reportiori.ge - კორუფციული გარიგებები კინოცენტრში - ვინ აპირებს „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:03
პრეს-დაიჯესტი
კორუფციული გარიგებები კინოცენტრში - ვინ აპირებს „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას?
ავტორი:
02 მარტი, 2015. 18:26



კინოსტუდია „ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან საპროტესტო აქციებს იწყებენ. კინემატოგრაფისტთა შეშფოთებისა და პროტესტის მთავარი საკითხებია: კინოსტუდია „ქართული ფილმის" ეროვნულ კინოცენტრთან მიერთება, რაც მთლიანად არღვევს კანონს „კინოს შესახებ", დემოკრატიულობის პრინციპს შემოქმედებით პროცესებში; კინოსტუდია „ქართული ფილმის" ტერიტორიის (14 ჰექტარი) მიწაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა; კინემატოგრაფიული საზოგადოების იგნორირებით, კინოსტუდიის ეფექტური მართვის კონცეფციის კონკურსი; კინოცენტრის მიერ კინემატოგრაფიული საზოგადოების იგნორირება, მათთან შეთანხმების გარეშე არაერთი მიუღებელი გადაწყვეტილების დამტკიცება, გასაიდუმლოებული და კონსპირირებული გეგმები, რაც ხშირ შემთხვევაში ფაქტის წინაშე აყენებს კინემატოგრაფისტებს და ა.შ.


რა მოთხოვნები აქვთ ცნობილ ქართველ კინორეჟისორებს?


რეჟისორი გია კაჭარავა:


- ბატონო გია, „ქართული ფილმის" ტერიტორიას ასხვისებენ და კორპუსები უნდა ჩადგანო, განცხადებაში გიწერიათ. ვინ დგას ამის უკან, ვინ დაადგა თვალი მაგ ტერიტორიას?


- „ქართული ფილმი" კი არა, ქართული კულტურა ჰკიდიათ ფეხებზე. მაღალი ტრიბუნებიდან მომისმენია, რომ სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტული და მწყინს, როცა ერთხელაც არ უთქვამთ, რომ ქართული კულტურა საქართველოსთვის სტრატეგიულია. ქართული კინოს დამსახურება ყველას დაავიწყდა და ჯართად აწევთ უკვე ზურგზე. ერთი სული აქვთ, მოიშორონ. კინოსტუდიას საუკეთესო ტერიტორია შეურჩიეს კომუნისტებმა, ახლა კბილები უწაკწაკებთ, ისე უნდათ იმ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების აშენება, რესტორნების... ვიღაცებს უნდათ და ეს დიდი ხანია, ვიცით, ამიტომ ცდილობენ ორგანიზაციის გაკოტრებას. კონკრეტული ფაქტები და მონაცემები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, პეტრეს უნდა თუ პავლეს?


- როგორც ვიცი, რეჟისორების მთელი კოჰორტა გამოდის აქციაზე და ბიძინა ივანიშვილი რას ამბობს, არ მიგიმართავთ?


- საქმე ისაა, რომ არ მიცდია მასთან შეხვედრა, თორემ არ მოვერიდებოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი. ჩვენ ყველაფერი დავდეთ, როგორ იყო ჩაფიქრებული კინოსტუდიის გაუბედურება, რურუებისა და კეზერაშვილების ინტერესით. დაგვპირდნენ, რომ გამოიძიებდნენ, ამას მოჰყვა შიმშილობაც, აქციებიც, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხმა რომ მივაწვდინო, არ ვიცი, რა რეაქცია ექნება ბიძინას, მაგრამ არ მჯერა, რომ მასაც ფეხებზე ჰკიდია ქართული კინო. ხშირად მოდიოდა ხოლმე წლების წინათ, შეხება ჰქონდა და იმასაც კი ამბობდა, მინდოდა, ამ ხაზს გავყოლოდიო. მისი მეგობრები მუშაობდნენ კინოსტუდიაში. მე მახსოვს მისი დამოკიდებულება კინოს მიმართ. დავიწყებთ აქციებს, შევხედავთ რეაქციას და მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ და ვის შევხვდეთ.


