ორმოცი დღე სრულდება, რაც ზეციურ საქართველოში თავისი დიდი წინაპრების სამუდამო სამყოფელში გადაინაცვლა მიტროპოლიტმა თადეოზმა. მეუფე თადეოზი (იორამაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იმ მღვდელმთავართა უკანასკნელი მოჰიკანი იყო, რომელიც 1978-1979 წლებში აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მაშინ არათუ მღვდელმთავრობა, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებაც დიდ გამბედაობას და ვაჟკაცობას მოითხოვდა. ათეისტური ხელისუფლების რისხვა, ცილისწამება, ჭორები, დევნა-შევიწროება ყველა იმ ადამიანის ხვედრი იყო, ვინც გაბედავდა და კომუნისტებისაგან დაპირებულ მიწიერ სამოთხეს, იმქვეყნიურ მარადიულ სასუფეველს ამჯობინებდა. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, მეუფე თადეოზი ერთგულად ემსახურებოდა დედა ეკლესიას და მის მაკურთხეველ მამამთავარს. მის ცხოვრებაში არაერთხელ დამდგარა წუთები, როდესაც ცდილობდნენ გაერიათ წვრილმან ინტრიგებში, შიდა საეკლესიო დაპირისპირებებში, მაგრამ მას არასოდეს დაურღვევია სამღვდელმთავრო ფიცი... მისთვის ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო შეუვალი ავტორიტეტი და ბედნიერად თვლიდა თავს, რომ იყო ჩვენი დიდი პატრიარქის თანამებრძოლი.
ქართველი საზოგადოება მას იცნობდა როგორც გამორჩეულ პოეტს. მის პოეზიას მიეძღვნა არაერთი ლამაზი საღამო. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. უზომოდ გაიხარა, შემდეგ მორიდებით ითხოვა სურათების გადაღება წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის ხატებთან, დაგვლოცა, წასვლის წინ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს მოეფერა და წყნარად მითხრა - გემშვიდობებითო - მაშინ ამ სიტყვებისათვის ყურადღება არ მიმიქცევია...
მეუფე თადეოზი ამ სოფლიდან გავიდა... 2015 წლის 19 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ნათლისღების წირვის მსვლელობისას უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სრულიად საქართველოს ამცნო მიტროპოლიტი თადეოზის გარდაცვალება... უწმიდესის კურთხევით გადაწყდა მიტროპოლიტ თადეოზის სამუდამო განსასვენებელი სიონის ტაძართან ყოფილიყო. ზღვა ხალხი მოვიდა მის დაკრძალვაზე, ყველანი ერთსულოვანნი იყვნენ მის შეფასებაში - საოცრად უბრალო, თავმდაბალი მღვდელმთავარი.
მიტროპოლიტი თადეოზი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მის სახელს, ღვაწლს დავიწყება არ უწერია.
ქართული უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წყარი:http://www.sangu.edu.ge/