აქცია „შემოულაწუნე“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ორგანიზატორი სამი პოლიტიკური ძალა: „თავისუფალი საქართველო“, „რეფორმატორები“, და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იყო. ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. გუშინ ისინი „ვარდების მოედანზე“ საღამოს 7 საათისკენ შეიკრიბნენ და სანამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას დაიწყებდნენ, ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ავტომანქანიდან გადმოსულმა უცნობმა ახალგაზრდებმა სცემეს და ფოტოკამერა დაუმტვრიეს.
რა მოხდა „ვარდების მოედანზე“ და ივანიშვილის რეზიდენციასთან? იღებენ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ორგანიზატორები ამ შემთხვევაზე?
„ალიას“ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო შალამბერიძე ესაუბრა:
– ბატონო ალეკო, რაც მოხდა აქციაზე, როგორ დაუშვით? იღებთ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევის გამო?
– ეს არ იყო პოლიტიკური საკითხი. იქ ვიღაც ტიპი იყო, რომელიც მე ვფიქრობ, შემოგზავნილი იყო, პროვოკატორი გახლდათ და თავს დაესხა ჟურნალისტს, რომელსაც დაუმტვრია კამერა. ვამზადებდით კოლონას უკვე გასვლისთვის ორგანიზატორები, ამ გასვლის დროს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, მოახდინა პროვოკაცია. ეს ადამიანი მანქანაში იჯდა.
– გაარკვიეთ, ვინ არიან ეს ადამიანები?
– პოლიციაშია საქმე და მე ვფიქრობ, გამოძიებული იქნება. ჩვენც ხელს შევუწყობთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ირაკლი გედენიძეს დიდ პატივს ვცემ და მით უმეტეს, ყველაზე დიდი დარტყმა მივიღეთ ჩვენ, რადგან ამით მხოლოდ ირაკლის კი არ გაუსწორდნენ, არამედ ჩვენც. როცა ორგანიზატორები ყველაფერს ვცდილობთ, რომ აქცია გამოგვივიდეს, დროშებს ვაწყობდით, ადამიანებს ვსვამდით მანქანებში, ავტობუსები არ გვყავდა და მანქანებს ორგანიზებას ვუწევდით, და ასეთ გაწამაწიაში მოხდა ყველაფერი. მოედნიდან რომ გამოვედით, ამ ადამიანის ვინაობას არკვევდნენ პოლიციელები. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დავიძარით და გვითხრა პოლიციამ, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენებდა. თუ საჭირო გახდა ჩვენი გამოძახება, ყველა თვითმხილველი მიეხმარება გამოძიებას.
– შეკრების დროს სხვა რაიმე საეჭვო მომენტი ხომ არ შეგიმჩნევიათ?
– ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს არ დაგვეშვა და აი, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მაინც მოხდა პროვოკაცია. ყველაფერი, რაც ორგანიზაციულ საკითხს ეხებოდა, მოგვარებული იყო.
– ვინ უწევდა ორგანიზებას ამ მანქანებს?
– სამივე პარტიის ლიდერი ვუწევდით ორგანიზებას.
– ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, არც ერთი პარტიის წევრი არ იყო?
– ამ მომენტში მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა, შევიკრიბებით ახლა და ამ კითხვებს დავსვამთ. ჩვენ კიდევ ვაპირებთ აქციების გაგრძელებას და უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის. გული დამწყდა ამ სიტუაციის გამო, ირაკლისნაირი ჟურნალისტის შეურაცხყოფა არავის არ უნდა შერჩეს.
– ზემოთ რომ ახვედით, იქ რა ხდებოდა, რეზიდენციიდან ვინმე გამოვიდა?
– არავინ საერთოდ. ახლა ვაპირებთ, დალუქული წერილი გავუგზავნოთ ფოსტით ივანიშვილს და ფულს გადავიხდით. წერილში ჩამოყალიბებული გვაქვს 10 პუნქტი, რომლითაც ვახსენებთ ივანიშვილს თავის დაპირებებს, რაც ეხებოდა სოფლის მეურნეობის სტიმულირებას, იპოთეკური სესხების საკითხს და ბევრ სხვას. იქ გვითხრეს, კი ჩავიბარებთ წერილს, მაგრამ ვერ დაგპირდებით, გადავცემთ თუ არაო. ჰოდა, ამ ფორმით მივაწვდენთ ჩვენს სათქმელს ივანიშვილს. შეკვეთილ წერილს გავუგზავნით. პასუხს დაველოდებით და მერე კვლავ გავაგრძელებთ აქციებს. მოსახლეობას ივანიშვილის სილამაზისთვის არ მიუცია ხმა. კეთილი ინებოს და შეასრულოს დაპირებები, სადაა მილიარდის ჩადება ეკონომიკაში? უსახლკაროებს მისცა ბინები?
– აქციებისთვის ადამიანური რესურსი გეყოფათ? ბევრი ხუმრობდა, რომ 100 კაცს თავი ძლივს მოუყარეთ.
– ასე ხდება ხოლმე, როცა იწყებ, მერე ემატება ხალხი. გავბევრდებით. ჩვენი აქციის ლოზუნგია - „არა „ქოცებს“, არა „ნაცებს“. ის ორგანიზაცია, რომელმაც ბევრი რამ დააშავა ქვეყანაში, ჩვენგან მხარდაჭერილი ვერ იქნება. ჩვენ ვამზადებთ ლუსტრაციის კანონს პარლამენტში შესატანად. სულ მალე შევიტანთ და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულები იქნება ლუსტრირებული და ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დასჯილი.
– ბევრი ადამიანი თქვენი სამეულის ურთიერთობის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. ენდობით ერთმანეთს?
– ჯერ გვაქვს თემატური ერთობა, მერე ვნახოთ. ჯერ არც ის ვიცი, ვინ შემოგვიერთდება. მომხრე ვართ ერთიანობის, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ, სამმა პარტიამ განვაცხადეთ თანამშრომლობის სურვილი, ახლა ვერც ერთ ადამიანთან ვერ ვითანამშრომლობთ ჰარი-ჰარალეზე. აი, ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგ გაირკვევა, ვინ ვინ არის, გამოჩნდება, ვინ არის სანდო. ერთიანობაც ასე იწყება, არის ბევრი განსხვავება თავიდან, საწყის ეტაპზე ჩვენ ეს მოვახერხეთ და მერე ვნახოთ.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია“