სამხედრო ექსპერტთან, ვახტანგ მაისაიასთან ისლამური ხალიფატის საფრთხეებზე ვისაუბრეთ. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან და საგულისხმო საკითხს, ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად არ უყურებს და მისგან გამოწვეული საფრთხეების მიმართაც პრევენციულ ზომებს არ იღებს, რაც სასიკეთოდ არ დასრულდებაო. ვახტანგ მაისაია:
_ თამაზ ჭიღალაიძის საშინელი მუქარის განცხადებების შემდეგ ეს თემა რატომღაც დავიწყებას მიეცა, თუმცა ის რაც სირიაში ხდება, ყველა ქვეყნის პრობლემაა და აქედან გამომდინარე, ჩვენიც. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსი ვაშინგტონში ჩაფრინდა და მოლაპარაკებები გამართა. იქ იყვნენ სხვა სპეცსამსხურების თანამშრომლებიც და გამოიკვეთა, რომ რუსეთი და ამერიკა ითანამშრომლებენ ისლამური ხალიფატის ნეიტრალიზაციის საკითხებში. დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ დაახლოებით 1700 რუსეთის მოქალაქე სირიაში საბრძოლველად არის ჩასული და აქტიურობით გამოირჩევიან. რუსეთის უშიშროების უფროსის, ბორტნიკოვის თქმით, სირიაში არიან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულებიც _ ყირიმელი თათრები და პანკისელი ქისტები. ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული და პანკისი მოხალისე მებრძოლების ბუდეა, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი განცხადება ყურადღების გარეშე დატოვა. სხვა ქვეყნებმა თუ დაადგინეს მათგან რამდენი მოქალაქე იბრძვის სირიაში, საქართველოს ეს მონაცემები რატომ არ უნდა ჰქონდეს? ამ სტატისტიკის მოძიება ადვილი არ არის, მაგრამ როცა ქცვეყანაში სპეცსამსხურები მაღალ დონეზეა, ამ საკითხის მონიტორინგი შესაძლებელია.
- სავარაუდო მონაცემებით რამდენი ქართველი მებრძოლი ჰყავს ხალიფატს?
- ჩემი ინფორმაციით, წინათ 150 ქართველი იბრძოდა სირიაში, ახლა მათმა რაოდენობამ 300 მიაღწია. პანკისის ხეობიდან ნაკლებად მიდიან, ახლა გადინება აჭარიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან ხდება. სირიაში გაძლიერდა აზერბაიჯანული ჯამაათი. ქვემო ქართლიდან წასული საქართველოს მოქალაქეებიც აზერბაიჯანულ სეგმენტს აძლიერებენ.
-ისლამურ ხალიფატში არსებობს რამდენიმე დონე: 1. უმაღლესი ხელმძღვანელობა. 2. დამრტყმელი საბრძოლო შენაერთები, რომლის წევრებსაც ეთნიკურობა არა აქვთ. 3. რელიგიური შეიარაღებული ნაწილები, ვისთვისაც ეთნიკური წარმომავლობის დატვირთვა დიდია. ჭიღალაძე, მუსლიმო მარგოშვილის, იგივე აკო ალვალიდის სპეცდანიშნულების შენაერთის წევრია. ალვალიდი არის ხალიფატის სპეცსამსახურის შეფი. ქართული წარმოშობის მარგოშვილი ამჟამადაც რუსეთის მოქალაქეა. ბავშვობიდან პანკისში ცხოვრობდა, მერე ჩეჩნეთში გადაიხვეწა და როგორც კი იქ პირველი ომი დაიწყო, ჩეჩნების წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. ის იყო პირველი გამოშვება ე.წ. საწვრთნელი დივერსიული ცენტრის, რომელსაც ეწოდება „კავკასიური ინსტიტუტი“. ის შექმნა ხატაბმა, იგივე შავმა არაბმა ბილლადენის ხელშეწყობით. ხატაბის შემცვლელი აპუალიტი კი, საუდის არაბეთიდან იყო. იგი სპეციალური, საგარეო დაზვერვის რაზმის მეთაურად იყო მოვლინებული კავკასიაში, რათა შეესრულებინა ალქაიდას რეზიდენტის ფუნქცია, მაგრამ გაითამაშეს, რომ ბრძოლაში დაიღუპა და გადაისროლეს იემენში. მის ადგილზე დანიშნეს მარგოშვილი. ამის შემდეგ მარგოშვილი საქართველოში იმყოფებოდა, გასულ წელს კი, გამოქვეყნდა მისი ვიდეომიმართვები, სადაც პირდაპირ აცხადებს, რომ ლოპოტას გადაადგილებას თავად აკონტროლებდა. წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ხაფანგი. ეს მეტად საგულისხმო ფაქტია. რაც შეეხება ჭიღალაძეს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მისი სირიაში ყოფნა იყოს დეზინფორმაცია და ის ჩრდილოკავკასიაში, თუნდაც საქართველოში იყოს. როგორც გითხარით, ისლამური ხალიფატი ჩრდილოკავკასიის მიმართულებით ძალიან გააქტიურდა.
- თუ ჭიღალაძე საქართველოშია, მისი მუქარა ხომ უფრო მეტად არის საფრთხისშემცველი და ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ რა აკეთებს?
-როგორც ჩანს ისლამურმა ხალიფათმა კავკასიის რეგიონისთვის მოიცალა. მათ დაიწყეს კავკასიური ისლამური შეიარაღებული ფირმირებებიდან ხალხის საკუთარ მხარეს გადმობირება. კავკასიის ისლამური ხალიფატი, თალიბანი და ეს ფორმირება ერთ გუნდად იკვრება. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ თალიბანის ნარკოტიკები აღმოჩნდა საქართველოში და რომელიც ის ჩვენი ქვეყნის გავლით გადიოდა. ეს არის თხევადი ნარკოტიკი, რომელსაც ეწოდება „ტალახის ცრემლები“ და თალიბანის ერთ-ერთმა საველე მეთაურმა შექმნა. ნაკლებად ცნობილი ფაქტია და შეიძლება თქვენს ექსკლუზივადაც ჩაითვალოს. ამ ტვირთის დაკავება მოხდა საქართველოში.
-რა აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს საბრძოლველად სირიაში წავიდნენ და იქიდან საქართველოს მისამართით, მუქარის განცხადებები გააკეთონ? ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში ქართველი ქალიც იბრძვის და მთელს მსოფლიოს ემუქრება. ეს სიმართლეა?
-ქართველი ქალის იქ ყოფნის ფაქტი არის ტყუილი. იქ იბრძვიან ქურთი ეროვნების ქალები. რაც შეეხება ჭიღალაძეს, მას გააჩნია პირადი წყენა, რადგან რეპრესირებული ადამიანი იყო, ჰქონდა პრობლემები ძალოვან სტრუქტურებთან და შეიძლება ესეც ალაპარაკებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის უკან გავლენიანი ძალა დგას და ეს მუქარაც მათი დაკვეთილია. ისლამურმა ხალიფატმა აფხაზეთში უკვე შექმნა დაჯგუფება. ნახევარი წლის უკან ეს დაჯგუფება 50 კაციანი იყო, ახლა გაზრდილია. ამ ეტაპზე იატაკქვეშა ჯგუფს წარმოადგენს. მხოლოდ პროპაგანდისტულ განცხადებებს ავრცელებენ. იმის ნიშნებიც არსებობს, რომ საქართველოშიც იგივე გააკეთონ, რაც აფხაზეთში გააკეთეს. ერთი პერიოდი ისლმისტური ხალიფატის ქართული საიტებიც გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა. თუ ხალიფატი საქართველოში მოახერხებს დაჯგუფების შექმნას, ისინი იმოქმედებენ „ჩამქრალი ვულკანის“ პრინციპით, ანუ როცა დაჭირდებათ, ან „ზემოდან“ ბრძანებას მიიღებენ, ამოქმედდებიან. ხალიფატს საქართველო სჭირდება როგორც სატრანზიტო კორიდორი, თავის მომხრე დაჯგუფებებს ჩრდილო კავკასიაში შეიარაღება და ფული რომ მიაწოდოს. ასევე განახორციელოს მებრძოლების როტაცია. საინტერესოა ისიც, რომ „არენაზე“ უკვე გამოჩნდა ახმედ ჩატაევიც, რომელმაც მიმართა კავკასიის სახელმწიფო ემირატის მებრძოლებს, რომ გადავიდნენ ისლამური ხალიფატის რიგებში. ეტყობა ის არის ჩრდილოკავკასიური მიმართულების ისლამური ხალიფატის კოორდინატორი.
-კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში მათი გააქტიურების შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ? მათი ტერორის მსხვერპლი რომ არ აღმოვჩნდეთ, რა უნდა გავაკეთოთ?