- აქციებს როდის იწყებთ?

 

- ვადებს ვადგენთ. ეს კომიტეტის გადაწყვეტილება იქნება, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა, ყველა გზა ვცადეთ. თუკი კლავთ კინოს, მეც მკლავთ, დავჯდები კულტურის სამინისტროსთან და უყურონ, როგორ ვკვდები მეც. ბოლოს და ბოლოს, რა ვქნა? ჩავიდეთ და ხელები ვურტყათ? არ იმსახურებს ქართული კინო ასეთ წიხლს არც ქართველი საზოგადოებისგან, არც მთავრობისგან.

 

- ბატონო გია, ამ ორიოდე დღის წინ ელდარ შენგელაიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს შეცვლილა?


- ჟიური, ვერ გაიგებ, ვინ არის. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. 1992 წლიდან დავიწყე კინოს გადაღება, რამდენი ფილმი მაქვს გადაღებული და აქედან ორ ფილმზე მაქვს აღებული პრიზი საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის. დღეს ვიღაც ბავშვი მიზის კონკურსზე ჟიურიდ და მიწერს შეფასებას. მე მაქვს ეს შეფასებები სახლში და შემიძლია, გაჩვენოთ, როგორია. თუ ავტორი ცუდად ერკვევა სიუჟეტის განვითარებაში, ამას გასწავლის ვიღაც „ბაცანა", რომელიც აზრზე არაა, ვინ ხარ შენ. ეს ყველაფერი გამორკვეულია და დავრწმუნდი, რომ ყველა შეფასება ყასიდად არის დაწერილი. რაღაცა ხომ უნდა დაგიწერონ. წინასწარ იციან, ვის უნდა მისცენ ფული, რატომ უნდა მისცენ ფული. ინტერესი რომ არ არსებობს, ისეთი სურათების მიმართ აქვთ ამათ ინტერესი. არსებობენ „ლუბიმჩიკები". შეიტანა დოკუმენტები ლევან ანჯაფარიძემ პროკურატურაში და მე რომ ეს დოკუმენტები ვნახე, თმები ყალყზე დამიდგა, საოცრებები ხდება. გავიდა რამდენიმე თვე და არაფერი არ ხდება. 12 წელია, არსებობს კინოცენტრი და მე თავიდანვე ვიყავი ამის წინააღმდეგი, რადგან ვიცოდი, რაც მოხდებოდა. მე და ლევან ანჯაფარიძეს, ორ ადამიანს, რომლის სურათებიც მოხვდა მეოცე საუკუნის ფილმების საუკეთესო ათეულში, შეიძლება, ფილმი არ გადააღებინო? როგორ შეიძლება, საავტორო ფილმი ასე ვითარდებოდეს. ჩაიხედავთ გამარჯვებულთა სიაში და ნახავთ, რომ ან ყოველ წელიწადს იმარჯვებდნენ ერთი და იგივე ადამიანები, ან წელიწადგამოშვებით.

 

- რის მიხედვით ხდებოდა ეს ყველაფერი, მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, თუ რამე სხვა მიზეზიც იყო?


- რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს მე და ლევან ანჯაფარიძე ვიყავით შავ სიაში, რადგან ნაციონალებისთვის კოჭი არ გაგვიგორებია. მე 2004 წელს შიმშილობის აქცია მოვუწყვე და შავი სიიდან ბნელ სიაში გადამიყვანეს. ეს მესმის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს დამთავრდა? იგივე გრძელდება და გამოდის, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ხდება.


- აბა, სხვა რა მიზეზია?


- კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი. კანონის მიხედვით, შენ გეკრძალება, პროექტს, რომელიც დააფინანსე, სხვა მიზეზით გაუგრძელო დაფინანსება. მაინც უგრძელებენ. მაშ, რაშია საქმე? მე დასკვნებს ვერ დავდებ, არ ვარ პროკურატურა, მაგრამ კანონი რომ გიკრძალავს და მაინც აფინანსებ, ეს რაღაცას ნიშნავს. ერთი შემთხვევა იყო, ფილმი თავიდან გადაიღეს და ამბობდნენ, სცენარიც შევცვალეთო, რეჟისორიცო. ერთი მაგალითიც იყო. ერთი წლის წინათ მივედი და ვუთხარი, აი, 12 წლის მანძილზე ხომ ვერ გავიმარჯვე კონკურსში და ვერ მივიღე დაფინანსება, ჩემი ხარჯით გადავიღე ფილმი და იმაში მაინც მომეხმარე, რომ ფესტივალზე გავაგზავნო ფილმი, ჩემთვის 2 კაპიკი ფულია და შენ მაინც კინოცენტრი ხარ და იმისთვის ხარ შექმნილი, რომ კინორეჟისორს ხელი შეუწყო-თქო. მითხრეს, ეს არ არის საფესტივალო ფილმიო.


- ვინ საზღვრავს, არის თუ არა საფესტივალო?


- საქმე ისაა, რომ ამის მერე უკანასკნელი თეთრები გავიღე, გავაგზავნე ფესტივალზე და პირველივე ფესტივალზე დამპატიჟეს, როგორც კონკურსის მონაწილე. ვინ არის მართალი? ვინ უნდა გადაწყვიტოს გაგზავნის საკითხი? კინოცენტრმა, რომელიც რეჟისორს უნდა დაეხმაროს და ერთადერთი, შეიძლება, არსებობდეს კომისია, რომელიც განსაზღვრავს, შენი ფილმი ხომ არ არის კომერციული. თუ კომერციულია, მაშინ თვითონ გადაიხადოს, მაგრამ, თუ არაკომერციულია, შენ გაქვს იმის უფლება, მაგალითად, გალაკტიონს დაუწუნო ლექსი და უთხრა, არ უნდა დაგეწერაო? ეს არის თანამედროვე ტიპის ცენზურა, მაგრამ, როცა ხელისუფლება შეიცვალა და ნანა ჯანელიძე დაინიშნა, მივედი და ვუთხარი, კარგია, რომ დაინიშნე და მოდი, ახლა გამოვასწოროთ ის, რაც რურუას დროს შეგნებულად იყო ჩადებული არასაჩვენოდ-მეთქი. ისეთი რეაქცია იყო, ქალი კინაღამ ხელში ჩამაკვდა. ჩვენ იურისტები გვყავსო და მე ვუმტკიცებდი, კანონსაწინააღმდეგო მუხლები გვიწერია და გავასწოროთ-მეთქი.


- მაგალითად?


- მაგალითად, მე, როგორც კონკურსის მონაწილეს, არ მაქვს უფლება, გავიგო, ვინ რა ნიშანი დამიწერა. ეს პროცესი გასაიდუმლოებულია, დებულებაში უწერიათ. ვეუბნები, ეს ანტიკონსტიტუციურია. ნანამ კი მიპასუხა, თუ გგონია, ჩვენზე კვალიფიციური იურისტები გყავს, ცდებიო. მეუბნებიან, ჩვენ ასე გვიწერია და სადაც გინდა, იჩივლეო. ამათ ჰყავთ თავისი „კრიშები", ვიღაცები მფარველობენ და გასდით.


- მინისტრის მოსაზრება თუ იცით ამაზე?


- როცა დაინიშნა, მითხრეს, რომ განსხვავებით წინა მინისტრისგან, რასაც ამბობს, ასრულებსო. მინისტრმა გვითხრა, გავერკვევი სიტუაციაშიო. ველოდებით, რას გაარკვევს.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016