ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შენობასთან კომპანია „არემჯი გოლდის" თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციას კაზრეთში დასაქმებული მუშებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტებში" „არემჯი გოლდთან" დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი გააპროტესტეს, რომელიც ეთერში დღეს უნდა გავიდეს. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით - „ნიკა გვარამია ნაცპროკურორი", „რუსთავი 2" - ნაცპროკურატურა".
აქციის ორგანიზატორების თქმით, „რუსთავი 2" ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს. მათივე განმარტებით, საყდრისი-ყაჩაღიანს არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად, უკანონო არ არის ის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს.
„არემჯი გოლდის" თანამშრომლები შიშობენ, რომ მსგავსი ტიპის გადაცემებით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მათი კომპანიის მუშაობას, ამიტომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სამომავლოდაც გეგმავენ.