„საერთო გაზეთისთვის" მიცემულ წინა ინტერვიუში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგნიძემ, რომელიც პროფესიით ეკონომისტი გახლავთ, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ეკონომიკურ დივერსიად შეაფასა. რესპონდენტის განცხადებით, ლარის ასეთი გაუფასურება უმეტესწილად ხელოვნური მიზეზებითაა გამოწვეული, რითაც მხოლოდ კომერციული ბანკები რჩებიან მოგებული.
დავით გაგნიძე: „კომერციული ბანკების გარეშე არაფერი მოხდება. მათ შეუძლიათ, დოლარი საერთოდ არ გაუშვან ასე ვთქვათ, ბაზარზე, მხოლოდ შეისყიდიან და აღარ გაყიდიან დოლარს, რასაც ჩუმად, „ტექნიკურად" გააკეთებენ. სხვათაშორის, რუსეთში ებრძვიან ასეთ ბანკებს, რამდენიმე აღმოაჩინეს და სათანადო რეაგირებაც მოახდინეს. ერთი სიტყვით, კომერციულ ბანკებს დოლარი გაყიდვაში არ გამოაქვთ, რითაც ამ ვალუტის დეფიციტს ქმნიან, რა დროსაც მისი ფასი თავისთავად მატულობს. ამას ჰქვია კარტელური შეთანხმება. ეროვნულმა ბანკმა დოლარი რომც გამოუშვას გაყიდვაში, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კომერციული ბანკები ბრუნვაში მაინც არ გაუშვებენ. ისიც გაიხსენეთ, სავალუტო ჯიხურებმა ამ დღეებში დოლარის გაყიდვა რომ შეწყვიტეს. რა დასამალია, რომ ვალუტის გადამცვლელი ყველა პუნქტი კონკრეტულ კომერციულ ბანკებთანაა „შეკრული", თორემ მათ საიდან ექნებათ ამდენი ფინანსები. ვალუტის გადამცვლელ არცერთ პუნქტს არ აქვს პირდაპირი ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, კომერციულ ბანკებს აქვთ „შუამავლის" ფუნქცია, თავად სებ-მა გახსნა ისინი ამ სტატუსით. საერთოდაც გადასამოწმებელია სებ-ის ფუნქციები და საქმიანობა, ამ სფეროს თვითდინებაზე მიშვება ყოვლად გაუმართლებელია, მარტო გიორგი ქადაგიძეზე თუა მიგდებული ყველაფერი, თუ მხოლოდ მისი განსასაზღვრია ლარის კურსი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეროვნულ ბანკში აუცილებლად უნდა მოქმედებდეს საბჭო, სადაც ბუნებრივია, კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ".
- ასეთი საბჭო არსებობს და სამი ყოფილი პროკურორიც ყოფილა მის შემადგენლობაში. ვინ უნდა გააკონტროლოს კომერციული ბანკები, რომ სავალუტო ბირჟაზე გამოტანილი დოლარი ბრუნვაში მოხვდეს?
- მერე სად არის ამ საბჭოს მუშაობის შედეგი? საერთოდ ბანკები ისეთი სტრუქტურაა, სადაც აუცილებლად უნდა იყვნენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, „ოდეერებს" რომ ვეძახით, მაგრამ არავინ უნდა იცოდეს მათი ვინაობა. მათ საიდუმლო ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობაზე რა პრეტენზია გვაქვს? მერწმუნეთ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც მოქმედებს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი. შეიძლება, საქართველოს ბანკებშიც არიან „ოდეერები", მაგრამ იმას არ აკეთებენ, რაც უნდა აკეთონ. ისიც გასარკვევია, როდის არიან ისინი იქ „ჩასმულები" და ვის ინტერესებს ემსახურებიან, შეიძლება სპეციალურად ისეთი კადრები „ჩასვან", ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ფინანსებში. ამ სამ თვეში ასეთი ავანტიურა რომ მოხდა, დოლარის კურსმა ლართან მიმართებაში საგრძნობლად რომ მოიმატა, რას აკეთებს ამ დროს უშიშროების სამსახური, ასეთი პროვოკაცია მზადდება და მათ არაფერი იციან? ვიმეორებ, დოლარს სპეციალურად არ უშვებდნენ ბრუნვაში და იმიტომაც დაეცა კატასტროფულად ლარის კურსი. ახლა ნახეთ, რა ხდება, თუ მანამდე 100 დოლარს 250 ლარად შეიძენდი, 26 თებერვალს დოლარის კურსმა 20 პუნქტით დაიკლო და შესყიდვის ფასი 210 ლარი იყო, ესეც თავისთავად უბედურებაა. ლარის კურსის ასეთი მერყეობა ხომ იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოვა, ხალხიც უკიდურესადაა გაღიზიანებული, რასაც შეიძლება ქვეყანაში ქაოსი მოჰყვეს. ძალიან მაინტერესებს, ლარის კურსის ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თუ აღიძრა. მარტო გიორგი ქადაგიძის ლანძღვა საქმეს ვერ უშველის. ხელისუფლებიდან ვინმემ თუ იცის, ნერვიულობის გამო რამდენი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში, რამდენ ოჯახში მოხდა უკმაყოფილება, რამდენი ადამიანი გაკოტრდა, რამდენი პროდუქცია არ შემოვიდა, იმ ხალხს ვინ უნდა გასცეს პასუხი?
რაც შეეხება კონტროლს, ეს ეროვნულმა ბანკმა და იმ სამსახურმა უნდა განახორციელოს, ვისაც ევალება. არ უნდა იკითხონ, მე რომ დოლარი მოგეცი, რატომ არ გაყიდეო? სადღაა საქართველოში ე.წ. სავალუტო ბაზარი, თორემ ერთმა სავალუტო ჯიხურმაც რომ თქვას, დოლარი არ მაქვსო, მაშინვე შეეტყობა ბაზარს, იმდენად მგრძნობიარეა. რამდენიმე სავალუტო ჯიხურმაც რომ თქვას უარი დოლარის გაყიდვაზე, ესეც საკმარისია, რომ ლარის კურსმა რამდენიმე პუნქტით დაიკლოს, მით უმეტეს, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს ეროვნულმა ბანკმა, პარალელურად კი - უშიშროების სამსახურმა, რადგან ეს იყო ეკონომიკური დივერსია. დივერსია მარტო მატარებლის ლიანდაგიდან გადაგდებას და ვინმეს ან რაიმეს აფეთქებას კი არ ნიშნავს. მესმის, რომ შს მინისტრი ახალი დანიშნულია, უწყებაში ხელმძღვანელები იცვლებიან... დააკვირდით, სწორედ ამ დროს მოხდა დარტყმა, რაც შემთხვევითი არ გეგონოთ.
- მეტრო „ისანთან" განთავსებული ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მფლობელის თქმით, 20 თებერვალს ერთი აზერბაიჯანული მანათი ორ ლარზე მეტი ღირდა, თვითონაც ამ ფასად შეიძინა ეს ვალუტა, ეს კურსი იყო ჯიხურის დაკეტვამდეც, მეორე დღეს სამსახურში მისულს კი მანათის კურსი თითქმის ლარნახევრამდე დავარდნილი დახვდა. იმხელა ზარალი მივიღე, ერთი თვე მოვუნდები მის გამოსწორებასო. ერთ ღამეში კურსი ასე როგორ შეიცვალა?
- სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კურსის ცვლილება ხელოვნურად ხდება. გიორგი ქადაგიძემაც ბრძანა, ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა აზერბაიჯანი, მაგრამ საკუთარი ვალუტის გამყარებას ვერაფერი მოუხერხაო. მოლდოვამ და სომხეთმა თავიანთი ფულის გასამაგრებლად დოლარის სარეზერვო ფონდის 30 % დახარჯესო, სებ-ს კი ლარის კურსის გასამყარებლად ხსენებული რეზერვების მხოლოდ 5% დაუხარჯავს. სარეზერვო თანხები აღარ გვაქვსო, სად წავიდა ეს ფული, რატომაა გაუმჭვირვალე საბანკო სექტორი, რას აკეთებენ, ვიცით? გამოსავალი რომ ვიპოვოთ, ყველა ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეს, საზოგადოება კი ამ კუთხით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა რატომ არ იციან ოპერატიული ვითარება, საერთოდ რა ხდება ბანკებში, იციან, ან ადგილობრივ კაზინოებში ფული როგორ „ირიცხება", იციან? არადა, იქ აშკარად ხდება გაურკვეველი წარმოშობის ფულის „გათეთრება". ვერ გეტყვით, ახლა რა პრინციპით ხდება კაზინოებში ფულის „გათეთრება", მაგრამ, იმ პერიოდში, როცა მე სამართალდამცავ სტრუქტურებში ვმუშაობდი, ეს დიდი „მოგებების" ხარჯზე ხდებოდა, თითქოს კონკრეტულმა პირებმა კაზინოში დიდი თანხები მოიგეს.
- ბატონო დავით, სებ-ის პრეზიდენტ ქადაგიძეს ლამის მვნებლობაში დასდეს ბრალი, რასაც მან ბრიფინგით უპასუხა და ფაქტობრივად დაიმუქრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეროვნული ბანკის ლანძღვაო. თქვენი აზრით, როგორ უნდა ემოქმედა სებ-ს, ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა რომ არ მომხდარიყო?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ეროვნული ვალუტის გასამყარებლად სარეზერვო ფონდის 30% გამოიყენა, ანუ კურსის დასარეგულირებლად თავისი ვალუტა შეისყიდა, სებ-მა კი ამისთვის მხოლოდ 5% გაიმეტა. ეს თანხა გაცილებით მეტი რომ ყოფილიყო, თუნდაც იგივე 30%, გარკვეული პერიოდი კურსი შენარჩუნდებოდა, მერე შეიძლება ისევ დაწყებულიყო ინფლაციური პროცესები, მაგრამ კურსის მყისიერი ვარდნა არ იქნებოდა, ნელა განვითარდებოდა ეს პროცესი, მოსახლეობაც ფსიქოლოგიურად შეეჩვეოდა და ამხელა სტრესს აღარ გამოიწვევდა მატერიალური კუთხითაც. საქართველოში ისეთი ძალები მოქმედებენ, რომ გარკვეულწილად ქადაგიძეც მართალია, დოლარის სარეზერვო მარაგი ინფლაციას ვერ უშველის. ერთი კითხვა მაქვს, სად არის ახლა ამერიკის ელჩი ნორლანდი, რომელიც ლამის მარტო მინისტრებს კი არა, ახალდანიშნულ დეპარტამენტის უფროსებსაც კაბინეტის კართან ხვდება და მისი „დალოცვის" შემდეგ შედიან სამუშაო ოთახში. სულ მაგათი კადრებით არ არის დაკომპლექტებული თუნდაც ეროვნული ბანკი? ნორლანდს ქართველი ხალხი სულ არ ანაღვლებს, მხოლოდ სააკაშვილსა და ნაციონალებს უჭერს მხარს. ნორლანდს თავი დავანებოთ, მე ის უფრო მაინტერესებს, სად არის. რატომ არ არის აღძრული სს-ის საქმე იმ ფაქტთან დაკავშირებით, 3-4 თვეში 60 პუნქტით რომ დაეცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში? მე არ ვამბობ, ვინმე დაეჭირათ, მაგრამ ფაქტზე აუცილებლად უნდა აღძრულიყო საქმე, თუ გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი. როგორ, ქადაგიძემ შეკრიბა კომერციული ბანკების წარმომადგენლები, დაილაპარაკეს და რამდენიმე საათში დოლარის კურსმა ლარის მიმართ 25 პუნქტით დაიკლო? რასთან გვაქვს საქმე, რას თამაშობენ? მოვალეებისთვის (დებიტორები) თითქოს რაღაც შეღავათი უნდა დაწესდეს, მგონი, კრედიტის გადახდის ვადას გაუგრძელებენ, მაგრამ ეს ე.წ. შეღავათიც თურმე მხოლოდ პატიოსან გადამხდელებს შეეხებათ. შეღავათი იმ ხალხს უნდა გაუწიონ, „შავ სიაში" რომ ჰყავთ შეყვანილი, რომელთაც გადახდის საშუალება აღარ აქვთ და იღუპებიან. ამ ყველაფრის შემხედვარეს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის ჩვენი მოსახლეობის შეგნებული გენოციდი.