-ისინი იატაკქვეშეთიდან მაშინ ამოვლენ და მოქმედებას დაიწყებენ, როცა ვთქვათ მათთვის სატრანზიტო კორიდორის გადაკეტვა მოხდება, ან მათ ტვირთს რაიმე საფრთხე დაემუქრება და ა.შ. საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელს ვინც შეუშლის, მათ მიმართ გადავლენ აქტიურ ქმედებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მათი გააქტიურება საქართვლოში ხელისუფებამ არ უნდა დაუშვას, რადგან მერე პროცესების დარეგულირება რთული იქნება. მით უფრო, რომ კავკასიის რეგიონი ისლამური ხალიფატის გეოსტრატეგიულ სფეროშია მოქცეული და სპეციალური რუკებიც უკვე დაიბეჭდა. მათ კონსტიტუცია და სამხედრო დოქტრინაც მიიღეს და იქ პირდაპირ წერია, რომ კავკასიაში გავლენები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. ყურადღების გარეშე ამისი დატოვება არ შეიძლება. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ძალა დაიბლოკოს და არ მიეცეს საშუალება, საქართველო გაიხადოს პლაცდარმად. არ ვიცი ხელისუფლება რატომ უყურებს ამ საკითხს არასერიოზულად. საქმე ეხება ძალიან საშიშ ძალას, რომლებიც ადამიანებს ცოცხლად წვავენ, ვიდეოკამერების წინ თავებს ჭროან და მეტი რა უნდა გააკეთონ, რომ გამოვცოცხლდეთ? ეს არის კარგად მართული, თუმცა ერთი შეხედვით უმართავი ძალა, რომლიც ყველაფერზეა წამსვლელი. ერთადერთ წინააღმდეგობად თბილისში, ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს. ნატოს ცენტრი არის ანტიტერორისტული ორიენტაციის ორგანიზაცია. აქედან ისიც ჩანს, რომ ანტიტერორისტული საქმიანობა და მასთან ბრძოლა სამხედრო სფეროშიც შეიჭრა და ტერორიზმი აღარ არის ჩვეულებრივი საფრთხე. ნატო მას სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს , რომელშიც ალბათ საქართველოს შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე ახლა თქვენ განსაზღვრეთ, ჭიღალაძის მუქარა არის თუ არა რეალური.
- მოდით უკრაინაში მიმდინარე საკითხებზე გადავიდეთ. თუ არსებობს პრეცენდენტი იმისა, რომ ერთი ქვეყნის ყიფილი ხელისუფლება, რომელსაც ხალხმა „არა“ უთხრა, მეორე ქვეყანაში მმართველი ძალა გამხდარიყო? თუ ეს მხოლოდ ქართულ-უკრაინული ფენომენია?
-მსგავსი რამ მოხდა, როცა სახალხო დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა ავღანეთიდან გადავიდა მოსკოვში. მერე, როცა ავღანეთში შეიჭრა საბჭოთა ჯარი და ახალი პოლიტიკური რეჟიმის ინსტალაცია მოახდინა, სახალხო დემოკრატები კვლავ ავღანეთში დაბრუნდნენ. როგორც ვიცი, რუსეთში ყოფნის დროს ისინი ცკ-ს საერთაშორისო სამსახურში დაასაქმეს და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება კგბ-ს დახმარებით მოახერხეს. უკრაინაში ამჟამად დასაქმებული საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლები არიან ბრალდებულნი და იმედია ეს ყველაფერი საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკურ ურთიერთობას არ დააზარალებს. თუმცა ის, რაც ხდება, საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მესიჯი. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თანამდებობებზე მეგის ქარდავასა და სოსო თოფურიძის დანიშვნასაც აპირებენ. თეთრაძის ფაქტზე უკვე დადგინდა მეგის ქარდავას დანაშაულებრივი როლი და თუ ეს სიმართლეა, რა გამოდის, მსჯავრდებულს სვამენ თანამდებობაზე?!
-სააკაშვილმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან. შეიძლება ეს მართლა მოხდეს?
