როგორც ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობაში" პანიკაა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემულ ბრძანებებს ვერ ასრულებენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ 3 მარტიდან პარტიამ წევრებისმიღებაუკვეონლაინრეჟიმშიდაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალების" ოფისში მისვლაც კი არ არის საჭირო, მათი საიტის საშუალებით მონაცემებს გადააგზავნით და მორჩა, უკვე წევრი ხართ. საიდან მოსულხართ, ვის დაჰკარგვიხართ, მაგას, ალბათ, მერე გამოიკვლევენ, მთავარია 21 მარტს რუსთაველზე დაგაყენონ და „მიშა-მიშა" გაყვირონ.
კულუარული ინფორმაციის თანახმად, ნაცმოძრაობის" ლიდერებს უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ აქციაზე 50 ათას კაცს გამოიყვანენ. პარტიაში იგივე პროცესები დაიწყო, რაც „ქართულ ოცნებაში" კარგა ხანია ხდება - განაწყენებული აქტივისტები, ძალების არასწორი გადანაწილება, სკამებს გამოკიდება, ფულის გაფლანგვა, ამის გამო ეჭვიანობა და რაც მთავარია, ხდება ისეთი ადამიანების წამოტივტივება, რომლებსაც ძირძველ „ნაციონალებზე" მაინცდამაინც არ აქვთ კარგი წარმოდგენა. როგორც ჩანს, ქართული სენი „ნაციონალებს" მაინც წამოერიათ. ამ დროს რა ხდება კოალიციაში? რას უპირისპირებენ კიევიდან წამოსულ ტალღას? რა დოკუმენტებს უდებენ მაგიდაზე ბიძინა ივანიშვილს და რას უპირებს საპარლამენტო უმრავლესობა აპრილში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს?
„ალიას" უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე ესაუბრა:
- ჩვენ „ნაციონალების" გრაფიკით არც გვიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებთ. ეს არ არის მაგათი პირველი აქცია, ორჯერ ჰქონდათ მცდელობა და ვნახეთ, როგორც ჩაიარა. თუმცა ფაქტია, ეს ადამიანები არ ისვენებენ, უცხოეთში მუდმივად აგზავნიან მესიჯებს, რომ ისევ ცოცხლები არიან, ისევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და შეუძლიათ, ქვეყანაში შეცვალონ მდგომარეობა სასიკეთოდ. დასამალი არ არის, მათ ძალიან დიდი ფული აქვთ, ამაზე ადრეც მისაუბრია, ძირითადად ახალგაზრდებზე აქვთ გადატანილი აქცენტი და ტვინებს ურეცხავენ. ჩემი აზრით, „ნაციონალების" მცდელობა განწირულია.
- ესე იგი, უმრავლესობაში ფიქრობთ, რომ ეს „ნაციონალების" დასასრულის დასაწყისია?
- მე ეჭვი მეპარება, რომ მაგათ 50 ათასი კაცი გამოიყვანონ, მაგრამ რამდენიმე ათასი კაცის გამოსვლა არ გამიკვირდება. გამოვიდნენ, ამ ქვეყანაში დემოკრატიაა და არავინ არავის არ დაარბევს, როგორც მიშა სააკაშვილი არბევდა. ის ახლა იძახის, მე არჩევნებს ვერ დაველოდები, უნდა დავბრუნდეო და ყველანაირად შეეცდება, ქვეყანაში სიტუაცია არიოს, მაგრამ ყველა მცდელობა იქნება უშედეგო. რაც შეეხება „მაიდანს", უკრაინაში ეს მოხდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლური კურსიდან, ჩვენთან მიმართებაში ასე არ მომხდარა. ახლა კი ყვირიან, ამხელისუფლებამპრორუსულიგზააირჩიაო, მაგრამ ამისი თვითონაც არ სჯერათ. ჩვენ ახლა სხვა პრობლემები გვაქვს, არავინ არ მალავს იმას, რომ ლართან დაკავშირებით არსებობს უხერხული მომენტები. გასაგებია გარე ფაქტორები და მესმის ჩვენი მოსახლეობისაც. ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ საქართველოში არ მოხდა, ყველგან არსებობს ეკონომიკური ჩავარდნები, „ნაციონალები" რომ ყვირიან, იქნებ თქვან, რა საექსპორტო პოტენციალი დატოვეს, რათა გარედან დოლარი შემოვიდეს? თუ ლარის კურსი არ გამყარდა, ფასების ზრდა იქნება გარდაუვალი. ამაზე მუშაობს მთავრობა, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, ერთობლივად იქნება მიღებული ანტიკრიზისული პროგრამა და ჩემი ინფორმაციით, კვირის განმავლობაში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში იქნება განხილვა. მე არ ვარ ამ კომიტეტის წევრი, მაგრამ აუცილებლად დავესწრები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ლარის გაუფასურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, ეს ყველაფერი დაიწყო ნოემბერში და დაახლოებით 4 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ალბათ, უახლოეს ხანში დადგება გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში და მე მხარს დავუჭერ მის გადაყენებას.
