reportiori.ge - მამუკა არეშიძე: მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, შეხვდეს დავით ნარმანიას და ჰკითხოს, რას აპირებს ის, ახლა გაბუტვის დრო არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:34
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, შეხვდეს დავით ნარმანიას და ჰკითხოს, რას აპირებს ის, ახლა გაბუტვის დრო არ არის
ავტორი:
04 მარტი, 2015. 17:06


ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა, ივანიშვილი თურმე იქაურობას ანგრევს, ისეთ დღეშია, მთავრობაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ ელევა, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. დანარჩენებზე უთქვამს, ეს რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა, ორი კი არა, თუ გინდა ყველა მინისტრი გაყარე, ოღონდ შედეგი დაიდოსო, - ასეთი საუბარი შემდგარა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, სანამ ის ბრიუსელში გაემგზავრებოდა.


„კვირის ქრონიკის" წინა ნომერში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სკანდალური ინფორმაციები გააჟღერა და განაცხადა, რომ ის შოკისმომგვრელ სიას დადებდა, თუ ვინ მოიყვანა მერიამ ე.წ. კონკურსის საფუძველზე ხელმძღვანელ პირებად.


- ბატონო მამუკა, რით დასრულდება მერის მიმართ აჟიოტაჟი, ბრალდებები მის გარშემო და უახლოვდება თუ არა ნარმანიას კარიერა ფინალს?


- ინტენსიურად მიდის პროცესები, არა მხოლოდ ნარმანიას ორი მოადგილის გადაყენებაზე იყო ლაპარაკი, მარგიშვილსა და ხელაიაზე, მე ვიცი, რომ რამდენიმე

სამსახურის ხელმძღვანელზეც მიდიოდა საუბარი. ასევე ლაპარაკია რამდენიმე გამგებელზე. შემიძლია დავასახელო ციფრი, საუბარია 6 გამგებელზე, მერიის სამსახურის რამდენიმე ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში. რაც შეეხება გამგებლებს, მათი მუშაობით არიან უკმაყოფილო. რეალურად საქმე არ კეთდება, ადამიანები მოერგნენ თანამდებობრივ სიკეთეებს, როგორიცაა პრემია, ხელფასი, მანქანები და საქმეს არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ გადაიხედოს მერიის სისტემა და იმ უბედურებაზე გამახვილდეს ყურადღება, რომელიც დღეს გვაქვს. არის მერიაში უამრავი ადამიანი, რომელსაც საქმის კეთება პრინციპულად არ უნდა, და არის მეორე კატეგორია, რომელიც საბოტაჟზეა გადასული. ის, რომ პირადად ნარმანია კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილი არ არის, ეს არაფერს ნიშნავს,ნარმანიას მიმართ ქვეყნის ხელმძღვანელობა სხვა პრეტენზიებს გამოთქვამს, უკმაყოფილოები არიან იმიტომ, რომ საქმე არ კეთდება. ერთი კაცის ხატოვან გამონათქვამს მოვიყვან, ქუჩები მაინც დახაზოს, ჩაითვალოს, რომ ვიღაც მუშაობს და საქმეს აკეთებს.


ერთია, რომ საქმე არ კეთდება და ამ ყველაფერს დაერქვა კორუფციული სკანდალი. დავით ნარმანიას ბოლო განცხადება პირადად მე არ მომეწონა. ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც არაოფიციალურად ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში, ჯერ ძიების პროცესი არ დამთავრებულა, სურათი არ გარკვეულა, და უცებ თბილისის ვიცე-მერობიდან გადაჰყავთ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელად, რომელიც, ნარმანიას თქმით, მარტის დასაწყისში შეიქმნება. ვინმემ ამიხსნას, ეს რა არის? როგორც ნარმანია ამბობს, მარგიშვილი ამ ცენტრის საშუალებით დაეხმარება მეწარმეებს სამეწარმეო უნარის განვითარებაში, წაახალისებს მათ საქმიანობას და სამეწარმეო პროექტის კოორდინაციის საკითხებს განიხილავსო. მე თუ მკითხავთ, ნარმანიას მხრიდან ეს არის არაკორექტული განცხადება, ადამიანი, რომელიც კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი, მას მერი ახალ სამსახურს აბარებს. კითხვას ვუსვამ დავით ნარმანიას, - ალექსანდრე მარგიშვილი რატომ ჩამოიცილე მოადგილის პოსტიდან, რატომ ეთქვა პირველ მოადგილეობაზე უარი, თუ ყველაფერში არის მართალი და მისი გაკეთებული საქმე მოსწონს ყველას. მე შემიძლია ფრჩხილები გავხსნა და ვთქვა, რომ ბევრი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრე მარგიშვილი იქცეოდა არაკეთილსინდისიერად, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე, ასევე მერის მოადგილის პოსტზე. ადამიანი, რომელმაც ასე მოკლე პერიოდში მოახერხა უარყოფითი ბიოგრაფიის შექმნა, უცებ, კიდევ სადღაც გადაგყავს იმიტომ, რომ კარგად შეფუთო?!. მე ვთვლი, რომ ეს ნარმანიას მხრიდან არის აბსოლუტურად არაკორექტული საქციელი, ვინც არ უნდა მფარველობდეს მარგიშვილს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ხალხს ვერ მოატყუებ, რაც არ უნდა შეფუთო მარგიშვილი. მე რომ ნარმანიას ადგილას ვიყო, კინწისკვრით გავაგდებდი მარგიშვილსაც და სხვა დანარჩენსაც, ვისშიც ეჭვი შეაქვთ სამართალდამცავებს.  თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების წინაშე ვიყო მართალი. ნარმანიას კი პირიქით გამოუვიდა, რას ფუთავ, სად მალავ, ხალხმა არ იცის, ვინ არის მარგიშვილი, თუ რა?!. მის ადგილზე ვიტყოდი, რომ მან მიღალატა და ამიტომ ვაგდებ სამსახურიდან...

 

- წინა კვირას თქვენ დააანონსეთ, რომ სულ მალე შოკისმომგვრელ სიას გამოაქვეყნებდით, სადაც ბევრია ისეთი აქტიური „ნაციონალი", ვინც ე.წ. კონკურსის საფუძველზე დააწინაურეს. ვინ არიან ისინი?


- დიახ, მაქვს ეს სია, მე კიდევ რამდენიმე ადამიანი აღმოვაჩინე, ხალხმა ძალიან კარგად იცის, მინიმუმ, ვინ იყო მათი ნერვების მომშლელი და მაქსიმუმ, ჯალათი... ამ ადამიანებს რომ ხედავენ ამ სიაში, ნერვები ეშლებათ. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე მითხრეს, ამან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ამიტომ ვიღებთ სამსახურშიო... არადა, ეს კონკრეტული ადამიანი არც საქმის პროფესიონალია და არც კეთილსინდისიერი. ადამიანი, როცა ერთხელ გაყიდის თავის პატრონს, მეორედაც გაყიდის. ახლა, თქვენ მეკითხებით, ვინ არის ამ სიაში. მე გეტყვით, რომ ამ სიაში გახლავთ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი წინა ინტერვიუში, ნაძალადევის რაიონის „კარდაკარის" ხელმძღვანელი, ელისო ნიკოლაიშვილი, რომელიც ამ კონკურსის საფუძველზე მერიაში დაინიშნა.

 

- ამ ქალბატონს ხომ არ გულისხმობდით, როცა ახსენეთ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და ამის ნაცვლად დანიშნეს მერიაში. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ქალბატონმა გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და სწორედ მან თქვა, უგულავასთან ფული მიმქონდაო.


- დიახ, ასეა,

 

- ბატონო მამუკა, როგორც გავიგე, ამ შოკისმომგვრელ სიაში არიან „ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე აქტივისტები ნაძალადევის რაიონიდან - მამუკა ბერიძე და მიშა კაკაურიძე.


- დიახ, ორივე მათგანი დღეს მერიის სამსახურშია ამ ე.წ. კონკურსის საფუძველზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციას მოერგებიან. ამ ყველაფერზე იცით, რეაგირებას რატომ არ აკეთებენ? კუდი კუდზე აქვთ გადაბმული... ახლა მერიაში სრული პანიკაა, დაშინებულები არიან იმის გამო, რომ შეუტიეს. ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და ამის გამო, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. პრაქტიკულად სისტემა არის მთლიანად მოშლილი და ეს არის მთავარი უბედურება და ამას კი, პატრონიც არ ჰყავს. 3000 კაცია მერიაში და ვიღაცა იტყვის, რა მოხდა, თუ 5-6 „ნაციონალი" გაიპარა. ეს რომ ვიცოდე, რომ გაეპარათ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ხომ ვიცი, არსებობს ორგანიზებული ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მეთაურობით „ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც ამ ჯგუფს მართავს და ისინი ორიენტირებულნი არიან ქალაქის ადმინისტრაციულ სისტემაში თავისიანების ჩანერგვით. იმდენად აქვს გული აყრილი ნარმანიას მუშაობაზე ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მასთან დისტანცირება მოახდინეს. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, შეხვდეს დავით ნარმანიას და ჰკითხოს, რას აპირებს ის, ახლა გაბუტვის დრო არ არის, ქალაქის სჭირდება ძლიერი ხელი. დისტანციაზე ყოფნით საქმე არ გამოვა, სახელმწიფოს წამყვანი ზოგიერთი ლიდერი, ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკება. მერე გაზეთში იწერება, კახი კალაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთმანეთთან გაზის ტარიფის გამო იჩხუბეს... პერმანენტულად ჟონავს ინფორმაცია, რომ პრემიერი პრეზიდენტს არ ელაპარაკება... მოკლედ, ძალიან ბევრი გაბუტული ადამიანია საქართველოს ხელმძღვანელობაში. ასე კი საქმე ნამდვილად არ გაკეთდება.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016