reportiori.ge - „ნაციონალების“ 21 მარტის აქციის დამფინანსებელი ბიზნესმენების სია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:32
პრეს-დაიჯესტი
„ნაციონალების“ 21 მარტის აქციის დამფინანსებელი ბიზნესმენების სია
ავტორი:
06 მარტი, 2015. 14:04



სოსო შატბერაშვილი: „გარდა ამ გვარ-სახელებისა, თქვენ ამ 50-კაციან სიაში აღმოაჩენთ ახალ სახელებს და კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას“

 

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი „ალიას“ იმ სკანდალური სიის შესახებ უყვება, სადაც ცნობილი ბიზნესმენები 2012 წლის არჩევნებზე აქტიურად აფინანსებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენიმე მათგანი 21 მარტის აქციის დამფინანსებელია... სია 50-კაციანია, რომელსაც შატბერაშვილი პროკურატურას გადასცემს და თხოვნით მიმართავს, რომ დაინტერესდეს პროკურატურა ამ ადამიანებით, თუ რა მიზნებით ურიცხავდნენ შავ ფულს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათი ქონება არჩევნების წინ როგორ ჰქონდათ გასხვისებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, კერძოდ კი საუბარია მანქანებით უზრუნველყოფაზე. „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, რომ მან სათანადოდ ვერ შეარჩია გუნდი, რომელიც ხალხის იმედებს გაამართლებდა. აი, რას აცხადებს ის „ალიასთან“ ინტერვიუში:

 

– როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის განცხადება გააკეთა, მაშინვე მომეწონა და ჩავთვალე, რომ ის მოახერხებდა სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გაშვებას, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ მის გარშემო აღმოჩნდნენ ისეთი ძალები, როგორებიც იყვნენ „რესპუბლიკელები“, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დისკრედიტებულები იყვნენ ქართველი ხალხის თვალში, თუნდაც ავიღოთ ზაქარია ქუცნაშვილი, მაშინვე განვაცხადე, რომ ეს გუნდი ბიძინა ივანიშვილს არ გამოადგებოდა და ქვეყნისთვისაც საზიანო იქნებოდა... გუნდი რომ სწორად არ არის შერჩეული, იმიტომ არის ჩვენი საქმე ცუდად. როცა ივანიშვილმა ის ჩანაწერები მოისმინა, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებზე იყო, მას უნდა ეფიქრა, რომ ეს ხალხი კარგ საქმეს არ დამართებდა არც თავად ბიძინას და არც ქვეყანას... სწორედაც იმ ფარული ჩანაწერით ჰყავს ყურებით დაჭერილი „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი, ამიტომ არიან კოჰაბიტაციაში და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. შეშინებული არიან ამ კომპრომატების გამო, კომპრომიტირებული ადამიანები ხელისუფლებაში არ უნდა მოიყვანო, ის ყოველთვის შიშში იქნება, ვაითუ მამხილონო.

 

– თქვენთვის ცნობილია კონკრეტული გვარ-სახელები, „ქართული ოცნებიდან“ კომპრომატები ვისზე დევს?

 

– ვინც თავის დროზე იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისთან ერთადაც დაიწყო ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოღვაწეობდა ქართულ პოლიტიკაში, ვინც ამართლებდა 2008 წლის ავანტიურას და ერთად ფულს აკეთებდნენ, ისინი არიან ზუსტად ერთად დაკომპრომეტირებულნი. რა თქმა უნდა, სხვებზეც არის კომპრომატები, მაგრამ მე მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო ბატონ ირაკლი ალასანიაზე. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, ის არის მიხეილ სააკაშვილის ნათესავი გიული ალასანიას მხრიდან. როდესაც ის დანიშნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, სააკაშვილმა განაცხადა, ახლა დაიწყება ლაპარაკი, რომ ირაკლი გიულის ნათესავია, მაგრამ ეს სწორი არ არისო.

 

– ირაკლი ალასანიას შეიძლება ყველაფერი დააბრალოთ, მაგრამ ამ ადამიანმა პირადად ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ არის სააკაშვილის ნათესავი გიული ალასანიას მხრიდან.

 

– ის ამ ინფორმაციას მალავს, ხომ არ იტყვის, რომ გიული ალასანიას ნათესავი ვარო, რაში აწყობს?!. მინდა გაგახსენოთ 2009 წლის მიტინგები, შემდგომ „გალიების მიტინგი“ რომ დაარქვეს. ყველა იყო იმის წინააღმდეგი, რომ არანაირი კავშირი სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან არ უნდა გვქონოდა, მათ შორის ნინო ბურჯანაძეც და მე, თქვენი მონა-მორჩილი, გამოვდიოდით და ვამბობდით, რომ კატეგორიულად არ წავსულიყავით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე, გამოდიოდა ბატონი ირაკლი ალასანია და აცხადებდა, ჩვენ უნდა შევხვდეთ სააკაშვილს, უნდა გავმართოთ დიალოგი და მისი ეს განცხადებები მიდიოდა ხალხის სტვენის ფონზე. ამის მოწმე ვიყავი, ხალხი მას უსტვენდა. როდესაც ლევან გაჩეჩილაძე მოემხრო ირაკლი ალასანიას და დიალოგი გააბეს მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომაც დავმარცხდით 2009 წელს, სააკაშვილს კი რეჟიმი გაუხანგრძლივეს. ვერ ვიტყვი, რომ ფული აიღეს და გაურიგდნენ ფულის გამო სააკაშვილს, მაგრამ ის, რომ ძმები გაჩეჩილაძეები 26 მაისს, როდესაც „დინამოს“ სტადიონი გაივსო, დილით იყვნენ გმირები და საღამოს, როდესაც ხალხი საპატრიარქოში წაიყვანეს და პატრიარქს მოსთხოვეს ლოცვა-კურთხევა სახელმწიფოს გადატრიალებაში და პატრიარქისგან ეს ლოცვა-კურთხევა ვერ მიიღეს, ის ხალხი, ვინც დილით მათ ავტოგრაფებს სთხოვდა, საღამოს ლანძღავდა. ამ ამბავში იყო გარეული ირაკლი ალასანია, ძმები გაჩეჩილაძეები, პატრიარქთან რომ მიდიოდნენ, რა, პატრიარქი მისცემდა მათ ლოცვა-კურთხევას სახელმწიფოს გადატრიალებისთვის? მაგრამ მაშინ მათ მიშას გაუხანგრძლივეს ხელისუფლებაში ყოფნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცოტა უფრო ადრე შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა პოლიტიკაში. დღეს კი ირაკლი ალასანია იგივე გზას ადგას, ივანიშვილის ოპოზიციაში წავიდა და მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე წყალს ასხამს...

 

– თქვენ ფიქრობთ, რომ 21 მარტს „ნაციონალების“ დაანონსებულ მიტინგზე ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსაც“ ვიხილავთ?

 

