სახელმწიფო ენის ნორმებისა და შესაბამისი კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს. „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს წარედგინა, გადამუშავდა და პირვანდელ ვარიანტში ასახულ არაერთ სიახლეზე უარი ითქვა.
კანონპროექტში ძირითადი აქცენტი ენის დაცვაზეა გაკეთებული. ამ მიმართულებით ჩადებული იყო მუხლები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გარკვეულ ადმინისტრაციულ სანქციებს ითვალისწინებდა. სანქციების ნაწილი პროექტის გადამუშავებული ვარიანტიდან ამოღებულია.
რა სახით იყო წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტში? რა სახე მიიღო საბოლოოდ? რატომ გახდა ამ ცვლილებების შეტანა საჭირო?
„ალიას“ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ავთანდილ არაბული ესაუბრა:
– ამ კანონპროექტის განხილვა დავიწყეთ ორი წლის წინათ მეცნიერებისა და განათლების კომიტეტში და მაშინ, გახსოვთ, რომ ატყდა ერთი ამბავი, რომ ჩვენ ვაპირებდით ჟურნალისტების დაჯარიმებას ენობრივი შეცდომების გამო. მეც მიწევდა განმარტებების მიცემა და მაშინ ვეუბნებოდი ჟურნალისტებს, რომ ასე არ არის, რომ თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს, რადგანაც შეუძლებელია, ზეპირ მეტყველებაში უდარაჯო ადამიანს, შეცდომები დაუჭირო და აჯარიმო ამის გამო-მეთქი. სხვათა შორის, საფრანგეთის სანქციებში ნათქვამია, რომ, თუ საჯარო მოხელემ გამოიყენა უცხო ტერმინი იმ სიტყვის ნაცვლად, რაც ფრანგულადაა დადგენილი, იმ შემთხვევაში ის ჯარიმას გადაიხდის 750 ევროს ოდენობით, მაგრამ ჩვენ ეს მიზნად ნამდვილად არ გვქონია. ჩვენ სანქციები გვქონდა გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა რეკლამის კანონზე იყო საუბარი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საბაბად იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ეთქვათ, მცდარი გზით მიდიხართ და გინდათ ხალხი დააჯარიმოთო. ამიტომ ეს გავითვალისწინეთ და ჩვენც უარი ვთქვით სანქციებზე. მიმაჩნია, რომ ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა.
– წესით, სანქციას კანონი არ უნდა ითვალისწინებდეს, რადგანაც სანქცია ხომ ადმინისტრაციული კოდექსის საქმეა?
_ კი, მაგრამ მანდ ორი მიდგომაა, სანქცია კანონშიც იწერება და ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვითაც არის გათვალისწინებული. აქ მთავარი ისაა, რომ ენის სახელმწიფო კანონმა პრინციპულად თქვა უარი ჯარიმებზე და სერიოზული ცვლილება კი ისაა, რომ აირჩია გზა, შექმნას გარკვეული ატმოსფერო, აკონტროლოს ენობრივი პროცესების განვითარება და, როგორც სახელმწიფო ორგანომ, დაიცვას ენისსიწმინდე. აქ მთავარი სამუშაო მაინც იმ მიმართულებითაა, რომ შეიქმნას საერთო საზოგადოებრივი განწყობა და დამოკიდებულება, რომპასუხისმგებელმაპირებმაიგრძნონვალდებულება, რომრასაცმიუთითებს მათ ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, ის შეცდომა გაასწორონ. იგივე წარწერები სასტუმროებსა და მაღაზიებზე რომ ნორმაში მოვიდეს.
– რა გინდათ მითხრათ, რომ ამის მეტი ენის კანონში სხვა არაფერი ჩაწერილა?
– არა, არა, არა! მასმედიასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არის მითითება, რომ სახელმწიფო ენის ფუნქციონირება კონტროლდება შესაბამისი კანონის მიხედვით, ასევე რეკლამის შესახებ კანონში არის გარკვეული ნორმები გათვალისწინებული, ის არავის შეუცვლია და უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ამ ენის სახელმწიფო კანონში ეს არ დაფიქსირდა. გარდა ამისა, სერიოზული გეგმაა, რომ ჩვენი არაქართული რეგიონები რომ არსებობს, იქ გაძლიერდეს სახელმწიფო ენა. მოტივაცია, როგორც იქაურები ამბობენ, არსებობს, მოსახლეობას ენის შესწავლა უნდა, უბრალოდ, არ არის ეს საკითხი დაყენებული სახელმწიფო დონეზე, რაც სერიოზული ხელისშემშლელია ინტეგრაციის პროცესის. ის რეგიონები, ამით ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან ცენტრისგან და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისაგან და ეს, ბუნებრივია, არის ძალიან სერიოზული ჩვენი ამოცანა, რომ ეს წინააღმდეგობა როგორმე გადავლახოთ. ამისთვის სახელმწიფოებრივი პროგრამებია გათვალისწინებული, რომელთა საფუძველზეც სასკოლო პროგრამებიც გაძლიერდება და სერიოზული გახდება ქართული ენის სწავლება და რაც მთავარია, ამისთვის საჭიროა მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რადგანაც ზოგჯერ იქ ისეთი ხალხი ასწავლის, თავადაც რომ არ იცის ქართული.
