reportiori.ge - ევგენი აფრასიძის დაკავების დეტალები-გადაცმული პოლკოვნიკი, პარიკიანი მშენებელი და 12 კილოგრამი დაკარგული ოქრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:09
პრეს-დაიჯესტი
ევგენი აფრასიძის დაკავების დეტალები-გადაცმული პოლკოვნიკი, პარიკიანი მშენებელი და 12 კილოგრამი დაკარგული ოქრო
ავტორი:
28 თებერვალი, 2015. 16:06



გადაცმული პოლკოვნიკი, პარიკიანი მშენებელი და 12 კილოგრამი დაკარგული ოქრო




ჩემი და ბატონი ვახტანგის ურთიერთობა იმიტომ დაიწყო, რომ ორივე ჯაფარიძეები ვართ... ის რაჭველია წარმოშობით, მე - სვანი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის 1921 წელს დაიბადა და შესაბამისად - თითქმის საუკუნის ტოლია. ბევრი რამ აქვს ნანახი და მოსაყოლიც. ალბათ რამდენიმე კვირაც არ იქნება საკმარისი მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების გასახსენებლად. ჩვენი მეგობრული შეხვედრა ნელ-ნელა ინტერვიუში გადაიზარდა და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოც გამოვიდა. ვახტანგ ჯაფარიძეს ლეგენდარულ პოლკოვნიკს ეძახიან და იყო დრო, როცა დამნაშავეთა სამყარო მისი შიშით თრთოდა.



GzaPress


სიჯიუტეს თავისი პლუსები აქვს



წარმოშობით რაჭიდან ვარ, ონის რაიონიდან. ჯაფარიძეები იყვნენ - ბებიაჩემიც და ბაბუაჩემიც და დედაჩემი და მამაჩემიც. წინათ ერთი გვარის ადამიანების ქორწინება რაჭაში იშვიათი მოვლენა არ გახლდათ. ამას 2 მიზეზი ჰქონდა: ჯერ ერთი, რომ მთიანი რაიონია, უჭირდათ ბარში ჩამოსვლა და შორიდან ქალი ვერ მოჰყავდათ. მეორეც, მოგეხსენებათ, აზნაურები გლეხის გოგოს ცოლად არ მოიყვანდნენ და ვინაიდან იქვე სხვა არჩევანი არ იყო, იძულებულები იყვნენ, მოგვარეზე დაქორწინებულიყვნენ, ოღონდ - ნათესავზე არა. ბებიაჩემი ულამაზესი და უჭკვიანესი ქალი იყო. სკოლაში არ დადიოდა, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა. ისეთი ლამაზი იყო, აკაკი წერეთელი რომ მოგზაურობდა რაჭა-ლეჩხუმში, მას შეახვედრეს. გვერდს კი ბაბუა უმშვენებდა. 



საშუალო სკოლა ონში დავამთავრე და იმავე წელს ჩამოვედი უნივერსიტეტში, სწავლის გასაგრძელებლად - ისტორიულზე მინდოდა ჩამებარებინა. უნივერსიტეტის დერეფანში ვიდექი. ხომ ხედავთ, რომ არც ახლა ვარ "მოხეული" ვაჟკაცი, მაგრამ მაშინ ტანად ძალიან პატარა ვიყავი. კომისიის თავმჯდომარემ დამინახა და დამიძახა: - აქ რა გინდაო? - აბიტურიენტი ვარ და გამოცდებს ვაბარებ-მეთქი. - სად დაამთავრე სკოლა? გულით გინდა ჩაბარებაო? - იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ სწავლა მინდა-მეთქი. შემიყვანა კაბინეტში, რამდენიმე კითხვა დამისვა და გამომიშვა. ასე გავხდი სტუდენტი. ეს იყო 1940 წელს. 1942 წლის იანვარში ჯარში წამიყვანეს. ჯარისკაცები ჩაგვამწკრივეს, ოფიცრებს უნდა ჩამოევლოთ და ფრონტზე წასაყვანად ძლიერი ბიჭები აერჩიათ. კარგა ხანს გაგრძელდა ეს პროცესი და ბოლოს დავრჩით 5 კაცი - "ნარჩევალები". ხომ იცით, ბაზარში გოჭებს რომ გაიყვანს კაცი გასაყიდად და კაი მოზრდილ-მოსუქებულებს რომ გაყიდის და გამხდარი და ნარჩევალა დარჩება, ისე დაგვემართა (იცინის). ეს 5 კაცი მაინც ვდგავართ მწკრივში. მოვიდა ქერა, მაღალი, ლამაზი, რუსი მაიორი და გადმოგვხედა. - ქართველი ხარო? - მკითხა და თავისთან წამიყვანა. სამხედრო ნაწილში მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი - როგორც შვილს, ისე მექცეოდა. შემდეგ დააწინაურეს და ფრონტზე წაიყვანეს, მე კი "რაზვედჩიკად" წავედი. ომის დროს მზვერავს მტრის მხარეს გადასვლა და მოენეს მოყვანა ევალებოდა. შემდეგ ფეხში დამჭრეს და 6 თვე ვიწექი ჰოსპიტალში. ძალიან ცუდად ვიყავი - ფეხის მოჭრას მიპირებდნენ. ეს რომ გავიგე, გადავირიე: არ დავზოგავ, ვინც მოვა და ხელს მახლებს-მეთქი. არც ვჭამდი, არც წყალს ვსვამდი, რომ არ დავეძინებინე და ისე არ მოეკვეთათ ფეხი. ბოლოს ჰოსპიტლის უფროსი მოვიდა და ჩამიტარა ლექცია, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს სიჯიუტეს. - მოვკვდები და მოვკვდე, ჩემს ფეხს თან ჩავიტან-მეთქი, - ვუთხარი. - "კაკოი უპრიამი მალჩიკ", - გადახედა დანარჩენ ექიმებს. ჩამსვეს მკერდამდე თაბაშირში. 3 თვე ვიწექი გულაღმა, გაუნძრევლად. მერე ნელ-ნელა სიარულიც დავიწყე, მაგრამ გამართულად - ვერა. ფეხის მოხრა მიჭირდა. II ჯგუფის ინვალიდობა მომანიჭეს და სახლში გამომიშვეს.

 



"ობეხედან" - "სამძებროში"

 


ომის დამთავრების შემდეგ სკოლაში "სამხედროს" მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ვინაიდან დატვირთული არ ვიყავი და თავისუფალი დრო თავზე საყრელად მქონდა, ქუჩაში, სახლთან - რუსთაველზე ხშირად ვიდექი ხოლმე, მეგობრებთან ერთად და ასე ვთქვათ, ვბირჟაობდი. ბებიაჩემი მსაყვედურობდა ხოლმე, საქმეს მოჰკიდე ხელი, რუსთაველზე ყველა ხე გადაიღუნა, სულ ზედ რომ ხარ მიყუდებულიო. ერთ დღეს, რუსთაველზე შემხვდა ჩემი ონელი მასწავლებელი - ულამაზესი გარეგნობის, წარმოსადეგი კაცი - ელიზბარ კერესელიძე. ძალიან გამიხარდა, მაგრამ იმან ვერ მიცნო, რადგან ცოტა სიმაღლეში წამოზრდილი და შეცვლილი ვიყავი (იცინის). გავახსენე თავი. - სად ხარ, რას აკეთებო? - მკითხა. - არაფერს-მეთქი. - შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების განყოფილების გამგე ვარ, გამოიარე ჩემთანო. მეორე დღესვე მივედი. "ობეხეში" (სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან ბრძოლის განყოფილება) წახვალ სამუშაოდო? მაშინ "ობეხე" აზანზარებდა ქვეყანას. ქალაქის მილიციის სამმართველოში, "ობეხეს" განყოფილებაში, ოპერრწმუნებულად გამიშვა. ჩემი უფროსი გვარად ლაგვილავა იყო. მასთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ადამიანმა მხოლოდ სიკეთე უნდა აკეთოს, განსაკუთრებით - ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში, თორემ უფალი დასჯის. გამიშვეს ერთ-ერთი რესტორნის - "ნად კუროი" - შესამოწმებლად. სამზარეულოში ცხელოდა და ვიოფლებოდი; გარეთ გასაგრილებლად რომ გამოვიდოდი, მციოდა. ამასობაში გავცივდი, ფილტვების ანთება დამემართა და სიკვდილს ძლივს გადამარჩინეს. ლაგვილავამ კი ამით ისარგებლა და საქმეში ჩამიწერა - სუსტი ჯანმრთელობის გამო ოპერატიული საქმის შესწავლა ვერ მოახერხაო და ამის საფუძველზე სამსახურიდან გამომიშვეს. გარკვეული დროის მერე დამიძახეს და მითხრეს, მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი) უნდა წახვიდეო. დიდად არ მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. იქ მუშაობის პერიოდში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და დავქორწინდით. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტი იყო; თურმე საერთო მეგობრებიც გვყავდა, მაგრამ თბილისში ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. რაღაც პერიოდის შემდეგ ქუთაისში, "ობეხეს" უფროსად გადამიყვანეს. "ვაზანზარებდი" დასავლეთ საქართველოს. ახლა ამბობენ, მაშინ ყველა ჩინოვნიკი კორუმპირებული იყოო, მაგრამ მინდა, გავიხსენო მილიციის უფროსი - გრიგოლ შალამბერიძე, რომელსაც მეტსახელად რატომღაც კუბოს ეძახდნენ. მასზე პატიოსანი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულება. გათავისუფლდა თუ არა ქუთაისში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის თანამდებობა, მასთან მივედი, გადამიყვანე-მეთქი. გაოცდა, - ამას რატომ აკეთებ? "ობეხეში" წყნარ სამსახურს საგიჟეთზე რატომ ცვლიო?! მაგრამ ასე მინდოდა. კარგა ხანს ჩემს განცხადებას ხელს არ აწერდა - მე მასულელებ თუ შენს თავსო? რომ ვერაფერი გააწყო, ადგა და გადამიყვანა. 5 წელზე მეტი ვიმუშავე მაგ თანამდებობაზე. 