ლარი თურმე დოლარზე ყოფილა მიბმული, ესეც ხომ ხელოვნურად მოხდა? ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს მოხდა ლარის დოლარზე მიბმა და რამდენადაც მახსოვს, ეს სააკაშვილისა და ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორების ინიციატივით მოხდა. თავიდან, როცა ლარი დოლარს მიაბეს, გარკვეული თანხა ხელუხლებლად უნდა დებულიყო, ზუსტად აღარ მახსოვს, 150 მილიონი იყო თუ გაცილებით მეტი, ამ თანხას ერთი თეთრი არ უნდა მოკლებოდა, რადგან მასზე იყო ლარის კურსი დაფუძნებული, თუმცა მერე დაივიწყეს ეს პირობა. რომელი ქვეყნის ვალუტაზეცაა მიბმული შენი ეროვნული ვალუტა, ბუნებრივად, იმ ქვეყნის ეკონომიკაზე ხარ მიბმული. დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ აშშ დოლარი ხელოვნურად მყარდება. ამერიკას 20 ტრილიონი დოლარი ვალი აქვს, მათ შორის 17 ტრილიონზე მეტი საგარეო ვალი, აქედან გამოიტანეთ დასკვნა, რა პერსპექტივა გვაქვს. ჩვენ ფაქტობრივად აღარ გვაქვს წარმოება, ლარის დოლარზე ხელოვნური მიბმით დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა, რადგან ვისიც არის დოლარი, პირობებს ის გვკარნახობს, როგორი ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ანუ არაფერი უნდა გვქონდეს. არც იმის თქმა მომერიდება, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დაანგრია ჩვენი ქვეყანა. სხვათა შორის, ამის შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში გვაფრთხილებდნენ საბჭოთა მეცნიერები, მათ შორის ქართველი სპეციალისტებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ ეს რჩევები არ გავითვალისწინეთ. ხსენებული ინსტიტუტების ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოღვაწეობის დროს, მათი ეროვნული ვალუტის ინფლაცია 400%-ს უტოლდებოდა, სანამ ხსენებული ინსტიტუტები იქიდან არ გამოყარეს, იმ ხალხს არაფერი ეშველა. ამის შემდეგ შემოიყვანა „დიდმა" პოლიტიკოსმა შევარდნაძემ ორივე საქართველოში. ეს „დიდი" ექსპერტი და ანალიტიკოსი რომ გვყავს, რომან გოცირიძეს ვგულისხმობ, ახლა ნოტაციებს რომ გვიკითხავს. ეგ ხმას როგორ უნდა იღებდეს, მაგის კისერზეცაა კუპონის ჰიპერინფლაცია. სწორედ სავალუტო ფონდმა და კომერციულმა ბანკებმა დაანგრია მაშინ საქართველო. ეს ბანკები ადგილზეა, დღევანდელმა ხელისუფლებამ სავალუტო ფონდსაც დაუძახა, ამ ყველაფრის შემდეგ გულუბრყვილო უნდა იყო, რომ იფიქრო, ქვეყანას ეშველება. გიორგი ქადაგიძეს პირდაპირ არ უთქვამს, თქვენ მანდ ჭკუით იყავითო, თორემ ეს იგულისხმებოდა. ე.ი. თუ ეროვნული ბანკის კრიტიკას დაუყოვნებლივ არ შეწყვეტთ, ყველაფერი დაინგრევაო. ქადაგიძეზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის დანგრევა-აშენება? მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ქადაგიძე, ნაციონალები და სავალუტო ფონდი ყოფილა საქართველოს ბატონ-პატრონი. ქადაგიძემ თავისი განცხადებით დაადასტურა ჩემი პროგნოზი, რაზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ აღარ მოგვცემენ კრედიტს საერთაშორისო ბანკები და დამთავრდება ყველაფერი.
სწორედ ბანკში იქმნება მთლად უშრომელი შემოსავალი. ადრე თუ გვიან ყველა საწარმო ბანკისაა, თუ რაიმე კრიზისი მოხდა და მან ბანკიდან კრედიტი აიღო, დამთავრებულია. ბანკი ფაქტობრივად ფულის კეთების გარდა, არაფერს აკეთებს. კოლექტიური მევახშე, აი, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ კომერციულ ბანკებს. მხოლოდ და მხოლოდ მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ საქონელი, რასაც ჰქვია დოლარი, რიგით მოქალაქეებს დოლარით ვაჭრობის უფლება არ გვაქვს, სახელმწიფო მიმოქცევაში არ არის ეს ვალუტა, სიგარეტსაც ვერ იყიდი. რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციამ, სიტყვაზე, 1000 ლარის ნაცვლად 500 დოლარი რომ გადმოგირიცხოთ, ამის გამკეთებელს დაიჭერენ. ამ დროს არის ვიღაც მევახშე, რომელიც მხოლოდ დოლარში იძლევა კრედიტს, იმასთან ვაჭრობს, ვისაც ქვეყანაში დოლარის გამოყენების უფლება არ აქვს. ზუსტად აქ კეთდება „დიდი" ფული, თანაც არაფრიდან. ჩვენ აქ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ვინმეს მტრები ვართ, სულ არ მაინტერესებს ქადაგიძე და სხვებიც, მე ჩემი ქვეყნის ბედი მაინტერესებს, რომელსაც იარაღით ვიცავდი და სისხლი მაქვს დაღვრილი. ეს ის საქართველო არ არის, რომლისთვისაც ვიბრძოდი, რისთვისაც გაწყდა ათეულათასობით, მათ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება სურდათ და არა ასეთ დაბეჩავებულში, როგორიც დღესაა.
მანანა სუხიშვილი
გაზეთი „საერთო გაზეთი"