reportiori.ge - ვინ და როგორ მოაგვარებს „სასწრაფოების“ დაგვიანების პრობლემას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:45
პრეს-დაიჯესტი
ვინ და როგორ მოაგვარებს „სასწრაფოების“ დაგვიანების პრობლემას?
ავტორი:
03 მარტი, 2015. 18:47

 

 

 

ვინ აწყობს „საბოტაჟს" და რატომ აგვიანებენ თბილისში სასწრაფო-დახმარების „ბრიგადები" მისვლას ადრესატებამდე? ვინ დაითვლის და გაარჩევს სასწრაფოში შესულ არამიზნობრივ ზარებს და მოხდება თუ არა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დისპეტჩერიზაციის გადასვლა 112-დან თბილისის მერიის „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დაქვემდებარებაში?


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს(!). მართალია, მინისტრს იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და სისტემური არ არის, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, რაიონებში, ამ მხრივ, ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი, ხოლო თბილისში - საორგანიზაციო მენეჯმენტის საკითხი: „ჩვენ ვცდილობდით, ეს საკითხი შეგვესწავლა. ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, რადგან გამოიკვეთა დაგვიანებების ზრდის ტენდენცია. ჩვენ შევაფასეთ, სად არის სუსტი წერტილი.  უნდა მქონოდა  შეხვედრა, როგორც „112"-ის, ისე მერიის  ხელმძღვანელობასთან, თუმცა ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და,  ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში შევხვდებით და ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა".


„კვირის ქრონიკამ" აღნიშნული ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორთან, თემურ ბარკალაიასთან გადაამოწმა:

 

- რაზეა დამოკიდებული სასწრაფო სამედიცინო გამოძახებების დროულად მისვლა ადრესატებამდე?


- ბრიგადების დაგვიანების მიზეზების ჩამონათვალი დიდია. ამაში შედის მძღოლების არასათანადო რეაგირება სასწრაფოს ხმოვან და მოციმციმე სიგნალზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივად განხორციელებული ზარები. თბილისში არსებულ 13 ფილიალზე გადანაწილებულია 93 ბრიგადა, რომელიც დღეში ახორციელებს 2000 და მეტ გამოძახებას.


- რატომ გაიზარდა დაგვიანებების ტენდენცია?


- საკმაოდ გაზრდილია თბილისის მასშტაბი, შემოემატა ახალი ტერიტორიები  და გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა. სამწუხაროდ, აქამდე ამაზე რეაგირება არ მომხდარა. ჩვენი მხრიდან ტარდება კვლევა, მიმდინარეობს გადახედვა-ოპტიმიზაცია ფილიალების მდებარეობის და ახალ რეალობაზე მორგების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება საჭირო უბნებში დამატებითი ქვეფილიალების გახსნის აუცილებლობის შეფასება, რასაც თან ერთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსის გაზრდა.


- მინისტრმა თქვა, რომ არსებობს ამ სისტემაში ორგანიზაციული პრობლემები, ეთანხმებით?


- მინისტრის მიერ ნახსენები პრობლემები ნამდვილად არსებობდა და ამან განაპირობა მენეჯმენტის ახალი გუნდის მოსვლა, რომელიც შეისწავლის მიმდინარე პრობლემებს და უკვე სახავს გადაჭრის სავარაუდო მეთოდებს.


- რამდენადაც ვიცით, საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დისპეტჩერიზაციის შესაძლო გადასვლაზე 112-დან თბილისის მერიის         სასწრაფო დახმარების ცენტრის" დაქვემდებარებაში...


- დისპეტჩერიზაციის საკითხებზე მიმდინარეობს კვლევა და ამ დროისთვის ვერაფერს გიპასუხებთ.



„კვირის ქრონიკას" თბილისის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გაუზიარა არასამთავრობო ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე-"ს თავმჯდომარემ, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრმა, მარინა ბერაძემ:


- საერთოდაც, ჯანდაცვის სფეროში ცვლილებას თავად სისტემა მოითხოვს. უნდა გამყარდნენ არსებული სუსტი რგოლები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგად იქნება გამოვლენილი. უპირველესად, აუცილებლად უნდა დაიხვეწოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. მართალია, ძალიან მისასალმებელია, ჯანმრთელობის მომსახურებას სახელმწიფო რომ აფინანსებს და ამას ბიუჯეტის თანხები რომ ხმარდება, მაგრამ დასათვლელია, რამდენი ლარი იხარჯება ერთ სულ მოსახლეზე ამ მხრივ, საშუალოდ. ან მაინტერესებს, დათვალა თუ არა ვინმემ ის ავტომატურად ჩამოჭრილი  თანხა, რომელსაც ჩვენ, ყველანი, თვეში ერთხელ ვიხდით 112-ის სასარგებლოდ? ეს ხომ კოლოსალური თანხებია... რაც შეეხება დაგვიანებულ გამოძახებებს, მივესალმები, რომ განაახლეს და დაუმატეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკს მანქანები, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომელი კატეგორიის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძლებლობების მობილებს ვფლობთ, ა-1-ს, ა-2-ს თუ სხვა კატეგორიას? გარდა ამისა, ჩემი აზრით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ყველა საავადმყოფოს ქალაქის მხოლოდ ერთ ზონაში მოქცევაა. ანუ ჰოსპიტალების გადატანა და მათი არასწორი გეოგრაფიული დაგეგმარება... მეორე, საკითხავია, რამდენად სწრაფად და მობილურად უწევს დახმარებას „ბრიგადა" ავადმყოფს? პროცესი თავისთავად გარკვეულ დროს მოითხოვს... „ბრიგადების"დაგვიანება შემცირდება ასევე, მოსახლეობის მიერ არამიზნობრივი ზარების განხორციელების შემცირების შემდეგაც. მოსახლეობამ „სასწრაფოს" ნაცვლად, პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს უნდა მიმართოს!


და საერთოდ, მაინტერესებს, 112-ში შესული არამიზნობრივი ზარების მხრივ თუ ტარდება კვლევა? ამ კატეგორიის ზარების რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, თუ პირიქით,მოიკლო? მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ოპერაციების 100%-იანი დაფინანსების მიზეზით არის გამოწვეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების ზრდის ტენდენცია... მოსახლეობის დიდი ნაწილი რიგითი და დაგეგმილი ოპერაციის გადაუდებელი, სასწრაფო ოპერაციის კატეგორიაში გაყვანის მიზნით, მიმართავს ერთგვარ ხერხს და სარგებლობს სასწრაფო სამედიცინო გამოძახებით(!). ვეთანხმები მინისტრს იმაში, რომ ტექნიკურ ხარვეზებზე მეტი, საორგანიზაციო მენეჯმენტის კუთხითაა მისახედი ეს სფერო, რასაც მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და დაფინანსების გაზრდა არ უშველის. აქ სერიოზული, მიზანმიმართული სამუშაოების გატარებაა აუცილებელი სისტემურ მთლიანობაში არსებული სიცარიელეების ამოსავსებად. ეს პროცესები კი, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად უნდა დაიწყოს.


თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016