 



GzaPress

 

12 კილოგრამი ოქრო - ერთი კონცერტის ფასად

 


- ქუთაისის ცენტრში იყო დიდი ლომბარდი. ერთ დღეს ეს ლომბარდი გაქურდეს. 12 კილო ოქრო და 550 ცალი ოქროს საათი იყო წაღებული. გზები და სადგურები გადავკეტეთ. ხალხის ქონება იყო წაღებული და უნდა გვეპოვა. ლომბარდის გასატეხად ქურდებმა ხერხი გამოიყენეს - იმისათვის, რომ მტვრევის ხმა არავის გაეგონა, დანაშაულის ჩადენის დრო სომხეთის ჯაზორკესტრის კონცერტს დაამთხვიეს, რომელიც ლომბარდთან ახლოს, პარკში მდებარე ღია თეატრში ტარდებოდა. მუსიკოსებმა რომ თავის ინსტრუმენტებს დასცხეს, იმათ მტვრევა დაიწყეს და ასე გაიტანეს ძვირფასეულობა. დავიწყეთ ძიება. რამდენიმე ხნის მერე ზუგდიდის მილიციის უფროსმა დარეკა, 3 ოქროს საათი გაიყიდა, გამყიდველი დავაკავეთ, საათებიც ამოღებული გვაქვსო. დამნაშავე ეროვნებით რუსი - ბორის სემიონოვი იყო. რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არც ის დავაძინეთ და არც ჩვენ გვეძინა - ვამუშავებდით, მაგრამ არ აღიარა დანაშაული. ეჭვმიტანილის ცემა არ მახასიათებდა, ფიზიკურ ზეწოლას არ ვახდენდი. ერთ დღეს ბიჭებს ვუთხარი, არაყი მოუტანეთ-მეთქი. ჭიქას დახედა, შემოატრიალა და თქვა - ღმერთი შეგეწევათო. არაყი არ დაულევია. გვითხრა, - წამიყვანეთ და გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც ნაძარცვი მაქვს შენახულიო. სათაფლიისკენ წაგვიყვანა, მიუვალ ხევში. ვრისკავდით, მაგრამ მაინც გავყევით. იქიდან ოქრო ამოვიღეთ, საათები კი მხოლოდ მეოთხე დღეს - ისიც თვითონ გვაჩვენა, გვირაბში ჰქონდა გადანახული. ნივთები დააბრუნა, მაგრამ თანამოსაქმე არ გასცა. სათაფლიიდან რომ მოვდიოდით და ხალხის ქონება მოგვქონდა, უკვე თენდებოდა. სიხარულით კარგი სიმღერაც კი დავჭექეთ. ერთ დღეს ინფორმატორი მოვიდა და გვითხრა, ის კაცი გამოჩნდა, კოსტია კოსტენკო, თქვენ რომ ეჭვი გქონდათო. წვრილმანი ხულიგნობა მოვუწყვეთ და ავიყვანეთ. როგორც კი განყოფილებაში მოვიყვანეთ და ხულიგნობის შესახებ დავუწყეთ გამოკითხვა, გვითხრა, - ფურცელი და კალამი მომეცით და თვითონ დავწერ ყველაფერს, ვიცი, რისთვისაც დამიჭირეთო. 15-15 წელი მიუსაჯეს. ასე გავხსენით ლომბარდის საქმე. 