– მე არაფერს გამოვრიცხავ, შეგახსენებთ, 2009 წლის აქციები რითიც დასრულდა და ვინ შეიტანა ლომის წვლილი იმაში, რომ აქციები დაშლილიყო. ეს არის ირაკლი ალასანია. კოჰაბიტაციამ მოიტანა ძალიან ცუდი შედეგები, 21 მარტს „ზონდერჯგუფები“, რომლებიც მუდმივად არბევდნენ ხალხს, მათ შორის მე და ჩემი მეგობრები არაერთხელ ვიყავით მათგან დარბეულები, მოწამლულები, სწორედ ეს ხალხი აპირებს 21 მარტს ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით გამოსვლებს, რამაც შესაძლოა, დიდი დაპირისპირება და დიდი უბედურება გამოიწვიოს, „კიევის მაიდანის“ მსგავსი, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. თუკი ამხელა უკრაინა დაიღუპა, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, თუკი „ნაციონალებმა“ შეძლეს და „თბილისური მაიდანი“ შექმნეს. თქვენი გაზეთით ვაცხადებ და მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 7 ნოემბრის და 26 მაისის სასტიკი დამრბევი „ზონდერების“ გამოვლინება და მათი დასჯა. „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ისინი გამოცდილები არიან რევოლუციების მოწყობაში. შეგახსენებთ, რომ ისინი რევოლუციის ექსპორტს ეწეოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, თუნდაც უახლოეს წარსულში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ იგივე „კიევური მაიდანის“ მოწყობაში, „ნაციონალების“ ხელშია მილიარდობით შავი ფული, მათ ხელშია „ზონდერბრიგადები“, რომლებსაც უხვად აფინანსებენ. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ 50-კაციანი სიის გამოქვეყნებას, რომლებიც მუდმივად აფინანსებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ესენი არიან ძირითადად ბიზნესმენები, არის ინფორმაცია, რომ ბევრი მათგანი 21 მარტის აქციის დამფინანსებელიცაა. მოვითხოვთ, პროკურატურისგან გამოარკვიონ, ამ ხალხს საიდან ჰქონდა იმდენი ფული, რომ არა მარტო ძვირადღირებული ვილები, არამედ 200-ათასიანი მანქანებით ევლოთ, „ნაციონალებისთვის“ 100-ათასობით დოლარი გადაერიცხათ. უახლოეს დღეებში პროკურატურის წინ ჩვენ გავმართავთ მიტინგს და ამ სიას გადავცემთ პროკურატურას და  კატეგორიულად მოვითხოვთ, მათზე დაიწყოს გამოძიება.

 

– შეგიძლიათ, ეს სია გაასაჯაროოთ?

 

– თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, გამოძიებას ხელი შევუშალო, თუმცა რამდენიმე მსხვილ დამფინანსებელს ჩამოგითვლით, ესენი გახლავთ „კოკა-კოლას“ შეფი – თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელი – თემურ კოხოძე, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, გიორგი რამიშვილი, მეტსახელად „ზარალა“, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, „საქართველოს ბანკი“, მათ შორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი გახლავთ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე, მართალია, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ პიროვნების მოხსენიებას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ის ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელი იყო. გარდა ამ გვარ-სახელებისა, თქვენ ამ 50-კაციან სიაში აღმოაჩენთ ახალ სახელებს და კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას. სხვათა შორის, ამ ადამიანებმა 2012 წლის არჩევნებზე ძალიან მსუყედ დააფინანსეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი მხრიდან ნაკლები ფინანსები იყო გადარიცხული, მაგრამ გეტყვით, რომ მაინც აფინანსებდნენ და დამფინანსებლები იგივე დარჩნენ. ამ „ობშიაკის“ თავკაცი დღესაც კეზერაშვილია, რომელსაც მილიონობით ლარი აქვს მოპარული. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან გააკეთა ძალიან დიდი ფული, კონკრეტულ ფაქტებს დავასახელებთ, მაგალითად, თითქოს რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ტანკები, ამ დროს ეს ტანკები მათ გადამალული ჰყავდათ და ხელმეორედ მოხდა მათი შესყიდვა. აქედან კი ძალიან დიდი ფული „მოიხსნა“. ამ ხელისუფლებას კატეგორიულად მოვთხოვთ, იმოქმედოს სასწრაფოდ და გამოიძიოს ეს 50-კაციანი სია, ვინ რას საქმიანობს და ვინ რიცხავს დღესაც „ნაცმოძრაობის“ „ობშიაკში“ ფულს, რადგან შესაძლოა, მათი დაფინანსებით აქციები თბილისურ „მაიდანში“ გადაიზარდოს და დამთავრდეს სავალალო შედეგებით.

 

P. S. თუ ბატონი სოსო შატბერაშვილის მიერ დასახელებული პიროვნებები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებენ, დაგვიკავშირდნენ.

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016