reportiori.ge - სოსო მანჯავიძე: საკმაოდ შეშინებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შიგნით არის დიდი ქაოსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:30
პრეს-დაიჯესტი
სოსო მანჯავიძე: საკმაოდ შეშინებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შიგნით არის დიდი ქაოსი
ავტორი:
05 მარტი, 2015. 13:35



რა მოთხოვნებს უყენებენ თანაგუნდელები სააკაშვილს?

 

ნაციონალების მიერ დაანონსებულ 21 მარტის აქციას ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, საეჭვოდ უსწრებს წინ პარტია თავისუფალი საქართველოს“, პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიტინგი სახელწოდებით „შემოულაწუნე“. ასევე, საეჭვოდ გაცოცხლდა პოლიტიკურ სანაგვეზე საკუთარი ფეხით წასული „პადოშა“ გია თორთლაძე... როგორც ჩანს, მოღალატეებს დოლარები შემოულაწუნეს „ნაცსექტის“ ფლანგიდან. კახა კუკავამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გულზე ხელი დაიბრახუნა და პოლიტიკის კარი მიიჯახუნა, წავედიო... ბეჟან გუნავა პოლიტიკურად თუ ცოცხალი იყო, ნამდვილად არ მეგონა. ძალადმაცხონეა ირაკლი ღლონტი, რომელიც „რეფორმატორულ“ პარტიას ლიდერობს, ეს ამბიციური ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. აბა, რა გითხრათ „პადოშაზე“, ეს ხომ მოღალატე პოლიტიკური ცვედანის სიმბოლოა...

 

მოკლედ, ბიჭები საშოვარზე გამოვიდნენ, „არა „ნაცებს“, არა „ქოცებს“ ასეთია მათი სლოგანები... ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციასთან აადგნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს. ისინი აპროტესტებდნენ ლარის ინფლაციას, დაპირებების შეუსრულებლობას და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს. ლარი მეტ-ნაკლებად გამყარებისკენ წავიდა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების  წინაშე დღეს არ დავმდგარვართ. „ქართული ოცნება“ მესამე წელია ხელისუფლებაშია და ამ სამ პოლიტიკურ ძალას გაერთიანება და აქციების ჩატარება არ გახსენებია. რა ხდება?.. აქციის ორგანიზატორებმა შემოლაწუნება ჟურნალისტებიდან დაიწყეს. „ვარდების რევოლუციის მოედანზე“ უმოწყალოდ სცემეს ჯაშუშობის ბრალდებით დაჭერილი, სააკაშვილის პირადი ნაპატიმრალი ირაკლი გედენიძე. ირაკლი გედენიძე იმ დონეზეა ნაცემი, რომ ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი შეხედვით მიზეზი ბანალურია, ვიღაცა მომიტინგეს არ უნდოდა, გედენიძის ობიექტივში მოხვედრილიყო, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის ფაქტი აღიძრა, მაგრამ, თუ კარგად ჩავუკვირდებით და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით ვიმსჯელებთ, ამ ინციდენტის უკან „ნაციონალების“ ინტერესია... კიევის „მაიდანიც“ ხომ სწორედ ასეთი პროვოკაციებით იწყებოდა.

 

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი სოსო მანჯავიძე „ალიასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და მოსალოდნელ ესკალაციაზე საუბრობს. მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ, როგორ დაიწყო ვითარების დაძაბვა და ყველაზე მთავარი დარტყმა როგორ მიაყენეს ეროვნულ ვალუტას, რამაც უკლებლივ ყველა აღაშფოთა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყო. სწორედ ამ საკითხით იწყებს ჩვენთან საუბარს სოსო მანჯავიძე:

 

