reportiori.ge - ნინი ცნობილაძე ჩიკაგოელ ქართველზე გათხოვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:07
პრეს-დაიჯესტი
ნინი ცნობილაძე ჩიკაგოელ ქართველზე გათხოვდა
ავტორი:
05 მარტი, 2015. 18:26



ნინიმ გათხოვება გამოგვაპარა. ექვსი თვეა, გიორგი ალავიძესთან ერთად ცხოვრობს. გიორგი ყოფილი ფეხბურთელია და ჩიკაგოში ცხოვრობს. ჯვრისწერა საბერძნეთში უნდათ. ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო. გიორგიმ ნათესავის ბარში მომღერალი გოგონა გაიცნო. სიმპათია მაშინვე გაჩნდა. ახალგაცნობილებს გაბუტვაც მოუსწრიათ. ორ კვირაში „დაშორდნენ“. „18 წლის ვიყავი, ვსწავლობდი და ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. ამ წლების განმავლობაში ათასში ერთხელ მოვიკითხავდით ერთმანეთს“, ყვება ნინი. მერე ბიჭი ამერიკას დაუბრუნდა, გოგონა პროექტებით პოპულარული გახდა. წელიწად-ნახევრის წინ კი შერიგდნენ და ისევ შეყვარებულები გახდნენ. ეს ბათუმში მეგობრების გარემოცვაში იყო. „უკვე რომანტიკული ქალაქია ჩემთვის ბათუმი. იმ დღის ემოცია ჩამრჩა. ერთ დღე ვნახეთ ერთმანეთი, მეორე დღეს მე თბილისში წამოვედი“. იმ დროს გიორგიც იხსენებს: „მეც დავლაგდი და ნინიც უკვე ჩამოყალიბებული იყო. ექვსი თვე ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა, მერე კი ორი თვით წავედი ამერიკაში. ამ განშორების პერიოდში მივხვდი, რომ მაკლდა და ცოლად უნდა შემერთო. ყოველდღე ვკონტაქტობდით, თუმცა 4-საათიანი საუბრები არ გვქონია. იქ ღამე იყო, აქ დღე. თან ნინის სულ ეძინა“.

 

გიორგი სამშობლოს მარტში დაუბრუნდა და ნინის მშობლების გაცნობა გადაწყვიტა.

 

გიორგი ალავიძე: საქმის კურსში ჩავაყენეთ, ვუთხარით, რომ დაქორწინებას ვგეგმავდით. ნინის მამამ დარიგება მოგვცა, დაგვეცადა, სანამ ნინი უნივერსიტეტს დაამთავრებდა. ასეც მოვიქეცით. ნინიმ სასწავლებელი დაამთავრა და ივლისში ნიშნობის სიურპრიზი მოვუწყე.

 

ნინი ცნობილაძე: ვგრძნობდი, რომ რაღაცას აპირებდა. ამას ქალს ვერაფრით გამოაპარებ. მაგრამ ასეთ რამესაც არ ველოდები. ღია ლაუნჯში მეგობრები დამიპატიჟა. წავიდეთ, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. ვიფიქრე, რესტორანში ვახშამზე მივდივართ-მეთქი. ბეჭედს არ ველოდი. მეგობრების წინ მთხოვა ხელი. ისინიც შოკში ჩავარდნენ. გეგმა სცოდნიათ, მაგრამ მაინც ეიფორიაში იყვნენ. გათხოვებასთან ვერ მაკავშირებდნენ.

 

გიორგი: ერთ დღეში დავგეგმე ეს ყველაფერი. გავიქეცი და ნიშნობის თვლიანი ბეჭედი ვიყიდე. ლამაზი ზაფხულის საღამო იყო, კარგი დრო გავატარეთ.

 

ნინი: სახლში დანიშნული დავბრუნდი, გეშველათ-მეთქი, მშობლებს ვახარე :) მერე ზაფხულში დასასვენებლად წავედით და რომ დავბრუნდით, ერთად საცხოვრებლად გადავედით. გიორგი ყოფილი ფეხბურთელია. 11 წლის ასაკიდან (ახლა 24 წლისაა) ჩიკაგოში ცხოვრობს. ფეხბურთსაც იქ თამაშობდა, სამი წელი პროფესიონალთა გუნდში. ტრავმის გამო თამაშს თავი დაანება.

 

გიორგი: ჩემი ოჯახი საქართველოში ჩამოდიოდა, მე ამის სურვილი 2006 წლამდე არ გამჩენია. იქ ადვილად მოვერგე ყველაფერს. სამეგობრო წრე მყავს, ოჯახურ ბიზნესში ჩავერთე, რომელიც უკვე ჩემი ბიზნესია. თბილისშიც მექნება ჩემი საქმიანობა. ჩემი ოჯახი თბილისს უბრუნდება, ჩვენ ნიუ-იორკში ჩავალთ. ნინის ცოცხალი მეგაპოლისები უყვარს.

 

ნიუ-იორკში წასვლას შემოდგომაზე გეგმავენ. მანამდე ნინი საკუთარი სიმღერების ჩაწერას აპირებს. მათი წაღება უნდა. ჯერ ჟანრში ჩამოყალიბებული არ არის, თავს ეძებს. სოული, ჯაზი, ბლუზი ეს მისი ჟანრია. ბედს მინდობილია და ყველაფრის გაკეთებას აპირებს, რომ რაღაცას მიაღწიოს. მღერის ცხოვრებაზე, ტკივილზე, სიყვარულზე. ინსპირაციას ყოველ წუთს, ყველაფრისგან იღებს. აქვს დაკვირვებული თვალი და უმღერის ცხოვრებას.

 

ნინი: 22 წლის ვარ, მაგრამ ტკივილიც ბევრი მინახავს და სიხარულიც. შემიძლია, გამოცდილებით და გულით ვიმღერო. ტკივილია ყველა მოუგვარებელი პრობლემა. ტკივილია ისიც, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით არ არის. ეს ყველას ცხოვრებაშია. ამერიკაში ჩასული არ გავჩერდები, ლეიბლებში მივიტან სიმღერებს. მინდა შემნიშნონ. ერთ ადგილას ჯდომით და ქართულ რესტორანში ხინკლის ჭამით არაფერი მოდის. უნდა სცადო.

 

ნინიზე, როგორც მომღერალზე, რა იცოდი?

 

ბარში სიმღერისას გავიცანი, მაგრამ მომღერლობის მიზანი თუ ჰქონდა ეს არ ვიცოდი. დედა ამერიკაში „ვოისს“ უყურებდა და დამიძახა. ნინი მოეწონა, ნახე, რა კარგად მღერისო. ვნახე და ნინი მღეროდა, ჩავუჯექი და ვუყურე.

 

აღმოჩნდა, რომ შენ და დედას ერთნაირი გემოვნება გაქვთ.

 

კი, აღმოჩნდა :) დედა, ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულია-მეთქი, ვუთხარი. კარგი გოგოა, კარგად მღერისო, აღნიშნა.

 

ვის ამსგავსებ ტემბრით?

 

არავის. განსაკუთრებული სტილი და ხმის ტემბრი აქვს.

 

ხასიათი?

 

მძიმე ხასიათი აქვს. ყველაფერზე ბევრს ფიქრობს. რთულად უყურებს ყველაფერს. მე მარტივად ვწყვეტ. უცებ გადამივლის სიბრაზეც, ნინის სამი დღე გაჰყვება ხოლმე.

 

გიორგიზეც ბევრი იფიქრე?

 

არ მაფიქრებინა ბევრი. მე რომ ფიქრი დამეწყო, 20 წელი გავიდოდა. აქამდე სიყვარულზე არ მიფიქრია. რომ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო და არა-მეთქი, რომ ვუთხარი, გაუკვირდა. ეჭვის თვალით შემომხედა. სილაღე მიყვარს. გიორგიც ასეთია და ამიტომ არის ჩემ გვერდით. არ მზღუდავს.

 

არ გაკონტროლებს?

 

დილის ხუთ საათზე მთვრალი არ უნდა შეხვიდე სახლში და კარი ფეხით არ უნდა გააღო. საზღვარი აქვს ყველაფერს, მეგობრებთან ურთიერთობასაც.

 

როგორი ქმარი აღმოჩნდა?

 

მზრუნველია.

 

გიორგი: ნინის ყველაფერი უნდა სთხოვო. ფანტაზია არ აქვს, უნდა უთხრა და გააკეთებს.

 

ნინი: გიორგის კი ბევრი სიურპრიზი გაუკეთებია. მგონია, რომ სულ ფიქრობს, რითი მასიამოვნოს.

 

ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ რა შეცვალა?

 

ნინი: ძალიან ბევრს ვჩხუბობთ. ორ დღეში ერთხელ სერიოზულად ვჩხუბობთ.

 

გირგი: ცუდ ხასიათზე როცა არის და მე მისი გუნების გამოკეთებაზე ვიწყებ ზრუნვას მოდი, ნინი, სადმე წავიდეთ-მეთქი, არაფერი არ მინდა, დაღლილი ვარო, მპასუხობს. ამას ჭკუიდან გადავყავარ. მე ვცდილობ ადამიანის გახალისებას და ის უარეს ხასიათზე დგება. ეს არის ჩვენი ჩხუბის მზეზი.

 

ნინი: ცუდ ხასიათზე რომ ვარ, ზედმეტი დაწყნარება არ მიყვარს. მაღიზიანებს. ჩემით გამივლის. გამხნევება არ მიყვარს. გიოს მაინც არაფერი სწყინს. უმეტესად ქალაქგარეთ გასვლა გვიყვარს.

 

ამერიკელ გოგოებზე არაფერი მოუყოლია?

 

არც ვეკითხები. რაში მაინტერესებს.

გიორგი: თავისუფალი ადამიანი ვიყავი თავისუფალ ქვეყანაში.

 

ნინი: ამიტომ ზედმეტად არ უნდა დაინტერესდე.

 

სადილს ვინ ამზადებს?

 

გიორგი. ისეთ გემრიელ სოუსებს ამზადებს ქათმისთვის. პასტას ამზადებს, როგორ გააკეთე-მეთქი, ვეკითხები. მე ხუთი საათი ვამზადებდი და არ გამომივიდა. არ გამომდის.

 

გიორგი: არ უყვარს საჭმლის მომზადება. რეცხვისას ტანსაცმელს მიპატარავებს. მერე თვითონ იცვამს.

 

„ახალ ხმამდე“ ნინიმ მეგობრებთან ერთად ბენდი გააკეთა და მეგობრის ბარში მღეროდა. ნინის მეგობარი გიორგის ნათესავი „აღმოჩნდა“. სწორედ იქ, სიმღერისას გაიცნო მომავალი საქმრო ცნობილაძემ.

 

ნინი: მაშინ ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. გიორგი მოვიდა და გამეცნო.

 

გიორგი: ნომერი არ მომცა. მერე „ფეისბუქზე“ „დავუმეგობრდი“.

 

„ახალი ხმის“ მერე ნინი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ამ დროს გიორგის უკვე ხვდებოდა და საგულშემატკივროდ დაჰყავდა. ნინი იმ პერიოდში თავის პირადზე სიტყვას არ ძრავდა, ეჭვსაც ვერ შეიტანდი. გულჩათხრობილი სასწორია, რაც არ უნდა ვერ დააცდენინებ. საუკეთესოდ ვიცნობ ამ ნიშანს :) ახლა „ორ ვარსკვლავზე“ დაჰყავს ქმარი.

 

გიორგი, ნინი ცნობილია, თაყვანისმცემლები ეყოლებოდა. არ ეჭვიანობ?

 

არა. ჩემზე უკეთესთან ვისთან წავა? სცენა ნინის პროფესიაა, რატომ უნდა ვიეჭვიანო? ზედმეტს არაფერს გააკეთებს და არც არავის მისცემს ამის უფლებას. ვენდობი და ეჭვიანობის საბაბი არ მაქვს. სცენაზე თავს ბედნიერად გრძნობს. ამით მეც ბედნიერი ვარ. სადაც წარმატებას მიაღწევს, მინდა, იქ იყოს. მე ხელს შევუწყობ, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, ნინი ბევრს მიაღწევს. მიყვარს, რომ მღერის, მაგრამ კრიტიკასაც არ ვერიდები.

 

ნინი: გიორგი ბავშობაში ფორტეპიანოზე უკრავდა, კარგი მუსიკოსი იყო. ყველა მასწავლებელს ახსოვს. დედაც ამ სფეროშია და ახსოვს, ნიჭიერი იყოო. შენიშვნას რომ მაძლევს, მიკვრის, როგორ ხვდება-მეთქი. კომპეტენტური ადამიანის კრიტიკას ვითვალისწინებ.

 

„ორ ვარსკვლავში“ მის პარტნიორზე რას იტყვი?

 

გიორგი: დადებითი პიროვნებაა, ძალიან კარგად მღერის და ნინის გაუმართლა, რომ ამ პროექტში მიკი ჯეჯელავასთან ერთად მღერის. მსახიობი და რადიოწამყვანია და ისეთი სმენა აქვს და ისეთ ხმას უშვებს, მიკვირს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით არ დასრულდება ჩვენი ნაცნობობა. მინდა, მიკიმ მოიგოს, მართლა იმსახურებს მოგებას.

 

რა ყოფილა სიყვარული?

 

ნინი: თავდაჯერებას გმატებს. ბედნიერი დადიხარ. ურთიერთობა, პატივისცემა და ურთიერთგაგებაა. ერთი დღე რომ ვერ ვხედავ, მგონია, რომ დიდი ხანი გავიდა. სხვანაირი დილები თენდება.

 

გიორგი: უკეთესობისკენ შევიცვალე. დიდი პასუხისმეგლობაა. ცდილობ, რაც შეგიძლია, მეტს მიაღწიო, მეორე ნახევრისთვის ცხოვრებაში წინ წახვიდე. ნინი მოტივაციას მაძლევს, რომ უკეთესი გავხდე.

 

თამარ გონგაძე

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016