reportiori.ge - უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:12
პრეს-დაიჯესტი
უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
ავტორი:
03 მარტი, 2015. 15:22

 

 

 

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური რყევების ფონზე, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „ქართული ოცნების" მიმართ უნდობლობა გაუჩნდა. უმრავლესობისთვის კი ნათელი მომავლის ვარიანტს, კვლავაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. „ასავალ-დასავალის" შეკითხვას - უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? - საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები პასუხობენ.


ალეკო შალამბერიძე, პარტია „თავისუფალი საქართველოს გენერალური მდივანი:


- ვინაიდან დღეისათვის ქვეყანას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ჩვენი მთავრობა ვერაფერს წყვეტს, ამიტომ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნა, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მარიონეტობით არის გამოწვეული. თუკი გვინდა, სასიკეთო პროცესების დაწყება, ხელისუფლების სათავეში უნდა მოვიდეს ის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობამ ნდობის მანდატი მისცა და ვისაც გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია!



ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის" ლიდერი:


- ქართული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი არასოდეს წასულა. დღესაც ყველაზე აქტიური პოლიტიკოსია და ლიდერი სწორედ ბიძინა ივანიშვილია. თქვენ, ალბათ, გულისხმობთ მის დაბრუნებას რომელიმე პოსტზე. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, ვერაფერს ვურჩევ. დღეს ივანიშვილი რომ არ მართავდეს ქვეყანას, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა.


ალბათ, ჯობია, რომ ფორმალურადაც იყოს მთავრობის ხელმძღვანელი და არ გაემიჯნოს ამათ, თორემ სულ გადაჭამენ ერთმანეთს!



რეზო ესაძე, რეჟისორი:


- ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისათვის სულის მოთქმა იქნება.


დამერწმუნეთ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველოს ბედნიერი მომავალი ჰქონდეს. ახლა არ არის ერთმანეთთან დავის და დაპირისპირების დრო, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ. დღეს ყველამ ოჯახის უფროსს უნდა მოუსმინოს. მე ასე აღვიქვამ შექმნილ სიტუაციას. როცა ოჯახში გასაჭირია, ოჯახის უფროსი თუ არ იმყოფება სახლში, პრობლემები ვერ მოგვარდება!



ბიძინა გუჯაბიძე, პარლამენტარი:


- მე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილს ვუკარნახო, როგორ მოიქცეს. მან ყველაზე უკეთ იცის, საკუთარი შესაძლებლობებისა და ქვეყნის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებ. თუკი ის ჩათვლის, რომ აუცილებელია აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება, ამას გააკეთებს კიდეც.


მე აბსოლუტურად ვენდობი მის გამოცდილებას და ვითარების სწორად შეფასების უნარს.



ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:


- თავიდან მიმაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდან გაცილებით მეტის გაკეთებას მოახერხებდა, რადგან არ იქნებოდა შებოჭილი გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურით, თუმცა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. სამწუხაროდ, დღეისათვის ხელისუფლებაში მყოფი მისი გუნდი ვერ ართმევს თავს ქვეყნის მართვას და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი მთლიანად წონის მათ ავტორიტეტს. როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი დონის ფიგურა, მისი ყოფნა პოლიტიკაში ძალიან წაადგება საქართველოს მომავალს. ამავე დროს მას ჰყავს ძალიან ჭკვიანი უფროსი ვაჟი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით იმოღვაწეოს სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობ, სახელისუფლო გუნდის გადახალისება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია. ის რაც „ქართულ ოცნებაში" ხდება, მაძლევს უფლებას, გავაკეთო განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღორებს დაუყარა მარგალიტები. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ბრძნული ნაბიჯი და დროებით პოლიტიკური ასპარეზის დატოვება რომ არა, ჩვენ ვერასოდეს დავინახავდით ბევრი პოლიტიკოსის რეალურ სახეს!



გია ბურჯანაძე, მსახიობი:


- რა თქმა უნდა, დროა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მიხედოს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელსაც შეჰპირდა, მაშინ წავალ პოლიტიკიდან, როცა ყველაფერი დალაგდება და მთავრობაში კარგ გუნდს დავტოვებო.  დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას დალაგებული ნამდვილად არ ჰქვია, ხოლო ამ ხელისუფლებას - კარგი გუნდი! ერთ და ორ დღეში ქვეყანა არ ლაგდება, მითუმეტეს, არაპროფესიონალების ხელში!



მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:


- არ ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას, რადგან მისი ჯანმრთელობისათვის პოლიტიკაში ყოფნა არ არის სასურველი.


ბატონი ბიძინა, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს და, ალბათ, ყოველთვის მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა, ოფიციალური პოსტის დაკავება არ არის საჭირო. ის უფრო დიდ წარმატებას აღწევს მაშინ, როდესაც მოქმედებს საიდუმლოდ, კულისებს მიღმა. რატომ ჰგონია ხალხს, რომ ის შეცდომებს არ დაუშვებს? განა მისი შეცდომა არ იყო პრეზიდენტი მარგველაშვილი, ირაკლი ალასანია და სხვა? ვთვლი, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სწორი საქციელი იქნება საკადრო პოლიტიკის გამოსწორება და პროფესიონალი კადრის მოძებნა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს!



ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:


- ბიძინა ივანიშვილი დღემდე იღებს მონაწილეობას ქვეყნის მართვაში, ამიტომ ჯობია, ღიად და აქტიურად ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში!



დიმიტრი ლორთქიფანიძე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი:


- ბიძინა ივანიშვილს ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებას იგი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დეკლარირებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღებული პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა მიიყვანოს და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში.


ვითარება გამოსწორდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი რეალურად დაინახავს და გვერდით დაიყენებს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც საზოგადოება ენდობა და შექმნის ძლიერ გუნდს.



ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:


- თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, საჭროა მისი დაბრუნება.


მივესალმები, თუკი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში და ყველაფერს თავისი ჩვეული მანერით დაალაგებს. კაცი, რომელსაც აქვს უნარი, შექმნას დიდძალი ქონება და დაეხმაროს მილიონობით ადამიანს, ფლობს იმის უნარსაც რომ სიტუაცია ქვეყნის სასიკეთოდ შემოატრიალოს. ქართველებს ამ ეტაპზე ძალიან გვჭირდება სამართლიანი, მკაცრი, პრინციპული, ჭკვიანი და მდიდარი მთავრობა. ვფიქრობ, მისი დაბრუნებით ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება!



გოგა ხაინდრავა, რეჟისორი:


- ეს, პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. მე პირადად, მისი პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროებას ვერ ვხედავ. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა მთავრობის მეთაური, ამით ლარს არაფერი ეშველება. რაც მოხდა ლარის კურსთან მიმართებაში, ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან ერთად, არის პროვოკატორი ქადაგიძის ბრალი, რომელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ჭინკა. მემკვიდრეობით მიღებული, ფაქტობრივად, დანგრეული ეკონომიკის ორ წელიწადში ფეხზე დაყენება შეუძლებელი იყო! მითუმეტეს იმ საბოტაჟის პირობებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც. ზოგადად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი პიროვნების დიდი დამსახურებაა, რომ ეს ქვეყანა დღემდე არ ჩამოიშალა, რასაც მიხეილ სააკაშვილი დიდი მონდომებით ცდილობს და მას უკვე თავისუფალი დემოკრატებიც ეხმარებიან. ეს, ერთი ძალიან კარგი რამე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მოახდინა ყველას ლუსტრაცია და კარგად დავინახეთ ვინ და რა მიზნებით იყო მოკალათებული „ქართულ ოცნებაში".

 

მოამზადა მეგი საჯაიამ

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016