ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორს მასუდ აჰმედს შეხვდა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე მომავალი წლისთვის და იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მომავალ წელსაც გააგრძელებს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას, აგრეთვე განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტრორების მხარდაჭერას.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან კარგი და კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებაზე, სხვადასხვა შემაფერხებელ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკაზე. ჩვენ ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, რათა შემდგომ წლებში ცხოვრების დონე საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს", - განაცხადა სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა, მასუდ აჰმედმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სსფ-ის მისია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის, ნოემბერში საქართველოში სსფ-ის მორიგი მისიის ფარგლებში.