– რაც შეეხება სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული მუხლების ცვლილებას, აქ რა მოხდა? გამოცდა მართლა მოიხსნა?
– არა, არა! ენის სახელმწიფო გამოცდა ისევ არსებობს, ის იყო და არის ისევ ნებაყოფლობითი, ეს გამოცდა დასჭირდება საჯარო მოხელეს, თუ საქართველოში მას არ აქვს განათლება მიღებული. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ესაა ის, რომ საქართველოში არსებულ არაქართულენოვან სკოლებში ხომ ისწავლება ქართული? შესაბამისად, ამ სკოლადამთავრებულს მიღებული რომ აქვს ქართულში დადებითი ნიშანი, ეს მას ჩაეთვლება, როგორც სახელმწიფო ენის ჩაბარების გარანტი.
– და პირველ ვარიანტში ეს როგორ იყო განსაზღვრული?
– პირველ ვარიანტში ეს პირობა, სკოლის დამთავრებას ვგულისხმობ, გამოცდიდან განმათავისუფლებელ ფაქტორად არ ითვლებოდა და ახლა ითვლება.
– კი, მაგრამ ეგება ქართული არ ვიცი და საგანი ჩავაწყვე თავის დროზე სკოლაში, რომ დადებითი ნიშანი მიმეღო?
– ეგ მომენტი არსებობს, კი, მაგრამ ჩვენ ფორმალური მონაცემით მაინც უნდა ვიხელმძღვანელოთ და ის, რომ პირმა არ იცის ენა, ეს თავისთავად შემდეგ ეტაპზე გამოჩნდება!
– ერიჰაა! კი, მაგრამ თავიდანვე ისე გაგეკეთებინათ, რომ ამისთვის ეტაპები არ დაგჭირვებოდათ! სანამ თქვენ ამას აღმოაჩენთ, მანამდე დრო ხომ იკარგება, ის ფული ხომ იკარგება, რასაც ამ მოხელეს გადაუხდიან ადგილზე მუშაობაში?
– მაგაში მთლიანად გეთანხმებით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ კანონში ვერ ჩავწერთ იმას, რომ ქართულენოვანი სკოლა შეიძლება ადამიანს დამთავრებული ჰქონდეს, მაგრამ ქართული შესაძლოა, არ იცოდეს და სამსახური არ დაიწყოს. ამიტომ კანონიერად სრულიად სამართლიანია, რაც ჩავწერეთ. ის, რომსაჯარომოხელემუნდაიცოდესქართულიენა, ესმოთხოვნაარსებობსდარაცმთავარია, კოდექსშირომშევიდა, ესსხვებისთვისაცენის შესწავლის ერთგვარისტიმულია. აქვევიტყვი, რომბალტიისპირეთისქვეყნებმაპირველად 1988-89 წლებში მიიღეს ენის კანონი და მერე რამდენჯერმე კიდევ გადაამუშავეს, რადგანაც კანონი უნდა იყოს იმ ვითარების შესაფერისი, რაც რეალობაა, თორემ ასე რომ არ იყოს, ქსეროასლებს გავაკეთებდით და საფრანგეთის კანონს გადმოვიტანდით საქართველოში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ კანონი იყოს ისეთი, რომ ზედმეტი პრობლემები არ შევუქმნათ საკუთარ მოქალაქეებს და ამავე დროს განვითარების გზა დასახოს. ამ მხრივ, ენის სახელმწიფო კანონი ნამდვილად გამართულია და, თამამად ვიტყვი, რომ ზუსტად აწონილ-დაწონილია ყველაფერი, როგორც აფთიაქის სასწორზე.
– აფთიაქის სასწორზეა აწონილი, თუ ყველის გამყიდველის სასწორზე, ეგ მალე გამოჩნდება, მაგრამ სხვა რამე მაინტერესებს, ნახეთ 60-მილიონიანი საფრანგეთი როგორი ფაქიზია თავისი ენის მიმართ და ჩვენ რაღაც ჰაიჰარად ვეკიდებით ამ საკითხს.
– კი, საფრანგეთი ძალიან მკაცრია, იქ, მოგეხსენებათ, სასწავლებლები მხოლოდ ფრანგულადაა, მაგრამ ამ ეტაპამდე ჩვენ შორი გზა გვაქვს გასავლელი. გარდა ამისა, იცვლება ისიც, რომ სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია ცალკე ორგანო აღარ იქნება, ის ენის დეპარტამენტის ფარგლებში იფუნქციონირებს და ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ. აქამდე კომისია იყო ყოველთვის საზოგადოებრივ საწყისებზე და ეს იწვევდა იმას, რომ ნომენკლატურული პირები შედიოდნენ ამ კომისიაში, ისინიც არ ესწრებოდნენ ხშირ შემთხვევაში სხდომებს, ახლა დადგინდა, რომ იქნებიან მხოლოდ პროფესიონალები და სერიოზულად იმუშავებენ, რადგანაც მათ ამისთვის ანაზღაურება ექნებათ და საქმე კი ბევრია. ეს კანონპროექტი არც კი ვიცოდი, რომ გახმაურდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პარლამენტში ბიუროზე უკვე გავიდა და ახლა უახლოეს დღეებში გავა პლენარულ სხდომაზე. იქ კი ვნახოთ, რა იქნება.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია“