ერთ დროს მას დიდ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ერთ დროს ის იმედისმომცემ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ბორის ნემცოვის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ მას ელცინის მემკვიდრედაც მოიაზრებდნენ. 1998 წელს, ელცინის პრეზიდენტობისას, ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნატორიიყო. თუმცა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ნემცოვი ხედავდა თავის ნათელ მომავალს. პოლიტიკური კულუარებიდან ნემცოვმა ნელ-ნელა ქუჩაში გადაინაცვლა. თუმცა, ვერტიკალიდან შორსაც ახერხებდა, აქტიური და გავლენიანი ყოფილიყო. პუტინის ოპოზიციაშიც ხედავდა ძალას და იმედი ჰქონდა, რომ ძალიან მალე პუტინი დასრულდებოდა.
ჯერჯერობით მსოფლიო ნემცოვს ეთხოვება და რუსეთის პრეზიდენტისგან გამოძიებას ითხოვს...
ბორის ნემცოვს კარგად ვიცნობდი. მას ძირითადად სტრასბურგში ვხვდებოდი ხოლმე. ბოლო წლებში ევროსაბჭო ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც რუს დეპუტატებს შეხვდებოდი და დაელაპარაკებოდი. რამდენჯერმე, უფრო ადრე, მოსკოვშიც შევხვედრივარ... პრინციპული, მაგრამ ფრთხილი იყო. ყოველ შემთხვევაში მაშინ, პუტინის მიმართ შიში ჰქონდა, ხშირად პირად სუბრებშიც უთქვამს, რომ რუსეთში პოზიციის დაფიქსირება ჭირს.
თუმცა, თუ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, ის საკმაოდ მკვეთრი იყო, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ. თუმცა, ეს უკვე კრიზისი აღარ არის, ეს უკვე ანექსიაა... შესაძლოა, ამიტომაც მოიკრიბა გამბედაობა...
sobesednik.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა კიდეც: „ვშიშობ, ვლადიმირ პუტინი ჩემს მკვლელობას „შეუკვეთს".
„არასოდეს ვმალავდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს. ვფიქრობ, რომ სწორედ მან (ვლადიმირ პუტინმა) დაიწყო ომი უკრაინაში. ვერ ვიტან მას, განსაკუთრებით ბესლანისა და „ნორდ-ოსტის" შემდეგ.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი აცხადებდა:
- ჩემს ძვირფას დედას, ღვთის წყალობით, მარტში 87 წელი შეუსრულდება. ის დამსახურებული ექიმი პედიატრია, უკვე დიდი ხანია პენსიაზეა, თუმცა დღემდე ინტერესდება ყველა იმ სიახლით, რაც მედიცინას უკავშირდება. მან საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოიარა. ომის მძიმე პერიოდი... შემდეგ ორი შვილი გაგვზარდა. ახლა მე მოსკოვში ვცხოვრობ, დედა - ნიჟნი-ნოვგოროდში. მარტოა, მაგრამ მაინც კარგად და მხნედ არის. მას ნაკლები ჭაღარა აქვს, ვიდრე მე, არ აწუხებს სკლეროზი, აბსოლუტურად საღად აზროვნებს, მასთან განვიხილავ ჩემი შვილებისა და მისი შვილიშვილების წარმატებებს. გარდა ამისა, დედასთან პოლიტიკაზე საუბარი ძალიან მიყვარს. ის კატეგორიული წინააღმდეგია ყოველივე იმისა, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მიაჩნია,რომ ეს კატასტროფა და აბსოლუტური კოშმარია, მაგრამ უკრაინაზე მეტად მას პუტინი აშფოთებს. ყოველთვის, როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს... და ამას სრული სერიოზულობით ამბობს.
ბუნებრივია, რატომაც აქვს პუტინისადმი ასეთი დამოკიდებულება და კიდევ უფრო გასაგებია მისი შიში - ბოლოს და ბოლოს, მე მისი შვილი ვარ. დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ყველაფერზე საუთარი აზრი მქონოდა, ვყოფილიყავი, დამოუკიდებელი, თავისუფალი... რა ვიცი, მან თავიდანვე ასე აღმზარდა და ახლა ნერვიულობს, როცა ამ პრინციპებიდან გამომდინარე პუტინს ვუპირისპირდები, რომელიც სწორედ იმ თავისუფლებას გვართმევს, რაც ასე ფასეული იყო და არის ჩვენთვის. დედას სერიოზულად ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და აქტიურობისთვის, შეიძლება, პუტინმა მომკლას და ვიმეორებ, ეს სახუმარო სულაც არ არის - დედაჩემი ძალიან გონიერი ადამიანია! ამიტომ დედას პუტინის ძალიან ეშინია, მით უმეტეს წინ არაერთი მაგალითი აქვს, იმავე ხოდორკოვსკისა და ნავალნის ამბავი. მათი ამბავი ძალიან განიცადა, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით ნერვიულობს, ის ხომ არა მათი, არამედ დედაჩემია?!
- და თქვენ, დედასთან ასეთი საუბრის შემდეგ, არ გეშინიათ, რომ მისი წინათგრძნობა ახდეს?
