეგმის ნაწილია, გამოჩნდეს ძალა, რომელიც არ იქნება ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლებსაც დააწყებინებენ გამოსვლებს. ეს იქნება „ნაციონალების" მიერ დაფინანსებული ძალა, რომლებიც დაიწყებენ ადგილ-ადგილ არეულობებს. მიზანია მასობრივი ქაოსის მიღწევა, სოციალურ ფონზე. მიზანი ერთია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადაყენება და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია ხალხის თვალში. თუ ამ ეტაპზე ეს გეგმაც ჩაუვარდებათ, იმდენი მაინც უნდა გააკეთონ, რომ არჩევნებამდე არსებული ხელისუფლება დისკრედიტირებული იყოს.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"