– ერთ-ერთმა, ეკონომიკის სფეროში ყველაზე კომპეტენტურმა ადამიანმა ნოდარ ჯავახიშვილმა დასვა დიაგნოზი, როცა თქვა: ლარის გაუფასურება – ეს იყო ეროვნული ბანკის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგი. იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა. ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია, დიდი ხნის წინათ ვიცოდით, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ დატოვეს თანამდებობაზე და არ გადააყენეს. ლარის გაუფასურებას პოლიტიკური ტემპერატურის აწევა მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიზანმიმართულ მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერს წინ უძღოდა იური ვაზაგაშვილის აფეთქება, მაშინაც პოლიტიკურმა ტემპერატურამ აიწია, დღეს კი ვეჯახებით ახალ რეალობას. აბსოლუტურად უპერსპექტივო გახდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენ NATO-ში მიგვიღებენ, გუშინ გამოვიდა ბატონი იოჰანეს ჰანი და განაცხადა, რომ ევროკომისია ჯერ მზად არ არის საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე სასაუბროდ. არაორდინარული ვითარება იქმნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩანერგილი ჰყავს მე-5 კოლონა ხელისუფლებაში. თუ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს და ის გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ძალიან საინტერესო წრე შეიკვრება – პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, წამყვანი კომიტეტების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ელექტრონული მედიასაშუალებები, ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატები“, ეს არის ერთი ვექტორის გამტარი ძალები. ისინი სრულ ალყაში მოაქცევენ აღმასრულებელ ხელისუფლებას. იმ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი გახლავთ ძველი რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი. მათ შორის პოლიციისა და უშიშროების ორგანოებში.

 

ჩვენ კარგად ვიცით იმ სიების შესახებ, რომლებიც არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს პოსტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მონა-მორჩილი გახლდათ. ამ ვითარებაში ძალიან ადვილია, მოეწყოს არეულობა და მოხდეს ფერადი რევოლუცია. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გარკვეული ძალების მხარდაჭერა ძლიერდება, რომელიც ამავდროულად კურირებს უკრაინაში ლეტალური იარაღის შეტანას. სააკაშვილი და მისი გუნდი უკრაინაში კურირებს უკრაინის ქონების განსახელმწიფოებრიობას, რა ტიპის პრივატიზაციაც მათ საქართველოში გააკეთეს. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია უამრავი სახსრის აკუმულაციასთან და „ნაცმოძრაობა“ ამ სახსრებს რისთვისაც გამოიყენებს, ბუნებრივია, ძნელი მისახვედრი არ არის.

 

აქვე მინდა შევეხო მერიას, რომელიც გაეხვია ქაოსურ მდგომარეობაში. ის გუნდი, რომელიც ხელისუფლებამ სხვადასხვა თანამდებობაზე მოიყვანა, არის არაკომპეტენტური და მერიაში სრული დაბნეულობაა. უშვებენ უამრავ შეცდომას, რასაც კარგად იყენებენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ფაქტობრივად, დღის წესრიგს ადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და სწორად ვერ რეაგირებს დავით ნარმანიას გუნდი, რაც მძიმე შედეგებით მთავრდება. ჯოკია ბოდოკიას სკანდალი ძალიან ჰგავს დაგეგმილს. მრჩება ეჭვი, რომ ეს მერიის დისკრედიტაციისთვის „ნაცმოძრაობამ“ დაგეგმა. მერიამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ დამჯდარიყავი და მერიაზე დარტყმა დაგეგეგმა, ამას ვერ შეძლებდი. ნარმანია უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მისი ბევრი თანაგუნდელი თანამდებობას დატოვებს. ლაპარაკია ვიცე-მერებსა და სამსახურების უფროსებზე. ისინი თანამდებობებს დატოვებენ.

 

– ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა – პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დანაშაულის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო და ყველა ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესს აჩქარებს, „ნაციონალები“ უკვე ამბობენ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით შეიქმნა პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი. როგორც გავიგე, ძალიან ბევრი შეშინებულია და ცდილობს უკრაინაში გადაბარგებას. არ არის გამორიცხული, რომ გია ბარამიძეც საბოლოოდ უკრაინაში გაიქცეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

 

– გეთანხმებით, მეც მაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ შეშინებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შიგნით არის დიდი ქაოსი, სააკაშვილს უყენებენ სერიოზულ პრეტენზიებს, ჩვენ აქ თავს ვწირავთ და შენ „გულაობო“, განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან უგულავა, ახალაია და მერაბიშვილი, პირდაპირ მოთხოვნებს უყენებენ სააკაშვილს, რომ დააჩქაროს პროცესები, ისინი ლიმიტს უწესებენ, თუ ვერ მოახერხებს მათი ციხიდან გამოხსნას ან რევანშის გზით  ელისუფლების ხელში აღებას, დიდხანს გაჩუმებას არ აპირებენ.

 

რაც შეეხება ხელისუფლებას, გვიან, მაგრამ გააცნობიერა, ასე მართვა შეუძლებელია, თუ საზოგადოებაში არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცემა, ამით იკრებენ უფრო დესტრუქციულ ძალებს. ჩვენ ვხედავთ, რომ უკმაყოფილების ტალღაა დაძრული და ეს პროცესები ქვეყანას რას უქადის, კაცმა არ იცის. მინდა დავიჯერო, რომ პროკურატურაში ახლად შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, იყოს ეფექტური და არა მოჩვენებითი. საერთოდ, ჩვენ ვართ პარადოქსულ ვითარებაში, რაც ხდება პარლამენტში, ეს არის დაუშვებელი, ის, რომ უმრავლესობის ლიდერი ეუბნება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, – თქვენ აწამებდით მასობრივად ხალხს, თქვენი რეჟიმი უდანაშაულო ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდა, უმოწყალოდ არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, უკანონოდ ართმევდით ქონებას, ამ სიტყვებიდან მეორე წუთს უმრავლესობის ლიდერი გვერდზე უჯდება დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს ნორმალური ვითარებაა?! თუ შენ თავმოყვარე პოლიტიკოსი გქვია, იმ პოლიტიკოსის გვერდით არ უნდა იჯდე, რომელთაც შენ თვითონ ადანაშაულებ ტერორში, ადამიანთა მკვლელობასა და გაუპატიურებაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმთავითვე უნდა მისცემოდა შეფასება, იმ კოშმარულ სიტუაციას, რომელშიც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით. ეს არ გაკეთდა და აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ ხალხში განწყობები თანაბრად არის გადანაწილებული, ორივე პოლიტიკურ ძალაზე თანაბრად მოდის აგრესია. მე ეს კი არ მიხარია, ძალიან განვიცდი, რადგან საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება და სახელისუფლებო ორგანოების ჩამოშლა გამოიწვევს სიტუაციის რადიკალიზაციას, დაპირისპირებული მხარეების შეჯახებას. საბოლოო ჯამში, მივალთ უმართავ პროცესებამდე, რასაც ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს და არა მარტო მათ, ოპოზიციაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

 

– რას ფიქრობთ სამი პოლიტიკური ძალის მიერ მოწყობილ აქციაზე? „თავისუფალი საქართველო“, პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ექს-პრემიერის სახლთან ყვირილში დაიხარჯა. საეჭვოდ არ გეჩვენებათ ამ ძალების გააქტიურება „ნაციონალების“ მიერ დაანონსებული აქციების წინ? 7 მარტს გააპროტესტებს „ნაცმოძრაობა“ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატს, მოითხოვენ მის გაუქმებას. 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით „ნაცმოძრაობა“ დიდ აქციას გამართავს და, სავარაუდოდ, რამდენიმე პოლიტიკური ძალა შეუერთდება, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ უკვე ნაყიდი ჰყავს.

 

– კახა კუკავა, ირაკლი ღლონტი, გუნავა და შალამბერიძე აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. არ მინდა ვიფიქრო, რომ კახა კუკავა და ეს პოლიტიკური ძალები რაიმე დესტაბილიზაციას ხელს შეუწყობენ და ღიად გაერთიანდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ეს მათთვის იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგების მომტანი. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი საფრთხე ჩვენ გვემუქრება იმ ძალებისგან, რომელთაც ალყაში ჰყავთ აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, ვინც ესკალაციით ახორციელებს სახელმწიფო გადატრიალებას, იგივე ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, ვინც ფერად რევოლუციებს აწყობდა 2003 წელს. იმავე იდეოლოგიით, იმავე მიზნებით, ის საერთაშორისო ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან, მოითხოვენ რადიკალურად ანტირუსულ პროპაგანდას, რომ ისინი უნდა იყვნენ რუსეთის რბილ ადგილებში შერჭობილი სადგისი. შეხედეთ, რა საოცრება ხდება, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა ირაკლი ალასანიას პარტია, იმ დღესვე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მესიჯ-ბოქსები ერთი და იგივე გახდა, მათ უნისონში დაიწყეს ლაპარაკი. ეს ხალხი ცდილობს, ხელისუფლებას ჩამოაცილოს ისინი, ვინც მათსავით არ აზროვნებს. ესენი პრორუსულს „ქართულ ოცნებას“ განა იმიტომ ეძახიან, რომ მართლა ასეა, არამედ იმიტომ, რომ არ არის მათი იდეოლოგიის გამტარებელი და არ არის თანახმა „ქართული ოცნება“, შეინარჩუნოს ის ფუნქცია, რომელსაც ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი, რომელთაც სამშობლოს ბედი ფეხებზე ეკიდათ.

 

– „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მონათესავე იდეოლოგები  და მონათესავე მსოფლმხედველობის პარტიებია, სწორედ ისინი ატარებენ საქართველოში დასავლეთის ინტერესებს, შეიძლება ვიხილოთ ძალიან ცუდი სცენარი და ამ ძალებმა გაგვატარონ ის გზა, რასაც გადის უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში?

 

– ნურაფერს გამოვრიცხავთ, ვინმეს შეეძლო წარმოდგენა იმ სცენარისა, რომ იური ვაზაგაშვილს ააფეთქებდნენ? ვინმეს შეეძლო წარმოედგინა ლარის ასე დაცემა, ან ბოლოს და ბოლოს ის, რომ დამნაშავე რეჟიმს ამდენი რამე შერჩებოდა?  დამნაშავე ძალის ხელში რომ ინსტრუმენტებს ტოვებ, მკვლელს რომ იარაღს არ ართმევ, ბუნებრივია, უნდა ელოდო მათი მახინჯი ტვინის პროდუქტს, მოულოდნელსა და თავზარდამცემს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, როგორ იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების ორგანოები, რათა დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენთვის არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესებს ახორციელებენ, დროზე იქნან განეიტრალებულნი. ფატალური მოვლენები განვითარდება მაშინ, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს და თუ ვიმოქმედებთ, გარწმუნებთ, რომ დაუძლეველი წინააღმდეგობა და საფრთხე არ გვემუქრება. არც „ნაცმოძრაობას“ აქვს რესურსი ხალხის მხარდაჭერის და არც მათ სხვა მოკავშირე ძალებს. მთავარია, ადამიანებს გავახსენოთ, ვინ რას აკეთებდა, გავარკვიოთ, რომელი პოლიტიკური ძალა რა ვექტორს ემსახურება, აი, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დგას. „ნაციონალები“ არ მალავენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ყველა უწყებაში ჰყავთ თავიანთი აგენტურა, 21 მარტიდან დაიწყება გამოსვლები, ისინი ჩამოშლიან სახელმწიფოს, ამბობენ, რომ, ფაქტობრივად, მკვდრები ვიყავით და „ქართულმა ოცნებამ“ გაგვაცოცხლა და ამის გამო „რესპუბლიკელების“ ვალიდან ვერასოდეს ამოვალთო. გახსოვთ, ალბათ, დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა დემოკრატიის მთავარ ამოცანად გამოაცხადა, თქვენ ხედავთ, როგორ ხორციელდება ხელისუფლების დემონიზაციის პროცესი. სამწუხარო კი ისაა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სანქციებით იმუქრებოდნენ, მუშტებს აბრახუნებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საფრთხე არ შეექმნათ და ეს ძალა უნდა შენარჩუნებულიყო, სხვა შემთხვევაში პრობლემებს შეგვიქმნიდნენ...

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016