-ასეთი რამ მოხდა გვატემალაში, 1954 წელს, როცა მათმა რევოლუციურმა მთავრობამ დაამხო დიქტატორი. იგი თავისი გუნდით გადავიდა მექსიკაში , რომელიც იქ გააძლიერეს, მისცეს დაფინანსება, მერე დააბრუნეს უკან და მოახერხეს კიდევაც არსებული მთავრობის ჩამოგდება. ამ ყველაფერში ამერიკის სპეცსამსახურებს დიდი როლი მიუძღვის. სამწუხაროდ, ეს მოხდა ძალადობრივად. სააკაშვილი საქართველოში არჩევნებით რომ ვერ დაბრუნდება ფაქტია, ამიტომ მათაც დარჩენილი აქვთ ძალადობრივი, იგივე სახელმწიფო გადატრიელების გზა. თუ სააკაშვილისა და მისი გუნდის დაბრუნების საკითხი საქართველოში მართლაც დადგა, ეს მოხდება მხოლოდ ძალადობრივი, შემოჭრის გზით და ის ადამიანები ვინც მათგან რეპრესირებულები ვიყავით, გულხელდაკრეფილები არ დახვდებით. მათ უკვე საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს.
- ეს სამოქალაქო ომის დაანონსებას ჰგავს არა?
_ კვიტაშვილისა და ზღულაძის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში კიდევ ასატანი პროცესია და შეიძლება არაფერი გვეთქვა. მათზე მსჯავრი არ არის დამდგარი, მაგრამ ადეიშვილის, სააკაშვილის, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძის და დათა ახალაიას დანიშვნა, ყოვლგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ უკრაინაში მზადდება სამხედრო გადატრიალება.
- ნულანდის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორგვარი ვერსია გავრცელდა. ერთი ვერსიით მისი ჩამოსვლის მიზანი ქართულ-უკრაინული ურთიერთობის დარეგულირებაზე ზრუნვა იყო, მეორე ვერსიით კი, სააკაშვილის მეგობრად ცნობილი ნულანდი, აქ მის წინააღმდეგ კომპრომატების მოსაგროვებლად ჩამოვიდა, რადგან თურმე ობამას ადმინისტრაცია მიშას არ სწყალობს. რომელი ვერსია შეიძლება იყოს სიმართლე? რა იყო ნულანდის ჩამოსვლის რეალური მიზეზი?
- ნულანდი არის ობამას გუნდის განუყოფელი წევრი. ვერ ვიტყვი, რომ ის არის სააკაშვილის მეგობარი. ამას თავად მიშა ამბობს და ამიტომაც ნაკლებადდასაჯარებელია. ირაკლი ალასანიამ სააკაშვილს ბარონ მიუნჰაუზენი უწოდა, მე კი _ პოლიტიკური პინოქიო. ამიტომ, პოლიტიკური პინოქიოს და ბარონ მიუნჰაუზენის ნათქვამებს სერიოზულად არ ჩავთვლი. ობამას ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და არა მგონია, მისი განწყობა შეცვლილიყო. 2014 წლის მაისში, პოროშენკო აპირებდა სააკაშვილის დანიშვნას მრჩევლად, მაგრამ იქ ჩავიდა ნულანდი და ამ დანიშვნამ გადაიწია. სააკაშვილი უკრაინაში როცა დაინიშნა თანამდებობაზე, ნულანდი იქ არ ჩასულა და ის საქართველოში ჩამოვიდა. დასკვნა ახლა თავად გამოტანეთ.
-ნულანდმა თუ შეაგროვა კომპრომატები სააკაშვილზე, მას როგორ გამოიყენებს? ამის შემდეგ რა შეიძლება რომ მოხდეს?!
- ომაბას ადმინისტრაციამ კარგად იცის მიხეილ სააკაშვილი ვინ არის და რა აქვს გაკეთებული. ბევრი კითხვა არსებობს საქართველოში 2008 წელს წარმოებულ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებთ როგორ ჩაუვარდა ჩვენს მტერსა და ამერიკის მოწინააღმდეგეს, ამერიკის თანამედროვე შეიარაღება. მათ შორის 4 სამეთაურო „ჰამერი“, რომელიც უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი. იგი „ა“ კატეგორიის საიდუმლო ტიპის შეიარაღებას მიეკუთნებოდა. ამ „ჰამერებმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ამერიკის წრვთნებში და ამის შემდეგ, ფოთის პორტიდან უკან, ამერიკაში უნდა გაეგზავნათ. გაურკვეველი მიზეზით ერთი თვე დატოვეს ფოთში და 2008 წელს ის მტერმა ჩაიგდო ხელში. როგორც ვიცი, მერე ორი „ჰამერი“ აღარ დაუბრუნდა ამერიკულ მხარეს და რუსებმა მას კონფისკაცია გაუკეთეს. ასევე ჩაუვარდათ ხელში რუსებს უპილოტო ამერიკული თვითმფრინავები _ „ჰერმესები“, რომელიც ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი ნამუშევარი არის. სწორედ ამის მერე ამოავსო რუსეთმა ის ხარვეზი , რომელიც ჰქონდა დამრტყმელი საავიაციო კუთხის მიმართულებით და შეიმუშავა გაცილებით მომგებიანი და ძლიერი, მესამე თაობის უპილოტო თვითმფრინავი. ეს ტექნიკა რუსებმა უკვე გამოიყენეს ყირიმში და ახლაც წარმატებით იყენებენ დონბასის რეგიონებში. 2008 წელს რუსებს ჩაუვარდა ხელში „ტე-72“ ტიპის მოდერნიზებული საბრძოლო ტანკიც, რომლითაც მათ უფასოდ, ყოველგვარი წვალების გარეშე მიიღეს ღამის ხედვის მოწყობილობა. ამან კი ხელი შეუწყო რუსეთის სამხედრო ძალების განვითარებას. ეს იყო ისრაელის დამზადებული ტექნიკა, მაგრამ ისრაელი და ამერიკა მჭიდრო სამხედრო პარტნიორები არიან. აქედან გამომდინარე, ნულანდის საქართველოდან წაღებულ კომპრომატებს ამერიკის მხარე კიდევ ერთხელ შეისწავლის და არ გამოვრიცხავ, რომ მას წინ დაუდებენ პოროშენკოს. ისიც მიხვდება ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი. ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილის გუნდმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, რადგან მათ უკვე დაიწყეს ჩვეული დაჭერები. რა ქნან, სხვაგვარი მუშაობა არ შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა არ არის საქართველი და ყვარყვარეობას იქ ყოველთვის მოსდევს ცუდი შედეგები. გვახსოვთ ალბათ როგორ უსწორდებოდნენ ისინი თავის დეპუტატებს და ყრიდნენ პოლიტიკურ ნაგავში. უკრაინელი ხალხი, როცა გაამწარებენ, სააკაშვილის გუნდსაც სასტიკად გაუსწორდება.
-იმაზე რას იტყვით, ალასანიას და მისი გუნდი არსებული ხელისუფლებისგან ნატოსკენ სწრაფვის ტენდენციების უარყოფაზე რომ ალაპარაკდა ?
_ ახლახანს შედგა თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ნატოს შტაბში, ასევე საქართველოში ჩამოვიდა ნულანდი, მიმდინარეობს ნატოს ცენტრის დანერგვის საკითხების განხილვა. იმედია ეს კურსი ბოლომდე შენარჩუნდება. ამის თქმის საფუძველს, ალასანიას ალბათ „კაბელების საქმის“ ამბავი აძლევს. ამ საქმეზე დაპატიმრებული არიან კარგი სპეციალისტები და სისტემატიურად ხდება მათი სასამართლო პროცესის გადადება. ალასანიას ეჭვის საფუძველი ალბათ ასევე არის საეჭვო კადრების დანიშვნა თავდაცვის სამინისტროს წამყვან თანამდებობებზე. ამ უწყებაში მუხროვანის ამბოხის პროკურორი დააწინაურეს. „მუხროვანის ამბოხის“ საქმემ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რადგან დამრტყმელი ავიაციის მფრინავები დააპატიმრეს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირველ რიგში საქართველის დამრტყმელი ავიაციის ეშინოდა და შეიძლება ითქვას, ამ ფორმით მათი გაუვნებელყოფა მოხდა. „ენვერის საქმეც“ ხომ მფრინავების წინააღმდეგ განხორციელდა. ცხადია ჩნდება კითხვა, ვისი დაკვეთის შესრულება ხდება, როცა ასეთი საქმის პროკურორს თავდაცვის სამინისტროში აწინაურებენ?! ალასანიამ პარიზში ხემოწერილი დოკუმენტის დეტალებზეც დაიწყო ლაპარაკი და ფრჩხილების გახსნა. საინტერესოა ვინ ურეკავდა მას და აიძულებდა, არ მოეწერა ხელი ამ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ხელშეკრულებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს საჰაერო თავდაცვა გაძლიერდებოდა. თუ ალასანია სიმართლეს ლაპარაკობს და ნატოს კურსს ჩვენი ხელისუფლება მართლა აცდა, ამას რა შეიძლება მოყვეს, რთული მისახვედრი არ არის.
წყარო: POSTALIONI.COM