- რა აზრი ტრიალებს უმრავლესობაში, შეიძლება, რომ იმპიჩმენტი რეალობად იქცეს?
- ჩემი ინფორმაციით, ეს რეალობად უნდა იქცეს. ძალიან რთული პროცედურაა, მაგრამ მონდომების შემთხვევაში არ უნდა გაჭირდეს.
- კონკრეტულად რა პროცედურა უნდა ჩატარდეს?
- აპრილში შემოვა ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტში, ჩვენ უარყოფითად უნდა შევაფასოთ და ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით გადაყენებული იქნება ქადაგიძე.
- ეს ადამიანი 2012 წლის არჩევნების შემდეგ თვითონ აპირებდა წასვლას, აგერ, ნოდარ ჯავახიშვილი ამტკიცებს, ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებსო. რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანი და რატომ ჩაუგდო ხელში ამხელა ბერკეტები?
- მე ნოდარ ჯავახიშვილის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და ვეთანხმები. ქადაგიძე რომ ზურაბ ადეიშვილის კადრია და მონიტორინგის სამსახურის უფროსიც იყო, რომელიც აკონტროლებდა თანხების მოძრაობას ბანკებში, ეს ვიცით. სწორედ ადეიშვილმა გადაიყვანა ის მოგვიანებით ეროვნულ ბანკში. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა რჩება და ამიტომაცაა ხალხი განაწყენებული. დღეს ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს ბანკებიდან აღებული კრედიტი.
- ნახევარ მილიონ ადამიანს კი არა, ნახევარ მილიონ ოჯახს აქვს კრედიტი აღებული.
- დიახ, დღეს საქართველოში არის მილიონი ოჯახი. აქედან ნახევარს აქვს საბანკო სესხი. ყოველი მეორე ოჯახი არის ფინანსური დარტყმის ქვეშ.
- დაახლოებით 200 ათასს აქვს აღებული კერძო სესხი, რაღა დარჩა?
- დიახ, აქაც პრობლემაა... მე იმას არ ვამბობ, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს აიცილებდა თავიდან, მაგრამ ბევრად უფრო რბილად წავიდოდა პროცესები, შესაძლებელი იყო პრევენცია.
- შენ თქვი, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები მთავრობასთან ერთად ანტიკრიზისულ გეგმას შეიმუშავებენო. არის საუბარი, რომ მოგვცემენ ნახევარ მილიარდ დოლარს სესხად. ამას უმრავლესობა მხარს უჭერს?
- ჯერ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი, გეგმა განსახილველად არ შემოსულა. როცა შემოვა, ამაზე მერე ვილაპარაკებთ. ჩვენ უფრო მეტად ველოდებით ეროვნული ბანკის ანგარიშს, საქმე შეიძლება ისე წავიდეს, რომ საქმე ძალოვან სტრუქტურებს გადაეცეთ. მე შეთქმულების თეორიებისა არ მჯერა ხოლმე, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ გათამაშდა ერთი მომენტიც: ახლა საზოგადოებას ანახებენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა გავლენა მოახდინა ლარის კურსზე, თავისი განცხადებით დასწია და ეს არ გააკეთა ცოტა ადრე. ესე იგი, ხალხი უკვე ფიქრობს, მთავრობამ ფული იშოვა, ახლა სინდისმა შეაწუხა და ლარის გამყარება დაიწყოო.
- ფაქტობრივად, ასე გამოდის, მე არ ვიცი, მთავრობამ რა იშოვა, მაგრამ კომერციულმა ბანკებმა რომ იშოვეს დიდი ფული, ამას არც მალავენ.
- სინამდვილეში ეროვნულმა ბანკმა აქეთ წაიყვანა საქმე, ეს საკითხი კომპლექსურად არის შესასწავლი. აშკარად ჩანს, ბატონი ბიძინას განცხადების შემდეგ ლარმა დაიწყო გამყარება. საზოგადოებას რაც გააღიზიანებს, სწორედ ასეთი ფორმით აწოდებენ. მოკლედ, „ნაციონალები" ბევრ ფრონტზე „იბრძვიან", ახლა დაიწყებენ პარლამენტში გამოსვლებს, დახატავენ აპოკალიფსს და შეეცდებიან, პარლამენტის ტრიბუნა მაქსიმალურად გამოიყენონ მოსახლეობის დეზინფორმაციისთვის.
- თავიდანაც გკითხე და ვიმეორებ, რამე გეგმა გაქვთ, თუკი „ნაციონალებმა" არეულობები მოაწყვეს?
- ამ საქმეს უნდა მიხედონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. ჩვენ შეგვიძლია, მუშაობა გავაძლიეროთ და იდეოლოგიურად ვამხილოთ. ამ მხრივ სამუშაო ნამდვილად ბევრია.
- „ალიას" 3 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუდეს ანგარიშები, რა ხდება რეგიონებში. ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას". იქ ლაპარაკია, რომ გადატენილია რაიონული ორგანიზაციები „ნაციონალებით", მამაძაღლებით და უშიშროების ყოფილი თანამშრომლებით. ამაზე ივანიშვილს მძიმე ლაპარაკი ჰქონია დათო საგანელიძესთან. ხომ არ არის ეს ის ანგარიშები, რომლებიც თქვენ დაწერეთ რეგიონების შემოწმების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ეს ანგარიშები ყველამ დავწერეთ. მე რაჭაში ვიყავი, იქაური სიტუაცია შევისწავლე. ასევე დაწერეს მანანა კობახიძემ და ომარ ნიშნიანიძემ, ისინი იმერეთში იყვნენ. აქამდეც უნდა დაწყებულიყო ამ ანგარიშების განხილვა პარტიაში, მაგრამ რატომღაც გვიანდება.
- რამე პრობლემაა?
- არ ვიცი, ჩვენ რეგიონებში ვიყავით იანვრის დასაწყისში, უკვე მესამე თვე დაიწყო. ანგარიშები დავწერეთ და ჩავაბარეთ პარტიაში, აღმასრულებელ მდივანს, კობახიძეს. ცოტა უნდა დაჩქარდეს, დრო მიდის.
- ანუ შეიძლებოდა რომ სწორედ ეს ანგარიშები მოხვედრილიყო ბიძინა ივანიშვილის ხელში?
- კი, შეიძლება.
- და იქ კონკრეტულად წერია, რომ რეგიონული ოფისები გადატენილია „ზონდერებით", უშიშროების ყოფილი თანამშრომლებით და „ნაციონალებით"?
- ასეთები რომ ბლომად არიან „ქართულ ოცნებაში", მე მგონი, ეს არახალია. გულახდილად გეტყვი, მაგალითად, ჩემს ანგარიშში ასეთი რაღაცები მოხვდა. მე არ ვიცი, სხვებმა რა დაწერეს, მაგრამ, ალბათ ანალოგიური სიტუაცია დააფიქსირეს. სამწუხაროდ, სხვების ანგარიშები არ მინახავს, ეს მათი კომპეტენციაა.
- ეს ყველაფერი კონფიდენციალურია?
- არა, კონფიდენციალური არ არის, მაგრამ სანამ განხილვები არ დაიწყება, ვერ დავიწყებ ქაღალდებში ქექვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გასცნობოდა და მძიმე ლაპარაკი მართლაც ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: განხილვები იგვიანებს და ეს არ არის კარგი. ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ვერ დავსხედით. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ მეორე გასვლაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ პირველის შედეგებიც არ ვიცით.
- დაბოლოს, უმრავლესობაში აცნობიერებთ თუ არა სერიოზულად, რა შეიძლება ჩაიდინონ „ნაციონალებმა"? ეს საბურავები უკვე საქილიკო თემად იქცა, მაგრამ ამბობენ, 20 ტრაილერით აქვთ შემოტანილი და გადამალულიო.
- თუ შემოტანილი აქვთ, სპეცსამსახურები რას აკეთებენ, რა უნდა მაგის მიგნებას? სადაც ის ვერ გაკონტროლდა, რომ „ნაციონალებმა" შავი ფული ვერ მიიღონ, კიდევ რა უნდა გაგვიკვირდეს? მე არ ვარ მომხრე, ვინმე შიდა პარტიულ საქმიანობაში ჩაერიოს, მაგრამ თუ ქვეყნის სტაბილურობას რამე ემუქრება, საკითხი შესასწავლია, ყველაფერი უნდა იყოს ლეგალური. შენ კარგად იცი, მე ამაზე კარგა ხანია ვლაპარაკობ, მაგრამ საკითხი დაიძრა? „ნაციონალები" რომ მაინც ვერაფერს იზამენ, ეს ცხადია, მაგრამ ქვეყანას არ ასვენებენ და ეს არის აღმაშფოთებელი.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"