- თქვენ წარმოიდგინეთ, კი... ცოტათი მეშინია! ისე ძალიან არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც... ძალიან რომ მშინებოდა, ძნელი წარმოსადგენია, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვყოფილიყავი. წარმოუდგენელი იქნებოდა, ის საქმე მეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ.
- ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და პუტინი არ მოგკლავთ!
- ღმერთმა ქნას! მეც იმედი მაქვს!
დაპირისპირება პუტინთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინის ანექსიის ფონზე სულ უფრო გამწვავდა. ნემცოვი 1 მარტს ახალ მოძრაობას უნდა ჩასდგომოდა სათავეში. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ნემცოვი მოსკოვში მასშტაბური დემონსტრაციის მომზადებაზე მუშაობდა უკრაინაში ომის წინააღმდეგ, სახელწოდებით - „ვესნა". იმავე BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნემცოვმა განაცხადა, რომ მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა მისი კრიტიკული პოზიციის გამო უკრაინასთან ომთან მიმართებაში.
სხვათა შორის, თბილისში სობჩაკის დედა იყო ჩამოსული. მასთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, დიდხანს მიყვებოდა, როგორი დაძაბული და შეშინებული იყო ქსენია სობჩაკის პოლიტიკური აქტიურობის გამო. სხვა დეტალების გახსენებაც შეიძლებოდა, მაგრამ, რადგან საუბარი პირადი ხასიათის იყო, თავს შევიკავებ. ეს საუბარი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ მეჩვენებინა, რამდენად დაძაბულია რუსეთში ვითარება.
რუსეთი უკვე დიდი ხანია, რაც აღარც სახელმწიფოა და აღარც ქვეყანა. ეს არის შიშის ზონა, სადაც კანონის ადგილს „კალაშნიკოვი" იკავებს, ადამიანის უფლებების ნაცვლად მუშტი მოქმედებს... სადაც ტერაქტები და შეკვეთილი მკვლელობები თითქმის წესად იქცა...
შეიძლება ითქვას, რომ „კურსკი" იყო პირველი. წყალქვეშა ნავის საიდუმლო ჩაძირვის შემდეგ, ბევრი ვარაუდობდა, რომ „კურსკი" პუტინის პოლიტიკურ კარიერასაც თან გაიყოლებდა.
თუმცა, მერე ბევრი რამ მოხდა, ლიტვინენკოსა და იუშჩენკოს მოწამვლა. ლიტვინენკო გარდაიცვალა, იუშჩენკო დაავადდა; ტერორისტული დემარშები, „ნორდ ოსტი" და ბესლანი - ჩახოცილი უდანაშაულო ადამიანები; ჩეჩნების გენოციდი, პოლიტკოვსკაიას შეკვეთილი მკვლელობა. ითქვა, რომ ეს იყო პუტინის საჩუქარი მისი დაბადების დღისთვის. მოსკოვში აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსები, კაჩინსკის ჩამოგდებული თვითმფრინავი, საქართველო, უკრაინა, მანამდე აზერბაიჯანი, მოლდოვა... ნემცოვის შემდეგ ყველას გაუჩნდება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი?
ამერიკის ელჩმა რუსეთში ნემცოვის მკვლელობის ადგილას უკრაინის დროშა მიიტანა. ამით მან, შეიძლება ითქვას, დასავლეთის პოზიცია გამოხატა. ნემცოვი უკრაინის ოკუპაციასთან ბრძოლას შეეწირა - სწორედ ეს იკითხებოდა ტაფტის ამ ჟესტში...
პუტინის ხმა უკვე აღარ ისმის, მისი სიტყვები ტყვიის ეფექტს უფრო ახდენს.
მით უფრო ცინიკურია ის ვერსიები, რომელიც რუსეთში მკვლელობის დღეს გავრცელდა:
პირველი ვერსიით, ნემცოვის მკვლელობა უკრაინის ოლიგარქებმა შეუკვეთეს. მათი მიზანი რუსეთის საზოგადოების გახლეჩა და ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ხალხის გამოყვანა იყო. რუსეთის ერთ-ერთი გამოცემა წერს, რომ კიევმა ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლო, რომ რუსეთში საზოგადოება ამ მკვლელობამ შეკრა...
მეორე ვერსიაც უკრაინელ ოლიგარქებს უკავშირდება. ითქვა, რომ ნემცოვმა დაკვეთა ვერ შეასრულა, დიდი ფული აიღო და მოსკოვში ანტიპუტინური ტალღის აგორება ვერ შეძლო.
მესამე ვერსიით, ნემცოვის მკვლელობით რუსეთში დესტაბილიზაციის აგორება სურდათ. ამით პუტინის ხელისუფლებას დაარტყეს.
დაბოლოს, სასიყვარულო სამკუთხედი. მკვლელობის დროს ბორის ნემცოვი ახალგაზრდა მოდელთან ერთად იყო. 23 წლის უკრაინის მოქალაქეს, როგორც პრესაში წერენ, ნაკაწრიც კი არ აქვს. ჟირინოვსკის განმარტებით, შესაძლოა, ამ გოგონას საქმრო ჰყავდა ან ვიღაც „უხაჟორი", რომელმაც იეჭვიანა.
ეს ოფიციალური ვერსიებია. რუსეთის ინტელიგენცია კი ბრალდებებს პუტინს უყენებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი