გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „საქართველოს რკინიგზის" წილი შეიძლება გაიყიდოს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყოფილ პარლამენტართან, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტსა და უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ მრჩეველ ირაკლი გოგავასთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.
- საქართველოს რკინიგზის მინორიტარული წილის გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ გაყიდვით შემოსული თანხა რკინიგზის ტვირთგამტარობის გაზრდასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვას მოხმარდეს, რაც ნიშნავს შემოსავლების ზრდასა და დამატებით სამუშაო ადგილებს. რუსეთი იყიდის 25%-ს თუ სვაზილენდი, მნიშვნელობა არა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მთავარია, შენარჩუნდეს რკინიგზაზე სახელმწიფო კონტროლი, ანუ მინიმუმ 51%-იანი წილი, რათა არ მოხდეს ის, რაც თბილისის აეროპორტს გაუკეთეს თურქებმა, ანუ განვითარების დაბლოკვა. თუ ეს დაკავშირებულია აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებასთან, მე ამას მივესალმები... დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა კალკულატორით იარონ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების მიხედვით მიიღონ.
ცხადია, აზერბაიჯანი ოვაციებით არ შეხვდება რუსეთისა და სომხეთის ერთმანეთთან რკინიგზით დაკავშირებას, ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა აკრძალოს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტვირთების მოძრაობა. სხვა მხრივ, აზერბაიჯანთან პრობლემა არ უნდა წარმოიშვას, ჩვენ ისედაც სიმბოლურ ფასად ვქაჩავთ მათ ნავთობს ევროპისკენ.
- საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა უარყოფითად შეაფასა უკრაინაში „ნაციონალების" თანამდებობებზე დანიშვნა.
- უკრაინაში უცხოელების თანამდებობებზე დანიშვნების წინააღმდეგია უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ერმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ამას პოროშენკოს არავინ აპატიებს.
- საქართველოში უახლოეს მომავალში NATO-ს საწვრთნელი ცენტრიც გაიხსნება. მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალურია ალიანსში გაწევრების პერსპექტივა და რამდენად მიზანშეწონილია, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ვექტორი ბრიუსელისკენ იყოს მიმართული.
- NATO-ს ბოლო მინისტერიალი ცალსახად პოზიტიურია. უელსის სამიტის გადაწყვეტილებით, საქართველოში იქმნება NATO-ს საწვრთნელი ბაზა და სამხედრო სასწავლებელი, რაც ფორმალურს გახდის NATO-ს სამხედროების გარკვეული კონტინგენტის ყოფნას საქართველოში ინსტრუქტორებისა და სამხედრო ექსპერტების სახით. ურთიერთობის არსებული დინამიკა ნიშნავს, რომ 5-6 წელიწადში საქართველო მიიღებს MAP-ს.
ბევრმა შეიძლება, ჩემი განცხადება გადამეტებულ ოპტიმიზმს მიაწეროს, მაგრამ მიუხედავად გამოწვევებისა და მრავალი დაბრკოლებისა, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია დღეს არსებული სისტემებიდან არის NATO. ეკონომიკური კეთილდღეობის მზარდი და სტაბილური სისტემის შექმნა ყველაზე რეალურია, თუ მივაღწევთ ევროკავშირის წევრობას და ამავე დროს, მაქსიმალურად ავითვისებთ რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის ბაზარს. ამგვარი კონფიგურაციის მიღწევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ეს მოახერხეს ბალტიის ქვეყნებმა.
- თქვენs მიერ ნახსენები MAP-ის მიღწევის ვადა - 5-6 წელი საზოგადოებაში გაოცებას და, ალბათ, უნდობლობასაც გამოიწვევს...
- მთავარი დაბრკოლება, რუსეთის გარდა, არის საფრანგეთისა და გერმანიის სკეპტიკური პოზიცია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს წევრობა NATO-ს აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გამო დაძაბულობას მოუტანს. ამ პოზიციის გამო გერმანია და საფრანგეთი იღებენ გარკვეულ ეკონომიკურ პრეფერენციებს რუსეთისგან. ასეთი პოლიტიკის მაგალითი იყო, როცა სარკოზიმ 1,5 მილიარდ დოლარად გაყიდა (მისტრალების კონტრაქტი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გერმანიისა და საფრანგეთის სკეპტიციზმის დაძლევა შესაძლებელია ერთი გზით: აფხაზებსა და ოსებთან დავდოთ თავდაუსხმელობის შეთანხმება და უარი ვთქვათ ამ კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერ გზებზე. ამავე დროს, აფხაზებსა და ოსებთან შევთანხმდეთ სავაჭრო ურთიერთობის დაწყებაზე: სატრანსპორტო, მათ შორის, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე, ჰუმანიტარული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებაზე. კონფლიქტების თემის ხელიდან გამოცლის შემდეგ, საფრანგეთსაც და გერმანიასაც შეახსენებენ, რომ მათი უსაფრთხოების ხარჯების ნახევარზე მეტს აშშ იხდის. მნიშვნელოვანია სამხრეთ ევროპის ქვეყნებთანაც მუდმივი მუშაობა, რათა არ მივიღოთ მათი ნეგატიური პოზიცია NATO-ს გაფართოებაზე.
- ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საგარეო კუთხით უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.
- საგარეო კუთხით ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს: NATO-სა და ევროკავშირში წევრობა, მაგრამ ტაქტიკაში უჭირთ. ეს თავად მთავრობამაც იგრძნო და შექმნა საგარეო ურთიერთობების საბჭო პრემიერთან. იმედია, ეს საბჭო გამოაცოცხლებს მიძინებულ საგარეო სფეროს. ამასთან, მთავრობას აქვს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები კვირებისა და თვეების განმავლობაში ჰაერშია გამოკიდებული, მინისტრები, დეპარტამენტის უფროსები ამჯობინებენ, არ გამოიჩინონ ინიციატივა და წყნარად შეასრულონ თავიანთი ბიუროკრატიული საქმე. პოლიტიკოსობას მინისტრების უმრავლესობა ერიდება იმის შიშით, რომ რისხვა არ დაიმსახუროს საკუთარი განცხადებების გამო.
- საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს „ევროპის სახალხო პარტია", რა მიდგომა უნდა გამოიჩინოს ოფიციალურმა თბილისმა ამ ძალის მიმართ?
- „ევროპის სახალხო პარტიის" ანტივირუსი ევროპელი სოციალისტებია. ამ ჯგუფებთან სისტემური მუშაობა გაანეიტრალებს „ევროპის სახალხო პარტიის" არაობიექტურ კრიტიკას.
- სწორედ „ევროპის სახალხო პარტიის" წევრებისა და სხვა კონსერვატორების მიერ შემდგარმა 30-კაციანმა ჯგუფმა მოაწერა ხელი ევროსაბჭოს 29 იანვრის დეკლარაციას, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ...
- იმ ხალხს, ვინც ამ დეკლარაციის პოლიტიკურ არგუმენტად გამოყენებას ცდილობს, შევახსენებდი, რომ „ნაციონალების" სასარგებლო დეკლარაციის ავტორია კონსერვატორი პარლამენტარი კრისტოფერ ჩოპი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მხილებულია პარლამენტის კუთვნილი 136 000 გირვანქა სტერლინგის გაფლანგვაში, საიდანაც 10 000 გირვანქა სტერლინგი საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებას მოანდომა, თანაშემწედ კი მეუღლე ჰყავს გაფორმებული, რომელიც ბიუჯეტიდან 50 000 გირვანქა სტერლინგს იღებს წლიურად. ბატონი ჩოპი პოლიტიკაში მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ მოითხოვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ბუფეტის გაიაფება, მინიმალური ხელფასის ცნების გაუქმება და უღარიბესი ქვეყნების დახმარება დაბლოკა. მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ დეკლარაციის ლობისტებს შორის არის უკრაინელი დეპუტატი ვლადიმირ არიევი, რომელიც ცოლთან ერთად პოლონელებს ჰყავდათ დაკავებული ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. ეს დეკლარაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს „ქართული ოცნების" დელეგაციის პასიურობაზე.
- კრიტიკოსები მთავრობას არც ოკეანისგაღმა აკლია - ახლახან სენატორმა მაიკ ტერნერმა ინტერპოლს საგანგებო წერილით მიმართა, სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ აღძრულ საქმეებს ყურადღება არ მიაქციონ...
- ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება" „ნაციონალებთან" აგებს ლობისტურ ომს აშშ-ში, ასევე ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალები" კვლავაც დიდძალ ფულს ხარჯავენ ლობისტებისთვის. სააკაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტ კონგრესმენებთან, მაიკ ტერნერი სწორედ ამ წრის წარმომადგენელია; სხვათა შორის, ამერიკულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეები ეთიკისათვის" ტერნერი დაასახელა ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენთა შორის. ტერნერის ჯგუფს აინტერესებს, უკრაინის ფორმატში მიაღწიოს გარკვეული სამხედრო შეკვეთების მიღებას, როგორც ვიცით, პოროშენკომ სააკაშვილს ჩააბარა აშშ-სთან იარაღზე საუბარი და აშშ-ში მისი პოზიციების დაცვა. ამის გათვალისწინებით, ტერნერს დამატებითი სტიმული აქვს სააკაშვილის დასაცავად.
ვაჟა თავბერიძე
გაზეთი „კვირის პალიტრა"