უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა აკადემიკოსი ალბერტ (ალეკო) თავხელიძე (1930-2010), მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი, მეცნიერების უბადლო ორგანიზატორი, დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოვაწე, ღირსეული მამულიშვილი და არაჩვეულებრივი პიროვნება.
მან ღრმა ფუნდამენტური გამოკვლევების წყალობით დიდი წვლილი შეიტანა თეორიული ფიზიკის სხვადასხვა დარგის განვითარებასა და ახალი მიმართულებების შექმნაში, მატერიის აღნაგობის თანამედროვე წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ველის კვანტური თეორიის შექმნაში. ა. თავხელიძის სახელს ატარებს არაერთი ცნება, განტოლება თუ მეთოდი. მისი მეცნიერული კვლევის შედეგები შესულია მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში.
1986-დან 2005 წლამდე, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, ა. თავხელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ღირსეულად უძღვებოდა მას. ქვეყნის და ქართული მეცნიერებისათვის უმძიმეს პერიოდში, უაღრესად არასახარბიელო სოციალურ ფონზე, როდესაც აკადემიის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი დადგა, მან უდიდესი ძალისხმევით შეძლო, გადაერჩინა იგი დაშლისაგან, შეენარჩუნებინა მეცნიერებათა აკადემიის სისტემა თავისი კვლევითი ინსტიტუტებით, ქართული ინტელექტუალური პოტენციალი.
როგორც ცნობილია, ა. თავხელიძე უფრო მეტ ხანს მოსკოვსა და დუბნაში (მოსკოვის ოლქი) მოღვაწეობდა (სადაც უაღრესად საპასუხისმგებლო მაღალი თანამდებობები ეკავა, წლების განმავლობაში იყო აკადემიის ბირთვულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი). მიუხედავად ამისა, მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში მაღალი ენერგიების ფიზიკის განვითარებაში. მისი თაოსნობითა და მეცადინეობით 1971 წელს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დაარსდა თეორიული ფიზიკის განყოფილება, ხოლო 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ბატონი ალეკოს ხელშეწყობითა და ძალისხმევით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდა ფიზიკოსებს უნიკალური საშუალება ჰქონდათ, ემოღვაწათ საბჭოთა კავშირის ყველაზე წამყვან სამეცნიერო სკოლებში და ამის შედეგად ახლა, თვითონ არიან აღიარებული მეცნიერები. ქართველი ფიზიკოსებისათვის კარი ღიაა მსოფლიოს თითქმის ყველა ლაბორატორიაში, ალეკო თავხელიძის სახელის ხსენება დღესაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მათთვის წარმატების მისაღწევად.
2005 წელს საქართველოში შექმნილი არაჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროს გამო ა. თავხელიძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო და დაბრუნდა რუსეთში, სადაც მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ჯერ ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკისა და კოსმოლოგიის კათედრის პროფესორი, ხოლო 2008-2010 წლებში - მისი ხელმძღვანელი. ამავე წლებში ის იყო საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში.
აკად. ა. თავხელიძემ მთელი თავისი სიცოცხლე შეალია მეცნიერებას და განათლებას, ახალგაზრდა თაობების აღზრდას. იგი იყო არაერთი სამეცნიერო იდეის გენერატორი, რომლებზეც აღმოცენდა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულება ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და ველის კვანტურ თეორიაში. 1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ ენციკლოპედიას თუ მოვიშველიებთ, ა. თავხელიძე აღიარებულია როგორც მე-20 საუკუნი მეორე ნახევრის ფიზიკოსთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. იგი იყო უამრავი პრესტიჟული პრემიისა თუ ჯილდოს მღლობელი.
ვაჟა-ფშაველა ბრძანებდა: „სამოთხე იმისა, ვინც დიდ მადლსა სჩადის; აწმყო სააქაოა, ხოლო მომავალი - საიქიო. სულის მოგება კი მხოლოდ სააქაოს შეიძლება. მომავალიც იმისია, ვინ აწმყოს მიზანშეწონილად ემსახურებაო". ალეკო თავხელიძემ სწორადაც რომ თავისი ამქვეყნიური ღირსეული ცხოვრებით გაიკვალა გზა ცათა სასუფევლისაკენ.
ალეკო თავხელიძე გარდაიცვალა ქ. მოსკოვში, 2010 წლის 27 თებერვალს. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართველი მეცნიერები ყოველთვის მადლიერების გრძნობით გაიხსენებენ ჩინებულ ფიზიკოსს, ჰარმონიულ პიროვნებას, მეცნიერსა და პედაგოგს, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"