 



GzaPress

 

ევგენი აფრასიძის დაკავების დეტალები

 


ევგენი აფრასიძის საქმე კოლეგიაზე გავიდა და დადგინდა, რომ უნდა აგვეყვანა და თუ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, იძულებული ვიქნებოდით, ლიკვიდაცია მოგვეხდინა. სვანეთში ოპერაციაზე 40 კაცი წავედით, მაგრამ ძებნილი სახლში არ დაგვხვდა და ხელცარიელი დავბრუნდით. სანდრო კავსაძემ (მინისტრის მოადგილე) დამიძახა და ახალი გეგმის მომზადება დამავალა. ვინაიდან ევგენის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, ინფორმაცია ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე და მისი აყვანის გეგმა შევიმუშავე. კაცი ძებნილი იყო და თან, სახლს აშენებდა ეცერში. უცნაური არ იყო ეს ამბავი? ვიცოდი, რომ ცემენტი სჭირდებოდა. გადაცმული თანამშრომელი უნდა შეგვეგზავნა ცემენტის გასაყიდად და ძებნილთან ნდობაში შესულიყო. საქმე კანდიდატურის შერჩევაზე მიდგა. აფრასიძე ყველას გვითვლიდა, - არ დაგნებდებით და აქ მოსვლა არ გაბედოთ, ყველას ამოგხოცავთო. მართლაც იყო ამაზე წამსვლელი და ასეთ კაცთან პირისპირ დგომა საშიში იყო. - ვინც გეგმა შეადგინა, იმანვე უნდა შეასრულოს, სხვა რომ წავიდეს და ჩავარდეს, აფრასიძემ რომ მოკლას, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ, ამიტომ, მე წავალ-მეთქი, ვთქვი. კინოსტუდიაში პარიკი მომარგეს, რამაც ძალიან შემცვალა, დავტვირთეთ დახურულძარიანი სატვირთო მანქანა ცემენტით და პირდაპირ მის ეზოსთან გავაჩერე. - წყალი დამალევინეთ-მეთქი, - ეზოში მყოფ ქალს ვთხოვე. ის სახლში შევიდა და ცოტა ხანში ჭიქით ხელში უკან დაბრუნდა. ამ დროს კარი ოდნავ გაიღო და ნახევარი სახე გამოჩნდა. მივხვდი, ევგენი აფრასიძე სახლში გახლდათ და ცოტა ხანში სახლის უკანა მხარიდან თვითონაც გამოჩნდა - ახოვანი და ბრგე კაცი. ძალიან აგრესიული იყო. მომიახლოვდა თუ არა, - ვინ მოგაგზავნაო? - მკითხა. გავიკვირვე, - რა მოგზავნა, რის მოგზავნა-მეთქი? გარშემო შემოვლა დამიწყო. მაშინ კი ვიფიქრე, პარიკით არ მიხვდეს, გადაცმული რომ ვარ-მეთქი... ვინ იცის, რამდენი რამ გავიფიქრე იმ ორიოდე წუთში. მეორედ რომ დაიწყო შემოვლა, მერე მე დავიწყე ყვირილი: რას მივლი გარს, ცემენტი მაქვს და თუ გინდა, იყიდე, თუ არა და, თავი დამანებე-მეთქი. მოშორებით მილები ელაგა და იქ ჩამოვჯექი. დავიწყე ცემენტის გაყიდვა. ევგენი შორიდან მაკვირდებოდა. ცოტა ხანში მილიციამ დამიჭირა. სვანი ბიჭები ჩაერივნენ და გამომიშვეს. მილიციის თანამშრომელმა მითხრა, - ცემენტი ჩამოგვიტანეო. მეც ეს მინდოდა. საკუთარ ხელქვეითებს ცემენტი ჩავუტანე, გზაში ინსპექტორებსაც ფულს ვუხდიდი. რამდენჯერმე ჩავიტანე ცემენტი და ევგენისთან კარგი ურთიერთობაც დავამყარე - დავმეგობრდით კიდეც. მოვიდა ოპერაციის დასრულების დრო. თბილისიდან 10 ადამიანი წავედით. მანამდე რამდენჯერაც ჩავედი, ევგენი მანქანასთან მოდიოდა, უკანა კარს აღებდა ცემენტის გადმოსატვირთავად. ეს გამოვიყენეთ და ძარაში ოპერმუშაკები ჩავსვით, ძაღლთან ერთად. გეგმა კი ასეთი იყო: როგორც კი ევგენი კარს გააღებდა, თავს დაესხმოდნენ და გაკოჭავდნენ. რატომღაც ევგენიმ ჩვეულებას უღალატა - სახლიდან ძალზე დაღვრემილი გამოვიდა და მანქანისკენ კი არ წამოვიდა, ეზოს კუთხისკენ გაემართა. მეჩქარება, მანქანა ჩამოტვირთე-მეთქი, - დავუძახე და მისკენ წავედი. ამ დროს სახლიდან მისი 15 წლის ბიჭი გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა. გული გადამიქანდა, ოპერაცია არ ჩავარდეს-მეთქი და ის იყო, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რომ მანქანის ძარაზე ძაღლმა დაიწკმუტუნა. ევგენიმ ყურები ცქვიტა - ძაღლები მომიყვანეო?! - კბილებში გამოცრა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ საშუალება არ მივეცი. შემოვეხვიე ტანზე და ვიყვირე, - ბიჭებო, გამოდით-მეთქი! ოპერმუშაკები გადმოხტნენ და ძებნილი მანქანის ძარაზე აათრიეს. იქ კი გაიქნია მუშტი დაკავებულმა და მიფინ-მოფინა ბიჭები აქეთ-იქით, მაგრამ საბოლოოდ ვიმარჯვეთ და სანამ სვანები გაიგებდნენ ევგენის დაკავების ამბავს, სასწრაფოდ გამოვიქეცით იქიდან. სოფელს რომ შეეტყო, აღარ გამოგვატანდნენ. 

 



რატომ გახდა ევგენი აფრასიძე ძებნილი

 


მოგეხსენებათ, წინათ სვანეთში სისხლის აღების წესი მოქმედებდა. ევგენის და კოდორში იყო გათხოვილი. ერთ დღეს თვალდალურჯებული მიადგა ძმას - ქმარს უცემია. მაშინ ევგენი 23 წლის იყო. გაბრაზებული კოდორში წავიდა და სიძე ტყეში (მეტყევე ინჟინერი იყო და უკრაინელ მუშებს ხელმძღვანელობდა) მოკლა. ვინაიდან დანაშაული ტყეში ჩაიდინა, არავის დაუნახავს და შესაბამისად, მოწმე არ ჰყავდა. არც ნივთმტკიცება იყო, არც იარაღი და გამომძიებლებმა კვალიფიციური გამოძიებაც ვერ ჩაატარეს. ამის შემდეგ, გავიდა დრო. ერთ დღეს, კოდორში მიმავალ ავტობუსში ერთმანეთს ევგენის ბიძაშვილი და მოკლული სიძის მამა შეხვდნენ. მამამ შვილის სიკვდილის გამო სისხლის აღება გადაწყვიტა და ევგენის ნათესავს დანა დაარტყა, მაგრამ მხოლოდ მსუბუქად დაჭრა. დაჭრილმა კი იქვე მოკლა შურისმაძიებელი. ეს ამბავი ეცერში, ევგენის მამის ყურამდე რომ მივიდა, თავი მოიკლა. ამ ამბის გამო გახდა ევგენი ძებნილი, თუმცა პროკურატურამ დანაშაული ვერ დაუმტკიცა. მან თქვა, რომ სიძე მამამისმა მოკლა. მამა უკვე გარდაცვლილი იყო და დაბრალება იოლი გახლდათ. ევგენის მკვლელობა არ დაუმტკიცდა და მხოლოდ იარაღის ტარებისთვის მიუსაჯეს 3 წელი, რომელიც ბოლომდე მოიხადა. ციხიდან რომ გამოვიდა, შემომითვალა, სვანეთში მესტუმრე, შენთან ერთად ქეიფი მინდაო. პირველად 1999 წელს ჩავაკითხე და მას შემდეგ დავმეგობრდით. უმცროსმა ბიჭმა - ომეხმა დაღუპა ეგ ოჯახი. მოგეხსენებათ, უამრავ სხვა დანაშაულთან ერთად, კახი კალაძის ძმის გატაცებაც ჰბრალდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ნამდვილად მისი ნახელავი იყო - დანამდვილებით ვიცით, რადგან ეცერში ექიმი მიიყვანეს ლევან კალაძის სამკურნალოდო. ექიმი სინამდვილეში იმისთვის მიიყვანეს, რომ ომეხისთვის ოპერაცია გაეკეთებინა. შემდეგ სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, კალაძის გამოსასყიდი 200 ათასი დოლარი აიღო ომეხმა და ამ ფულს მხოლოდ შენ თუ ამოგვაღებინებო. დავრეკე და დედამისს დაველაპარაკე, - ომეხი დამიკავშირდეს-მეთქი. მართლაც, იმავე საღამოს დამირეკა. ფული უნდა დააბრუნო-მეთქი. - ვახტანგ უფროსო, ჩემთან მართლაც იყო ჩამოსული 3 ადამიანი და ფული ჩამომიტანეს, მაგრამ ვუთხარი, რომ კალაძის საქმესთან შეხება არ მქონდა და ფული არ დამიტოვებია, მხოლოდ 10 ათასი დოლარი დამიტოვეს იმისთვის, რომ ამ საქმის შესახებ რაიმე გამეგო; ის 10 ათასი ხელუხლებლად მაქვს, ჩამოვიტან და ვისაც უნდა, დავუმტკიცებ, რომ დანარჩენი ფული უკან წაიღესო. მაშინ ვუთხარი - დაღუპავ მაგ ოჯახს, ჩამოდი და ჩაჰბარდი ორგანოს; რა დანაშაულიც დაგიმტკიცდება, იმაზე აგე პასუხი-მეთქი. - ვახტანგ უფროსო, 2 კვირაში ჩამოვალ და თქვენ მიმიყვანეთ პოლიციაშიო. ისე მოხდა, რომ მის ჩამოსვლას არ დაელოდნენ - გიორგი ბარამიძემ სპეცოპერაცია ჩაატარა და ამოხოცეს ოჯახი. ბარამიძე ამბობდა, საზენიტო არტილერიით გვიწევდნენ წინააღმდეგობასო, მაგრამ იარაღი საქმეზე არაა დართული ნივთმტკიცებად. ეს ხომ ზღაპარია?! 20 და 18 წელი აქვთ მისჯილი ომეხის ძმებს. უფროს შვილს, შმაგის რისთვის მიუსაჯეს? მას უბრალო დანაშაულიც კი არ ჩაუდენია. ამას ყველა სვანი დაგიდასტურებთ. სატვირთო მანქანა ჰყავდა, იმ მანქანით მუშაობდა და ლუკმაპურს ასე შოულობდა. ის არ ჰგავდა თავის ძმებს. სპეცოპერაციის დროს, ტყვიის წვიმა რომ წამოვიდა, შმაგის იარაღიც არ გაუსროლია - საწოლის ქვეშ ჰყავდა თავისი ცოლ-შვილი და ზედ იყო გადაფარებული, რომ არაფერი დამართოდათ. 18 წელი მხოლოდ იმისთვის მიუსაჯეს, რომ ომეხის ძმაა. 

 



"დანაშაული და დამნაშავე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება"

 


წყალტუბოს რაიონის ერთ სოფელში ძმებმა თავი მოჭრეს კაცს და ისე დაასაფლავეს; თავი კი ტყიბულში წაიღეს და ეზოში, შეშაში დამალეს. ბევრი ვეძებე და მივაგენი. საზარელი სანახავი იყო; ძმების ჩადენილი დანაშაული არასოდეს დამავიწყდება... დამნაშავე კი, რომელიც არ მავიწყდება, ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო: გურიაში, მამა-შვილმა მდინარაძეებმა კაცი გაიტაცეს, ტყეში დააბეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ. გამტაცებლებს შინ, გვიან ღამით მივადექი. შვილს ეძინა და საბანი გადავხადე. წამოვარდა შეშინებული. შველივით ვაჟკაცი იყო, ხუჭუჭა თმა ჰქონდა, დაკუნთული სხეული... ულამაზესი ბიჭი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. ისეთი ლამაზი ვაჟკაცი იყო, მართლა დამენანა დასაჭერად და მით უმეტეს - სასიკვდილოდ: საკმაოდ ბევრი მიუსაჯეს, მერე წულუკიძის (ახლანდელი ხონი) კოლონიიდან გაიქცა და მოკლეს.    



