„პირადად ვნახე ათენში ქართველი ქალბატონების რიგი სალაროებთან, რომლებიც აქ ოჯახებს გადმორიცხული თანხით ინახავენ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხალხის სულისკვეთება გმირობის ტოლფასია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ ჩვენი ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში საკმოად დიდი წვლილი მიუძღვით. იქ დასვენების ან გართობის ელემენტარული ნიშანწყალიც კი არ მოიძებნება, ესაა ცხოვრებისთვის ბრძოლის კლასიკური მაგალითი. ვფიქრობ, ეს ქალბატონები ძეგლის ღირსნიც კი არიან",- აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
მინისტრი საბერძნეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, სადაც შეხვედრებს ათენსა და სალონიკში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან, ასევე დიასპორულ ორგანიზაციებთან მართავდა. 6 მარტს კი პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ი მიემგზავრება, სადაც ასევე უშუალო შეხვედრებს გამართავს ემიგრანტებთან.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე:
-სამივლინებო გრაფიკის დაგეგმვისას ამ წელს შეგნებულად გავითვალისწინე ქვეყანათა სირთულეები, ვიყავი საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკსა და ათენში, სადაც უამრავი ჩვენი თანამემამულეა. მოგეხსენებათ, გადაუმოწმებლი ინფორმაციით მათი რიცხვი 200 000 ადამიანს აღწევს. რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ეს თავისი რაოდენობით რიგით მეორე დიასპორაა.
ჩვენ ვთხოვეთ საბერძნეთის გენერალურ საკონსულოს კომფორტული რეჟიმი შეექმნათ. დილიდან დაწყებული ვხვდებოდით სხვადსხვა დიასპორულ ორგანიზაციებს, პიროვნებათა ჯგუფებს. მოვინახულეთ საბავშვო ბაღები და საკვირაო სკოლები, ანსამბლები და ვნახეთ მათი რეალური ცხოვრება. შეხვედრები როგორც სალონიკში, ისე ათენში გაფართოებულ რეჟიმში გვქონდა.
უკანასკნელ მსურველამდე ვისაუბრეთ ჩვენს ხედვებზე, ღონისძიებებზე და მოვისმინეთ ყველა დიასპორის წარმომადგენლების აზრი - რა აწუხებთ, რა პრეტენზიები აქვთ და ა.შ. ამ თემების ირგვლივ საკმაოდ დიდი დისკუსია გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მათგანმა არ იცის, ჩვენი უფლებამოსილების შესახებ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სხვადასხვა უწყებების ჩართულოთ, მათ პრობლემებზე აქტიურად ვიმუშაოთ.
- აღნიშნეთ, რომ საბერძნეთში ვიზიტისას უშუალოდ მოისმინეთ იქ მცხოვრები ქართველების სირთულეები, უფრო მეტად რა სახის პრობლემებს უჩივიან?
-მინდა გითხათ, რომ ამ ხალხის წინაშე უამრავი პრობლემა არსებობს. ძირითად შემთხვევებში პრობლემები ქალბატონებს აქვთ, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ და რომელთაც დიდი ხანია არ უნახავთ საკუთარი შვილები. მათ გვთხოვეს ბერძნულ მხარესთან მუშაობა გავააქტიუროთ, რათა ხელწერილის ან თავმდების მეშვეობით მათი შვილების ადგილზე ჩაყვანა მოხერხდეს. ეს უდიდესი პრობლემაა, ვინაიდან უმრავლესობა ამ ადამიანებისა არალეგალია.
ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მიცვალებულების გადმოსვენების საკითხი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უჭირთ, თუმცა ყველა ეს საკითხი მარტო ჩვენს სამინისტროში არაა მოქცეული. აქ სხვადასხვა უწყებები და სეგმენტია ჩართული, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო, სოზარ სუბარის უწყება და სხვა.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ მაქსიმალურ შუამდგომლობას. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ ყველა მიცვალებულის გადმოსვენების შემთხვევაში სახელმწიფომ თუნდაც წილობრივი მონაწილეობა მიიღოს. დავუშვათ 30%, ესეც ძალიან დიდი შეღავათია. ძალიან ბევრი ოჯახი უმწეოა და თუ მათ 200 დოლარი გააჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ გადმოსავენებისთვის საკმარისია.
ვნახეთ ასევე საბავშვო ბაღები, სადაც ჩვენები რაღაცას ცდილობენ, აქაც უამრავი პრობლემაა და სახელმწიფოსგან დახმარებას აქაც მოელიან. დავუშვათ იქნება ეს ინვენტარი თუ სხვა. ასევე განათლების სამინისტროსგან ითხოვენ ჯგუფის გაშვებას ან აქ ორგანიზებას, რათა კვალიფიკაცია გაიარონ ახალ სასწავლო მეთოდიკებზე.
არის ასევე მოთხოვნილება, რომ ჩვენი სამინისტროს მეშვეობით აქედან ექიმები ჩავიდნენ იქ არსებული დაავადებათა პროფილების მიხედვით უფასო გამოკვლევები ჩაატარონ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროგრამა შარშან განხორციელდა. გარდა ამისა, საინტერესო იყო შეხვედრა თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა ისეთ თემაზე, როგორიცაა ქართული წირვა-ლოცვის დაშვება, თუნდაც თვეში რამდენჯერმე. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი კეთილგანწყობა წამოვიდა.
საბოლოოდ მათი ყველაზე დიდი პრობლემა სამშობლოს მონატრებაა. ისინი ძალიან გაფაციცებით ელიან, როდის გამოსწორდება ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ვითარება, რათა ყველა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება შეძლოს. ჩვენ შევეცადეთ მათთვის, ქვეყანაში არსებული რეალური სურათი დაგვეხატა, ასევე მოვუყევით წინსვლებზე სხვადასხვა სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ემოცია და დაძაბულობა, ვფიქრობ ეს შეხვედრები სასარგებლო იყო.
- ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ ბერძნულ მხარესთან სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ მუშაობას იწყებდით, გვაქვს ამ მიმართულებით რაიმე სიახლებიი?
- ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსთან ერთად, საბერძნეთთანაც გვაქვს მოლაპარაკება. სამწუხაროდ, პროცესი წინ ნელა მიდის, თუმცა არის რიგი საკითხებისა, რაც წინასწარ დასარეგულირებელია, რათა სკოლაში ქართული სწავლება დაეშვას. აქ უნდა იყოს შესაბამისი მზაობა, გაწერილი რაოდენობა ასაკობრივ დონეებზე, რომ ჩვენ მზად ვიყოთ სამომავლო შეთანხმებისთვის.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ შეეცადეთ საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქვეყანაში არსებული რეალური სურათი დაგეხატათ., როგორ ფიქრობთ, რამდენად მზადაა სახელმწიფო იმისათვის, რომ ემიგრანტები სამშობლოს დაუბრუნდნენ?
- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი პროგრესია, მასობრივად დაბრუნების საშუალებას ვერ ვხედავ, ვინაიდან დასაქმების პერსპექტივა ძალიან პრობლემურია. არის ძალიან კარგი პროგრამები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: "აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნებაში სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური თანამონაწილეობა, ხელშეწყობა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ამ ხალხმა ახალი პროგრამების გენერაცია თავიდან უნდა დაიწყონ, ეს ურთულესი პრობლემაა. ქვეყანის წინსვლა ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებისა მთავარი ინდიკატორია. მხოლოდ დაძახება - მოდით ჩამოდით და პირობების არ დახვედრება, ვფიქრობ, არამართებულია.
- თქვით, რომ აშშ-ი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებით, მოკლედ გვითხარით რა შეხვედრებს გეგმავთ.?
- აშშ-ში გლობალური პარტნიორობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მივემგზავრები. შეხვედრას ჯონ კერის ოფისი უზრუნველყოფს, სადაც ოფიციალურად ვარ მიწვეული. აშშ-ი უშუალო შეხვედრები ქართულ დიასპორასთან მექნება ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესა და ნიუ-იორკში. ამ საკითხების ირგვლივ ჩვენთან სამინისტროში სტუმრად მყოფ აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდსაც ვესაუბრეთ, მოხარულები ვართ, რომ ის დაინტერესებულია ქართული დიასპორების პრობლემებით და ცდილობს გარკვეული საკითხების ორგანიზებაში მაქსიმალურად დაგვეხმაროს.
ეს ვიზიტი ფაქტობრივად სახელმწიფო მინისტრის პირველი შეხვედრა იქნება ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან აშშ-ი, ამიტომ მინდა, რომ დიალოგი ძალიან ლაღი და ღია იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ მყოფ ქართულ დიასპორებს ქვეყანაში არსებული ობიექტური სურათი დავუხატოთ, რათა არ გააჩნდეთ უსაფუძვლო ილუზიები და იცოდნენ ქვეყნაში მიმდინარე რეალური დინამიკა.
- ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა თანამემამულეობის სტატუსის მიმღებთა რიცხვი, თქვენ რა როლი გაქვთ ამ მიმართულებით და პროცედურულად როგორ ხდება ამ მოწმობის მიღება?
- გეთანხმებით, ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა თანამემამულეობის მოწმობის მიმღებთა რიცხვი. საამისოდ ჩვენს სამინისტროში არის შესაბამისი ინსტანცია. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები სპეციალურ სამსახურებში შემოწმებას გადიან, ჩვენ ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ ამ ორგანიზაციებიდან დადებითი დასკვნაა, როგორც წესი თანამემამულს მოწმობას ვაძლევთ.
თუ შესაბამისი სამსახურიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით, უარყოფითი დასკვნა მოდის, იძულებული ვართ უარი ვთქვათ. როგორც წესი მსურველთაგან ამ მოწმობას 90% იღებს. 2012 წლიდან დღემდე სულ შემოსულია 1425 განცხადება, აქედან 945 დაკმაყოფილებულია. 139 არ დაკმაყოფილდა, დანარჩენი კი განხილვის პროცესშია.
სალომე სარიშვილი
გაზეთი „რეზონანსი"