დედაქალაქის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ და მოქალაქეებისთვის საპროცესო გარიგებებისა თუ ჩუქების გზით ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების საკითხი განიხილა.
სხდომაზე გიორგი გიგანის, ჯემალ წიკლაურის, ზურაბ ბაკურაძის, ლევან კანთელაძის, ნორა კვიციანის, ტრისტან წითელაშვილს, თორნიკე მოლაშვილისა და სხვა დაზარალებულთა საქმეები იხილებოდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა, საზოგადოება ოფიციალური პირების მხრიდან ხშირად ისმენს, რომ რეპრესირებულთა და ქონებაჩამორთმეულ პირთა საქმეების გადახედვას ხელს უშლის გარკვეული სამართლებრივი თუ ფინანსური მიზეზები. მათი კომისია კი ამ შეხედულებას არ ეთანხმება.
„სხდომაზე იყო საუბარი იმ რეალურ მიზეზებზე, რომელიც ხელს უშლის აღნიშნულ დაზარალებულ პირთა საქმეების განხილვას. გარდა ამისა, საუბარი იყო უკანონოდ ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე. კომისიას 1000-ზე მეტი მეწარმის საქმე აქვს განსახილველი", - აცხადებს კუკავა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით, საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს.
ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის მერიის, სახალხო დამცველის აპარატის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და დაზარალებულები.