სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
„ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის და ამ ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებლობა არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.