მკვლელი ქალი

 


ზესტაფონში ვმუშაობდი. შეგვატყობინეს, რომ სკოლის ეზოში მამაკაცის გვამი იყო აღმოჩენილი. სკოლის უკან საერთო საცხოვრებელი იყო, სადაც რამდენიმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ცხოვრობდა. გვამს თავი სკოლისკენ ჰქონდა, თითქოს იქით მიდიოდა და წუღები უკუღმა დაელაგებინათ. ამან დამაეჭვა. ეჭვი ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე ავიღე, მაგრამ ვერსად მივაგენით. დავადგინე, რომ მისი შვილი თბილისში, ერთ-ერთ პროფტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. დირექტორს საიდუმლოდ შევხვდი და ვთხოვე, თუ მისი მოსწავლის დედა გამოჩნდებოდა, აუცილებლად შეეტყობინებინა. მეორე დღესვე დამირეკა, - მოვიდაო. მაშინვე იქით გავემართე და დირექტორის კაბინეტში შევედი. - გამარჯობა, ეთერ, ჩემი დანახვა ხომ არ გაგიკვირდა-მეთქი? - არაო, - მაშინვე მითხრა და ფაქტობრივად, დანაშაული აღიარა ამით. მანქანაში ჩავსვი და იქვე მოჰყვა ყველაფერს დაწვრილებით; მიამბო, როგორ მოკლა და გადააგდო გვამი. დაზარალებული ჭიათურელი კაცი ყოფილა და ხშირად ჩამოდიოდა თურმე მასთან. ბოლო პერიოდში კი სცემდა და აგრესიულად ექცეოდა. თავდაცვის მიზნით მოუკლავს. ეს ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ქალი დავაკავე. 

 



რა არის კარგი და რა - ცუდი

 


დღესდღეობით პატრულმა რომ გაამართლა, ფაქტია. ისიც მისასალმებელია, რომ ყველანაირი დანაშაული შემცირდა, მაგრამ მკვლელობა რომ გახშირდა, ეს უკვე არ ვარგა. წარამარა ხოცავენ ერთმანეთს. ამხელა თანამდებობა მეკავა და სისხლის სამართლის მტკიცებულების მოპოვებამდე ვერ დავაპატიმრებდი კაცს. არც ერთი პროკურორი არ დაგაჭერინებდა ეჭვმიტანილს, სანამ მტკიცებულებებს არ შეაგროვებდი. ვინ მოიფიქრებდა მაშინ ნარკოტიკის ჩადებას! არასოდეს მომსვლია აზრად, ეს გამეკეთებინა. უფალი არ გაპატიებს ასეთ საქციელს. ტელეფონზე ვერ გილაპარაკია ადამიანს შიშით, რომ არ მოგისმინონ. ესაა თავისუფლება?! სამინისტროში შეხვალ და გაგიხარდება, ისეა გაკეთებული; ტრანსპორტი და აღჭურვილობაც საუკეთესო აქვთ, მაგრამ ადამიანებთან მიდგომა არ იციან. მერაბიშვილი არა მარტო კარგი მინისტრია, არამედ - ჭკვიანი ბიზნესმენიცაა. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების უამრავი ხერხი იცის. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ შეცდომაც ბევრია და გამოსწორება უნდა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და თქვეს, "ობშიაკია" მილიციაშიო, მაშინ წახდა ყველაფერი. ქუთაისში მუშაობის დროს, გარეთ რომ გავიდოდი, ვინ სად გარბოდა და იმალებოდა, ვერ გაიგებდი. ვაზანზარებდი იქაურობას და ვინ გამიბედავდა ქრთამის შემოთავაზებას ან გარიგებაზე დალაპარაკებას?! 38 წელი ვიმუშავე ორგანოში და უამრავი სპეცოპერაცია მაქვს ჩატარებული. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ან დამნაშავეს იარაღი გვესროლა და სისხლი დაღვრილიყო. ერთადერთხელ გამოვიყენე იარაღი - ქუთაისში ყაჩაღი მარგველაშვილის დაკავებისას. როცა დავუპირისპირდი, იარაღი ამოიღო და მესროლა. მეც გავისროლე და ფეხში დავჭერი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სისხლში არ მაქვს ხელები გასვრილი.

 

 



მარი ჯაფარიძე
"გზა", 2012 წელი

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016